სასარგებლო წიაღისეულის (მადანგამოვლინება) შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის მოთხოვნების დადგენის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1136
2016 წლის 13 ივნისი
ქ. თბილისი
სასარგებლო წიაღისეულის (მადანგამოვლინება) შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის მოთხოვნების დადგენის შესახებ
1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-14 პუნქტის საფუძველზე, სასარგებლო წიაღისეულის (მადანგამოვლინება) შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის გაცემისთვის დადგინდეს შემდეგი მოთხოვნები:
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების მიმდებარე ტერიტორიაზე, სასარგებლო წიაღისეულის (ზოფხითოს ჯგუფის ფერადი, კეთილშობილი და იშვიათი ლითონების მადანგამოვლინება) შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:
ა) ძებნა-ძიებითი სამუშაოები განახორციელოს ლიცენზიის ძალაში შესვლიდან 3 წლის ვადაში და ამ სამუშაოების სრულყოფილად ჩატარების მიზნით, დახარჯოს არანაკლებ 2 000 000 (ორი მილიონი) ლარი;
ბ) შესწავლის პერიოდში უზრუნველყოს ადგილობრივი მოსახლეობის (არანაკლებ 30 ადამიანის) დასაქმება;
გ) 2016 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს ონის მუნიციპალიტეტისათვის ერთი ერთეული სპეციალური ტექნიკის - JCB 3CX Sitemaster Super მულტიფუნქციური ექსკავატორ-დამტვირთველის შეძენა, 160 000 (ას სამოცი ათასი) ლარის ფარგლებში (ექსკავატორ-დამტვირთველი უნდა იყოს ახალი - ექსპლუატაციაში არმყოფი);
დ) შესწავლის პერიოდის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში, სსიპ - გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარადგინოს „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის №360 დადგენილებით განსაზღვრული ერთ-ერთი აუდიტორული მომსახურების გამწევი იურიდიული პირის მიერ მომზადებული დასკვნა, რომელიც დაადასტურებს ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული თანხის ხარჯვის ანგარიშს;
ე) ხელი არ შეუშალოს სალიცენზიო ფართობზე მოქმედი სხვა ლიცენზიებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებას;
ვ) მოქალაქეებს არ შეუზღუდოს სალიცენზიო ტერიტორიაზე გადაადგილების შესაძლებლობა;
ზ) ხელი არ შეუშალოს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას;
თ) სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცების შემდგომ, უზრუნველყოს საბადოს კომპლექსური ათვისება;
ი) ლიცენზიის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შესწავლის პერიოდში განსახორციელებელი 2 000 000 (ორი მილიონი) ლარის ოდენობის თანხის ხარჯვის გეგმა-გრაფიკი, რომელიც უნდა მოიცავდეს დეტალურ და დასაბუთებულ ინფორმაციას, შესწავლის პერიოდში ჩასატარებელი სამუშაოებისა (ღონისძიებების) და ამ სამუშაოებისათვის გასაწევი ხარჯების შესახებ, მათ შორის, კონკრეტული სამუშაოს შესრულებისათვის საჭირო ვადის ხანგრძლივობის თაობაზე. წარდგენილი ინფორმაცია გახდება ლიცენზიის ფარგლებში სავალდებულოდ შესასრულებელი პირობა და მისი შეუსრულებლობა გამოიწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობის ზომებს.
2. სახელმწიფო უფლებამოსილია, ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული სალიცენზიო ფართობის გეოლოგიური შესწავლისათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე გასცეს სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა/მოპოვების ლიცენზიები, რომლებიც არ იქნება დაკავშირებული ამ ლიცენზიით განსაზღვრული სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობასთან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი