1. საპენსიო ფონდს აქვს სპეციალური ფუნქციები. სპეციალური ფუნქციების შემსრულებელმა პირებმა მათი ეფექტიანად შესრულება უნდა უზრუნველყონ ობიექტურობის, სამართლიანობისა და დამოუკიდებლობის პრინციპების დაცვით. სპეციალური ფუნქციებია:

ა) საინვესტიციო ფუნქცია;

ბ) რისკის მართვის ფუნქცია;

გ) შიდა აუდიტის ფუნქცია.

2. ამ მუხლით განსაზღვრული სპეციალური ფუნქციები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად უნდა შესრულდეს.

3. სპეციალური ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებულმა პირმა ნებისმიერი არსებითი ინფორმაცია და რეკომენდაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში უნდა წარუდგინოს მმართველობით საბჭოს, რომელიც განსაზღვრავს სათანადო და დროული ზომების მიღების აუცილებლობას. თუ მმართველობითი საბჭო სათანადო და დროულ ზომებს არ მიიღებს მაშინ, როდესაც სპეციალური ფუნქციის შემსრულებელმა პირმა გამოავლინა არსებითი რისკები, რომლებიც საფრთხეს უქმნის მონაწილეთა ინტერესებს, ან როდესაც მნიშვნელოვნად და არსებითად დაირღვა საქართველოს კანონმდებლობა, სპეციალური ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებული პირი უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში აცნობოს ეროვნულ ბანკს ამის შესახებ. სპეციალური ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებული პირის მიერ ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მისი სათანადოდ დაცვა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.

4. საინვესტიციო ფუნქცია არის სპეციალური ფუნქცია, რომელიც გულისხმობს საპენსიო აქტივების ინვესტირებას საინვესტიციო ჰორიზონტში მათი რეალური ამონაგების (ინფლაციის გათვალისწინებით) მაქსიმალურად გაზრდის მიზნით, მონაწილეთა ინტერესების შესაბამისად, კეთილსაიმედო ინვესტირების პრინციპების დაცვით. კეთილსაიმედო ინვესტირების პრინციპებია:

ა) საპენსიო აქტივების ინვესტირების შედეგად გრძელვადიან პერიოდში მათი რეალური ამონაგების (ინფლაციის გათვალისწინებით) მაქსიმალურად გაზრდა;

ბ) ინვესტიციების დივერსიფიკაცია;

გ) გრძელვადიანი ინვესტირების პირობებში საპენსიო აქტივების უსაფრთხოება;

დ) ადეკვატური ლიკვიდურობის შენარჩუნება.

5. რისკის მართვის ფუნქცია არის სპეციალური ფუნქცია, რომელიც უნდა იყოს ეფექტიანი და სათანადოდ ინტეგრირებული საპენსიო ფონდის ორგანიზაციულ სტრუქტურასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამასთანავე, ეს ფუნქცია ისე უნდა იყოს ორგანიზებული, რომ ხელი შეუწყოს რისკის მართვის სისტემის ფუნქციონირებას. ამ მიზნით საპენსიო ფონდი ამტკიცებს შესაბამის სტრატეგიებს, პროცესებსა და ანგარიშგების პროცედურებს, რომლებიც საჭიროა რისკების ინდივიდუალურ და აგრეგირებულ დონეებზე დასადგენად, შესაფასებლად, მონიტორინგისთვის, მართვისა და რეგულარული ანგარიშგებისთვის. რისკის მართვის ფუნქცია უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ რისკებს:

ა) აქტივებისა და ვალდებულებების მართვას;

ბ) ინვესტიციებს;

გ) ლიკვიდურობისა და კონცენტრაციის რისკების მართვას;

დ) საოპერაციო რისკების მართვას;

ე) რისკების შემცირების მეთოდებს.

6. შიდა აუდიტის ფუნქცია არის სპეციალური ფუნქცია, რომლითაც ფასდება საპენსიო ფონდის შიდა კონტროლის სისტემისა და მართვის სისტემის სხვა ელემენტების სათანადოობა და ეფექტიანობა, მათ შორის, აუთსორსინგული მომსახურების შემთხვევაში. შიდა აუდიტის ფუნქცია არის საპენსიო ფონდის სხვა საქმიანობებისგან დამოუკიდებელი, ობიექტური, მარწმუნებელი საქმიანობა, რომელიც სისტემატიზებული, დისციპლინებული და ორგანიზებული მიდგომით აფასებს და აუმჯობესებს საპენსიო ფონდის მმართველობითი პროცესის ეფექტიანობას.

საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.

საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024