წიაღის დაცვის ძირითადი მოთხოვნებია:
ა) არ დაუშვან წიაღით თვითნებური სარგებლობა;
ბ) დაიცვან განსაკუთრებული სამეცნიერო და კულტურული მნიშვნელობის წიაღის ობიექტები ან უბნები;
გ) დაიცვან სასარგებლო წიაღისეულის საბადოები მათი განლაგების ფართობების განაშენიანებისაგან, წყალსაცავებით დატბორვისაგან და სხვა;
დ) რაციონალურად ისარგებლონ სასარგებლო წიაღისეულით და გამოიყენონ სამთომომპოვებელი მრეწველობის ნარჩენები;
ე) დაიცვან წიაღის ის უბნები, რომლებიც გამოიყენება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან დაკავშირებული საინჟინრო ნაგებობების, მიწისქვეშა საცავების, ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული ნაგავსაყრელების, ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტებისა და ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოსაწყობად;
ვ) დაიცვან სარგებლობისათვის წიაღის გადაცემის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესები და არ დაუშვან წიაღით თვითნებურად (ულიცენზიოდ ან ლიცენზიით გამოყოფილი სამთო ნაკვეთის ფარგლებს გარეთ) სარგებლობა;
ზ) უზრუნველყონ წიაღის სრული და კომპლექსური შესწავლა და წიაღის დაცვისა და მისი რესურსების რაციონალური, კომპლექსური გამოყენება;
თ) წინასწარ შეისწავლონ წიაღი იმისათვის, რომ მიღებულ იქნეს სარწმუნო მონაცემები სასარგებლო წიაღისეულის მარაგების შეფასებისა და წიაღით სარგებლობის სხვა ობიექტების მახასიათებლების დასადგენად;
ი) აღრიცხონ სასარგებლო წიაღისეულის მარაგები და წიაღით სარგებლობის ობიექტებზე გაცემული წიაღის უბნები;
კ) შესაძლებელი სისრულით ამოიღონ წიაღიდან როგორც ძირითადი, ასევე თანმდევი სასარგებლო წიაღისეული და უზრუნველყონ მათი აღრიცხვა, აგრეთვე უზრუნველყონ დანაკარგების შესაბამისობა მოქმედ სტანდარტებთან, ნორმებთან და წესებთან და განახორციელონ ღონისძიებები მათ შესამცირებლად;
ლ) დაიცვან სასარგებლო წიაღისეულის საბადოები დატბორვისაგან, გაწყლიანებისაგან, დაბინძურებისაგან, ხანძრის, დაშრეტისა და სხვა ფაქტორებისაგან, რომლებიც აუარესებენ წიაღისეულის ხარისხს, ამცირებენ საბადოს სამრეწველო ღირებულებას ან ართულებენ მის ათვისებას;
მ) თავიდან აიცილონ წიაღზე მავნე ზემოქმედება გაზისა და სხვა ნივთიერებების წიაღში შენახვის, მავნე ნივთიერებებისა და წარმოების ნარჩენების ჩამარხვის, ჩამდინარე წყლების ჩაშვების დროს;
ნ) დაიცვან სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელ წარმოებათა და იმ მიწისქვეშა ნაგებობების კონსერვაციისა და ლიკვიდაციის დადგენილი წესები, რომლებიც დაკავშირებული არ არიან წიაღისეულის მოპოვებასთან;
ო) აღკვეთონ წიაღით სარგებლობის ობიექტების განლაგების ფართობზე თვითნებური განაშენიანება;
პ) არ დაუშვან სასმელი წყლითა და ტექნიკური წყლით მომარაგების სათავო ნაგებობებთან ახლოს და მათი წყალშემკვრელი ფართობების ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნარჩენების განთავსება;
ჟ) უზრუნველყონ გარემოს მდგომარეობაზე წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებული სამუშაოების გავლენის სარწმუნო პროგნოზირება და შეფასება, განახორციელონ აუცილებელი ზომები გარემოსა და მოსახლეობის უსაფრთხოების დასაცავად.
საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის კანონი №1409 - სსმ I, №22, 18.05.2005 წ., მუხ.153
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 26 დეკემბრის კანონი №3006 – ვებგვერდი, 12.01.2015