1. ამ კანონში გამოყენებული ტერმინები განიმარტება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საჯარო დაწესებულება – საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაცია;

ბ) შრომის ანაზღაურება (ხელფასი) – თანამდებობრივი სარგო, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში – შესაბამისი სახელფასო დანამატი, საკლასო დანამატი, დიპლომატიური რანგის დანამატი, ფულადი ჯილდო;

ბ1) სტაჟიორის შრომის ანაზღაურება – ანაზღაურება, რომელსაც სტაჟიორი შესაბამისი დაწესებულების გადაწყვეტილებით იღებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სტაჟირების გავლის პერიოდში;

გ) თანამდებობრივი სარგო – საჯარო დაწესებულებაში არსებული თანამდებობისათვის/პოზიციისათვის განსაზღვრული ყოველთვიური ანაზღაურება, რომელიც დამტკიცებულია შესაბამისი საშტატო ნუსხით ან განსაზღვრულია შესაბამისი  ხელშეკრულებით;

დ) სახელფასო დანამატი – საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის, ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში  საქმიანობისათვის, განსაზღვრული თანხა;

ე) საკლასო დანამატი – მოხელისათვის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოხელის კლასის შესაბამისი დანამატი;

ე1) დიპლომატიური რანგის დანამატი − „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დიპლომატიური რანგისთვის დაწესებული დანამატი;

ვ) ფულადი ჯილდო – მოხელისათვის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოხელის შეფასების შედეგების შესაბამისად წახალისების საშუალება; საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირის (გარდა მოხელისა) მიერ მისთვის დაკისრებული ფუნქციების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის ან/და მის მიერ განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის გათვალისწინებული წახალისების საშუალება;

ზ) საბაზო თანამდებობრივი სარგო – ამ კანონის მე-7 მუხლის საფუძველზე საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს საბაზო ოდენობა, რომლის ამ კანონის შესაბამისი დანართის ცხრილით განსაზღვრულ შესაბამის კოეფიციენტზე ნამრავლით მიიღება კონკრეტული თანამდებობის/პოზიციის თანამდებობრივი სარგო;

თ) თანამდებობის/პოზიციის ფუნქციური დატვირთვა – კონკრეტული თანამდებობისათვის/პოზიციისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობით განსაზღვრულ ფუნქციათა ერთობლიობის შეფასების შედეგი, რომელიც ეფუძნება ამ თანამდებობისათვის/პოზიციისათვის გათვალისწინებული ფუნქციების შესასრულებლად აუცილებელი პასუხისმგებლობის ხარისხს, მოვალეობათა შესრულების სირთულეს, შესაბამის კომპეტენციას, კვალიფიკაციასა და სამუშაო გამოცდილებას.

საქართველოს 2022 წლის 14 დეკემბრის კანონი №2298 – ვებგვერდი, 23.12.2022წ.

საქართველოს 2022 წლის 15 დეკემბრის კანონი №2385 – ვებგვერდი, 23.12.2022წ.

საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3626 – ვებგვერდი, 15.11.2023