„ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №149 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება №61 |
|
2016 წლის 3 მაისი ქ. თბილისი |
1. ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული №1 დანართის:
ა) მე-4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პატიმრობის კოდექსის 121-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გაყვანისას, აგრეთვე სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოდან სხვა სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გადაყვანისას - სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის რეკომენდაციის საფუძველზე დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებით.“;
ბ) 57-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 57
იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში მოთავსებული ბრალდებული/მსჯავრდებული საჭიროებს სისტემატიურ მომვლელს და სამედიცინო დაწესებულება ვერ უზრუნველყოფს მას მომვლელით, მომვლელად შეიძლება დაშვებულ იქნეს პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული პირი. ასეთ შემთხვევაში, საჭიროა სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის რეკომენდაცია მომვლელის ყოლის აუცილებლობასთან დაკავშირებით და დეპარტამენტის დირექტორის თანხმობა, ხოლო ბრალდებულის შემთხვევაში დამატებით - პროკურორის ან გამომძიებლის თანხმობა.“;
გ) 59-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 59
სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში მოთავსებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეიძლება მიეცეს უფლება:
ა) ამანათის სახით მიიღოს პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ნებადართული პირადი ჰიგიენისათვის საჭირო ნივთები და საშუალებები, თეთრეული, ტანსაცმელი და თამბაქო, რის შესახებაც ივსება სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის ამანათის გადაცემის უწყისი (დანართი №4);
ბ) ისარგებლოს დამცველთან/ადვოკატთან, სასულიერო და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა პირებთან შეხვედრის უფლებით;
გ) იმ შემთხვევაში, თუ საჭიროებს სპეციალურ დიეტურ საკვებს და სამედიცინო დაწესებულება ვერ უზრუნველყოფს აღნიშნულით, დეპარტამენტის დირექტორის ნებართვით ამანათის სახით მიიღოს დამატებითი კვების პროდუქტები, რისთვისაც აუცილებელია მკურნალი ექიმის რეკომენდაცია დიეტური საკვების მიღების აუცილებლობასთან დაკავშირებით. მკურნალი ექიმის რეკომენდაციაში მითითებული უნდა იყოს ბრალდებულისათვის /მსჯავრდებულისათვის აუცილებელი დიეტური საკვების ჩამონათვალი.“;
დ) 63-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მონახულებასთან დაკავშირებით ივსება ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში მონახულების უწყისი დანართი №5-ის შესაბამისად, რომელიც თან დაერთვის საბადრაგო უწყისს.“;
ე) 65-ე და 66-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 65
ბრალდებულის/მსჯავრდებულის განსაკუთრებით პირად გარემოებებთან დაკავშირებით ან სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გაყვანის შემთხვევაში დგება საბადრაგო ჯგუფის წევრების მორიგეობის და დასვენების გეგმა საბადრაგო სამმართველოს შესაბამისი განყოფილების უფროსის მიერ.
მუხლი 66
გადაუდებელი აუცილებლობისას, როდესაც ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გადაყვანის დაყოვნებამ შესაძლებელია გამოიწვიოს მძიმე შედეგი, რაც დადასტურებული იქნება ექიმის რეკომენდაციით, ბადრაგირებას ახორციელებს შესაბამისი დაწესებულების უსაფრთხოების ან/და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილებების თანამშრომლებისაგან დაწესებულების დირექტორის ბრძანებით შექმნილი, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ჯგუფი ექიმის თანხლებით. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ საგუშაგო ფუნქციების და ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაბარებას მოახდენს საბადრაგო ჯგუფი.“.
2. ბრძანების მე-2 მუხლით დამტკიცებული:
ა) №4 დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის ამანათის გადაცემის უწყისი“;
ბ) №5 დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში მონახულების უწყისი“.
|