შპს „GTT COMPANY“-ის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/3567-16
განჩინება
საქართველოს სახელით
მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
2016 წლის 25 მაისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო ს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ლაშა ქოჩიაშვილი
განმცხადებელი: შპს „GTT COMPANY’’
წარმომადგენელი (დირექტორი): ზურაბ ბიწაძე
მოთხოვნა: შპს „GTT COMPANY’’-ს მიმართ
გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „GTT COMPANY’’-ს გაკოტრებულად გამოცხადების საკითხი და,
გამოარკვია:
2016 წლის 18 თებერვალს შპს „GTT COMPANY”-ს დირექტორმა ზურაბ ბიწაძემ განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შპს „GTT COMPANY”-ს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ. განმცხადებლის მითითებით, საწარმოს კრედიტორი არ ჰყავს, შეწყვეტილი აქვს საქმიანობა და არ გააჩნია ვადამოსული მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობა. კომპანიას არ აქვს ანგარიშები ბანკში. სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობების თანახმად, კომპანიის სახელზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალება და უძრავი ქონება რეგისტრირებული არ არის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 თებერვლის განჩინებით განმცხადებელს განესაზღვრა ვადა განცხადებაში არსებული ხარვეზის აღმოსაფხვრელად და დაევალა კრედიტორთა ნუსხის, მათ მიმართ არსებული დავალიანების ოდენობის, მოვალის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ მოვალის გადახდისუუნარობის ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე ყოფნის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ასლის წარმოდგენა. განმცხადებელს ასევე დაევალა საჯარო რეესტრიდან ინფორმაციის წარმოდგენა იმის შესახებ, ერიცხებოდა თუ არა მოვალეს საკუთრების უფლებით უძრავი ქონება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების სასამართლოში წარდგენის დროისათვის.
2016 წლის 2 მარტს შპს „GTT COMPANY”-ს დირექტორმა ზურაბ ბიწაძემ ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მომართა სასამართლოს და წარმოადგინა შპს „GTT COMPANY”-ს პარტნიორთა კრების ოქმი, რომლითაც გადაწყდა შპს „GTT COMPANY”-ს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება. განმცხადებელმა ასევე წარმოადგინა ახსნა-განმარტებითი ბარათი, რომლის თანახმადაც, შპს „GTT COMPANY”-ს არ გააჩნია არანაირი საგადასახადო ვალდებულება.
2016 წლის 9 მარტის განჩინებით, განმცხადებელს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა და დაევალა გარკვევით მიეთითებინა, ჰყავს თუ არა შპს „GTT COMPANY”-ს კრედიტორები და კრედიტორთა არსებობის შემთხვევაში წარმოედგინა: კრედიტორთა ნუსხა არსებული ვალდებულებების, უზრუნველყოფის საგნებისა და კრედიტორთა სახელების (სახელწოდებების) და მისამართების (საიდენტიფიკაციო ნომრების) მითითებით.
განმცხადებელს ასევე დაევალა საჯარო რეესტრიდან ინფორმაციის წარმოდგენა იმის შესახებ, ერიცხებოდა თუ არა მოვალეს საკუთრების უფლებით უძრავი ქონება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების სასამართლოში წარდგენის დროისათვის.
2016 წლის 28 მარტს შპს „GTT COMPANY”-ს დირექტორმა ზურაბ ბიწაძემ ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მომართა სასამართლოს. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ შპს „GTT COMPANY”-ს კრედიტორია შპს „SRH GROUP’’, რომლის მიმართ შპს „GTT COMPANY”-ს ერიცხება დავალიანება 800 ლარის ოდენობით. განცხადებაზე დართული 25.03.2016 წლის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის თანახმად, „GTT COMPANY”-ს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 აპრილის განჩინებით შპს „GTT COMPANY”-ს განცხადება არ იქნა მიღებული სასამართლოს წარმოებაში, ვინაიდან შპს „GTT COMPANY”-ს არ გააჩნდა ქონება, რაც უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „GTT COMPANY”-ს მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 აპრილის განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2016 წლის 19 აპრილს და განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არ მოუმართავს სასამართლოსათვის.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს „GTT COMPANY” უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს შპს „GTT COMPANY”-ს რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით, და
დაადგინა:
1. შპს „GTT COMPANY” (ს/კ 404431879) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს „GTT COMPANY“-ს რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე და სასამართლოს დაფაზე.
3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი