ცესკოში საქმიანი ქაღალდების, ყოველგვარი საარჩევნო დოკუმენტაციისა და სხვა სახის მასალების მიღება, რეგისტრაცია და გასაცემი დოკუმენტების რეგისტრაცია ხორციელდება სარეგისტრაციო და ადმინისტრაციულ დეპარტამენტში სამუშაო დღის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე (შესვენება 13:00 საათიდან 14:00 საათამდე).
განცხადების (საჩივრის) მიღებისას ცესკოს სარეგისტრაციო ჟურნალსა და განმცხადებლისათვის (მომჩივანისათვის) გადასაცემ ცნობაში აღინიშნება მისი მიღების თარიღი და დრო (საათი, წუთი). ცესკო განიხილავს განცხადებას (საჩივარს) და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.
სარეგისტრაციო და ადმინისტრაციული დეპარტამენტი მატერიალურად ან/და არამატერიალურად (correspondence@cec.gov.ge) შემოსულ დოკუმენტებს (გარდა განცხადება/საჩივრისა და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” განსაზღვრული სხვა საარჩევნო დოკუმენტაციისა) რეგისტრაციის შემდეგ, ცესკოს თავმჯდომარის რეზოლუციის შესაბამისად, დაუყოვნებლივ გადასცემს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს შესასრულებლად.
სათანადო წერილობითი განცხადების საფუძველზე, სარეგისტრაციო და ადმინისტრაციულ დეპარტამენტში რეგისტრაციის შემდეგ, ცესკოს მდივანი ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ დაუყოვნებლივ ან ანეს 10 დღისა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით (თუ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა დაუყოვნებლივ შეუძლებელია). არჩევნების შესახებ ინფორმაციასა და საარჩევნო დოკუმენტაციას ამზადებს შესაბამისი დეპარტამენტი/სამსახური, კანონმდებლობით დადგენილი წესით. დასაშვებია, ინფორმაციის გაცემა ელექტრონული ვერსიის სახით.
ცესკოში შემოსული ნებისმიერი საარჩევნო დოკუმენტაცია საჯაროა გასაცნობად ცესკოს წევრებისა და საჭიროებისამებრ აპარატის თანამშრომლებისათვის. აკრძალულია, ცესკოში შემოსული და ცესკოს მიერ მომზადებული კონფიდენციალური ინფორმაციის გატანა ცესკოს თავმჯდომარის თანხმობის გარეშე (გარდა საჯარო ინფორმაციისათვის დადგენილი წესით გამოთხოვილი ინფორმაციისა).
ცესკოში საჯარო ინფორმაციის რეესტრს აწარმოებს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი.
ცესკოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირია ცესკოს მდივანი. აკრძალულია ცესკოში შემოსული ყველა სახის დოკუმენტის დედნის გაცემა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა