აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/315
2017 წლის 19 ივლისი
ქ. თბილისი
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში: კომისია) განიხილა სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ 2017 წლის 07 ივლისის №4/34158 განცხადება სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის“ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და
გამოარკვია:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებით მომართა სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ და საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მესამე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის მიზნით, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.
პროექტის მოკლე აღწერა:
საქართველოს მთავრობასა და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის 2016 წლის 3 სექტემბერს გაფორმდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის, ოპერირებისა და გადაცემის შესახებ საინვესტიციო ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა სახელმწიფოს ვალდებულება ინვესტორს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის მიზნით გადასცეს 340 ჰა მიწის ნაკვეთი.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის №247 განკარგულებით (ანაკლიიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განსახლების პოლიტიკის სახელმძღვანელო – ჩარჩოდოკუმენტისა და განსახლების სამოქმედო გეგმის მოწონებისა და შესაბამისი ღონისძიების გატარების შესახებ) დამტკიცდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განსახლების პოლიტიკის სახელმძღვანელო – ჩარჩო-დოკუმენტი და ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განსახლების სამოქმედო გეგმა. განსახლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად, პროექტისათვის საჭირო მიწის ნაკვეთების შესყიდვას ახორციელებს სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“, ხოლო სააგენტოს კონტრაქტორი ორგანიზაცია შპს ,,დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრი გეოგრაფიკის“ მიერ ხორციელდება მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის პროცედურები. დასახელებულმა კომპანიამ მიმართა ნავსადგურის ზემოქმედების არეალში განთავსებული უძრავი ქონების მესაკუთრეებს და მათთან შეთანხმების მიღწევით, სათანადო ანაზღაურებით განახორციელა ცალკეულ პირთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების გამოსყიდვა. უძრავი ქონების გამოსყიდვაზე, საკომპენსაციო ღირებულებაზე შეუთანხმებლობის გამო შეთანხმება ვერ შედგა შემდეგ მესაკუთრეებთან: კაკო აბულაძე (პ/ნ19001021173), ლუკა აბულაძე (პ/ნ19001110697), მამისა აბულაძე (პ/ნ 19001021198).
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადებები, თანდართული დოკუმენტაცია და მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ შუამდგომლობა შემდეგ გარემოებათა გამო:
საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად – ს/კ 43.30.46.710 (წინა №43.30.01.001ა) რეგისტრირებული უძრავ ნივთი (ზუგდიდის რაიონი, სოფელი ანაკლია, 2595.00 კვ.მ, კატეგორია სასოფლო-სამეურნეო) საკუთრების უფლებით აღრიცხულია მამისა, ლუკა და კაკო აბულაძის სახელზე.
საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად – ს/კ 43.30.46.709 (წინა №43.30.01.014ა) რეგისტრირებული უძრავი ნივთი (ზუგდიდის რაიონი, სოფელი ანაკლია, 2287.00 კვ.მ, კატეგორია სასოფლო-სამეურნეო) საკუთრების უფლებით აღრიცხულია მამისა, ლუკა და კაკო აბულაძის სახელზე.
დადასტურებულია, რომ საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთები განთავსებულია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის ზემოქმედების არეალში.
უძრავი ქონების მესაკუთრეებს სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვაზე უფლებამოსილი პირის – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ უფლებამოსილი კონტრაქტორის შპს ,,დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრი გეოგრაფიკის“ საშუალებით ჩაჰბარდათ წერილობითი შეთავაზებები – უძრავი ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე, განსახლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ, რაზედაც მათ უარი განაცხადეს.
დადგენილია, რომ გამოსყიდვის შეთავაზებებით მესაკუთრეებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია, რომ მათი უარის შემთხვევაში სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ იმოქმედებდა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და მათი საკუთრების ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების მიზნით მიმართავდა კანონმდებლობით დადგენილ ღონისძიებებს. ამასთან, ექსპროპრიაციის შემთხვევაში მოქალაქეები საექსპროპრიაციო ქონების სანაცვლოდ მიიღებდნენ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ წინასწარ, სრულ და სამართლიან ანაზღაურებას.
დადასტურებულია, რომ მესაკუთრეებმა უძრავი ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე უარი განაცხადეს. მხარეთა შორის შეუთანხმებლობის მიზეზია ქონების გამოსასყიდი ღირებულება.
საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის 21-ე მუხლში. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების და მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება. კონსტიტუციის 21-ე მუხლი უარყოფს იმგვარ საკუთრებით წესრიგს, რომელშიც კერძო ინტერესი საჯარო ინტერესთა მიმართ უპირობო, აბსოლუტური უპირატესობით სარგებლობს.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისთვის საკუთრების ჩამორთმევას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია საქართველოს კანონით „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“.
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.“ ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად კი ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საზოგადოებრივად საჭიროებისათვის აუცილებლი ნაგებობის ან ობიექტის მშენებლობისათვის“. ამასთან, ამავე კანონის მესამე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით ,,მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის გარდაუვალობა და სუბიექტი, რომელსაც შეიძლება მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება“.
ვინაიდან, სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიერ ვერ ხერხდება ზემოთ მითითებულ კერძო მესაკუთრეებთან უძრავი ქონებების გამოსყიდვაზე თანხმობის მიღება, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით ,,თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით“.
ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2017 წლის 13 ივლისის ოქმისა და დასკვნის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ,,ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის“ პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს“ მიენიჭოს ექსპროპრიციის უფლება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროექტის ფარგლებში მოქცეულ კაკო აბულაძის (პ/ნ 19001021173), ლუკა აბულაძის (პ/ნ 19001110697), მამისა აბულაძის (პ/ნ 19001021198) საკუთრებაში არსებულ შემდეგ უძრავ ქონებაზე:
1.1. ს/კ 43.30.46.710 (ნაკვეთის წინა ნომერი 43.30.01.001ა), მის. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი ანაკლია, კატეგორია სასოფლო-სამეურნეო, მიწის ნაკვეთი 2595.00 კვ.მ, საექსპროპრიაციო ფართი 2595.00 კვ.მ;
1.2 ს/კ 43.30.46.709 (ნაკვეთის წინა ნომერი 43.30.01.014ა), მის. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი ანაკლია, კატეგორია სასოფლო-სამეურნეო, 2287.00 კვ.მ, საექსპროპრიაციო ფართი 2287.00 კვ.მ.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ჯავახაძე