1. ბავშვების ნორმალური ზრდა-განვითარების უზრუნველყოფისათვის აუცილებელია უვნებელი და ჯანსაღი კვება. ბავშვთა ასაკში ჩამოყალიბებული სწორი კვების ჩვევები და გემოვნება წარმოადგენს ჯანმრთელობის საფუძველს ზრდასრულ ასაკში და საუკეთესო პრევენციას სიმსუქნის, II ტიპის დიაბეტის, ზოგიერთი ავთვისებიანი სიმსივნის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისათვის.
2. ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის განკუთვნილი სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს ამ ტექნიკური რეგლამენტით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
3. ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვების უმეტესობა დღის დიდ ნაწილს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში ატარებს და, შესაბამისად, დღის განმავლობაში მიღებული სურსათის მნიშვნელოვანი ნაწილი ამ დაწესებულებაში მიეწოდება. სურსათის შერჩევას, სწორი მენიუს შედგენას, ასაკისთვის შესაბამისი კვების სიხშირეს, კვებისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სწორი ჩვევების ჩამოსაყალიბებლად ბავშვთა შორის.
4. დღეღამური რაციონის კერძების ნაკრები უნდა უზრუნველყოფდეს ბავშვთა ორგანიზმის მოთხოვნილებებს ძირითად საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე, ასაკობრივი ნორმების გათვალისწინებით (დანართი 1). გარდა ასაკობრივი ნორმებისა, აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს სეზონურობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა, კვების თავისებურებები და სხვა. სურსათის დღიური ნორმები ბაღის ასაკის თითოეული ბავშვისთვის (დაწესებულებაში 9-10 სთ. ხანგრძლივობით ყოფნის პერიოდში) მოცემულია დანართ 2-ში.
5. ბავშვებისათვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს მრავალფეროვანი სურსათის ყოველდღიურად მიღება ოთხივე ძირითადი ჯგუფიდან, ჯანსაღი კვების პირამიდის მიხედვით:
ა) პური და მარცვლეული;
ბ) ხილი და ბოსტნეული;
გ) რძე და რძის ნაწარმი;
დ) საქონლის მჭლე ხორცი, ფრინველის ხორცი, თევზი, კვერცხი, პარკოსნები, კაკლოვნები და თესლეული.
6. ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვის კვების რეჟიმი უნდა შედგებოდეს 3 ძირითადი კვებისა (საუზმე, სადილი, ვახშამი) და 3 წახემსებისგან (პირველი წახემსება საუზმესა და სადილს შორის („დილის“), მეორე სადილსა და ვახშამს შორის („შუადღის“), მესამე –
ვახშმის შემდეგ), დღიური რაციონის ენერგეტიკული ღირებულების გადანაწილებით, შემდეგი სქემის მიხედვით:
ა) საუზმე ≈ 20%;
ბ) დილის წახემსება ≈ 10%;
გ) სადილი ≈ 30%;
დ) შუადღის წახემსება (სამხარი) ≈ 15%;
ე) ვახშამი ≈ 15%;
ვ) საღამოს წახემსება ≈ 10%.
7. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში კვების რეჟიმი განისაზღვრება ამ დაწესებულების მუშაობის რეჟიმის (რამდენიმე საათი, სრული სამუშაო დღე, გახანგრძლივებული) შესაბამისად:
ა) 5 და მეტი საათით ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში ყოფნისას, შეთავაზებული უნდა იქნეს 2 ძირითადი კვება (საუზმე, სადილი) და 2 წახემსება (დილის და შუადღის). ამასთან, ერთი ძირითადი კვება, აუცილებლად უნდა იყოს ცხელი კერძით. გახაგრძლივებული რეჟიმის შემთხვევაში, შეთავაზებული უნდა იქნეს საღამოს კვებაც (ვახშამი). თუ ძირითადი კვება რაღაც მიზეზების გამო ვერ იქნა გამოყენებული, მშობელს უნდა მიეწოდოს ზუსტი ინფორმაცია, რათა სახლში მოხდეს ბავშვის სრულფასოვანი კვება. ამასთან, დაწესებულების მუშაობის რეჟიმის/ხანგრძლივობის გათვალისწინებით, შესაძლებელია, საუზმის, სადილისა და 2 წახემსების ისეთნაირად გადანაწილება, რომ 3-ჯერადი კვებით უზრუნველყოფილი იყოს დღიური რაციონის არანაკლებ 75 %-ის მიწოდება ბავშვისათვის;
ბ) არაუმეტეს 5 საათით ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში დაყოვნებისას, შეთავაზებული უნდა იყოს არანაკლებ 2 ძირითადი კვება და 1 წახემსება. ასეთ შემთხვევაში არაა აუცილებელი ცხელი კერძის შეთავაზება, თუმცა სურსათის პირამიდის პირველი 4 ძირითადი ჯგუფიდან, თითოეულიდან სულ ცოტა 1 ულუფა მაინც უნდა იყოს შეთავაზებული;
გ) 3.5 საათამდე ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში დაყოვნებისას, შეთავაზებული უნდა იყოს ერთი ძირითადი კვება და ერთი წახემსება (მაგ., საუზმე და დილის წახემსება ან დილის წახემსება და სადილი და ა.შ.);
დ) წახემსება უნდა შედგებოდეს შაქრის ნაკლებად შემცველი ბურღულეულის, თხელ ნაჭრებად დაჭრილი ახალი ხილის, ცხიმის დაბალი შემცველობის რძისა და რძის ნაწარმის მცირე ულუფებისაგან, ძირითად კვებებს შორის;
ე) დაუშვებელია, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში ბავშვების უმეთვალყურეოდ დატოვება კვების დროს;
ვ) ბავშვის კვება (როგორც ძირითადი კვება, ასევე წახემსება) უნდა განხორციელდეს ერთსა და იმავე დროს ყოველდღიურად, ხოლო, კვების სიხშირე ჯამში არ აღემატებოდეს 6- ჯერადს დღეშ