1. მოვლითი ჭრის სახეებია:
ა) განათებითი ჭრა – ხორციელდება 10 წლამდე ხნოვანების 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში და გულისხმობს მწვანე ნარგავების განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე არასასურველი მერქნიანი სახეობებისა და ეგზემპლარების, ასევე ბალახის საფარის მოცილებას მცენარეთა სახეობრივი შემადგენლობის რეგულირებისა და ზრდის პირობების გაუმჯობესების მიზნით;
ბ) გაწმენდითი ჭრა – ხორციელდება 20 წლამდე ხნოვანების 0,7 და მეტი სიხშირის შერეულ კორომებში, ამ ადგილისათვის დამახასიათებელი სახეობის ხეებისათვის ზრდის პირობების გაუმჯობესების მიზნით და გულისხმობს განსაზღვრული ადგილისათვის არასასურველი სახეობის მწვანე ნარგავების მოჭრას. უნდა მოიჭრას 8 სმ-მდე დიამეტრის ზრდაში ჩამორჩენილი ხეები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ დიამეტრის ხეების ადგილზე დატოვება ხელს არ შეუშლის ჯანსაღი ხეების არსებობას;
გ) გამოხშირვითი ჭრა – ხორციელდება 60 წლამდე (სახეობრივი შემადგენლობის მიხედვით) ხნოვანების 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში და გულისხმობს განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე ზრდაში ჩამორჩენილი, მრუდეღეროიანი და დაზიანებული ხეების მოჭრას დარჩენილი ხეების ღეროებისა და ვარჯების სასურველი ფორმის მისაღებად აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით;
დ) გავლითი ჭრა – ხორციელდება 61 წლის და მეტი ხნოვანების (გამოხშირვითი ჭრის პერიოდის დამთავრების შემდეგ) 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში და გულისხმობს განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე გადაბერებული, დაზიანებული, მრუდეღეროიანი და ჭრისათვის მიზანშეწონილი სხვა ხეების მოჭრას დარჩენილი ხეებისათვის მერქნის ზრდის პირობების გაუმჯობესების მიზნით;
ე) სანიტარიული ჭრა – სპეციალური გამოკვლევისა და წინასწარი აღრიცხვის საფუძველზე, სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, არსებული ზეხმელი, ხმობადი, ძლიერ ფაუტი და მავნებლებით ძლიერ დაზიანებული ხეების მოჭრა;
ვ) სარეკონსტრუქციო ჭრა – ხორციელდება დეგრადირებული მწვანე ნარგავების (ხეები და ბუჩქები) კორომებსა და დაცვით ნარგაობაში მათი სახეობრივი და სტრუქტურული შემადგენლობის, აგრეთვე პროდუქტიულობის გაუმჯობესების მიზნით მწვანე ნარგავების აღდგენის სამუშაოების განსახორციელებლად, აღდგენის პროექტის შესაბამისად.
2. კორომების სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სანიტარიული ჭრით გარემოდან ამოღებული, ხმელი, ხმობადი და ძირნაყარი ხეები უნდა იქნეს გამოტანილი მწვანე ნარგავების ტერიტორიიდან.
3. მოვლითი ჭრა ხელოვნურ ნარგაობაში გულისხმობს დაზიანებული, გამხმარი ეგზემპლარებისა და მავნე მცენარეების პერიოდულად გამოღებას.
4. მოვლითი ჭრის ყველა სახე (გარდა სანიტარიული და სარეკონსტრუქციო ჭრებისა) ტარდება 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში, რომლებიც განლაგებული არიან 350-მდე დაქანების ფერდობებზე.
5. მოვლითი ჭრის ინტენსივობა უნდა დადგინდეს კორომის დახასიათების საფუძველზე.
6. ჭრის ინტენსივობა სიხშირეების მიხედვით განისაზღვრება შემდეგნაირად:
ა) 0,7 სიხშირის კორომებში – არაუმეტეს 10%-ისა;
ბ) 0,8 სიხშირის კორომებში – არაუმეტეს 15%-ისა;
გ) 0,9 და მეტი სიხშირის კორომებში – არაუმეტეს 20%-ის