სახელმწიფო ხაზინის განკარგულებაში არსებული ფულადი სახსრების განთავსების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 22.06.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №301
სარეგისტრაციო კოდი 190020110.10.003.020010
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/06/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.06.2017 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (13)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- სახელმწიფო ხაზინის განკარგულებაში არსებული თავისუფალი ფულადი სახსრებით მოკლევადიანი სესხების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 31.01.2011
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური გირავნობის მართვის დებულების დამტკიცების თაობაზე საბანკო კრედიტის/სესხის საქართველოს ეროვნულ ვალუტაში კონვერსიისა და საქართველოს მთავრობის მიერ სუბსიდირების განხორციელების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ ლარის ბანკნოტების/მონეტების, ოქროს ზოდებისა და ნუმიზმატიკური ფასეულობის რეალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ბოლო ინსტანციის სესხის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ სპეციალური სადაზღვევო შენატანის გამოთვლის წესის, პერიოდულობისა და პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო ხაზინის განკარგულებაში არსებული ფულადი სახსრების განთავსების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №301
2017 წლის 22 ივნისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო ხაზინის განკარგულებაში არსებული ფულადი სახსრების განთავსების წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 184 მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული სახელმწიფო ხაზინის განკარგულებაში არსებული ფულადი სახსრების განთავსების წესი.
მუხლი 2🔗
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახელმწიფო ხაზინის განკარგულებაში არსებული თავისუფალი ფულადი სახსრებით მოკლევადიანი სესხების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №53 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
სახელმწიფო ხაზინის განკარგულებაში არსებული ფულადი სახსრების განთავსების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სახაზინო სამსახურის (შემდგომში – სახელმწიფო ხაზინა) განკარგულებაში არსებული ფულადი სახსრების განთავსების ფორმებსა და პირობებს.
2. სახელმწიფო ხაზინის განკარგულებაში არსებული ფულადი სახსრების განთავსება ხორციელდება დეპოზიტის ან/და უზრუნველყოფილი დეპოზიტის ფორმით, ეროვნული ვალუტით, ამ წესით განსაზღვრული პირობების დაცვით.
მუხლი 2🔗. წესში გამოყენებული ტერმინები
ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სახელმწიფო ხაზინა – სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური;
ბ) სახელმწიფო ხაზინის განკარგულებაში არსებული ფულადი სახსრები – სახელმწიფო ხაზინის ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრები;
გ) სახელმწიფო ხაზინის ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრების განთავსება – სახელმწიფო ხაზინის ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრების გადატანა კომერციულ ბანკ(ებ)ში დეპოზიტის ან/და უზრუნველყოფილი დეპოზიტის სახით;
დ) დეპოზიტი – სახელმწიფო ხაზინის არაუზრუნველყოფილი ვადიანი დეპოზიტი ან/და არაუზრუნველყოფილი მოთხოვნამდე დეპოზიტი;
ე) ვადიანი დეპოზიტი – კომერციულ ბანკში სადეპოზიტო ანგარიშზე წინასწარ განსაზღვრული ვადით განთავსებული სახელმწიფო ხაზინის ფულადი სახსრები, რომელსაც ამ წესით განსაზღვრული პირობების შესაბამისად კომერციული ბანკის მიერ ერიცხება პროცენტი;
ვ) მოთხოვნამდე დეპოზიტი – კომერციულ ბანკში სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული სახელმწიფო ხაზინის ფულადი სახსრები, რომელსაც ამ წესით განსაზღვრული პირობების შესაბამისად კომერციული ბანკის მიერ ერიცხება პროცენტი და რომლიდანაც თანხის გამოთხოვა შესაძლებელია მოთხოვნისთანავე;
ზ) უზრუნველყოფილი დეპოზიტი – უზრუნველყოფილი ვადიანი დეპოზიტი და უზრუნველყოფილი მოთხოვნამდე დეპოზიტი;
თ) უზრუნველყოფილი ვადიანი დეპოზიტი – ვადიანი დეპოზიტი, რომელიც უზრუნველყოფილია ამ წესის შესაბამისად, ფასიანი ქაღალდებით;
ი) უზრუნველყოფილი მოთხოვნამდე დეპოზიტი – მოთხოვნამდე დეპოზიტი, რომელიც უზრუნველყოფილია ამ წესის შესაბამისად, ფასიანი ქაღალდებით;
კ) კომერციული ბანკი – „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომერციული ბანკი;
ლ) მრავალი ფასის მეთოდი – აუქციონის ჩატარების მეთოდი, რომლის დროსაც აუქციონში გამარჯვებული თითოეული კომერციული ბანკის თითოეული განაცხადი კმაყოფილდება განაცხადში მითითებული ფასით;
მ) ელექტრონული სავაჭრო სისტემა – პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის საშუალებითაც ხორციელდება:
მ.ა) სახელმწიფო ხაზინის ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრების განთავსება დეპოზიტის ან/და უზრუნველყოფილი დეპოზიტის ფორმით;
მ.ბ) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონზე რეალიზაცია, ამ წესის მე-7 მუხლის შესაბამისად;
ნ) ფასიანი ქაღალდების აუქციონის განაკვეთის დონე – სახელმწიფო ხაზინის მიერ განსაზღვრული მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი, რომლის ზემოთაც აუქციონში მონაწილე განაცხადები არ დაკმაყოფილდება.
მუხლი 3🔗. სახელმწიფო ხაზინის ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრების განთავსების ორგანიზება და ძირითადი პირობები
1. სახელმწიფო ხაზინის ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრების კომერციულ ბანკში განთავსება ხორციელდება ეროვნული ვალუტით.
2. სახელმწიფო ხაზინის მიერ კომერციულ ბანკებში ფულადი სახსრების განთავსება ხდება დეპოზიტის ან/და უზრუნველყოფილი დეპოზიტის ფორმით, აუქციონის წესით.
3. აუქციონი ტარდება სახელმწიფო ხაზინაში ელექტრონული სავაჭრო სისტემის გამოყენებით, მრავალი ფასის მეთოდით.
4. აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კომერციულ ბანკებს.
5. სახელმწიფო ხაზინა აუქციონის გამოცხადების თარიღამდე არანაკლებ ერთი საბანკო დღით ადრე კომერციულ ბანკებს უგზავნის ელექტრონულ შეტყობინებას აუქციონის გამოცხადების შესახებ, ამავე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად.
6. სახელმწიფო ხაზინას უფლება აქვს, მიზეზის მითითების გარეშე გააუქმოს გამოცხადებული აუქციონი, რის შესახებაც აუქციონის დაწყებამდე არანაკლებ 1 საათით ადრე სახელმწიფო ხაზინა აცნობებს კომერციულ ბანკებს იმავე საშუალებით, რითაც მოხდა აუქციონის გამოცხადების შესახებ შეტყობინების გაგზავნა.
7. დეპოზიტის შემთხვევაში, აუქციონის გამოცხადების შესახებ სახელმწიფო ხაზინის შეტყობინება მოიცავს:
ა) აუქციონის ჩატარების თარიღსა და დროს;
ბ) აუქციონზე გამოტანილი დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობას;
გ) დეპოზიტის მინიმალურ წლიურ საპროცენტო განაკვეთს;
დ) დეპოზიტის განთავსებისა და დაფარვის თარიღებს;
ე) დეპოზიტზე პროცენტის გადახდის პერიოდულობას;
ვ) კომერციული ბანკის განაცხადის წარდგენის დროსა და საშუალებას.
8. უზრუნველყოფილი დეპოზიტის შემთხვევაში აუქციონის გამოცხადების შესახებ სახელმწიფო ხაზინის შეტყობინება მოიცავს:
ა) აუქციონის ჩატარების თარიღსა და დროს;
ბ) აუქციონზე გამოტანილი დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობას;
გ) დეპოზიტის მინიმალურ წლიურ საპროცენტო განაკვეთს;
დ) დეპოზიტის განთავსებისა და დაფარვის თარიღებს;
ე) დეპოზიტზე პროცენტის გადახდის პერიოდულობას;
ვ) კომერციული ბანკის განაცხადის წარდგენის დროსა და საშუალებას;
ზ) უზრუნველყოფილი დეპოზიტისა და მასზე დარიცხული პროცენტის თანაფარდობას დეპოზიტის უზრუნველყოფისთვის გამოყენებული აქტივების ნომინალურ ღირებულებასთან.
9. სახელმწიფო ხაზინის დეპოზიტისა და უზრუნველყოფილი დეპოზიტის მინიმალური წლიური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა იყოს აუქციონის ჩატარების დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთზე ნაკლები.
10. კომერციული ბანკები აუქციონის დღეს განაცხადის მიღებისათვის დადგენილ დროს წარადგენენ ელექტრონულ განაცხადს, ელექტრონული სავაჭრო სისტემის მეშვეობით.
11. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად დეპოზიტის შემთხვევაში კომერციული ბანკის განაცხადში მითითებული უნდა იყოს შემდეგი რეკვიზიტები:
ა) მოთხოვნილი დეპოზიტის თანხა;
ბ) წლიური საპროცენტო განაკვეთი.
12. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად უზრუნველყოფილი დეპოზიტის შემთხვევაში კომერციული ბანკის განაცხადში მითითებული უნდა იყოს შემდეგი რეკვიზიტები:
ა) მოთხოვნილი უზრუნველყოფილი დეპოზიტის თანხა;
ბ) წლიური საპროცენტო განაკვეთი.
მუხლი 4🔗. აუქციონის გამოცხადება და ჩატარების წესი
1. აუქციონის გამოცხადება ხორციელდება ამ წესით განსაზღვრული პირობების დაცვით.
2. აუქციონი ჩატარდება წინასწარ განსაზღვრული დროის განმავლობაში.
3. კომერციული ბანკების მიერ ელექტრონული განცხადებების წარდგენა ხდება ამ წესის მე-3 მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტების შესაბამისად.
4. აუქციონში თითოეული კომერციული ბანკის მიერ წარსადგენი განაცხადების რაოდენობა შეზღუდული არ არის.
5. სახელმწიფო ხაზინა არ განიხილავს/მიიღებს ისეთ განაცხადს, რომელიც დადგენილ დროზე გვიან არის წარდგენილი ან არ შეიცავს ყველა აუცილებელ ინფორმაციას ან შეიცავს არაზუსტ ინფორმაციას ან მონაცემებს, რომელიც შეუსაბამოა გამოცხადებულ პარამეტრებთან. აღნიშნული ინფორმაციისა და მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებელია მხოლოდ კომერციული ბანკი.
6. თუ აუქციონზე შესული განაცხადების მოცულობა აღემატება განთავსების გამოცხადებულ მოცულობას, პირველ რიგში დაკმაყოფილდება ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთის მქონე განაცხადი, ხოლო შემდგომ ყოველი მომდევნო განაკვეთის მქონე განაცხადი, სანამ დაკმაყოფილებული განაცხადების საერთო თანხა გაუთანაბრდება განსათავსებელ მოცულობას.
7. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონის დასრულებისას ერთი და იგივე საპროცენტო განაკვეთის მქონე რამდენიმე განაცხადის თანხა აღემატება ჯერ კიდევ გაუნაწილებელი განსათავსებელი თანხის მოცულობას, ეს განაცხადები დაკმაყოფილდება პროპორციული განაწილების პრინციპით.
8. თუ აუქციონზე შესული განაცხადების მოცულობა ნაკლებია გამოცხადებული განთავსების მოცულობაზე, შესული განაცხადები სრულად კმაყოფილდება.
9. სახელმწიფო ხაზინა ვალდებულია, აუქციონის დასრულებიდან 1 საათის განმავლობაში, ელექტრონული სავაჭრო სისტემის მეშვეობით, აუქციონში მონაწილე კომერციულ ბანკებს მიაწოდოს აუქციონში მათი მონაწილეობის შედეგების ამსახველი ინფორმაცია.
10. აუქციონის შედეგები ქვეყნდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სახელმწიფო ხაზინის ოფიციალურ ვებგვერდებზე არა უგვიანეს აუქციონის ჩატარების დღისა.
მუხლი 5🔗. ფულადი სახსრების მართვა დეპოზიტის შემთხვევაში
1. კომერციული ბანკის მიერ აუქციონზე მოთხოვნილი დეპოზიტის მოცულობა შესაბამისობაში უნდა იყოს თითოეულ კომერციულ ბანკში განსათავსებელი დეპოზიტის თანხის დასაშვებ მაქსიმალურ მოცულობასთან, მიმდინარე აუქციონამდე შესაბამის კომერციულ ბანკში განთავსებული დეპოზიტ(ებ)ის გათვალისწინებით.
2. თითოეულ კომერციულ ბანკში განსათავსებელი დეპოზიტის თანხის დასაშვები მაქსიმალური მოცულობა განისაზღვრება აუქციონის ჩატარების დღისთვის კომერციული ბანკის საააქციო კაპიტალის 7%-ის ოდენობით, „კომერციული ბანკის ფინანსური მდგომარეობის გამჭვირვალობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 23 მაისის №145 ბრძანების შესაბამისად გამოქვეყნებული უახლესი კვარტალური ფინანსური ანგარიშგების მიხედვით.
3. სახელმწიფო ხაზინის ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრების დეპოზიტზე განთავსება ხდება აუქციონზე დაკმაყოფილებული განაცხადების შესაბამისად.
4. სახელმწიფო ხაზინა ახდენს ფულადი სახსრების გადატანას დაკმაყოფილებული განაცხადის წარმდგენ კომერციულ ბანკებში აუქციონის პირობებში მითითებულ დეპოზიტის განთავსების თარიღში.
5. დეპოზიტის ვადის გასვლის დღეს კომერციული ბანკი ვალდებულია, ხაზინის ერთიან ანგარიშზე ჩარიცხოს დეპოზიტის ძირითადი თანხა და დარიცხული პროცენტი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დარიცხული პროცენტის გადახდის პერიოდულობა სხვაგვარად არ განისაზღვრა.
6. დეპოზიტის დაფარვის ვალდებულების სრულად შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომერციულ ბანკს სახელმწიფო ხაზინის სასარგებლოდ დაერიცხება პირგასამტეხლო შეუსრულებელ ვალდებულებაზე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ერთდღიანი სესხისათვის დადგენილი პროცენტის ოდენობით.
მუხლი 6🔗. ფულადი სახსრებისა და უზრუნველყოფის საშუალებების მართვა უზრუნველყოფილი დეპოზიტის შემთხვევაში
1. კომერციული ბანკის მიერ მოთხოვნილი უზრუნველყოფილი დეპოზიტის მოცულობა შესაბამისობაში უნდა იყოს სახელმწიფო ხაზინის მიერ დადგენილ, დეპოზიტის მოცულობისა და დეპოზიტის უზრუნველყოფად გამოყენებული აქტივების ნომინალური ღირებულების თანაფარდობასთან.
2. უზრუნველყოფილი დეპოზიტის უზრუნველყოფად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს:
ა) საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული ლარით დენომინირებული სასესხო ფასიანი ქაღალდები:
ა.ა) საქართველოს მთავრობის სახაზინო ვალდებულებები;
ა.ბ) საქართველოს მთავრობის სახაზინო ობლიგაციები;
ა.გ) საქართველოს მთავრობის სახელმწიფო ობლიგაციები;
ა.დ) საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატები;
ბ) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოშვებული ლარით დენომინირებული სასესხო ფასიანი ქაღალდები.
3. უზრუნველყოფილი დეპოზიტის უზრუნველყოფად გამოყენებული ფასიანი ქაღალდების დაფარვის ვადა არანაკლებ 5 საბანკო დღით უნდა აღემატებოდეს უზრუნველყოფილი დეპოზიტის ვადას და არ უნდა იყოს გამოყენებული სხვა ვალდებულებების უზრუნველყოფად.
4. უზრუნველყოფილი დეპოზიტის საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული ლარით დენომინირებული სასესხო ფასიანი ქაღალდების უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენება ხდება სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების (CSD) სისტემაში, ანგარიშსწორების დღეს, ხოლო უზრუნველყოფის საშუალებად მისი მოქმედების ვადა არანაკლებ 2 საბანკო დღით უნდა აღემატებოდეს უზრუნველყოფილი დეპოზიტის ვადას.
5. უზრუნველყოფილი დეპოზიტის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოშვებული ლარით დენომინირებული სასესხო ფასიანი ქაღალდების უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენება ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ანგარიშსწორების დღეს, ხოლო უზრუნველყოფის საშუალებად მოქმედების ვადა არანაკლებ 2 საბანკო დღით უნდა აღემატებოდეს უზრუნველყოფილი დეპოზიტის ვადას.
6. სახელმწიფო ხაზინის ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრების უზრუნველყოფილ დეპოზიტზე განთავსება ხდება აუქციონზე დაკმაყოფილებული განაცხადების შესაბამისად.
7. სახელმწიფო ხაზინა ახდენს ფულადი სახსრების გადატანას დაკმაყოფილებული განაცხადის წარმდგენ კომერციულ ბანკებში აუქციონის პირობებში მითითებულ უზრუნველყოფილი დეპოზიტის განთავსების თარიღში, ფასიანი ქაღალდების უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენების შემდეგ.
8. უზრუნველყოფილი დეპოზიტის ვადის გასვლის დღეს კომერციული ბანკი ვალდებულია, ხაზინის ერთიან ანგარიშზე ჩარიცხოს უზრუნველყოფილი დეპოზიტის ძირითადი თანხა და დარიცხული პროცენტი, ხოლო სახელმწიფო ხაზინა გამოათავისუფლებს უზრუნველყოფის სახით მიღებულ ფასიან ქაღალდებს ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტების შესაბამისად.
9. უზრუნველყოფისთვის გამოყენებულ საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებულ ლარით დენომინირებულ სასესხო ფასიან ქაღალდებს სახელმწიფო ხაზინა გამოათავისუფლებს კომერციული ბანკის მიერ სახელმწიფო ხაზინის მიმართ არსებული ვალდებულებების სრულად დაფარვის დღეს.
10. უზრუნველყოფისთვის გამოყენებულ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოშვებულ ლარით დენომინირებულ სასესხო ფასიან ქაღალდებს სახელმწიფო ხაზინა გამოათავისუფლებს კომერციული ბანკის მიერ სახელმწიფო ხაზინის მიმართ არსებული ვალდებულებების სრულად დაფარვის დღიდან 2 საბანკო დღის ვადაში.
11. უზრუნველყოფილი დეპოზიტის ვადის გასვლის დღეს ვალდებულების სრულად შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომერციულ ბანკს სახელმწიფო ხაზინის სასარგებლოდ დაერიცხება პირგასამტეხლო შეუსრულებელ ვალდებულებაზე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ერთდღიანი სესხისათვის დადგენილი პროცენტის ოდენობით.
12. უზრუნველყოფილი დეპოზიტის ვადის გასვლის დღეს ვალდებულების სრულად შეუსრულებლობის შემთხვევაში, სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია, განახორციელოს უზრუნველყოფის საშუალების საკუთრებაში მიღება და რეალიზაცია ამ წესის მე-7 მუხლის შესაბამისად. უზრუნველყოფის საშუალების სახელმწიფო ხაზინის მიერ საკუთრებაში მიღების დღიდან შეწყდება დავალიანებაზე პროცენტის დარიცხვა.
მუხლი 7🔗. ფასიანი ქაღალდების საკუთრებაში მიღება და რეალიზაცია
1. კომერციული ბანკის მიერ ხაზინისათვის უზრუნველყოფილი დეპოზიტის დაუფარაობის შემთხვევაში, ფასიანი ქაღალდების რეალიზაციას სახელმწიფო ხაზინა ახორციელებს აუქციონის მეშვეობით.
2. ფასიანი ქაღალდების აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვთ კომერციულ ბანკებს.
3. თუ სახელმწიფო ხაზინის მიერ საკუთრებაში მიღებულია სხვადასხვა სახის ფასიანი ქაღალდი, აუქციონი შეიძლება ჩატარდეს ცალ-ცალკე ლოტებად სხვადასხვა სახისა და ვადის ფასიანი ქაღალდების მიხედვით.
4. ფასიანი ქაღალდების აუქციონის შესახებ შეტყობინებას სახელმწიფო ხაზინა კომერციულ ბანკებს უგზავნის ფასიანი ქაღალდების რეალიზაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების დღეს.
5. ფასიანი ქაღალდების აუქციონის შეტყობინება მოიცავს:
ა) ფასიანი ქაღალდის სახესა და რეგისტრაციის ნომერს;
ბ) ფასიანი ქაღალდის რაოდენობასა და ნომინალურ ღირებულებას;
გ) ფასიანი ქაღალდის დაფარვამდე დარჩენილი დღეების რაოდენობას;
დ) აუქციონის ჩატარებისა და განაცხადების წარდგენის თარიღსა და დროს;
ე) აუქციონის ჩატარების საშუალებას;
ვ) ანგარიშსწორების ვადებს;
ზ) სახელმწიფო ხაზინის შეხედულებისამებრ, მაქსიმალურ საპროცენტო განაკვეთს.
6. აუქციონში თითოეული კომერციული ბანკის მიერ წარსადგენი განაცხადების რაოდენობა შეზღუდული არ არის.
7. კომერციული ბანკი აუქციონის განაცხადში უთითებს:
ა) შესასყიდი ფასიანი ქაღალდების რაოდენობას;
ბ) საპროცენტო განაკვეთს.
8. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონზე არ იქნა წარდგენილი განაცხადები, არა უგვიანეს შემდეგი საბანკო დღისა სახელმწიფო ხაზინა აცხადებს ახალ აუქციონს ამ მუხლით განსაზღვრული წესის დაცვით.
9. ფასიანი ქაღალდების აუქციონის დასრულებიდან 1 საათის განმავლობაში სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია, დაადგინოს ფასიანი ქაღალდების აუქციონის განაკვეთის დონე.
10. თუ კომერციული ბანკი ვერ უზრუნველყოფს აუქციონზე დადებული გარიგების მიხედვით ანგარიშსწორებას დადგენილ ვადებში, მისი ყველა განაცხადი უქმდება. კომერციულ ბანკს სახელმწიფო ხაზინის სასარგებლოდ ეკისრება პირგასამტეხლო აუქციონზე დადებული გარიგების 5%-ის ოდენობით.
11. აუქციონის მეშვეობით გაყიდული ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით მიღებული თანხები მიმართული იქნება კომერციული ბანკის დავალიანების დასაფარად.
12. დეპოზიტის უზრუნველყოფის საშუალების რეალიზაციის თანხიდან სახელმწიფო ხაზინის მიმართ დავალიანების სრულად დაფარვის შემდეგ დარჩენილი ნამეტი თანხა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, უბრუნდება კომერციულ ბანკს.
მუხლი 8🔗. ვადიანი დეპოზიტიდან და უზრუნველყოფილი ვადიანი დეპოზიტიდან თანხის გამოთხოვა ვადაზე ადრე
1. საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო ხაზინას განმარტების გარეშე აქვს უფლება, მოსთხოვოს კომერციულ ბანკს ვადიანი დეპოზიტის ან/და უზრუნველყოფილი ვადიანი დეპოზიტის თანხის დაბრუნება ვადამდე.
2. კომერციული ბანკი ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს შემდეგი სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს შესაბამისი თანხის ჩარიცხვა ხაზინის ერთიან ანგარიშზე, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაშიც გამოიყენება ამ წესით დადგენილი პირობები.
3. ვადიანი დეპოზიტის ან/და უზრუნველყოფილი ვადიანი დეპოზიტის ვადაზე ადრე გამოთხოვის შემთხვევაში, საპროცენტო სარგებლის სახით, კომერციული ბანკი უხდის სახელმწიფო ხაზინას გამოთხოვილ თანხაზე შესაბამის პერიოდში დარიცხული/დასარიცხი საპროცენტო სარგებლის ნახევარს.
4. უზრუნველყოფილი ვადიანი დეპოზიტის ვადაზე ადრე გამოთხოვის შემთხვევაში, უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებულ საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებულ ლარით დენომინირებულ სასესხო ფასიან ქაღალდებს სახელმწიფო ხაზინა გამოათავისუფლებს კომერციული ბანკის მიერ ხაზინის ერთიან ანგარიშზე სრული თანხის ჩარიცხვის დღეს.
5. უზრუნველყოფილი ვადიანი დეპოზიტის ვადაზე ადრე გამოთხოვის შემთხვევაში, უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებულ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოშვებულ ლარით დენომინირებულ სასესხო ფასიან ქაღალდებს სახელმწიფო ხაზინა გამოათავისუფლებს კომერციული ბანკის მიერ ხაზინის ერთიან ანგარიშზე სრული თანხის ჩარიცხვის დღიდან 2 საბანკო დღის ვადაში.
მუხლი 9🔗. აკრძალული ქმედებები და კომერციული ბანკების ვალდებულებები
1. სახელმწიფო ხაზინის მიერ ორგანიზებულ აუქციონებში მონაწილეობისას და ამ მონაწილეობასთან დაკავშირებით, კომერციულ ბანკებს ეკრძალებათ შემდეგი ქმედებების განხორციელება:
ა) ერთმანეთთან წინასწარ შეთანხმდნენ კონკრეტული აუქციონისთვის საკუთარი განაცხადების თაობაზე;
ბ) აუქციონის დამთავრებამდე ერთმანეთს აცნობონ ინფორმაცია საკუთარი განაცხადების შესახებ;
გ) კონკურენტი კომერციული ბანკების ინსაიდერული ინფორმაციის ან მათგან მიღებული სხვა ინფორმაციის გამოყენებით განახორციელონ ისეთი ქმედებები, რომელიც აუქციონზე მათ ჩააყენებს დაუმსახურებელ უპირატეს/დომინანტ მდგომარეობაში სხვა მონაწილეებთან და/ან მესამე პირებთან შედარებით;
დ) აუქციონზე გააკეთონ განაცხადები ერთმანეთის ნაცვლად და/ან ერთმანეთის სასარგებლოდ.
2. სახელმწიფო ხაზინის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელების შესახებ შეტყობის ან/და საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, მას უფლება აქვს, კომერციული ბანკი გარკვეული დროით აღარ დაუშვას ამ წესით განსაზღვრულ სახელმწიფო ხაზინის მიერ ორგანიზებულ აუქციონ(ებ)ზე.