1. ამ შეთანხმების მიზნებისათვის, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს:

a) ტერმინი „საქართველო” ნიშნავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ტერიტორიას, მათ შორის სახმელეთო სივრცეს, მის წიაღსა და საჰაერო სივრცეს მის ზემოთ, შიდა წყლებსა და ტერიტორიულ ზღვას, მათ ფსკერს, წიაღს და საჰაერო სივრცეს მათ ზემოთ, რომელზეც საქართველო ახორციელებს იურისდიქციასა და სუვერენიტეტს; ასევე მის ტერიტორიულ ზღვასთან მიმდებარე ზონას, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასა და კონტინენტურ შელფს, რომელთა მიმართ საქართველოს შეუძლია განახორციელოს თავის სუვერენული უფლებები და იურისდიქცია საერთაშორისო სამართლის შესაბამისად;

b) ტერმინი „კვიპროსი” ნიშნავს კვიპროსის რესპუბლიკას, რომელიც გეოგრაფიული მნიშვნელობით გამოყენებისას მოიცავს ეროვნულ ტერიტორიას, ტერიტორიული წყლების ჩათვლით, ასევე ტერიტორიული წყლების მიმდებარე ნებისმიერ სივრცეს, ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონასა და კონტინენტურ შელფს, რომლის მიმართაც, საერთაშორისო სამართლის და კვიპროსის ეროვნული სამართლის შესაბამისად, კვიპროსს შეუძლია განახორციელოს სუვერენული უფლებები და იურისდიქცია;

c) ტერმინი „ხელშემკვრელი სახელმწიფო” და „მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფო” ნიშნავს საქართველოს ან კვიპროსს, კონტექსტის შესაბამისად;

d) ტერმინი „პირი” მოიცავს ფიზიკურ პირს, კომპანიას და პირთა ნებისმიერ სხვა გაერთიანებას;

e) ტერმინი „კომპანია” ნიშნავს ნებისმიერ კორპორაციულ წარმონაქმნს ან ნებისმიერ სხვა ერთეულს, რომელიც საგადასახადო მიზნებისათვის განიხილება როგორც კორპორაციული ერთეული;

f) ტერმინი „ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო” და „მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო” შესაბამისად ნიშნავს საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ და საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ;

g) ტერმინი „საერთაშორისო გადაზიდვა” ნიშნავს ნებისმიერ გადაზიდვას საზღვაო გემით ან საჰაერო ხომალდით, რომლის ექსპლოატაცია ხდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი საწარმოს მიერ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საზღვაო გემის და საჰაერო ხომალდის ექსპლოატაცია ხდება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განლაგებულ პუნქტებს შორის;

h) ტერმინი „კომპეტენტური ორგანო” ნიშნავს:

(i) საქართველოს შემთხვევაში, ფინანსთა სამინისტროს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს;

(ii) კვიპროსის შემთხვევაში, ფინანსთა მინისტრს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს.

i) ტერმინი „ნაციონალური პირი” ნიშნავს:

(i) ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქალაქეობა;

(ii) ნებისმიერ იურიდიულ პირს ან გაერთიანებას, რომელიც ამ სტატუსს იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის საფუძველზე.

j) ტერმინი „საწარმო” მოიცავს ნებისმიერი სახის საქმიანობის წარმართვას;

k) ტერმინი „ეკონომიკური საქმიანობა” მოიცავს პროფესიონალურ მომსახურებასა და დამოუკიდებელი ხასითის მქონე ნებისმიერ საქმიანობას.

2. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ამ შეთანხმების გამოყენების მიზნებისათვის, ნებისმიერ ტერმინს, რომელიც არ არის მასში განსაზღვრული, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, ექნება ის მნიშვნელობა, რაც მას ენიჭება ამ დროს ამ სახელმწიფოში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით, იმ გადასახადების მიმართ, რომლებზეც ვრცელდება ეს შეთანხმება. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში არსებული ტერმინების განსაზღვრებებს უპირატესობა ენიჭებათ იმ განსაზღვრებებთან მიმართებაში, რომლებიც მათ გააჩნიათ ამ სახელმწიფოში მოქმედი სხვა სამართლებრივი ნორმები