ამ წესში ტერმინებს აქვს შემდეგი განმარტება:

ა) აღდგენა – ღონისძიება/რომლის მიზანია მწვანე ნარგავებით დაუფარავ ფართობებზე, დაბალი სიხშირის და დეგრადირებულ კორომებში ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა, გაშენება და გაშენებული ნარგავების მრავალწლიანი მოვლა;

ბ) აღრიცხვა – მწვანე ნარგავების ინვენტარიზაცია და შესაბამისი კარტოგრაფიული მასალების მომზადება;

გ) გადაბელვა – სპეციალური ჭრისას ხეების გარკვეულ სიმაღლეზე გადაჭრა;

დ) გაშენება – იმ ტერიტორიების გამწვანება, სადაც არ არსებობდა ბუნებრივი წარმოშობის ნარგავები;

ე) დაინტერესებული პირი – ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი;

ვ) ვარჯის ფორმირება – ხეებზე ტოტების შეჭრა, სასიცოცხლო ფუნქციის შეწყვეტის გარეშე;

ზ) ზეხმელი ხე – ზრდაშეწყვეტილი ზეზეური გამხმარი ხე;

თ) კორომი – მომიჯნავე ტერიტორიისაგან შემადგენლობითა და სტრუქტურით მკვეთრად განსხვავებული მწვანე ნარგავების ნაწილი;

ი) მწვანე ნარგავები – მერქნიანი (ხე, ბუჩქი) და არამერქნიანი მცენარეები;

კ) მცენარის სახეობა – მცენარის ერთ-ერთი ძირითადი ტაქსონომიური ერთეული;

ლ) მოსაჭრელი ხეების უბანი – განსაზღვრული ტერიტორია, სადაც გათვალისწინებულია ზეზეური ან ძირნაყარი ხის დამზადება;

მ) მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნა – მოსაჭრელი ხეების უბნის გამიჯვნა მოსაზღვრე ტერიტორიისაგან, მოსაჭრელი ხეების აღრიცხვა და მონიშვნა, მოსაჭრელი ხეების უბნის აღრიცხვის უწყისის შედგენა (შემდგომში – აღრიცხვის უწყისი), რომელიც წარმოადგენს მოსაჭრელი ხეების მოპოვების დაწყების განმსაზღვრელ დოკუმენტს;

ნ) მწვანე ნარგავის დამზადება – ზეზეური ხის მოჭრა და/ან ძირნაყარი მერქნის ტერიტორიიდან ამოღება და გამოზიდვა;

ო) მოსაჭრელი ხის ერთეულად მონიშვნა – ერთეულად მდგარი ხე-ბუჩქების მონიშვნა და აღრიცხვის წარმოება;

პ) ნარჩენი – ხის მოპოვების შედეგად დარჩენილი ქერქი, ნაფოტი, ნახერხი, შეშად გამოუსადეგარი ტოტები;

ჟ) ნერგი – სანერგის სასკოლო განყოფილებაში აღზრდილი განსაზღვრული ზომის მცენარე;

რ)სანერგე – ფართობი, სადაც ხდება ნარგავების შემქმნელ სახეობათა სარგავი მასალის მიღება. სანერგე შეიძლება იყოს მუდმივი ან დროებითი;

ს) სპეციალური გამოკვლევა – კორომების სანიტარიული მდგომარეობის დადგენის, მავნებელ-დაავადებათა გამოვლენის, აღრიცხვისა და გამაჯანსაღებელი ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით ჩატარებული კვლევა;

ტ) ფაუტი ხე – ფუტურო, დამპალი და გამოფიტული ხე;

უ) ძირნაყარი ხე – მიწაზე წაქცეული ხმელი ხე, მოთხრილ-მოტეხილი, ქარქცეული, თოვლტეხილი მერქანი, აგრეთვე ხიდან ჩამოცვენილი ტოტები, ფიჩხი;

ფ) ჭრა – მწვანე ნარგავების მოვლითი და სპეციალური მიზნით ჭრა;

ქ) ხმობადი ხე – ხე, რომლის ღეროს ერთი მესამედი გამხმარია;

ღ) რჩეული ხე – ჯანსაღი, სწორღეროიანი, ტოტებისა და როკებისაგან გაწმენდილი ხე, კარგად ფორმირებული ვარჯით;

ყ) დამზადებული მწვანე ნარგავების გადაზიდვა – ხაშურის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დამზადებული მწვანე ნარგავების ტრანსპორტირება;

შ) დამზადებული მწვანე ნარგავების გადამზიდავი პირი – დამზადებული მწვანე ნარგავების გადაზიდვაზე დაინტერესებული პირი, რომელიც უშუალოდ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებაში ხეების ტრანსპორტირებისას ან მისი არყოფნის დროს პირი, რომელიც უშუალოდ ახორციელებს ხეების ტრანსპორტირებას (მძღოლი ან/და შესაბამისი გადამზიდავი);

ჩ) გადაზიდვის (დანიშნულების) ადგილი – ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დამზადებული მწვანე ნარგავების ტრანსპორტირების საბოლოო ადგილმდებარეობა, ზუსტი მისამართის მითითებით;

ც) უფლებამოსილი ორგანო –
ა(ა)იპ „სავანე“
;

ძ)  საშეშე მერქანი მწვანენარგავების ჭრის შედეგად მიღებული ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი ან წვრილი ბოლოდან 12 სანტიმეტრის ჩათვლით დიამეტრის მერქნული რესურსი.