შპს ,,დარიალი 2007-ის” გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2 /7448-2012
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ
2017 წლის 16 ოქტომბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განიხილა შპს ,,დარიალი 2007”-ის გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საკითხი,
გამოარკვია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 11 ივნისის განჩინებით შპს ,,დარიალი 2007”-ის დირექტორის განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებული იქნა წარმოებაში.
შპს ,,დარიალი 2007”-ის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების ფარგლებში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 03 ოქტომბრის განჩინებით კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრში შევიდა ცვლილება-დამატებები, განაწილდა სამეურვეო ქონების ნაწილის რეალიზაციით ამონაგები თანხა და მოვალის არარიალიზებული დებიტორული მოთხოვნები განაწილდა კრედიტორებს შორის. კერძოდ, 2013 წლის 7 ოქტომბერს შედგენილ შპს ,,დარიალი 2007”-ის კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრში სათანადო ცვლილებების გათვალისწინებით დამტკიცდა შპს ,,დარიალი 2007”-ის კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრი და სამეურვეო ქონებიდან ამონაგები, კრედიტორთა შორის გასანაწილებელი 21632 ლარი და 89 თეთრი კრედიტორთა შორის განაწილდა შემდეგი რიგითობით და პროპორციით: 1. სრულად ანაზღაურდა პირველი რიგის (საპროცესო ხარჯები და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური) მოთხოვნები: ა) სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სააუქციონო მომსახურების საფასური - 216,33 (ორასთექვსმეტი მთელი ოცდაცამეტი მეასედი) ლარი; ბ) გაკოტრების მმართველის შპს “Eurocon”-ის გასამრჯელო - 2000 (ორი ათასი) ლარი. 1.2. სრულად ანაზღაურდა სს ”ბამბის ნართის” მეორე რიგის მოთხოვნა თანხით 3966 (სამიათას ცხრაასსამოცდაექვსი) ლარი. 1.3. სრულად ანაზღაურდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მესამე რიგის (მეურვის დანიშვნასთან და მის მიერ მოვალეობათა შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯი) მოთხოვნა თანხით 6872,6 ლარი. 1.4. სსიპ შემოსავლების სამსახურის და სს ”საქართველოს ბანკის” მეოთხე რიგის უზრუნველყოფილი მოთხოვნები ანაზღაურდა შემდეგი პროპორციით: ა) სსიპ შემოსავლების სამსახურს აუნაზღაურდა წინა რიგის კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების შედეგად დარჩენილი თანხის – 8577,96 ლარის 6,4% (548,98 ლარი); ბ) სს ”საქართველოს ბანკს” აუნაზღაურდა წინა რიგის კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების შედეგად დარჩენილი თანხის – 8577,96 ლარის 93,6% (8028,97 ლარი).
მოვალე შპს „დარიალი 2007”-ის კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრიდან ამოირიცხა: ა) სს „საქართველოს ბანკის” უზრუნველყოფილი მოთხოვნა თანხით 90179,03 ლარი და მეექვსე რიგის მოთხოვნა თანხით 875023,83 ლარი; ბ) შპს ”აგრიკომის” მე-6 რიგის მოთხოვნა თანხით 156376,07 ლარი; გ) შპს „თ.ბ.თ. ჯგუფის” მე-7 რიგის მოთხოვნა თანხით 359116,18 ლარი; დ) შპს ”ქართული ინფორმაციული ტექნოლოგიების” მე-7 რიგის მოთხოვნა თანხით 1470,68 ლარი; ე) შპს ”ჯორჯიან მოდერნ დიზაინის” მე-7 რიგის მოთხოვნა თანხით 710 ლარი.
შპს „კოლხის” მიმართ წარმოებული გაკოტრების საქმის ფარგლებში მე-6 რიგის კრედიტორად აღიარებული შპს ”დარიალი 2007”-ის მოთხოვნა გადანაწილდა შპს ,,დარიალი 2007”-ის შემდეგ კრედიტორთა შორის: ა) სსიპ შემოსავლების სამსახური - 10462,55 ლარი; ბ) შპს ”აგროსისტემები” – 85360,99 ლარი; გ) სს ”ბამბის ნართი” – 5133,33 ლარი; დ) გოჩა ბეთიაშვილი - 15020,6 ლარი; ე) შპს ”ახალი ქსელები” – 308,26 ლარი; ვ) მაკა სამახარაძე – 69160 ლარი; ზ) სს ”სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაი” – 200000 ლარი; თ) გულო მარშანია – 58028,25 ლარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 03 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 თებერვლის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურს დაუსაბუთებლობის გამო უარი ეთქვა კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და კერძო საჩივარი საქმესთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ განიხილა საქმეში არსებული მასალები, მიაჩნია, რომ უნდა დასრულდეს შპს ,,დარიალი 2007”-ის გაკოტრების საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მიხედვით, გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხის ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე. სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს კრედიტორებსა და სასამართლოს გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.
დადგენილია, რომ გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიშის შემდეგ სასამართლოს განჩინებით განაწილდა სამეურვეო ქონების რეალიზაციით ამონაგები თანხა და მოვალის არარეალიზებული დებიტორული მოთხოვნები. მოვალეს ქონება არ აქვს, გაკოტრების მმართველის მიერ წარმოდგენილია საბოლოო ანგარიში, სამეურვეო ქონების რეალიზაციით ამონაგები განაწილებულია, რაც ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის შესაბამისად გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების და სამეწარმეო რეესტრში საზოგადოების რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 38-42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დასრულდეს შპს ,,დარიალი 2007“-ის (ს/კ 200236510) გაკოტრების საქმის წარმოება და გაუქმდეს შპს ,,დარიალი 2007“-ის რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
2. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა შპს ,,დარიალი 2007“-ის გაკოტრების საქმის წარმოების პროცესში მონაწილე პირების მიერ განჩინების ასლის გადაცემიდან ან გაცნობიდან 5(ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში. კერძო საჩივრის შეტანა არ აჩერებს განჩინების აღსრულებას.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი