1. ბავშვსა და ოჯახზე ზრუნვის და მეურვეობის/მზრუნველობის/ მხარდაჭერის სფეროში სოციალური მუშაობა გულისხმობს:

ა) ბავშვის შვილად აყვანის პროცესში მონაწილეობას;

ბ) ბავშვის მხარდაჭერას, მისი საუკეთესო ინტერესის დაცვას, მის მეურვეობას, მზრუნველობას და საპროცესო წარმომადგენლობას;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მეურვეობის/მზრუნველობის დაწესების/მხარდაჭერის დანიშვნის პროცესში მონაწილეობას, მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის საქმიანობის ზედამხედველობას, სამეურვეო/სამზრუნველო პირის ქონებრივი უფლების განკარგვის საკითხზე რეკომენდაციის გაცემას;

დ) ბავშვის ძალადობისა და უგულებელყოფისგან დაცვის მიზნით ზომების მიღებას;

ე) მიუსაფარი ბავშვისა და მისი ოჯახის საჭიროებების განსაზღვრას;

ვ) ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში შენარჩუნების მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას და მათ მონიტორინგს;

ზ) ოჯახის მხარდაჭერას, პრევენციას, პირის სპეციალიზებული დაწესებულებიდან რეინტეგრაციას და მისი მდგომარეობის მონიტორინგს, 24-საათიანი ზრუნვის სისტემასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებას;

თ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, ძალადობის მსხვერპლთა, მათ შორის, ბავშვების, სათანადო მომსახურებაში ჩართვის ხელშეწყობას;

ი) ოჯახში ძალადობის მსხვერპლისთვის თავშესაფრის მომსახურებით სარგებლობაში დახმარების გაწევას;

კ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლის საზოგადოებაში ინტეგრაციისა და ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვასა და განხორციელებას;

ლ) ბავშვის ძალადობისგან, პირის ოჯახში ძალადობისგან და ქალთა ძალადობისგან დაცვის მიზნით ზომების მიღებას, მათ რეაბილიტაციაზე ზრუნვას, საზოგადოებაში ინტეგრაციას და მონიტორინგს;

მ) ხანდაზმულისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის დღის ცენტრისა და გრძელვადიანი თავშესაფრის, შესაბამისი სოციალური, სამედიცინო, შეღავათიანი მომსახურებების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას და მათში ჩართვის ხელშეწყობას;

ნ) დედებისა და ბავშვებისათვის თავშესაფრის მომსახურებით სარგებლობაში დახმარების გაწევას;

ო) ბავშვის 24-საათიანი სახელმწიფო ზრუნვის (მათ შორის, მინდობით აღზრდის) მიზნით განთავსებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას და მათ მონიტორინგს;

პ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ოჯახური დავების ან მშობლის უფლების შეზღუდვის/ჩამორთმევის დროს სასამართლო პროცესებში მონაწილეობას არასრულწლოვანთა კანონიერი ინტერესების დაცვის და სათანადო დასკვნის გაცემის მიზნით;

ჟ) სამეურვეო/სამზრუნველო და ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირებისათვის სოციალური და სამედიცინო მომსახურებების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას და მათი შესაბამის დღის ცენტრსა და თავშესაფარში განთავსების ხელშეწყობას;

რ) შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში სხვა ფუნქციების შესრულებას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ სოციალურ მუშაკზე.

საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5391 – ვებგვერდი, 10.12.2019