„რეგიონული განვითარების სტრატეგიების სამოქმედო გეგმების შემუშავების სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აგვისტოს №1750 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2389
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.025139
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/04/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2389

2017 წლის 10 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „რეგიონული განვითარების სტრატეგიების სამოქმედო გეგმების შემუშავების სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აგვისტოს №1750 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული რეგიონული განვითარების სტრატეგიების სამოქმედო გეგმების შემუშავების სახელმძღვანელოს:

1. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში სამხარეო საკონსულტაციო საბჭო უზრუნველყოფს ამ სახელმძღვანელოს მოთხოვნების დაცვაზე პასუხისმგებელი პირის განსაზღვრას.“.

 2. მე-6 მუხლის:

ა) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამხარეო საკონსულტაციო საბჭოსთან შექმნილი სამუშაო ჯგუფის/ჯგუფების საქმიანობის კოორდინაცია;

გ) სამხარეო საკონსულტაციო საბჭოსთან შექმნილ სამუშაო ჯგუფთან/ჯგუფებთან კოორდინირებით, სამოქმედო გეგმების სისტემატური განახლების უზრუნველყოფა;“;

ბ) „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საზოგადოების წარმომადგენლობის ჩართულობის უზრუნველყოფა, მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიმართულებების საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფში/ჯგუფებში;

ვ) სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს/სამხარეო საკონსულტაციო საბჭოსთან შექმნილი სამუშაო ჯგუფის/ჯგუფების სხდომის ოქმების გამოქვეყნება.“.

 3. მე-7 და მე-8 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7

1. სამხარეო საკონსულტაციო საბჭოსთან სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესის ეფექტიანად განხორციელებისათვის იქმნება ერთი ან რამდენიმე სამუშაო ჯგუფი.

2. სამუშაო ჯგუფი შედგება ადმინისტრაციის ერთი ან რამდენიმე თანამშრომლისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისაგან. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, სამუშაო ჯგუფის მუშაობაში შეიძლება მონაწილეობდნენ შესაბამისი სამინისტროებისა და სხვა ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში უზრუნველყოფილ უნდა იქნეს სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობის შესაძლებლობა.

მუხლი 8

1. სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მიერ სამუშაო ჯგუფი/ჯგუფები შეიძლება შეიქმნას შემდეგი მიმართულებით:

ა) ინფრასტრუქტურა და ტურიზმი;

ბ) ბიზნესის განვითარება და სოფლის მეურნეობა;

გ) ჯანმრთელობა და სოციალური დაცვა;

დ) განათლება და კულტურა;

ე) გარემოს დაცვა.

2. სამხარეო საკონსულტაციო საბჭო უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული მიმართულებების გარდა სხვა მიმართულებით შექმნას სამუშაო ჯგუფი.“.

4. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამუშაო ჯგუფი მონაწილეობს სამოქმედო გეგმის პროექტის შემუშავებაში მისი  მიმართულების შესაბამისად და შესაბამისი პროექტის თაობაზე რეკომენდაციებს წარუდგენს სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს.‘‘.

 5. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11

სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს უფლება აქვს, მუნიციპალიტეტის მერს მიმართოს რეკომენდაციით, პროექტში ცვლილების შეტანის თაობაზე სამუშაო ჯგუფის ან სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს შესაბამისი ოქმის საფუძველზე.“.

 6. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და განხორციელების პროცესის კოორდინაციას ახორციელებს კომისია. კომისია უზრუნველყოფს საქართველოს სამინისტროებისა და შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოების ჩართულობას სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და განხილვის პროცესში, რისთვისაც კომისიამ შეიძლება შექმნას შესაბამისი სამუშაო ჯგუფი/ჯგუფები.‘‘.

 7. მე-16 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფონდიდან დაფინანსების მიღებისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესებისადმი სისტემური მიდგომის ხელშესაწყობად და მუნიციპალიტეტებისთვის პრიორიტეტების გამოკვეთის შესაძლებლობის მისაცემად, სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, თითოეული მუნიციპალიტეტისათვის განსაზღვრავს ფონდიდან სავარაუდო დაფინანსების საპროგნოზო მოცულობას მომდევნო სამი წლისათვის.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პროექტის, როგორც ფონდიდან დაფინანსების მიღების მიზნით წარსადგენი პროექტის სამოქმედო გეგმაში ასახვისა და პრიორიტეტულობის დადგენის მიზნით, საჭიროა ფილტრაციის ეტაპების გავლა.“.

 8. მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროექტის შერჩევის პირველ ფილტრში გამოიყენება შემდეგი კრიტერიუმები:

ა) პროექტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის ხედვებს, საქართველოს რეგიონული განვითარების სტრატეგიის ამოცანებს ან რეგიონული განვითარების პროგრამაში ასახულ, სულ ცოტა, ერთ საჭიროებას/პრიორიტეტს და შესაბამისი რეგიონის განვითარების სტრატეგიას;

ბ) პროექტი უნდა ექცეოდეს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ გათვალისწინებულ მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში;

გ) არ უნდა მოხდეს სხვა პროექტებისა და აქტივობების დუბლირება;

დ) პროექტის დასრულების შემდეგ უნდა არსებობდეს მისი მართვისა და მოვლა-შენახვის ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსების შესაძლებლობა;

ე) პროექტის განხორციელება (მიმდინარეობის ან დასრულების შემდგომ) არ უნდა იწვევდეს ეკონომიკური აქტივობის (შესაბამისი მუნიციპალიტეტის საზღვრებში არსებული ბიზნესსუბიექტის წარმოების მოცულობის, მოგების, პროდუქტიულობის, დასაქმებულთა-თვითდასაქმებულთა რაოდენობის) არსებით შემცირებას;

ვ) პროექტის განხორციელება (მიმდინარეობის ან დასრულების შემდგომ) არ უნდა ახდენდეს მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე (დასაქმება, შემოსავლები, სიღარიბის დონე, მოსახლეობის ჯანმრთელობა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მდგომარეობა, გენდერული ბალანსი, დემოგრაფია, მიგრაცია, საზოგადოებრივ და ბიზნესსერვისებზე ხელმისაწვდომობა, დასვენება-რეკრეაცია) უარყოფით გავლენას;

ზ) პროექტი (მიმდინარეობის ან დასრულების შემდგომ) არ უნდა ახდენდეს გარემოზე (ჰაერი, წყალი, ნიადაგი, მცენარეული საფარი, ცხოველური სამყარო) არსებით უარყოფით ზეგავლენას;

თ) დასაფინანსებელი პროექტის განხორციელების ვადა სამ წელზე მეტი არ უნდა იყოს;

ი) როგორც წესი, დასაფინანსებელი პროექტის სავარაუდო ღირებულება არ უნდა იყოს 50 000 ლარზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 5 მილიონ ლარს.“.

 9. მე-18 და მე-19 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 18

1. პირველი ფილტრის გავლის შემდეგ, პროექტის პრიორიტეტულობის დადგენის მიზნით, ხდება მისი შეფასება მეორე ფილტრის მეშვეობით, რომელიც ხუთი კრიტერიუმისგან შედგება.

2. თითოეული კრიტერიუმის მიხედვით პროექტს ენიჭება ქულა 5-ბალიანი სისტემით, რომელშიც უმაღლესი ქულა შეადგენს 5-ს, ხოლო უდაბლესი 1-ს.

3. პროექტის შეფასების ქულის გამოთვლა ხდება ხუთივე კრიტერიუმის მიხედვით მინიჭებული ქულების ჯამით, რაც აისახება დანართ №2-ში მოცემულ ცხრილში.

4. თითოეული პროექტისთვის მინიჭებული შეფასების მაქსიმალური ქულა შეადგენს 25-ს.

5. პროექტების რანგირება ხდება მეორე ფილტრის შეფასებებით მიღებული ქულების ურთიერთშედარების საფუძველზე.

 მუხლი 19

1. მეორე ფილტრში პროექტის შეფასებისას გამოიყენება შემდეგი კრიტერიუმები:

ა) პროექტის ბენეფიციართა რაოდენობა: თუ პროექტს ჰყავს ბევრი პირდაპირი და არაპირდაპირი ბენეფიციარი, ფასდება მაღალი ქულით, ხოლო თუ ცოტა – დაბალი ქულით. ქულის მინიჭება ხდება შემდეგი სკალის მიხედვით:

5 ქულა – პროექტის პირდაპირ და არაპირდაპირ ბენეფიციართა რაოდენობა 5000 კაცს აჭარბებს;

4 ქულა – პროექტის პირდაპირ და არაპირდაპირ ბენეფიციართა რაოდენობა 1000-დან 5000-მდეა;

3 ქულა – პროექტის პირდაპირ და არაპირდაპირ ბენეფიციართა რაოდენობა 300-დან 1000-მდეა;

2 ქულა – პროექტის პირდაპირ და არაპირდაპირ ბენეფიციართა რაოდენობა 100-დან 300-მდეა;

1 ქულა – პროექტის პირდაპირ და არაპირდაპირ ბენეფიციართა რაოდენობა 100-მდეა;

ბ) წინა პროექტზე დამოკიდებულება: თუ პროექტის განხორციელება არ არის დამოკიდებული სხვა პროექტზე ან მის შედეგებზე, ფასდება მაღალი ქულით, ხოლო, თუ, პროექტის განხორციელება დამოკიდებულია სხვა პროექტზე ან მის შედეგებზე – დაბალი ქულით. ქულის მინიჭება ხდება შემდეგი სკალის მიხედვით:

5 ქულა – პროექტის წარმატებით განხორციელება არ არის დამოკიდებული სხვა (წინა) პროექტზე ან მის შედეგებზე;

3 ქულა – პროექტის წარმატებით განხორციელებაზე გარკვეულ გავლენას მოახდენს სხვა (წინა) პროექტი ან მისი შედეგები;

1 ქულა – პროექტის წარმატებით განხორციელება სრულად დამოკიდებულია სხვა (წინა) პროექტზე ან მის შედეგებზე;

გ) სხვა პროექტებთან პროგრესული კავშირის არსებობა: თუ პროექტის განხორციელება იმდენად საჭიროა, რომ სხვა პროექტ(ებ)ის განხორციელება მასზე იქნება დამოკიდებული, პროექტი იღებს მაღალ ქულას, ხოლო, თუ პროექტს არ გააჩნია სხვა პროექტ(ებ)ზე ასეთი გავლენა, იგი ფასდება დაბალი ქულით. ქულის მინიჭება ხდება შემდეგი სკალის მიხედვით:

5 ქულა – პროექტის განხორციელებაზე დამოკიდებულია სხვა პროექტ(ებ)ის განხორციელება;

4 ქულა – მისი განხორციელება გაზრდის წინა პერიოდში განხორციელებული პროექტ(ებ)ის ეფექტურობას;

3 ქულა – პროექტის განხორციელება არ ახდენს გავლენას სხვა პროექტ(ებ)ის განხორციელებაზე;

2 ქულა – პროექტის განხორციელება გაართულებს სხვა პროექტ(ებ)ის განხორციელებას;

1 ქულა – პროექტის განხორციელებით გამოირიცხება სხვა პროექტ(ებ)ის განხორციელება;

დ) პროექტის მასშტაბი: თუ პროექტს პირდაპირი ბენეფიციარი (პროექტის შედეგების უშუალო მომხმარებელი) ჰყავს ორ ან მეტ მუნიციპალიტეტში, ფასდება მაღალი ქულით, ხოლო თუ პროექტის პირდაპირი ბენეფიციარი მოიცავს მხოლოდ ერთ დასახლებას – დაბალი ქულით. ქულის მინიჭება ხდება შემდეგი სკალის მიხედვით:

5 ქულა – პროექტს პირდაპირი ბენეფიციარი ჰყავს მინიმუმ ორ მუნიციპალიტეტში;

4 ქულა – პროექტს პირდაპირი ბენეფიციარი ჰყავს მინიმუმ 6 დასახლებაში;

3 ქულა – პროექტს პირდაპირი ბენეფიციარი ჰყავს 4 ან 5 დასახლებაში;

2 ქულა – პროექტს პირდაპირი ბენეფიციარი ჰყავს 2 ან 3 დასახლებაში;

1 ქულა – პროექტს პირდაპირი ბენეფიციარი ჰყავს მხოლოდ ერთ დასახლებაში;

ე) პროექტის თანადაფინანსება: რაც მეტია პროექტში მუნიციპალიტეტის ფინანსური შენატანი (თანადაფინანსება), მით უფრო მაღალი ქულით ფასდება და პირიქით, რაც ნაკლებია შენატანი, მით უფრო დაბალი ქულით ფასდება. ქულის მინიჭება ხდება შემდეგი სკალის მიხედვით:

5 ქულა – პროექტის თანადაფინანსება შეადგენს 40%-ს და მეტს;

4 ქულა – პროექტის თანადაფინანსება შეადგენს 30%-დან 40%-მდე;

3 ქულა – პროექტის თანადაფინანსება შეადგენს 20%-დან 30%-მდე;

2 ქულა – პროექტის თანადაფინანსება შეადგენს 10%-დან 20%-მდე;

1 ქულა – პროექტის თანადაფინანსება შეადგენს 5%-დან 10%-მდე.

2. პროექტი, რომელიც წარმატებით გაივლის ორივე ფილტრს, უნდა შეიტანონ სამოქმედო გეგმაში, როგორც ფონდიდან სავარაუდოდ დასაფინანსებელი პროექტი. იმ შემთხვევაში, თუ ორი ან მეტი პროექტი მეორე ფილტრის გავლის შედეგად მიიღებს თანაბარ ჯამურ ქულას, სამხარეო საკონსულტაციო საბჭო უფლებამოსილია, სამოქმედო გეგმაში განსაზღვროს აღნიშნული პროექტების თანმიმდევრობა.“.

10. დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №2

 პროექტის აღწერის ფორმა

 პუნქტები 1-10 ივსება მუნიციპალიტეტის მიერ

1.   მუნიციპალიტეტი

2.    პროექტის დასახელება

 

 3.  თემატური მიმართულება

 

 4. სტრატეგიებთან კავშირის აღწერა

რეგიონის განვითარების სტრატეგია:

სხვა სტრატეგიული დოკუმენტები:

 5. პროექტის აღწერილობა

 პროექტის განხორციელების საჭიროების დასაბუთება და მოსალოდნელი სარგებლის აღწერა უნდა მოიცავდეს შემდეგს:

- გადასაჭრელი პრობლემა/საჭიროება;

- პროექტის მოკლე აღწერა (მ.შ., სიმწვავე/აქტუალურობა) და იმის დასაბუთება, თუ რით/როგორ ემსახურება საპროექტო წინადადება პრობლემის/საჭიროების გადაჭრას და სიტუაციის გაუმჯობესებას;

- ინფორმაცია პროექტის შესაძლო უარყოფითი გავლენის შესახებ ეკონომიკურ აქტივობაზე, სოციალურ მდგომარეობასა და გარემოზე (ეკოლოგიაზე);

- მოსალოდნელი სარგებელი (მაგალითად, ინფრასტრუქტურასთან, მომსახურების გაწევასთან, ეკონომიკურ, სოციალურ ან გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით);

- პროექტის პირდაპირი და არაპირდაპირი მოსარგებლეების (ბენეფიციარების) აღწერა და რაოდენობა (მ.შ., გენდერულ ჭრილში, შშმ პირები);

- პროექტის დაფარვის არეალი პირდაპირი მოსარგებლეების (ბენეფიციარების) საცხოვრებელი ადგილსამყოფელის (სოფელი, დაბა, ქალაქი) მითითებით;

- პროექტის განხორციელების გზების შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, აქვს თუ არა პროექტს კავშირი ადრე განხორციელებულ პროექტებთან, (მ.შ., არის თუ არა დამოკიდებული წინა პროექტებზე), ან სამომავლოდ დაგეგმილ სხვა პროექტებთან (არსებობის შემთხვევაში, მითითებით, როგორ ხდება პროექტის განხორციელების შემდგომ ოპერირებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება);

- ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად გამართლებულია შეთავაზებული საქმიანობები/ინვესტიციები (მაგ.: ტექნიკური გადაწყვეტები, თუ ფინანსური მართებულობა და სხვა).

 6.  სავარაუდო ღირებულება

 

 7.  პროექტის ხანგრძლივობა

პროექტის დაწყების

თარიღი

პროექტის დასრულების

თარიღი

პროექტის ხანგრძლივობა (თვეებში)

 

 

 

 8. დაფინანსების წყაროები (პროცენტული წილი)

ფონდი

მგფ

მუნიციპალიტეტი

სამინისტრო

(დასახელება)

დონორი (დასახელება)

%

%

%

%

%

 9. პროექტზე პასუხისმგებელი ადმინისტრაციული ორგანო

 

 10. პარტნიორი ორგანიზაცია (არსებობის შემთხვევაში)

 

 პუნქტები (11-13) ივსება სამუშაო ჯგუფის მიერ შესაბამისი ანალიზის საფუძველზე

11. პირველი დონის ფილტრი

კრიტერიუმი

პასუხი

კრიტერიუმი

პასუხი

პროექტი შესაბამისობაშია საქართველოს სოციალურ- ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის ხედვებთან, საქართველოს რეგიონული განვითარების სტრატეგიის ამოცანებთან ან რეგიონული განვითარების პროგრამაში ასახულ, სულ ცოტა, ერთ საჭიროებასთან/პრიორიტეტთან და შესაბამისი რეგიონის განვითარების სტრატეგიასთან

 

პროექტის განხორციელება

არ ახდენს უარყოფით გავლენას მოსახლეობის

სოციალურ მდგომარეობაზე

 

პროექტი ექცევა საქართველოს

ორგანული კანონით „ადგილობრივი

თვითმმართველობის კოდექსით“ გათვალისწინებულ

მუნიციპალიტეტის საკუთარი

უფლებამოსილების ფარგლებში

 

პროექტი არ ახდენს არსებით

უარყოფით ზეგავლენას

გარემოზე

 

არ ხდება სხვა პროექტებისა და

აქტივობების დუბლირება

 

დასაფინანსებელი

პროექტების

განხორციელების ვადა სამ

წელზე მეტი არ არის

 

პროექტის დასრულების შემდეგ არსებობს მისი მართვისა და მოვლა-შენახვის ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო

ხარჯების დაფინანსების შესაძლებლობა

 

დასაფინანსებელი პროექტის ღირებულება არ არის 50 000 ლარზე ნაკლები და არ აღემატება

5 მილიონ ლარს

 

პროექტის განხორციელება არ იწვევს ეკონომიკური აქტივობის არსებით შემცირებას

 

 

 

 12. მეორე დონის ფილტრი

კრიტერიუმი

ქულა (1-დან - 5 ქულამდე)

პროექტის ბენეფიციართა რაოდენობა

 

წინა პროექტზე დამოკიდებულება

 

სხვა პროექტებთან პროგრესული კავშირის არსებობა

 

პროექტის მასშტაბი

 

პროექტის თანადაფინანსება

 

 13. პროექტის ქულა

ფილტრი №1 (9 „დიახ“)

ფილტრი №2-ის ქულა

 

 

“.

 პრემიერ-მინისტრი                                                            გიორგი კვირიკაშვილი.