1. ამ თავის მიზნებია:

ა) მიწის ნაკვეთზე  შენობების განთავსების პირობების დადგენა;

ბ) მიწის ნაკვეთზე შენობების მაქსიმალურ დასაშვები სიმაღლის განსაზღვრა;

გ) მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობების ნაწილებისა და არქიტექტურული დეტალების საზოგადოებრივ ტერიტორიაზე/სივრცეში შეჭრის რეგულირება;

დ) საზოგადოებრივ ტერიტორიაზე/სივრცეში შენობა-ნაგებობების (მათ შორის, დროებითი) და დანადგარების განთავსების რეგულირება.

2. ამ თავის მიზნებისათვის მიწის ნაკვეთის საზღვარი (საკადასტრო საზღვარი) არის 2 სახის:

ა) მიწის ნაკვეთის საზოგადოებრივი საზღვარი – როდესაც  მიწის ნაკვეთი ესაზღვრება ქუჩას ან/და სხვა საზოგადოებრივ სივრცეს (მათ შორის ჩიხს);

ბ)  მიწის ნაკვეთის სამეზობლო საზღვარი – როდესაც  მიწის ნაკვეთი ესაზღვრება  მიწის ნაკვეთს, ან ისეთ არასამშენებლო მიწის ნაკვეთს, რომელიც არ წარმოადგენს საზოგადოებრივ სივრცეს. თუ მიწის ნაკვეთებს შორის არსებული დაურეგისტრირებელი სივრცის (გასასვლელი, ჩიხი) სიგანე არ აღმატება 1 მეტრს, სამეზობლო საზღვრად მიიღება დაურეგისტრირებელი სივრცის შუა ხაზი.

3.  ამ თავის მიზნებისათვის:

ა) მიწის ნაკვეთის საზღვრის ორი ერთმანეთის მოსაზღვრე (გადამკვეთი) საზღვარი, რომლებიც ერთმანეთთან ქმნიან 150 გრადუსიდან 180 გრადუსამდე კუთხეს, წარმოადგენს მიწის ნაკვეთის საზღვრის ერთ მხარეს;

ბ) შესაბამისი საზღვრის მხარეს განთავსებულად ითვლება შენობის ყველა ის საანგარიშო ზედაპირი, რომელიც საზღვრის წარმოსახვით ვერტიკალურ სიბრტყესთან ქმნის ნულიდან 45 გრადუსის ჩათვლით კუთხეს;

გ) მიწის ნაკვეთზე შენობის განთავსებისას ერთ შენობად ითვლება შენობა, რომელსაც გააჩნია დამოუკიდებლად მომუშავე საძირკვლის კონსტრუქციული სისტემა;

დ) დაუშვებელია ერთი შენობის განთავსება ერთზე მეტ მიწის ნაკვეთზე.

4. მიწის ნაკვეთზე შენობათა განთავსების და მათი მაქსიმალური სიმაღლეების განსაზღვრის ამ წესით დადგენილი პირობები მოქმედებს, თუ განაშენიანების რეგულირების გეგმებით კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში კონკრეტული მიწის ნაკვეთებისთვის არ არის დადგენილი სხვაგვარი რეგულირება.

5. ამ თავის მოთხოვნები არ ვრცელდება ნაგებობებზე, მათ შორის:

ა) ანძებსა და კოშკებზე;

ბ) აეროპორტის, საზღვაო პორტის და რკინიგზის ნაგებობებზე;

გ) საჰაერო-საბაგირო გზების ნაგებობებზე;

დ) ჰიდრო, თბო და ატომურ ელექტროსადგურებზე; აგრეთვე ელექტროქვესადგურებზე;

ე) ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და თხევადი აირის საცავებზე, ტერმინალებზე;

ვ) ნაპირსამაგრ, ხაზოვან და სხვა სპეციალური დანიშნულების საინჟინრო ნაგებობებზე;

ზ) მონუმენტებზე.

6.  ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ობიექტების განთავსების პირობები და მათი მაქსიმალური სიმაღლეები უნდა განისაზღვროს სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.

7. მიწის ნაკვეთ(ებ)ზე შენობათა განთავსებისას და მათი მაქსიმალური სიმაღლეების განსაზღვრისას, როდესაც კონკრეტულ საკითხს არეგულირებს რამდენიმე ნორმა, უპირატესად მოქმედებს ის, რომელიც უფრო მკაცრ შეზღუდვებს აწესებს.

8. დაუშვებელია  მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობის ნაწილებისა და არქიტექტურული დეტალების საზოგადოებრივ ტერიტორიაზე/სივრცეში შეჭრა, გარდა ამ თავით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

9. საზოგადოებრივ ტერიტორიაზე/სივრცეში 35-ე მუხლით განსაზღვრული ობიექტების განთავსება უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ ის:

ა) ითვალისწინებდეს ტერიტორიის ეფექტური განვითარების შესაძლებლობებს;

ბ) არ ლახავდეს საზოგადოებრივ ტერიტორიით/სივრცით მოსარგებლეთა უფლებებს;

გ) არ ეწინააღმდეგებოდეს არსებული განაშენიანების გეგმარებას, სივრცით-მოცულობით და ესთეტიკურ პარამეტრებს, ასევე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესებ