საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.09.2015 ძალადაკარგული 02.04.2018
ნომერი
№742
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.016479
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/09/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №742

2015 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ნ“ და „ფ.ა“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს თანდართული დებულება.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 23 აგვისტოს №1024 ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 ოქტომბრიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი მღებრიშვილი



დანართი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს

დებულება


თავი I. ზოგადი დებულებანი

მუხლი 1

საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიურო  (შემდგომში – ბიურო) არის საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების თანამშრომლობის ცენტრი საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაცია – ინტერპოლთან (შემდგომში-ინტერპოლი), უცხო ქვეყნების ინტერპოლის ეროვნულ ცენტრალურ ბიუროებთან (შემდგომში – ეცბ) და სხვა უფლებამოსილ ორგანოებთან. ბიურო ჩამოყალიბებულია საქართველოს ინტერპოლში გაწევრიანებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის (შემდგომში – სამინისტრო) მინიჭებული უფლებამოსილებისა და ინტერპოლის კონსტიტუციის (წესდების) მე-4 და 32-ე მუხლების საფუძველზე. ბიურო არის ინტერპოლის მუდმივმოქმედი ორგანო საქართველოში და წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს  დეპარტამენტის სტატუსით.

მუხლი 2

ბიუროს გააჩნია საკუთარი ბეჭედი ინტერპოლის ლოგოს გამოსახულებით და თავის საქმიანობაში იყენებს ინტერპოლის სიმბოლიკას.

მუხლი 3

1. საქმის წარმოება ბიუროში მიმდინარეობს ქართულ ენაზე, ხოლო ინტერპოლთან და უცხო ქვეყნების ეცბ-ებთან ინტერპოლის კონსტიტუციის შესაბამისად – ინგლისურ, ფრანგულ, ესპანურ და არაბულ ენებზე.

2. საჭიროების შემთხვევაში უცხო ქვეყნის ეცბ-ებთან თანამშრომლობისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ასევე სხვა ენებიც.

მუხლი 4

ბიუროს უფროსი ანგარიშვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წინაშე.

მუხლი 5

ბიურო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს მიერ დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საქართველოს საკანონმდებლო აქტების, ინტერპოლის კონსტიტუციისა და სხვა ნორმატიული აქტების, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

თავი II. ბიუროს საქმიანობის ძირითადი ამოცანები

მუხლი 6

1.  ბიუროს საქმიანობის ძირითად ამოცანებს წარმოადგენს:

ა) უზრუნველყოს მუდმივი კავშირი ინტერპოლის გენერალურ სამდივნოსთან (შემდგომში – გენერალური სამდივნო), ინტერპოლის წევრი ქვეყნების ეცბ-ებთან და სხვა სამართალდამცავ უწყებებთან;

ბ) გაუწიოს დახმარება და კოორდინაცია საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებსა და სხვა შესაბამის უწყებებს უცხო ქვეყნის კომპეტენტურ სამსახურებთან ერთად საერთაშორისო დონეზე დამნაშავეობასთან ბრძოლაში;

გ) საერთაშორისო მასშტაბით დანაშაულის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მის წინააღმდეგ ბრძოლა;

დ) დანაშაულის გახსნა-გამოვლენის მიზნით მჭიდრო თანამშრომლობა უცხო ქვეყნის პოლიციის ორგანოებთან;

ე) საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი სამართლის, ადამიანის უფლებების დაცვის ძირითადი ნორმებისა და პრინციპების საფუძველზე ხელი შეუწყოს დამნაშავეობასთან საერთაშორისო მასშტაბით ბრძოლის ეფექტურობას.

2. ბიუროს კომპეტენციაა:

ა) ოფიციალური და ოპერატიული ინფორმაციის გაცვლა, რისთვისაც ახორციელებს კავშირს ინტერპოლთან, უცხო ქვეყნების ეცბ-ებთან და სხვა შესაბამის ორგანოებთან, საქართველოს სამართალდამცავ და სხვა კომპეტენტურ ორგანოებთან;

ბ) დანაშაულის თავიდან აცილებისა და გახსნის მიზნით გენერალურ სამდივნოში და მისი წევრი ქვეყნების ეცბ-ებში აგზავნის საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნებსა და შეტყობინებებს დამნაშავეების და ჩადენილი დანაშაულების თაობაზე, პირების, საგნების, ნივთების და დოკუმენტების ძებნის, ასევე სხვა აუცილებელი ინფორმაციის შესახებ;

გ) გენერალური სამდივნოდან და სხვა სახელმწიფოების ინტერპოლის ეცბ-ებიდან ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეტყობინებებისა და ინფორმაციების მიღებისა და დამუშავების უზრუნველყოფა, ქვემდებარეობის მიხედვით მათი სამართალდამცავი ორგანოების შესასრულებლად გადაცემა, საჭიროების შემთხვევაში კომპეტენტური უწყების მიერ წარდგენილი მოთხოვნების რეალიზაციისათვის კოორდინაციის გაწევა, დავალების დროულად და ხარისხიანად შესრულების კონტროლის განხორციელება;

დ) სამართალდამცავ ორგანოებთან საერთაშორისო თანამშრომლობის პროცესში მიღებული ინფორმაციის  მონაცემთა ბაზებში ასახვის მიზნით (ფიზიკურ პირებზე, საგნებზე, ფაქტებზე, დოკუმენტებზე და სხვ.) სამინისტროს შესაბამისი დანაყოფისათვის მონაცემების მიწოდება;

ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ინტერპოლის გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და რეკომენდაციების რეალიზაციისათვის ხელშეწყობა;

ვ) კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციის კომპეტენციის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროდან და სხვა შესაბამისი უწყებებიდან ბიუროს საქმიანობისათვის აუცილებელი ინფორმაციის გამოთხოვა (მათ შორის, სტატისტიკური);

ზ) ინტერპოლთან, მისი წევრი ქვეყნების ეცბ-ებთან, საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან და შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა ინტერპოლის წესდებისა (კონსტიტუციის), სხვა ნორმატიული აქტების და ამ დებულების საფუძველზე;

თ) გენერალურ სამდივნოსთან, ეცბ-ებთან, ასევე საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებსა და შესაბამის უწყებებთან ინფორმაციის გაცვლის დროს ბიურო იყენებს სატელეფონო, ელექტრონული ფოსტის, საფოსტო და სპეციალური კავშირის საშუალებებს;

ი) საჭიროების შემთხვევაში უცხო ქვეყნის ეცბ-ში თავისი წარმომადგენლის მივლინება შესაბამის ეროვნულ პოლიციათა სამსახურებთან ოპერატიული ურთიერთქმედების ორგანიზაციისათვის.

                 თავი III. ბიუროს ხელმძღვანელობა

მუხლი 7

1. ბიუროს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. ბიუროს უფროსი:

ა) პასუხისმგებელია ბიუროზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

ბ) ხელმძღვანელობს ბიუროს საქმიანობასა და კოორდინაციას უწევს (მოადგილის მეშვეობით) ბიუროს სტრუქტურული დანაყოფების კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების შესრულებას;

 გ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს ბიუროს სტრუქტურის, საშტატო განრიგის და საქმიანობის სრულყოფის შესახებ;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მინისტრს წარუდგენს წინადადებებს ბიუროს მოსამსახურეთა წახალისების ან მათი დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე;  

ე) მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს ბიუროს სტრუქტურას, საშტატო განრიგს და ბიუროს სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობის, აგრეთვე ბიუროს მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობების განაწილების წესს;

 ვ) პირადი ინიციატივით ან ბიუროს უფროსის მოადგილის წინადადებების და/ან წარდგინებების საფუძველზე სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს იმ ფინანსური სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა ბიუროს ამოცანების შესასრულებლად;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მინისტრს წარუდგენს წინადადებებს ბიუროს მოსამსახურეთა  დანიშვნისა და გათავისუფლების შესახებ;

თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს შეთანხმებებს მოქმედი კანონმდებლობისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე;

კ) შუამდგომლობს მინისტრთან ბიუროს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;

ლ) პირადად ან რომელიმე მოსამსახურის მეშვეობით უზრუნველყოფს ინტერპოლის გენერალური ასამბლეის სესიებსა და ინტერპოლის ეგიდით მოწვეულ სხვა საერთაშორისო ფორუმებზე საქართველოს წარდგენას;

 მ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 8. ბიუროს უფროსის მოადგილე

1. ბიუროს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც ბიუროს უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. ბიუროს უფროსის არყოფნისას უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე.

3. ბიუროს უფროსის მოადგილე კოორდინაციას უწევს და პასუხისმგებელია ბიუროს შემადგენლობაში შემავალი სტრუქტურული დანაყოფებისა და ქვედანაყოფების საქმიანობაზე, ბიუროსათვის კვალიფიციური კადრების შერჩევაზე.

თავი IV. ბიუროს სტრუქტურული დანაყოფები და მათი კომპეტენცია

მუხლი 9. ბიუროს სტრუქტურული დანაყოფები

1. ბიუროს სტრუქტურული დანაყოფებია:

ა) საერთაშორისო ძებნის სამმართველო;

ბ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და საინფორმაციო-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო;

გ) საერთო განყოფილება.

2. საერთაშორისო ძებნის სამმართველო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და საინფორმაციო ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო იყოფა სტრუქტურულ ქვედანაყოფებად.

მუხლი 10. საერთაშორისო ძებნის სამმართველოს კომპეტენცია

1. თავისი კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით დადგენილი წესით საერთაშორისო ძებნის სამმართველო ახორციელებს:

ა) პიროვნებათა ძებნას მათი დაკავებისა და შემდგომი ექსტრადიციის მიზნით;

ბ) პიროვნებათა ძებნას მათი ადგილსამყოფლის დადგენის მიზნით;

გ) საერთაშორისო ძებნაში მყოფ პირებზე ძებნის გაუქმებას;

დ) უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ძებნას;

ე) საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციის შემოწმების გზით პირთა იდენტიფიცირებას;

ვ) ამოუცნობი გვამების იდენტიფიცირებას შესაბამისი უწყებების დახმარებით;

ზ) საქმის გარემოებიდან გამომდინარე შესაბამისი ფერის სპეციალური ნიშნის – ცირკულარის გამოცემის თაობაზე გენერალურ სამდივნოსათვის შუამდგომლობით მიმართვას;

თ) უზრუნველყოფს კომპეტენტური ორგანოებისათვის საერთაშორისო ძებნაში მყოფი პირების, ძებნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების, კულტურული ფასეულობების შესახებ და დანაშაულთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაციის მოპოვებას;

ი) საერთაშორისო ძებნილთა საინფორმაციო ბაზის შექმნას;

კ) დაკარგული კულტურული ფასეულობების ძებნას;

ლ) დაკარგული ცეცხლსასროლი იარაღის ძებნას;

მ) ყალბ ვალუტასთან და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული ინფორმაციის დამუშავებას და აღნიშნული დანაშაულების გამოვლენის მიზნით შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობას;

ნ) ეკონომიკურ დანაშაულებთან დაკავშირებული ინფორმაციის დამუშავებას და აღნიშნული დანაშაულების გამოვლენის მიზნით შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობას;

ო) საქართველოს სამართალდამცავი და სხვა უფლებამოსილი ორგანოებისა და ინტერპოლის წევრი ქვეყნების მოთხოვნის საფუძველზე ავტოსატრანსპორტო საშუალებათა შესახებ ინფორმაციის შემოწმებას;

პ) საქართველოს სამართალდამცავი და სხვა უფლებამოსილი ორგანოების, ინტერპოლის წევრი ქვეყნების მოთხოვნის საფუძველზე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ძებნის გამოცხადებასა და გაუქმებას;

ჟ) გატაცებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღმოჩენის შემთხვევაში საქართველოსა და ინტერპოლის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოთა შორის ავტომანქანის დაბრუნების მექანიზმების შესახებ ინფორმაციულ უზრუნველყოფას;

რ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას და ინფორმაციულ უზრუნველყოფას უწევს ტერორიზმთან, ტრეფიკინგთან, ნარკოტიკულ საშუალებებთან, ფულის გათეთრებასთან, ბავშვთა პორნოგრაფიასთან, ორგანიზებულ და სხვა სახის დანაშაულთან ბრძოლას;

ს) ბიუროს საქმიანობის მიმართულებიდან გამომდინარე სხვა კანონიერ მოქმედებას.

მუხლი 11. საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და

საინფორმაციო ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს კომპეტენცია

1. თავისი კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით დადგენილი წესით საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და საინფორმაციო-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო ახორციელებს:

 ა) ბიუროს კავშირგაბმულობის საშუალებათა ტექნიკურ უზრუნველყოფას;

ბ) სატელეფონო, ელექტრონული ფოსტის და სპეციალური კავშირის საშუალებით ინფორმაციის გაცვლას;

გ)  I-24/7 სისტემის მუშაობის უზრუნველყოფას;

დ) ბიუროს კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირებას;

ე) კომპიუტერული ტექნიკისა და პროგრამული ნაწილის გამართული მუშაობის უზრუნველყოფას;

ვ) ინტერპოლის საკომუნიკაციო ქსელის მეშვეობით წერილების მიღებას და გაგზავნას;

ზ) სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებისთვის ინფორმაციის მიწოდებას არსებული მონაცემთა ბაზების განახლების უზრუნველსაყოფად;

თ) ეროვნული უსაფრთხოების ოფიცრის (NSO) ფუნქციების განხორციელებას; 

ი) ევროპის ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის განვითარებას;

კ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრებისა და ერთობლივი სემინარების მოწყობას;

ლ) საერთაშორისო შეხვედრებისათვის მოხსენებების მომზადებას;

მ)  უცხო ქვეყნის ეცბ-ებიდან მიღებული და საქართველოს ეცბ-დან გასაგზავნი წერილებისა და სხვა დოკუმენტების შესაბამის ენაზე თარგმნას.

მუხლი 12. საერთო განყოფილების კომპეტენცია

1. საერთო განყოფილება ახორციელებს:

ა) ბიუროში შემოსული დოკუმენტების მიღებას, აღრიცხვას, დამუშავებას და ადრესატისათვის მიწოდებას;

ბ) ბიუროში მომზადებული დოკუმენტების შესაბამის ჟურნალებში აღრიცხვას, რეესტრში გატარებას, პაკეტების სათანადოდ გაფორმებას და მათი გაგზავნის უზრუნველყოფას;

გ) სარეგისტრაციო ჟურნალების დადგენილი წესით წარმოებას;

დ) ბიუროში ყოველწლიური ნომენკლატურის ფორმირებას;

ე) ბიუროში არსებული საიდუმლო დოკუმენტაციის ყოველწლიურ ინვენტარიზაციის ჩატარებას;

ვ)  ბიუროს პირადი შემადგენლობისათვის სამინისტროში და ბიუროში მომზადებული ინდივიდუალური და ნორმატიული ხასიათის აქტების გაცნობას;

ზ)  განყოფილების ინფორმაციულ-ტექნიკურ ბაზაში მონაცემების შეტანას;

 თ) ბიუროში წლის განმავლობაში არსებული ნომენკლატურული საქმეების წარმოებას და წარმოებით დამთავრებული საქმეების დახურვას, გაფორმებას, აკინძვას და დალუქვას;

ი) ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ წარმოებით დამთავრებულ საქმეთა ბიუროს არქივში მიღებას, აღრიცხვას და შენახვას;

კ) ბიუროს არქივში არსებული ვადაგასული საქმეების ჩამოწერას და მათ გასანადგურებლად მომზადებას.