1. დაცულ ტერიტორიებზე საქმიანობა განისაზღვრება დაცული ტერიტორიების კატეგორიების მიხედვით, საერთაშორისო შეთანხმებებისა და კონვენციების შესაბამისად.

2. დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საქმიანობის ორგანიზაცია ხდება:

ა) ტერიტორიის შიგნით რეგულირებით;

ბ) ტერიტორიის გარეთ რეგულირებით;

გ) დროებითი რეგულირებით.

3. საქმიანობის რეგულირების წესი დეტალურად განისაზღვრება დაცული ტერიტორიის ინდივიდუალური დებულებითა და მენეჯმენტის გეგმით.

4. დაცული ტერიტორიის შიგნით იკრძალება:

ა) ბუნებრივი ეკოსისტემების რღვევა და სახის შეცვლა;

ბ) ექსპლუატაციის ან რაიმე სხვა მიზნით რომელიმე ბუნებრივი რესურსის განადგურება (ამოწყვეტა), ამოღება (დატყვევება), რღვევა, დაზიანება (დახეიბრება), შეშფოთება;

გ) გარემოს დაბინძურების მიზეზით ბუნებრივი ეკოსისტემების და სახეობების დაზიანება;

დ) ცოცხალ ორგანიზმთა უცხო და ეგზოტიკური სახეობების შემოყვანა და გავრცელება;

ე) ტერიტორიაზე ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებების შეტანა;

ვ) დაცული ტერიტორიის ინდვიდუალური დებულებითა და მენეჯმენტის გეგმით დაუშვებელი სხვა საქმიანობა.

5. დაცული ტერიტორიის შიგნით რეგულირებას ექვემდებარება:

ა) ვიზიტორთა დაშვება განსაზღვრულ ადგილებში;

ბ) ნადირობა, თევზაობა, დაბანაკება, ცეცხლის დანთება, სავაჭრო და კომერციული საქმიანობა, შენობების, გზებისა და ნაგებობების მშენებლობა და მათი ისტორიული სახის შეცვლა, ტერიტორიაზე, მის თავზე, ან მის ქვეშ სახმელეთო, საჰაერო და წყლის ტრანსპორტის გამოყენება;

გ) ვიზიტორთა ქცევა, დაცვითი რეჟიმის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დღე-ღამის განმავლობაში;

დ) მცენარეებისა და ცხოველების შეგროვება, დაჭერა და მათი გატანა (გაყვანა) ტერიტორიის გარეთ;

ე) უპატრონოდ მიტოვებული შინაური ცხოველების გარეკვა, იზოლირება, განადგურება;

ვ) ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ტრადიციული შენობა-ნაგებობების მშენებლობისათვის ან დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით განსაზღვრული საქმიანობისათვის არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსის (ფიქლის ქვის) მოგროვება, რომლის მოპოვების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

6. დაცული ტერიტორიის შიგნით კონტროლდება:

ა) ყველა სახის დაშვებული სამეცნიერო საქმიანობა;

ბ) ყველა სახის დაშვებული საგანმანათლებლო საქმიანობა;

გ) ყველა სახის დაშვებული სამეურნეო საქმიანობა;

დ) ტურისტულ-რეკრეაციული საქმიანობა, რითაც უზრუნველყოფილი იქნება:

დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა ნაკადის თანაბარი განაწილება;

ვიზიტორთა ინეტერესების მიხედვით შერჩეული ტერიტორების წინასწარი რეგისტრაცია;

ვიზიტორთა დაშვების დროისა და ხანგრძლივობის შესაბამისობა დაცული ტერიტორიების მიზნებთან;

თითოეულ ტერიტორიაზე ვიზიტორთა დაშვებული ლიმიტის შესაბამისობა ვიზიტორთა რაოდენობასთან.

ე) სტიქიური უბედურებისა და კატასტროფის საფრთხე.

7) დაცული ტერიტორია დროებითი რეგულირებით კონტროლდება:

ა) კატეგორიის დაკანონებამდე და მენეჯმენტის პირველი გეგმის დამტკიცებამდე;

ბ) სტიქიური უბედურებისა და კატასტროფის სალიკვიდაციო ღონისძიებების დროს (საგანგებო წესები განისაზღვრება ნორამატიული აქტებით).

8. დაცული ტერიტორიის გარეთ კონტროლდება:

ა) ეკოსისტემებისა და ბუნებრივი რესურსების მდგომარეობა ბუფერულ ზონაში;

ბ) ბუფერული ზონასთან შეხებაში მყოფი განვითარების პროგრამები და ცალკეული მნიშვნელოვანი სამეურნეო და სამშენებლო პროექტები (გარემოზე მავნე ზემოქმედების შეფასების მიზნით);

გ) დაცული ტერიორიისათვის საზიანო გარეშე საქმიანობის პრევენტული ღონისძიებები (აღმკვეთი ჯარიმის დაწესება);

დ) დაცული ტერიტორიისათვის მავნე საქმიანობით მიყენებული ზარალის კომპენსაცია.

საქართველოს 2016 წლის 17
თებერვლის

კანონი
№4736
- ვებგვერდი, 25.02.2016