სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში ინფორმაციის გაცვლის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.12.2015
ძალაში შესვლა 01.01.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №667
სარეგისტრაციო კოდი 130000000.10.003.019054
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/12/2015
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში ინფორმაციის გაცვლის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №667
2015 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში ინფორმაციის გაცვლის წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 51-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში ინფორმაციის გაცვლის წესი თანდართული რედაქციით.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში ინფორმაციის გაცვლის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი ნაწილი
1. სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში ინფორმაციის გაცვლის წესი (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (შემდგომში − სამსახური) უფლებამოსილ ქვედანაყოფებსა (შემდგომში − ქვედანაყოფი) და სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტებს (შემდეგში − სუბიექტი) შორის ინფორმაციის გაცვლის წესსა და პირობებს.
2. წესი შემუშავებულია საქართველოს კონსტიტუციის, „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.
მუხლი 2🔗. ინფორმაციის გაცვლა
1. სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებიდან გამომდინარე, სუბიექტი ვალდებულია, ამ წესის დანართით (იმ ინფორმაციის კონკრეტული სახეობები (კატეგორიები), რომელთა ფარგლებშიც განხორციელდება სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტების მიერ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ინფორმაციის გაცვლა) გათვალისწინებული ნებისმიერი ინფორმაცია მოთხოვნისთანავე მიაწოდოს სამსახურის ქვედანაყოფს.
2. ქვედანაყოფში ინფორმაცია შეიძლება წარდგენილ იქნეს იმ შემთხვევაშიც, თუ მისი მფლობელი სუბიექტი მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ იგი მნიშვნელოვანია სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის.
3. სუბიექტები ამ წესის დანართით დადგენილი ინფორმაციის სახეობებით გათვალისწინებულ ინფორმაციას ქვედანაყოფებს გადასცემენ დაუყოვნებლივ, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით. თუ ინფორმაციის მიწოდება, მისი მოცულობის გათვალისწინებით, დაუყოვნებლივ ვერ ხორციელდება, სუბიექტი ინფორმაციას ქვედანაყოფს გადასცემს გონივრულ ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 3 დღისა.
4. ინფორმაციის მიწოდებისას დაცული უნდა იყოს შემდეგი მოთხოვნები:
ა) სუბიექტმა უნდა უზრუნველყოს მის ინფორმაციულ რესურსებზე სრული/მაქსიმალური წვდომა;
ბ) მიწოდებული ინფორმაცია უნდა იყოს უტყუარი;
გ) ინფორმაციის მიწოდება უნდა განხორციელდეს დაუყოვნებლივ და შეუფერხებლად.
5. ქვედანაყოფი უზრუნველყოფს მიღებული ინფორმაციის შეფასებას, დამუშავებას, ანალიზსა და შესაბამის რეაგირებას, ასევე ინფორმაციის სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტისათვის გადაცემას.
დანართი
იმ ინფორმაციის კონკრეტული სახეობები (კატეგორიები), რომელთა ფარგლებშიც განხორციელდება სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტების მიერ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ინფორმაციის გაცვლა
1. ინფორმაცია ორგანიზაციული მდგომარეობის შესახებ.
2. ინფორმაცია სახელმწიფო ქონების გასხვისებისა და სარგებლობაში გადაცემის შესახებ.
3. ინფორმაცია სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემების შესახებ.
4. ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვის მდგომარეობის შესახებ.
5. ინფორმაცია განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ, მათ შორის, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული ან/და სხვა კონტრაქტორი ფირმებისა და ორგანიზაციების შესახებ, ასევე სუბიექტთან მათი სხვა ნებისმიერი სამსახურებრივი ურთიერთობის შესახებ.
6. უცხო სახელმწიფოთა მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მაღალი რისკის მქონე სუბიექტისათვის გამოყოფილი ფინანსური, ტექნიკური და სხვა სახის დახმარების (გრანტები, კრედიტები) შესახებ.
7. ინფორმაცია დამტკიცებული, შესრულებული ბიუჯეტისა და ფინანსური მდგომარეობის შესახებ.
8. ინფორმაცია შემუშავებული სტრატეგიულად და სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი მიმართულებების, კონცეფციებისა და სამოქმედო გეგმების შესახებ.
9. ინფორმაცია სუბიექტის უსაფრთხო ფუნქციონირების (დივერსიულად, ავარიულად, საგანგებო სიტუაციების თვალსაზრისით მოწყვლადი ადგილები და სისტემები) მდგომარეობის შესახებ.
10. ინფორმაცია შესაძლო ეკონომიკური/ფინანსური საფრთხეების შესახებ.
11. ინფორმაცია სახელმწიფო დაცვას დაქვემდებარებული ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და მათი ოჯახის წევრების სიცოცხლის შესაძლო ხელყოფის მცდელობის ნიშნების შესახებ.
12. ინფორმაცია სუბიექტის თანამშრომლის მიერ უცხო ქვეყანასთან ან უცხოეთის ორგანიზაციასთან ურთიერთობის დამყარების შესახებ, რომელთა საქმიანობის მიზანია სახელმწიფოს ეკონომიკური და ფინანსური მდგრადობის, კონსტიტუციური ნორმებისა და სახელმწიფოებრივი წყობილების ხელყოფა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაცია, რელიგიურ-ექსტრემისტული და სეპარატისტული გამოვლინებების პროვოცირება.
13. ინფორმაცია იმ ორგანიზაციებისა და ცალკეულ პირთა ჯგუფების შესახებ, რომელთა საქმიანობის მიზანია სახელმწიფოს ეკონომიკური და ფინანსური მდგრადობის ხელყოფა.
14. ინფორმაცია იმ ორგანიზაციებისა და ცალკეულ პირთა ჯგუფების შესახებ, რომელთა საქმიანობის მიზანია სახელმწიფოს კონსტიტუციური ნორმებისა და სახელმწიფოებრივი წყობილების ხელყოფა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაცია, ექსტრემისტულ-ნაციონალური და სეპარატისტული განწყობისა და ეროვნული შუღლის გაღვივების პროვოცირება.
15. ინფორმაცია კანონიერი ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობის მცდელობის შესახებ.
16. ინფორმაცია სასაზღვრო რეგიონებში რეჟიმის დარღვევის მცდელობისა და სხვადასხვა ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტებისა და ინციდენტების შესახებ.
17. ინფორმაცია საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს სუბიექტის, მისი ქვედანაყოფების მზადყოფნის ფინანსური, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის გეგმებისა და მოქმედების ინსტრუქციების არსებობის შესახებ.
18. ინფორმაცია სუბიექტის ადამიანური რესურსების მართვის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მაკონტროლებელი (შიდა უსაფრთხოება, მონიტორინგი) სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის შესახებ.
19. კონტრდაზვერვითი საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი ინფორმაცია, მათ შორის, „ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციისა და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის №344 დადგენილების მოქმედების ფარგლებში წარმოშობილი ინფორმაცია.
20. კონტრტერორისტული საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი ინფორმაცია, მათ შორის, „ქვეყანაში კონტრტერორისტული საქმიანობის ორგანიზებისა და ტერორიზმთან ბრძოლის სუბიექტების საქმიანობის კოორდინაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 მარტის №254 დადგენილების მოქმედების ფარგლებში წარმოშობილი ინფორმაცია.
21. სხვა ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფის მცდელობის შესახებ.