1. პროექტით გათვალისწინებული სისრულით საბადოს დამუშავების შემდეგ ან იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკურ-ეკონომიკურ გაანგარიშებათა ან სხვა დასაბუთებათა საფუძველზე საბადოს ან მისი ნაწილის შემდგომი დამუშავება შეუძლებლად არის მიჩნეული, უნდა განხორციელდეს სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი საწარმოს ლიკვიდაცია ან კონსერვაცია. ეს წესი ვრცელდება იმ მიწისქვეშა ნაგებობაზე, რომელიც არ არის დაკავშირებული წიაღისეულის მოპოვებასთან, მისი შემდგომი ექსპლუატაციის შეუძლებლობის, აგრეთვე ლიცენზიის ვადის გასვლის ან გაუქმების შემთხვევაში.
2. საწარმოს ლიკვიდაციისას განხილული უნდა იქნეს სამთო გვირაბებისა და ჭაბურღილების სხვა მიზნებისათვის შემდგომი გამოყენების შესაძლებლობის საკითხი. მისი დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში გვირაბები და ჭაბურღილები მოყვანილი უნდა იქნეს ისეთ მდგომარეობაში, რომ მომავალში უზრუნველყოფილი იყოს მოსახლეობის უსაფრთხოება, ეკოლოგიური პირობების, შენობებისა და ნაგებობების დაცვა, ხოლო საწარმოს კონსერვაციისას ისინი უნდა შენარჩუნდეს სამუშაო მდგომარეობაში კონსერვაციის მთელი პერიოდის განმავლობაში.
3. სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი საწარმოს, აგრეთვე იმ მიწისქვეშა ნაგებობის ლიკვიდაციის ან კონსერვაციის შემთხვევაში, რომელიც არ არის დაკავშირებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან, გეოლოგიური, სამარკშეიდერო და სხვა დოკუმენტაცია უნდა წარმოებდეს სამუშაოთა დამთავრების მომენტამდე და უნდა ინახებოდეს წიაღის შესახებ ერთიან სახელმწიფო ფონდში.
4. სალიკვიდაციო ან საკონსერვაციო ობიექტების მოსაზღვრე რაიონებში უნდა განხორციელდეს ღონისძიებები მომავალში სამთო სამუშაოთა უსაფრთხო წარმოების უზრუნველსაყოფად.
5. ლიკვიდაციის ან კონსერვაციის დამთავრებამდე წიაღით მოსარგებლეს ეკისრება ამ კანონით გათვალისწინებული სრული პასუხისმგებლობა.
6. ამ მუხლში აღნიშნული ობიექტების ლიკვიდაციის ან კონსერვაციის დამთავრების შემდეგ წიაღით მოსარგებლე ვალდებულია ამის თაობაზე ინფორმაცია დადგენილი წესით წარუდგინოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს (ორგანოებს). ობიექტების ლიკვიდაცია ან კონსერვაცია დამთავრებულად ითვლება ინფორმაციის ადგილზე გადამოწმების შემდეგ უფლებამოსილი ორგანოს მიერ შესაბამისი აქტის შედგენით, რომელიც შემდგომ დადგენილი წესით აისახება წიაღის შესახებ ერთიან სახელმწიფო ფონდში.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013