საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ 2015 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის
49-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ
2015 წლის ანგარიში
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია (შემდეგში – ადმინისტრაცია) საჯარო ინფორმაციის გაცემისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.
საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით ადმინისტრაციაში რეგისტრირებულია 259 წერილობითი განცხადება. აქედან, 223 მოთხოვნა დაკმაყოფილდა, 24 შემთხვევაში მოთხოვნილი ინფორმაცია არ აღმოჩნდა დაცული ადმინისტრაციაში, ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით, 8 განცხადებაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ასეთ შემთხვევებში დაინტერესებულ პირებს მიეცათ განმარტება მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. დღეის მდგომარეობით დამუშავების პროცესშია 4 განცხადება. საჯარო ინფორმაციაში შესწორების მოთხოვნა არ შემოსულა და, შესაბამისად, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული.
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ განმცხადებლებს შორის არიან როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე საჯარო დაწესებულებები. საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით შემოსული მოთხოვნები ძირითადად შეეხებოდა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და განკარგულებებს, ასევე საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის კომპეტენციის ფარგლებში მიღებულ სხვადასხვა გადაწყვეტილებას.
გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემის/გაცემაზე უარის თქმის თაობაზე ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მიიღება ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის მიერ საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე, ადმინისტრაციის კომპეტენტური სტრუქტურული ერთეულების უშუალო მონაწილეობით. კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციაში განსაზღვრული არიან საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც უზრუნველყოფენ შემოსულ კორესპონდენციაზე მყისიერ და სათანადო რეაგირებას. ამასთან, საანგარიშო პერიოდში არ დაფიქსირებულა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირების მიერ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების რაიმე ტიპის დარღვევა, რომელიც განაპირობებდა მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებას.
საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება გასაჩივრდა ერთ შემთხვევაში. სარჩელის ავტორის მოთხოვნის შესაბამისად, ადმინისტრაციის მიერ გაცემულ იქნა ინფორმაცია „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით. დღეის მდგომარეობით სარჩელი არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის წარმოებაში. ადმინისტრაციას არ წარმოშობია გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის, მხარის სასარგებლოდ თანხის გადახდის ვალდებულება.
ადმინისტრაციაში ფუნქციონირებს დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემთა ბაზების ავტომატურ რეჟიმში შექმნას. ადმინისტრაციის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად.
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და მისი პროაქტიულად გამოქვეყნების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე შექმნილია საჯარო ინფორმაციის ველი, სადაც ადმინისტრაციის საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია სისტემატურად თავსდება და ახლდება.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის
უფროსი გიორგი აბაშიშვილი