საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№152-უ.ს.რ.ს.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ  ა

საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის თაობაზე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:

1. საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს წარედგინოს საქართველოს კანონის პროექტი – „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

2. წარდგენილ კანონპროექტზე საქართველოს პარლამენტის კომიტეტებსა და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი თემურ კახიძე.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე                   ავთანდილ ბერიძე

ჩაქვი,

2015 წლის 24 დეკემბერი 

№152-უ.ს.რ.ს.

 

პროექტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

 მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) 50-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:

„ლ) ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრს – იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს წევრს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი                                           გიორგი მარგველაშვილი

ქუთაისი,

2016 წლის

N

განმარტებითი ბარათი

საქართველოს კანონის პროექტზე – „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:

ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი;

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, რომელთაც მოწმედ დაკითხვისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის შემცველი საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების ან სხვა ობიექტის გადაცემის ვალდებულება არ ეკისრება. აღნიშნულ პირთა ჩამონათვალში არაა გათვალისწინებული ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, მაშინ როდესაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვს ჩვენება არ მისცეს იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც უმაღლესი საბჭოს წევრს. მიუხედავად იმისა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია საქართველოს ორგანული კანონით დამტკიცებული საკანონმდებლო აქტია და იერარქიულად უფრო მაღლა მდგომი იურიდიული დოკუმენტია ვიდრე კანონი, მიზანშეწონილია სპეციალურ კანონში შესაბამისი ნორმის დამატება[1] . ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრისთვის აღნიშნული უფლების არსებობა აუცილებლობას წარმოადგენს, რათა შენარჩუნებული იქნას მათი სანდოობის მაღალი ხარისხი, ასევე იგი უზრუნველყოფს მოქალაქის მიმართვაზე კონფიდენციალობის პრინციპის დაცვას, რაც გაზრდის ასეთ მიმართვიანობას.   

ა.ბ) კანონპროექტის მიზანი;

კანონპროექტის მიზანია, შესაბამისი საკანონმდებლო გარანტიის დაწესებით ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ეფექტური განხორციელებისათვის ხელის შეწყობა.   

ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი;

კანონპროექტის შესაბამისად, ცვლილება შედის კოდექსის 50-ე მუხლის პირველ ნაწილში, სადაც ემატება, რომ მოწმედ დაკითხვისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის შემცველი საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების ან სხვა ობიექტის გადაცემის ვალდებულება არ ეკისრება ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრს – იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს წევრს.  

   ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო;

კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;

კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.

ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;

კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.

ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები;

კანონპროექტის მიღება არ წარმოქმნის სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.

ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება;

ასეთი არ არსებობს. 

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი);

კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის და მოსაკრებლის დაწესებას.

გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:

გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან;

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.

გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან;

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.

გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან;

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.

დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:

დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

აღნიშნული კანონპროექტის მომზადებაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ;

კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

ე) კანონპროექტის ავტორი:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია.

ვ) კანონპროექტის ინიციატორი:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონის პროექტით შედის ცვლილება

მუხლი 50. პირი, რომელიც არ არის ვალდებული, იყოს მოწმე

1. მოწმედ დაკითხვისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის შემცველი საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების ან სხვა ობიექტის გადაცემის ვალდებულება არ ეკისრება:

ა) ადვოკატს – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა ამ საქმეში ადვოკატის მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით;

ბ) ადვოკატს, რომელიც იურიდიულ დახმარებას უწევდა პირს დაცვის მიღებამდე, – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა იურიდიული დახმარების გაწევასთან დაკავშირებით;

გ) სასულიერო პირს – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა აღსარების ან სხვაგვარად განდობის შედეგად;

დ) ბრალდებულის ახლო ნათესავს;

ე) სახალხო დამცველს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს – იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც სახალხო დამცველს;

ვ) საქართველოს პარლამენტის წევრს – იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს წევრს;

ზ) მოსამართლეს – იმ გარემოების შესახებ, რომელიც სასამართლოს თათბირის საიდუმლოებაა;

თ) ჟურნალისტს – პროფესიული საქმიანობისას მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით;

ი) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლს – მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში;

კ) საქართველოს სახალხო დამცველთან შექმნილი სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრს – იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციების შესრულებისას, თუ იგი არ დათანხმდება, მისცეს ჩვენება.

2. არ შეიძლება მოწმედ დაიკითხოს პირი, რომელსაც ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლის გამო არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მისცეს ჩვენება.

3. სასამართლოს უფლება აქვს, მოწმის მოვალეობის შესრულებისაგან გაათავისუფლოს:

ა) სამედიცინო მუშაკი, თუ მას პროფესიულად ევალება საექიმო (სამედიცინო) საიდუმლოების დაცვა;

ბ) ნოტარიუსი, საჯარო მოსამსახურე, სამხედრო მოსამსახურე და მასთან გათანაბრებული პირი, თუ მათ ნაკისრი აქვთ ვალდებულება, არ გაამჟღავნონ მიღებული ინფორმაციის წყარო და შინაარსი;

გ) პირი, რომელიც სამუშაოზე იმ პირობით არის მიღებული, რომ არ გაამჟღავნებს კომერციულ ან საბანკო საიდუმლოებას;

დ) კონტრტერორისტული ან/და სპეციალური ოპერაციის მონაწილე პირი (მის პროფესიულ მოვალეობასთან დაკავშირებით), რომლის საქმიანობაც გასაიდუმლოებულია და ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნება.

4. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის მიერ − მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში, იმავე ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის   მე-3 ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების მიერ, თუ თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას საქართველოს კანონმდებლობით ეკისრებათ კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულება და იმავდროულად აქვთ ინფორმაცია არასრულწლოვნის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ან მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ან მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 139-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 140-ე ან 141-ე მუხლით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 253-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 255-ე მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით, 2551 ან 2552 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, სურვილის შემთხვევაში მოწმის სახით ჩვენების მიცემა არ ჩაითვლება ზემოაღნიშნული ვალდებულების დარღვევად.



[1] აღსანიშნავია, რომ საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი, იმ პირთა ჩამონათვალში, რომლებიც არ შეიძლებოდა გამოძახებული და დაკითხული ყოფილიყვნენ მოწმის სახით, ითვალისწინებდა, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრს, ასევე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრ ებსაც.