ცესკო:
დადგენილებით იღებს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტს;
გამონაკლის შემთხვევაში, თუ შეუძლებელი გახდა საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი გარკვეული მოთხოვნების შესრულება/ვადების დაცვა, უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს ჩასატარებელი არჩევნების/გასამართი კენჭისყრის საარჩევნო ღონისძიებები და ვადები; ასევე, აუცილებლობის შემთხვევაში, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს წინადადება არჩევნების ახალი თარიღის დანიშვნის თაობაზე;
განკარგულებით განსაზღვრავს პენიტენციურ დაწესებულებაში ხმის მიცემის უფლების მქონე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ინფორმირების პირობებსა და წესს;
განკარგულებით ქმნის საარჩევნო ოლქებს და აზუსტებს მათ საზღვრებს;
აუცილებლობის შემთხვევაში, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” გათვალისწინებულ საკითხთა გადასაწყვეტად, უფლებამოსილია განკარგულებით, რომელიც მიიღება სრული შემადგენლობის სულ ცოტა ორი მესამედით, შექმნას სპეციალური ჯგუფი, განსაზღვროს მისი უფლებამოსილების ფარგლები და მოქმედების ვადა;
თუ ქვემდგომი საარჩევნო კომისია არ ან ვერ ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობას, უფლებამოსილია განკარგულებით, რომელიც მიიღება სრული შემადგენლობის სულ ცოტა ორი მესამედით, უფლებამოსილება შეუწყვიტოს ამ კომისიას და შექმნას დროებითი ჯგუფი, რომელსაც კომისიის ხელახლა შექმნამდე დაეკისრება მისი უფლებამოსილების განხორციელება;
საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” განსაზღვრული ვადების შესაბამისად განკარგულებით ადგენს საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკს;
განკარგულებით ნიშნავს რიგგარეშე, ხელახალ და შუალედურ არჩევნებს, განმეორებით კენჭისყრას, არჩევნების მეორე ტურს;
საკუთარი ინიციატივით ან განცხადების/საჩივრის საფუძველზე, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საარჩევნო დავების განხილვისათვის დადგენილი წესით ამოწმებს საარჩევნო კომისიების, მათი თანამდებობის პირების გადაწყვეტილებებისა და აქტების კანონიერებას და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში განკარგულებით ბათილად ცნობს ან ცვლის მათ; განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების/ამომრჩეველთა სიების ხელახლა დათვლის შესახებ. საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შემთხვევაში ცესკომ ეს უნდა აცნობოს ყველა საარჩევნო სუბიექტსა და დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელთა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ ბიულეტენების დათვლას საარჩევნო უბანზე, და მათი სურვილის შემთხვევაში უზრუნველყოს მათი წარმომადგენლების დასწრება ხელახლა დათვლის პროცესზე;
საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევების თაობაზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გათვალისწინებით ადგენს საქართველოს პარლამენტის არჩევნების (პარტიული სიებით), საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების, ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნების, ქალაქ თბილისის მერის არჩევნების, რეფერენდუმის/პლებისციტის შედეგებს, რის თაობაზედაც დგება ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი;
განკარგულებით ანიჭებს არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის დამკვირვებლის სტატუსს საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” აღნიშნულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციას, სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებულ ორგანიზაციას, სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოთა წარმომადგენლების ჯგუფს;
დადგენილებით განსაზღვრავს არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის გამართვისათვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესს;
განკარგულებით ადგენს საარჩევნო/სარეფერენდუმო/საპლებისციტო ბიულეტენების ფორმას; საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის, ქალაქ თბილისის მერის, ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნებისა და სარეფერენდუმო/საპლებისციტო ბიულეტენების ტექსტებს; საარჩევნო ყუთების, საარჩევნო კონვერტებისა და საარჩევნო კომისიების ბეჭდების სახეებს; საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” განუსაზღვრელი, მაგრამ არჩევნების ორგანიზებისათვის საჭირო საარჩევნო საბუთების სახეს;
ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის წინაშე, რომელსაც წარუდგენს ანგარიშს ყოველი არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 60 დღის ვადაში;
უზრუნველყოფს საოლქო საარჩევნო კომისიებიდან მიღებული კენჭისყრის/არჩევნების შედეგების კომპიუტერულ დამუშავებას და დაუყოვნებლივ განთავსებას ცესკოს ვებგვერდზე, ხოლო ამ პუნქტის „ი“ ქვეპუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – მის ცესკოს ვებგვერდზე განთავსებასაც;
წარმართავს საოლქო საარჩევნო კომისიების საქმიანობას, პერიოდულად ისმენს მათ ანგარიშებს;
უზრუნველყოფს საინფორმაციო მასალის გამოქვეყნებასა და გავრცელებას;
დადგენილებით იღებს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიცირების დებულებას და ცესკოს აპარატის თანამშრომელთა და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსების დებულებებს;
უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ ჩატარებული სწავლების მონიტორინგს;
საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი წესით განიხილავს არჩევნებთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას;
პასუხისმგებელია ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებისათვის, მისი კომპიუტერული დამუშავებისა და საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ნაწილის (გვარი, სახელი; ფოტოსურათი; დაბადების თარიღი, მისამართი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირისათვის –
აგრეთვე ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი; მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული პირისთვის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნილი პირისთვის და პირისთვის, რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით –
ფაქტობრივი საცხოვრებლის მისამართი; ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის რეგისტრაციის თარიღი) ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებისათვის. საარჩევნო უბნების იმ ამომრჩეველთა საარჩევნო სიები, რომლებიც ეთნიკურ უმცირესობებს მიეკუთვნებიან, ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე საარჩევნო პერიოდში მათთვის გასაგებ ენაზედაც უნდა განთავსდეს;
დადგენილებით განსაზღვრავს ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების დამატებით წესს და კენჭისყრის პროცედურებს;
განკარგულებით ამტკიცებს საშტატო განრიგს და ხარჯთაღრიცხვას ცესკოს თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე;
დადგენილებით ამტკიცებს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების სპეციალური სწავლების წესსა და პირობებს;
განკარგულებით ადგენს საოლქო საარჩევნო კომისიის არჩევნებთან/რეფერენდუმთან დაკავშირებული ხარჯების ანგარიშის ფორმას;
აწარმოებს იმ საარჩევნო კომისიის წევრთა შესახებ მონაცემთა ბაზას, რომელთა მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა სასამართლომ; რომლებიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან; რომელთაც შეეფარდათ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეულად შეუსრულებლობისთვის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის;
დადგენილებით ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულებას;
დადგენილებით იღებს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსს;
განკარგულებით ამტკიცებს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მომავალი წლის საბიუჯეტო განაცხადს;
განკარგულებით ამტკიცებს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიულ გეგმას, ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას და სამოქმედო გეგმის შემუშავების, დამტკიცების, კორექტირებისა და შესრულების წესს;
განკარგულებით ადგენს საზღვარგარეთ დისლოცირებულ საქართველოს შეიარაღებულ ნაწილებში არჩევნების ჩატარების წესსა და ვადებს;
განკარგულებით ადგენს მხარდამჭერთა ხელმოწერების მინიმალურ ოდენობას ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატებისთვის;
დადგენილებით ადგენს მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებით წესს;
განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნების/თანადაფუძნებისა და წესდების შესახებ;
განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას, კანონით უფლებამოსილი პირისაგან გრანტის მიღების შესახებ და უფლებამოსილია გამოიყენოს იგი ამ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად;
ახორციელებს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.