ცესკოს აპარატის სტრუქტურული ერთეულები ხელმძღვანელობენ საქართველოს კანონმდებლობით, ამ რეგლამენტით, სტრუქტურული ერთეულის დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით.

ცესკოს აპარატის სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს მისი უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ცესკოს თავმჯდომარე. სტრუქტურული ერთეულის უფროსი ასრულებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა და კომისიის წევრთა დავალებებს, რომელიც ამ ერთეულის კომპეტენციაში შედის.

ცესკოს აპარატის ყველა სტრუქტურული ერთეული:

ა) აღრიცხავს მათ ხელთ არსებულ დოკუმენტაციას;

ბ) ცესკოს სხდომის დღემდე, არაუგვიანეს 24 საათისა (გარდა საარჩევნო პერიოდისა), ცესკოს სხდომებზე განსახილველი, მათ მიერ მომზადებული და ხელმოწერილი  დადგენილების და/ან განკარგულებების პროექტებს, იურიდიული დეპარტამენტის სამართლებლივი უზრუნველყოფის განყოფილების ვიზირებით გადასცემს სარეგისტრაციო და ადმინისტრაციულ დეპარტამენტს;

გ) ცესკოს სხდომის მომდევნო დღის არაუგვიანეს 12 საათისა (გარდა საარჩევნო პერიოდისა) საბოლოო რედაქციით ჩამოყალიბებულ, მათ მიერ მომზადებული დადგენილებების ან/და განკარგულებების საბოლოო ვარიანტს გადასცემს  სარეგისტრაციო და ადმინისტრაციულ დეპარტამენტს;

დ) პასუხისმგებელია ამომრჩეველთა პირადი ნომრებისა და ცესკოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად  საიდუმლო ინფორმაციის დაცვაზე, ასევე სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოების, სხვა პირთა ოჯახურ და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე სხვა ინფორმაციის დაცვაზე;

ე) ამ რეგლამენტით დადგენილი წესით მონაწილეობს საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიული და ყოველწლიური სამოქმედო გეგმების შემუშავებაში;

ვ) ცესკოს განკარგულებით დამტკიცებული წესის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარეს წარუდგენს კვარტალურ და წლიურ ანგარიშებს;

ზ) ვალდებულია დაიცვას საარჩევნო ადმინისტრაციის ეთიკის კოდექსი