ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტების დასახლებულ პუნქტებში გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედი ადგილობრივი რისკ-ფაქტორების განსაზღვრისა და შეფასების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1973
2015 წლის 14 სექტემბერი
ქ. თბილისი
ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტების დასახლებულ პუნქტებში გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედი ადგილობრივი რისკ-ფაქტორების განსაზღვრისა და შეფასების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
1. სამთომადნო წარმოების (ოქროსა და სპილენძის მოპოვება) ტექნოლოგიური პროცესების შედეგად გამოყოფილი მავნე პროდუქტებისა (მძიმე მეტალები) და საბოლოო ნარჩენების ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტების მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე შესაძლო ზემოქმედების შეფასებისა და პრევენციული სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით:
ა) ჩატარდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთსა და სოფელ ბალიჭში, ასევე დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში (დიდი დმანისი, ვარდისუბანი) მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვები;
ბ) განხორციელდეს ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტების დასახლებულ პუნქტებში გარემოს (ზედაპირული წყლების, ატმოსფერული ჰაერისა და ნიადაგის) დაბინძურების მონიტორინგი;
გ) განხორციელდეს ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტების დასახლებულ პუნქტებში სასმელი წყლის, ნედლი რძის, ხილ-ბოსტნეულის უვნებლობის პარამეტრების მონიტორინგი.
2. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, დაევალოს:
ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, უზრუნველყოს ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტების ზოგიერთ დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვების ღონისძიებების განხორციელება და შემდგომი პრევენციული სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების დაგეგმვა;
ბ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – გარემოს ეროვნულ სააგენტოს, განახორციელოს ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტების დასახლებულ პუნქტებში გარემოს (ზედაპირული წყლების, ატმოსფერული ჰაერისა და ნიადაგის) დაბინძურების მონიტორინგი;
გ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ – სურსათის ეროვნულ სააგენტოს, განახორციელოს ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტების დასახლებულ პუნქტებში სასმელი წყლის, ნედლი რძისა და ხილ-ბოსტნეულის უვნებლობის პარამეტრების მონიტორინგი.
3. ეთხოვოთ შესაბამის მუნიციპალიტეტებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური ცენტრების მხარდაჭერა და მატერიალურ-ტექნიკური დახმარება, სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვების თაობაზე, მოსახლეობის ინფორმირებისა და ორგანიზაციულ საკითხებში დახმარების მიზნით.
4. ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთისა და სოფელ ბალიჭის, ასევე დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლების – დიდი დმანისის და ვარდისუბნის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით – „დაავადებათა კონტროლისა და ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების პროგრამის მართვა“ (პროგრამული კოდი: 35 01 03) გათვალისწინებული ასიგნებებიდან, 10 ათასი (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
5. ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტების დასახლებულ პუნქტებში სასმელი წყლის, ნედლი რძისა და ხილ-ბოსტნეულის უვნებლობის პარამეტრების მონიტორინგი განხორციელდეს „სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის პროგრამის“(პროგრამული კოდი: 37 02 02) ფარგლებში.
6. ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტების დასახლებულ პუნქტებში გარემოს (ზედაპირული წყლების, ატმოსფერული ჰაერისა და ნიადაგის) დაბინძურების მონიტორინგი განხორციელდეს „გარემოს დაცვის სფეროში მონიტორინგი, პროგნოზირება და პრევენცია“– სახელმწიფო პროგრამის (პროგრამული კოდი: 38 07) ფარგლებში.
7. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს მიეცეს უფლება, ამ განკარგულებით განსაზღვრული ღონისძიებების შესყიდვა განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი