1. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები გაიცემა ამ კოდექსის 67-ე და 68-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

2. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში უნდა აისახოს საქართველოს კანონმდებლობით სანებართვო დოკუმენტაციის შემუშავებისთვის დადგენილი მოთხოვნები.

3. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები უნდა მოიცავდეს:

ა) მიწის ნაკვეთის შესახებ საჯარო რეესტრიდან ამონაწერს და საკადასტრო მონაცემებს;

ბ) მიწის ნაკვეთის ან/და შენობა-ნაგებობის სამშენებლო განვითარების მიმართ ძირითად მოთხოვნებს:

ბ.ა) გამოყენების სახეობას;

ბ.ბ) განაშენიანების ძირითად პარამეტრებს;

ბ.გ) განაშენიანების სახეობას;

ბ.დ) მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის განთავსების (მათ შორის, განაშენიანების საზღვრებს ან/და განაშენიანების სავალდებულო ხაზებს) და მაქსიმალური სიმაღლის განსაზღვრის პირობებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − აგრეთვე სართულიანობას;

ბ.ე) ფუნქციურ დანიშნულებას;

ბ.ვ) ინფორმაციას დაგეგმილი გამწვანების შესახებ, რომელშიც აღწერილია სავარაუდო გამწვანების პროექტი (გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა);

ბ.ზ) ექსპერტის დასკვნას მიწის ნაკვეთზე არსებული მწვანე ნარგავის/ნარგავების აღწერისა და ხარისხობრივი შეფასების შესახებ და ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზედაც აღნიშნულია მწვანე ნარგავები ექსპერტის დასკვნით მინიჭებული ნომრების მიხედვით (გარდა იმ ფუნქციური ზონისა, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის);

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკითხები წესრიგდება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით.

5. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით შეიძლება მოთხოვნილი იყოს არსებული ძირითადი ინფრასტრუქტურული ქსელებისა და სატრანსპორტო ხაზების შეკეთება/რეკონსტრუქცია, თუ დაგეგმილი მშენებლობა იწვევს მათ გაფართოებას ან/და დაზიანებას.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული მოთხოვნა უნდა აისახოს მშენებლობის სანებართვო პირობებში, რომელთა განხორციელებასთან დაკავშირებით მოქმედებს ამ კოდექსის 72-ე და 73-ე მუხლებით დადგენილი წესები.

საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5693 – ვებგვერდი, 26.12.2019წ.

საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2738 – ვებგვერდი, 18.04.2023