1. ამ მუხლის მიზანია მაღალი ესთეტიკური ღირებულების საქალაქო განაშენიანების ჩამოყალიბება/შენარჩუნება და ცხოვრების ხარისხის ამაღლება, განაშენიანების ესთეტიკური პარამეტრების რეგულირების გზით.
2. ამ მუხლის მოთხოვნები ვრცელდება ტერიტორიულ-სტრუქტურულ ზონირების ცენტრალურ ზონაში, შუალედურ ზონაში და გეგმარებით კარკასზე არსებულ მიწის ნაკვეთების და შენობა-ნაგებობების მიმართ როგორც ახალ მშენებლობაზე, ისე ექსტერიერის ძირეულ რეკონსტრუქციაზე.
3. კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში განაშენიანების რეგულირების გეგმით შესაძლებელია ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დაზუსტება, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.
4. ამ მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე.
5. შენობა-ნაგებობის ფასადსა და სახურავზე გამოყენებული უნდა იქნეს ხანმედეგი და საქალაქო განაშენიანებისთვის შესატყვისი სამშენებლო-მოსაპირკეთებელი მასალები.
6. დაუშვებელია შენობა-ნაგებობების სახურავებზე შემდეგი გადახურვის მასალების გამოყენება:
ა) ნებისმიერი ფორმის მოთუთიებული თუნუქი (დაცვითი საფარისა და შეღებვის გარეშე);
ბ) ნებისმიერი ფორმის შიფერი;
გ) ფიქალი (გარდა საკულტო ნაგებობებისა).
7. სახურავზე მასალების ფერების შერჩევა უნდა მოხდეს იმგვარად, რომ გათვალისწინებულ იქნეს მიმდებარე განაშენიანების დომინანტური, ესთეტიკური თვალსაზრისით ღირებული არქიტექტურული გამომსახველობა.
8. კ-1 და კ-2 შესაბამისი ფუნქციური ზონით დადგენილ მაჩვენებლის გადამეტების შემთხვევაში, საბჭოს რეკომენდაციით მშენებლობის ნებართვის გამცემი შესაბამისი სამსახურის მიერ ცენტრალურ, შუალედურ ზონებში და გეგმარებით კარკასზე შესაძლებელია ერთ-ერთ მაკომპენსირებელ ღონისძიებად მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განისაზღვროს:
ა) გადახურვის ტიპად ე. წ. „მწვანე სახურავის“ გამოყენება;
ბ) შენობაში განახლებადი ენერგიის გენერირება და გამოყენება;
გ) ენერგოეფექტიანი სამშენებლო მასალების გამოყენება.
9. სატრანსპორტო საშუალებების მომსახურების ობიექტების დაპროექტება-მშენებლობა უნდა მოხდეს იმგვარად, რომ მომსახურება არ ხორციელდებოდეს ან/და მომსახურების პროცესი არ აღიქმებოდეს გზიდან/ქუჩიდან.
10. ექსტერიერის ელემენტები და მოწყობილობები/დანადგარები:
ა) განაშენიანების რეგულირების წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის დაცვით მოწყობილი საინფორმაციო ან/და სარეკლამო აბრების, წარწერების, ყუთების, ბილბორდების და სხვა მსგავსი ელემენტების ჯამური ფართობი არ უნდა აღემატებოდეს განთავსების ადგილზე (არა)საცხოვრებელი ერთეულის შესაბამისი ფასადის ან/და სახურავის ნაწილის ფართობის 20 %-ს;
ბ) წინა ქვეპუნქტში აღნიშნული საინფორმაციო ან/და სარეკლამო აბრების, წარწერების, ყუთების, ბილბორდების და სხვა მსგავსი ელემენტების მოწყობა ფართობის შეუზღუდავად დასაშვებია მხოლოდ შენობა-ნაგებობის ყრუ ფასადზე ან/და მშენებარე შენობა-ნაგებობის ფასადზე.
გ) სარეცხის საშრობი-გასაფენი, გათბობის, კონდიცირების და სხვა მსგავსი მოწყობილობები/დანადგარები უნდა განთავსდნენ შენობის შიგნით, სპეციალურად გამოყოფილ სათავსებში. მათი არარსებობის შემთხვევაში, დასაშვებია მათი განთავსება ექსტერიერის ვიზუალურად ნაკლებად აღქმად ნაწილებზე, ერთიანი, მოწესრიგებული სახით. ასეთ შემთხვევაში, საჭიროა მათი შემოსვა-შენიღბვა დეკორატიული ელემენტებით (ჟალუზი, ეკრანი და სხვა) და მათი არქიტექტურულ-მხატვრული მხარის ფასადებთან ერთად ერთიან სისტემაში გადაწყვეტა. დაუშვებელია ასეთი მოწყობილობა-დანადგარების განთავსება ქუჩის მხარე ფასადზე;
დ) ანტენები (სატელიტური, რადიო და სხვა) უნდა განთავსდეს სახურავზე. ტექნიკური აუცილებლობის შემთხვევაში დასაშვებია მათი განთავსება შენობის ფასადზე, ვიზუალურად ნაკლებად აღქმად ნაწილებზე. დაუშვებელია ასეთი მოწყობილობა-დანადგარების განთავსება ქუჩის მხარე ფასადზე;
ე) ღიობების დამცავი საშუალებები (ჟალუზების, გისოსების და სხვა) უნდა მოეწყოს ერთიანი პროექტის საფუძველზე, მათი არქიტექტურულ-მხატვრული მხარის ფასადებთან ერთად ერთიან სისტემაში გადაწყვეტი