ქალაქ თბილისში კანონდარღვევით განხორციელებულ და მიმდინარე მშენებლობებზე რეაგირების ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№233
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 74, 22/07/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

ქალაქ თბილისში კანონდარღვევით განხორციელებულ და მიმდინარე მშენებლობებზე რეაგირების ღონისძიებათა შესახებ

ბოლო წლებში ქალაქ თბილისში განხორცილებული მშენებლობების მიმართ საზოგადოებას მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა, რაც განპირობებულია იმით, რომ მიწათსარგებლობის რეგულირების და სამშენებლო პროცესებში უკანონო, კორუფციული და პროტექციონისტული გადაწყვეტილებები და კორპორატიული ინტერესები დომინირებდა.

ასეთმა ვითარებამ გამოიწვია განაშენიანების სიმჭიდროვისა და საინჟინრო-ტექნიკურ ინფრასტრუქტურაზე დატვირთვის უსისტემო ზრდა, ამასთან, მწვავე კრიზისი შეიქმნა საზოგადოებრივი სივრცეების (ტროტუარები, სკვერები, ეზოები) და საქალაქო მეურნეობის სისტემებით მოსახლეობის უზრუნველყოფის სფეროში, განსაკუთრებით – ქალაქის ცენტრალურ ნაწილში.

საგანგაშო მდგომარეობაა თბილისის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონებში, რომელთა უნიკალობის შენარჩუნებას უსისტემო სამშენებლო პროცესმა და ამორტიზებულმა ფიზიკურმა ინფრასტრუქტურამ რეალური საფრთხე შეუქმნა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. დაევალოს ქალაქ თბილისის მერიას, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან ერთად:

ა) ა.წ. 15 ივლისამდე დაადგინოს ქ. თბილისში კანონდარღვევით აშენებული და მშენებარე იმ ობიექტების ნუსხა, რომელთა მიმართაც საზოგადოებას განსაკუთრებით მწვავე დამოკიდებულება აქვს;

ბ) ა.წ. 1 სექტემბრამდე შეისწავლოს ქ. თბილისში 2001 წლის სექტემბრიდან კანონდარღვევით განხორციელებული და მიმდინარე მშნებლობების საკითხი;

გ) კანონდარღვევის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გაატაროს შესაბამისი ღონისძიებანი.

2. ეთხოვოს საქართველოს მთავრობას, ა.წ. 15 სექტემბრამდე:

ა) წარუდგინოს პარლამენტს კანონპროექტთა პაკეტი არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის სრულყოფის მიზნით;

ბ) განსაზღვროს ქ. თბილისის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების ნუსხა.

3. ამ დადგენილების შესრულებაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2004 წლის 24 ივნისი.

№233–რს