შპს,,ინტერაქტივი"-ს განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე № 2/2350-16
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
2016 წლის 1 მარტი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ბესიკ სისვაძე
განმცხადებელი: შპს ,,ინტერაქტივი’’ (ს/კ 401970925)
დირექტორი: მიხეილ გოგოლაძე
მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა შპს ,,ინტერაქტივის’’ (ს/კ 401970925) დირექტორმა მიხეილ გოგოლაძემ და მოითხოვა შპს ,,ინტერაქტივის’’ (ს/კ 401970925) მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
განმცხადებელი განმარტავს, რომ შპს ,,ინტერაქტივი’’ (ს/კ 401970925) დაფუძნდა 2012 წლის 11 მაისს. საზოგადოების საქმიანობის საგანი უნდა გამხდარიყო სათანადო კომპიუტერული პროგრამისა და ინტერნეტქსელის გამოყენებით მომხმარებლისათვის ე.წ ,,დაღმასვლის აუქციონში’’ მონაწილეობის მიღების შეთავაზება და ამ გზით მოგების მიღება. საზოგადოების დამფუძნებელი წევრები არიან მიხეილ გოგოლაძე, თეიმურაზ თვალიაშვილი, ალექსანდრე კინწურაშვილი და შპს ,,გიჩა+’’. შეთანხმების შესაბამისად, საზოგადოებას უნდა უზრუნველყო სათანადო ელექტრონული პროგრამის დამზადება და ინტერნეტქსელში ფუნქციონირების მომსახურება, ხოლო შპს ,,გიჩა+’’-ს სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული თანხებით უნდა დაეფინანსებინა საჭირო პროგრამის, მოწყობილობების და ინვენტარის შეძენა. 2012 წლის 18 მაისს შპს ,,გიჩა+’’-სა და შპს ,,ინტერაქტივს’’ (ს/კ 401970925) შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც გამსესხებელი შპს ,,გიჩა+’’ იღებდა ვალდებულებას, მსესხებელ შპს ,,ინტერაქტივისათვის’’ (ს/კ 401970925) სესხის სახით გადაეცა 50 000 აშშ დოლარი. 2012 წლის მაისიდან 2013 წლის იანვრის ჩათვლით შპს ,,გიჩა+’’ის მიერ შპს ,,ინტერაქტივისათვის’’ (ს/კ 401970925) გადარიცხულ იქნა 64 168.74 ლარი. ორგანიზაციამ ვერ შეძლო ფუნქციონირების დაწყება. შპს ,,ინტერაქტივს’’ (ს/კ 401970925) არანაირი უძრავ-მოძრავი ქონება არ გააჩნია, რის გამოც ვერ ასრულებს შპს ”გიჩა+’’-ის მიმართ წარმოშობილ ვალდებულებას. სწორედ შპს ”გიჩა+’’ წარმოადგენს საწარმოს ერთადერთ კრედიტორს. ამ გარემოებებზე მითითებით შპს ,,ინტერაქტივი’’ (ს/კ 401970925) ითხოვს გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 თებერვლის განჩინებით შპს ,,ინტერაქტივის’’ (ს/კ 401970925) განცხადებაზე დადგენილ იქნა ხარვეზი და ხარვეზის გამოსწორების მიზნით დაევალა შემდეგი სახის მტკიცებულებების წარმოდგენა: სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომ შპს ,,ინტერაქტივი’’ (ს/კ 401970925) არ არის სხვა სამეწარმეო საზოგადოებაში წილის მფლობელი; ცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან, რომ ორგანიზაციის სახელზე სატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული არ არის და ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოდან, რომ შპს ,,ინტერაქტივის’’ (ს/კ 401970925) საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის.
შპს ,,ინტერაქტივის’’ (ს/კ 401970925) დირექტორმა გია ჩანტლაძემ 2016 წლის 25 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოადგინა განცხადება ხარვეზის შევსების თაობაზე. განცხადებას თან ერთვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2016 წლის 19 თებერვალს გაცემული წერილი, რომლის თანახმადაც შპს ,,ინტერაქტივი’’ (ს/კ 401970925) არ არის რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ და/ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად, აგრეთვე, საჯარო რეესტრის მიერ 2016 წლის 18 თებერვალს გაცემული წერილი, რომელიც ადასტურებს, რომ შპს ,,ინტერაქტივის’’ (ს/კ 401970925) სახელზე უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ 2016 წლის 23 თებერვალს გაცემული ცნობა, რომლის თანახმადაც შპს ,,ინტერაქტივის’’ (ს/კ 401970925) სახელზე სატრანსპორტო საშუალება რეგისტირებული არ არის.
სასამართლო გაეცნო განცხადებას, მასზე თანდართულ დოკუმენტებს და მიიჩნევს, რომ შპს ,,ინტერაქტივს’’ (ს/კ 401970925) უარი უნდა ეთქვას განცხადების სასამართლო წარმოებაში მიღებაზე შემდეგი სახის საფუძველთა არსებობის გამო:
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ხსენებული განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანს სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას. იგივე კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასამართლო მოვალის კრედიტორის ინფორმირებისათვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” აქვეყნებს განჩინებას, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მოვალის კრედიტორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის დანაწესის თანახმად კი, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებს, რაც გახდება მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი.
შპს ,,ინტერაქტივს’’ (ს/კ 401970925) კუთვნილი ქონების სიმცირის და აქტივის დაბალი ღირებულების სამტკიცებლად სასამართლოსათვის წარმოდგენილი აქვს მთელი რიგი მტკიცებულებები. კერძოდ, სს ,,საქართველოს ბანკის’’ მიერ გაცემული ცნობის მიერ 2016 წლის 3 თებერვლის მდგომარეობით საწარმოს ანგარიშებზე ნაშთი შეადგენს 0,00 ლარს. განმცხადებლის მიერ ასევე წარმოდგენილია სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა, რომ შპს ,,ინტერაქტივის’’ (ს/კ 401970925) სახელზე რაიმე მექანიკური სატრანსპორტო საშუალება არ არის რეგისტრირებული. სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობის თანახმად, შპს ,,ინტერაქტივი’’ (ს/კ 401970925) საჯარო რეესტრში არსებული განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონული წიგნის მონაცემებით უძრავი ნივთის მესაკუთრედ არ არის რეგისტრირებული. ის ასევე არ ფლობს წილს სხვა სამეწარმეო საზოგადოებაში (იხ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 19 თებერვლის წერილი).
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინებით ინიშნება მეურვე. აღნიშნული კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით მეურვის უფლებამოსილების განხორციელება დაკისრებული აქვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველოს სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - აღსრულების ეროვნულ ბიუროს. იგივე კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მეურვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდან. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებით დამტკიცდა ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესი. ამ ნორმატიული აქტის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ”ა”, ”ა.ა” ქვეპუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას მეურვის ფუნქციის განხორციელებისთვის, თუ მოვალე საწარმოს მიმართ გაიხსნება გაკოტრების საქმის წარმოება, მომსახურების გაწევის საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად: თუ სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულება არ აღემატება 100 000 ლარს - გაკოტრების მმართველის მიერ გასანაწილებელი, მათ შორის ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხის 7%, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა. მითითებული ნორმის თანახმად,გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დაწყების შემთხვევაში წინასწარ განჭვრეტადი ხარჯის ოდენობა მინიმუმ 5000 ლარია.
განსახილველ შემთხვევაში მოვალე შპს „ინტერაქტივს’’ (ს/კ 401970925) აქტივები არ გააჩნია. გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დაწყების შემთხვევაში წინასწარ განჭვრეტადი ხარჯის ოდენობა არის მინიმუმ 5000 ლარი. ასეთ პირობებში ცხადი ხდება, რომ გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დაწყება არათუ ასეთი წარმოების მიზნის - მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრასა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების მიღწევის შესაძლებლობას უზრუნველყოფს, არამედ გაკოტრების წარმოებისათვის აუცილებელი ხარჯის დაფარვაც კი შეუძლებელია. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს ”გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ის საფუძველი, რომელიც გამორიცხავს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესაძლებლობას.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების” შესახებ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ,,ინტერაქტივს’’ (ს/კ 401970925) უარი ეთქვას მის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე.
2. განემარტოთ კრედიტორებს, რომ თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორთაგან რომელიმე შპს ,,ინტერაქტივს’’ (ს/კ 401970925) მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, შპს ,,ინტერაქტივი’’ (ს/კ 401970925) გამოცხადდება გაკოტრებულად, რაც თავის მხრივ განაპირობებს მისი რეგისტრაციის გაუქმებას.
3. კრედიტორთა ინფორმირების მიზნით განჩინება განმცხადებლისათვის მისი ასლის გადაცემიდან გონივრულ ვადაში გამოქვეყნდეს ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”. განჩინების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა უნდა უზრუნველყოს შპს ,,ინტერაქტივმა’’ (ს/კ 401970925). ამასთან, განმცხადებელსვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნების დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოსათვის წარმოდგენა.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში კერძო საჩივრის შეტანის გზით, განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში.
მოსამართლე: ბესიკ სისვაძე