1. ამ მუხლის მიზანია იყალთოს ტერიტორიაზე მაღალი ესთეტიკური ღირებულების სასოფლო განაშენიანების ჩამოყალიბება/შენარჩუნება და ცხოვრების ხარისხის ამაღლება, განაშენიანების ესთეტიკური პარამეტრების რეგულირების გზით.
2. ამ მუხლის მოთხოვნები ვრცელდება ტერიტორიულ-სტრუქტურული ზონირების ცზ-ში, შზ-სა და გკ-ზე, ასევე მათ ქვეზონებში ქც-სა და ქკ-ზე არსებული მიწის ნაკვეთების და შენობა-ნაგებობების მიმართ როგორც ახალ მშენებლობაზე, ისე ექსტერიერის ძირეულ რეკონსტრუქციაზე, თუ დაგეგმვის დოკუმენტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
3. ამ მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე.
4. შენობა-ნაგებობის ფასადსა და სახურავზე გამოყენებული უნდა იქნეს ხანმედეგი და დასახლების განაშენიანებისთვის შესატყვისი სამშენებლო-მოსაპირკეთებელი მასალები, თუ დაგეგმვის დოკუმენტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
5. დაუშვებელია შენობა-ნაგებობების სახურავებზე ნებისმიერი ფორმის (ფურცელი, გოფრირებული და სხვა) შემდეგი გადახურვის მასალების გამოყენება:
ა) მოთუთიებული თუნუქი, შეღებვის ან სხვაგვარი დაფარვის გარეშე;
ბ) აზბესტ-ბეტონის შიფერი, მათ შორის შეღებილი ან სხვაგვარი დაფარვის მქონე;
გ) შავი რუბეროიდის ფენილი.
6. სახურავზე მასალების ფერების შერჩევა უნდა მოხდეს იმგვარად, რომ გათვალისწინებულ იქნეს მიმდებარე განაშენიანების დომინანტური, ესთეტიკური თვალსაზრისით ღირებული არქიტექტურული გამომსახველობა, თუ დაგეგმვის დოკუმენტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
7. გადახურვის რეკომენდებული ტიპებია:
ა) თიხის კრამიტის სახურავი;
ბ) ქვის კრამიტის სახურავი;
გ) მწვანე სახურავი;
დ) ყავარის (ხისგან ან რუბეროიდისგან დამზადებული) სახურავი.
8. შემოღობვის, მათ შორის, გამწვანებს გამოყენებით, რეკომენდებული ტიპებია:
ა) ქვის ყორე;
ბ) ქვის და აგურის ნარევი ღობე;
გ) აგურის ღობე;
დ) ლითონის ბადურა/ცხაურა ღობე;
ე) ლითონის პანელური ღობე;
ვ) ზემოთ ჩამოთვლილი ნარევი მასალების ღობე.
9. სატრანსპორტო საშუალებების მომსახურების ობიექტების დაპროექტება-მშენებლობა უნდა მოხდეს იმგვარად, რომ მომსახურება არ ხორციელდებოდეს ან/და მომსახურების პროცესი არ აღიქმებოდეს გზიდან/ქუჩიდან, თუ დაგეგმვის დოკუმენტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
10. ექსტერიერის ელემენტები და მოწყობილობები/დანადგარები:
ა) ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის დაცვით მოწყობილი საინფორმაციო ან/და სარეკლამო აბრების, წარწერების, ყუთების, ბილბორდების და სხვა მსგავსი ელემენტების ჯამური ფართობი არ უნდა აღემატებოდეს განთავსების ადგილზე (არა)საცხოვრებელი ერთეულის შესაბამისი ფასადის ან/და სახურავის ნაწილის ფართობის 20 %-ს;
ბ) „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული არქიტექტურული ელემენტების მოწყობა ფართობის შეუზღუდავად დასაშვებია მხოლოდ შენობა-ნაგებობის ყრუ ფასადზე ან/და მშენებარე შენობა-ნაგებობის ფასადზე;
გ) სარეცხის საშრობი-გასაფენი, გათბობის, კონდიცირების და სხვა მსგავსი მოწყობილობები/დანადგარები უნდა განთავსდნენ შენობის უკანა ეზოს მხარე ფასადზე, ქუჩის საპირისპიროდ;
დ) ანტენები (სატელიტური, რადიო და სხვა) უნდა განთავსდეს სახურავზე ან შენობის უკანა ეზოს მხარე ფასადზე, ქუჩის საპირისპიროდ;
ე) ღიობების დამცავი საშუალებები (ჟალუზები, გისოსები და სხვა) უნდა მოეწყოს ექსტერიერის ან მთლიანის შენობის ერთიანი პროექტის საფუძველზე.