ცესკოს სხდომა მოიწვევა კომისიის თავმჯდომარის მიერ ან მისი მოადგილის მოთხოვნით;

სხდომებისათვის დღის წესრიგს ამზადებს ცესკოს   მდივანი;

სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა;

ცესკოს წევრს უფლება აქვს დღის წესრიგის დამტკიცებამდე მოითხოვოს დამატებითი საკითხის დღის წესრიგში შეტანა. საკითხი წყდება კენჭისყრით. ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც საკითხი არ მოითხოვს სასწრაფო გადაწყვეტას, სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია არ დააყენოს საკითხი კენჭისყრაზე და მიიღოს გადაწყვეტილება საკითხის კომისიაზე შეტანის დადგენილი პროცედურის გავლის შემდგომ განხილვის შესახებ;

ცესკოს სხდომებისათვის საკითხებს, ინფორმაციას, მოხსენებით ბარათებს, განკარგულებათა და დადგენილებათა პროექტებს ამზადებენ ცესკოს შესაბამისი დეპარტამენტები/სამსახურები;

ცესკოს სხდომას უძღვება თავმჯდომარე, ან მისი დავალებით – მოადგილე;

ცესკოს სხდომაზე დგება ოქმი. ოქმს ადგენს სარეგისტრაციო და ადმინისტრაციულ დეპარტამენტი და მას ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი;

ცესკოს სხდომას, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-8 მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული პირების გარდა, ესწრებიან აპარატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, საჭიროებისამებრ განყოფილებების უფროსები, სპეციალური და სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელები, ასევე კონკრეტული საკითხების განსახილველად, სხდომაზე საკითხის გამომატანი ერთეულის მიერ მოწვეული დაინტერესებული მხარეები, რომლებიც საკითხის შესახებ ცესკოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთანავე ტოვებენ სხდომის დარბაზს;

ცესკოს სხდომის მიმდინარეობაში მონაწილეობას ცესკოს წევრები დასწრების ფურცელზე ხელმოწერით ადასტურებენ;

ცესკოს ყველა წევრს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით, სხდომის თავმჯდომარის მიერ დადგენილი რიგითობის შესაბამისად, უფლება აქვს სიტყვით გამოვიდეს 2 წუთის განმავლობაში. იმავე საკითხთან დაკავშირებით მას უფლება აქვს მხოლოდ ცესკოს თავმჯდომარის ნებართვით, დამატებით გამოვიდეს სიტყვით 2 წუთის განმავლობაში. ცესკოს სხდომაზე ცესკოს აპარატის თანამშრომლებს, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს და დაინტერესებულ მხარეებს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ სიტყვით გამოვიდნენ, ამ მუხლით დადგენილი წესით;

საარჩევნო კომისიის წევრებს ან/და სტრუქტურული ერთეულების  ხელმძღვანელებს, როგორც განსხილველ საკითხზე მომხსენებლებს, სხდომაზე გამოსვლისათვის ეძლევათ არაუმეტეს 10 წუთისა და საჭიროებისამებრ, სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება დაემატოთ არაუმეტეს 5 წუთისა;

კონკრეტული საკითხის განხილვისას, სხდომის თავმჯდომარის თანხმობითა და მის მიერ განსაზღვრული დროით, ცესკოს წევრების შემდეგ, სხდომაზე დასწრების უფლების მქონე და განსახილველი საკითხის განხილვაში მონაწილე დაინტერესებულ პირებს, შეიძლება მიეცეთ დრო, რომელიც უნდა იყოს გონივრული და ერთჯერადად არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს. ერთი და იმავე საკითხზე, ერთი და იმავე პირის მიმართ, სხდომის თავმჯდომარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, საჭიროებისამებრ, დამატებითი დროის გამოყოფის შესახებ, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს;

ცესკოს სხდომაზე განცხადება/საჩივრის განხილვის მიზნით გამართულ ზეპირ მოსმენაში ან სხვა სახის ადმინისტრაციული წარმოების დროს, განმცხადებლის/მომჩივანის, თავად ადმინისტრაციული წარმოების სუბიექტის ან/და მათი კანონიერი წარმომადგენლის/წარმომადგენლების მიერ სხდომაზე საკუთარი პოზიციების გადმოცემისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში საკუთარი მოსაზრების ზეპირად წარმოდგენისათვის მხარეს უნდა მიეცეს დრო, რაც მისცემს მას გონივრულ შესაძლებლობას დაიცვას საკუთარი/ ან მისი მარწმუნებლის პოზიცია;

მხარე უფლებამოსილია, მის მიერ წარდგენილ განცხადება/საჩივარში, წინასწარ მიუთითოს იმ დროის გონივრული ოდენობა, რაც მას დასჭირდება საკუთარი მოსაზრებების წარსადგენად გამართულ ზეპირ მოსმენაზე ან/და სხდომაზე გამოსვლის წინ მოითხოვოს დროის კონკრეტული ოდენობა საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისათვის. აღნიშნული დროის შემცირება დასაშვებია სხდომის თავმჯდომარის მიერ, თუ მხარე მის მიერ მოთხოვნილ დროს იმდაგვარად იყენებს, რომ აღნიშნული, აშკარად ემსახურება საკითხის განხილვის ვადებისა და დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხების განხილვის გაჭიანურებას ან/და წარმოშობს მისი განხილვისათვის კანონით დადგენილი ვადების დარღვევის საშიშროებას;

ამ მუხლით დადგენილი დროის ამოწურვის შემდგომ, წინადადების შეწყვეტის შემთხვევაში, სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, გამომსვლელს მიეცემა იმდენი დრო დამატებით, რამდენიც საჭიროა იმისათვის, რომ დასრულებულ იქნეს წარმოთქმული წინადადება;

სხდომაზე საკითხის განხილვის პროცესში მხარეებისათვის და მხარის მიერ  კითხვების დასმა და მასზე პასუხების გაცემა დასაშვებია მხოლოდ სხდომის თავმჯდომარის ნებართვით;

წესრიგის დარღვევისა და ცესკოს მუშაობისათვის ხელის შეშლის შემთხვევაში დამრღვევის გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს ცესკო, რაც აღინიშნება სხდომის ოქმში;

ცესკოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს სარეგისტრაციო და ადმინისტრაციული დეპარტამენტი ელექტრონული ფორმით უგზავნის ცესკოს წევრებს/დეპარტამენტებს/ სამსახურებს. ასევე  გადაწყვეტილებების ასლებს მოთხოვნისთანავე გადასცემს დაინტერესებულ მხარეებს;

ცესკოს სხდომის ოქმი ფორმდება სხდომიდან 1 დღის ვადაში