საჯარო სამართლის იურიდიული პირის - წამლის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-61/ნ |
|
2018 წლის 13 დეკემბერი ქ. თბილისი |
|
📎 დანართები (1)
01-61_dan.doc DOC ⬇
დანართი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წამლის სააგენტოს დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – წამლის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. სააგენტო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სხვა სამართლებრივი აქტებითა და წინამდებარე დებულებით.
3. სააგენტო ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში და წესით.
4. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სააგენტოს გააჩნია სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს. საკუთარი სახელით გამოდის მხარედ სასამართლოში და მესამე პირებთან ურთიერთობებში.
5. სააგენტოს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და სააგენტოს სახელწოდებით, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიში ხაზინასა და საბანკო დაწესებულებაში, შესაძლოა ჰქონდეს ემბლემა და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
6. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 0119, წერეთლის გამზირი №144.
მუხლი 2. სააგენტოს კომპეტენცია და საქმიანობის სფერო
1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ახორციელებს ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის სფეროში, წარმოადგენს საქართველოს კომპეტენტურ ეროვნულ ორგანოს, გაეროს ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო კომიტეტთან ურთიერთობისას.
2. სააგენტო, საქმიანობის სფეროდან გამომდინარე, წარმოადგენს წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის სახელმწიფო მაკონტროლებელ ორგანოს.
3. სააგენტოს კომპეტენცია და საქმიანობის სფეროა:
ა) ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 43-ე-46-ე პუნქტებით გათვალისწინებული ნებართვის სახეებზე ამავე კანონით გათვალისწინებული ნებართვის გამცემისათვის მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელება;
ბ) მოქალაქეთა და სხვა დაინტერესებულ პირთა განცხადებების (საჩივრების) შესწავლის უზრუნველყოფა არსებული კანონმდებლობის ფარგლებში;
გ) იურიდიულ და ფიზიკურ პირთა მიერ ნებართვით, ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პირობების დაცვის მდგომარეობის შესწავლა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარება;
დ) უკანონო ფარმაცევტულ საქმიანობაზე სამართალდარღვევების გამოვლენა და კანონით გათვალისწინებული ზომების გატარება;
ე) „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის XII1 თავისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4412 გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;
ვ) სამკურნალო საშუალებების მიმოქცევასა და ფარმაცევტულ საქმიანობაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
ზ) სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლი, რა მიზნითაც უფლებამოსილია შექმნას სამკურნალო საშუალებების ხარისხის კონტროლის ლაბორატორია; სამკურნალო საშუალებების შერჩევითი შესყიდვების წარმოება;
თ) ნარკოტიკულ საშუალებებზე და ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე საქართველოს ყოველწლიური მოთხოვნილების შემუშავება, გაეროს ნარკოტიკებზე კონტროლის საერთაშორისო კომიტეტისათვის დასამტკიცებლად წარდგენის მიზნით და დამტკიცებული კვოტის ფარგლებში ამ საშუალებათა იმპორტსა და ექსპორტზე კონტროლის დაწესება;
ი) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ იმ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს, და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ცალკეულ სამკურნალო საშუალებებზე, საქართველოს წლიური მოთხოვნილების გათვალისწინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ ერთობლივად განსაზღვრული ქვეყნის შიდა კვოტების დადგენისას იმპორტის მსურველ პირთა გამოსავლენად მინისტრის შესაბამისი ბრძანებით მინიჭებული კომპეტენციების განხორციელება და გამოვლენილ პირებზე შესაბამისი კვოტების გადანაწილება;
კ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ნებართვა;
ლ) ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის ნებართვის გაცემა/გაუქმება;
მ) ფარმაცევტული წარმოების (სამკურნალო საშუალებების, გარდა ნარკოტიკული საშუალებებისა) ნებართვის გაცემა/გაუქმება;
ნ) ავტორიზებული აფთიაქის ნებართვის გაცემა/გაუქმება;
ო) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ლეგალური ბრუნვის სფეროში დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულება;
პ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების იმპორტის ან/და ექსპორტისათვის წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის გაცემა;
ჟ) ფარმაცევტული პროდუქტის სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული და აღიარებითი რეჟიმებით საქართველოს ბაზარზე დაშვება, დაშვების შეჩერება ან გაუქმება;
რ) კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფარგლებში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების ლეგალურ ბრუნვაზე კონტროლი და ზედამხედველობა;
ს) ფარმაცევტული პროდუქტის უწყებრივი რეესტრის წარმოება და მისი საჯაროობის უზრუნველყოფა;
ტ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საჭიროებისას სარეალიზაციო ქსელიდან ფარმაცევტული პროდუქტის ამოღების/განადგურების ზედამხედველობა, ფალსიფიცირებული, წუნდებული, გაუვარგისებული, ვადაგასული და საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ფარმაცევტული პროდუქტის გამოვლენისას მათი ქსელიდან ამოღება და განადგურება;
უ) ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზატორების რეესტრის წარმოება და მათი შერჩევითი კონტროლი;
ფ) წამლისა და ფარმაცევტულ საქმიანობის სფეროში სამართალდამრღვევ პირთა რეესტრის წარმოება;
ქ) საწარმოო, სადისტრიბუციო, სააფთიაქო, წამლის ხარისხის ლაბორატორიული კონტროლის და კლინიკური კვლევის სათანადო სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა;
ღ) „კარგი საწარმოო და სადისტრიბუციო პრაქტიკის“ დანერგვის ხელშეწყობა და მისი აღსრულების უზრუნველყოფა;.
ყ) წამლის გვერდითი მოვლენების ზედამხედველობა (ფარმაკოზედამხედველობა);
შ) სამკურნალო საშუალებების კლინიკამდელი და კლინიკური კვლევის სტანდარტებისა და გზამკვლევევების (გაიდლაინების) პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობა;
ჩ) ფალსიფიცირებული, წუნდებული, გაუვარგისებული, ვადაგასული და საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ფარმაცევტული პროდუქტის ბრუნვის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა განხორციელება;
ც) საქართველოს ბაზარზე დაშვების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა, აგრეთვე „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ‘‘ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება;
ძ) ფარმაცევტული პროდუქტის სერიის აღრიცხვის სისტემური კონტროლის განხორციელება;
წ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანებართვო საქმიანობაზე უწყებრივი რეესტრის წარმოება;
ჭ) ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო სანებართვო პირობების ადგილზე შემოწმება;
ხ) სამინისტროს ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებების შესრულება;
ჯ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელშეკრულებების დადება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებთან; საზღვარგარეთ თანამშრომლების მივლინება და უცხოელი სპეციალისტების მიღება;
ჰ) თავისი საქმიანობის შედეგების შესახებ ინფორმაციის დამუშავება და გავრცელება დადგენილი წესით;
ჰ1) თავისი კომპეტენციის სფეროში შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ან/და მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ჰ2) სააგენტოს განვითარების სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმით განსაზღვრული სხვა ღონისძიებების განხორციელება;
ჰ3) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული სხვა ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელება.
4. სააგენტოს უფლებამოსილებებია:
ა) სემინარების, კონფერენციების, სამუშაო შეხვედრების, ტრენინგების უზრუნველყოფა;
ბ) კომპეტენციის სფეროში ხელშეკრულებების დადება საქართველოსა და უცხოელ ფიზიკურ და/ან იურიდიულ პირებთან, წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა ქვეყნის მარეგულირებელ კომპეტენტურ ორგანოებთან თანამშრომლობა ამ დებულებით დადგენილი მიზნების მისაღწევად;
გ) მიღებული ფინანსური სახსრების განკარგვა სააგენტოს საქმიანობის, სააგენტოს მიერ დადებული ხელშეკრულებების დაფინანსებისათვის, პროექტებისა და პროგრამების ფარგლებში საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების მიწოდებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
დ) შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალის დაქირავების უზრუნველყოფა;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით გრანტების მიღება;
ვ) საქმიანობის სფეროს მიკუთვნებული კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული მომსახურებების გაწევა მომსახურების საფასურის სანაცვლოდ.
მუხლი 3. სააგენტოს მართვის კოლეგიური ორგანო
1. სააგენტოს მართვის კოლეგიური ორგანოა სამეთვალყურეო საბჭო, რომლის შემადგენლობა განისაზღვრება შემდეგი სახით:
ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი თანამდებობის პირ(ებ)ი;
ბ) საქართველოს იუსტიციის სამინიტროს წარმომადგენელი – სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი – სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.
2. სამეთვალყურეო საბჭოში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უწყება მონაწილეობს მინისტრის ან მინისტრის შესაბამისი მოადგილის (მათ შორის, პირველი) სტატუსით.
3. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობს სამინისტროს შესაბამისი თანამდებობის პირი. სამეთვალყურეო საბჭოს პერსონალური შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
4. სამეთვალყურეო საბჭოს ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია:
ა) სააგენტოს საქმიანობის პოლიტიკისა და სტრატეგიული მიმართულებების განხილვა;
ბ) სააგენტოს წლიური ბიუჯეტის პროექტის განხილვა;
გ) სააგენტოს განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხილვა;
დ) სააგენტოს უფროსის ანგარიშების მოსმენა;
ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
5. სამეთვალყურეო საბჭო თავის საქმიანობას ახორციელებს სხდომების მეშვეობით, რომელიც მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ორჯერ, საბჭოს თავმჯდომარის მიერ ან სამეთვალყურეო საბჭოს არანაკლებ ორი წევრის ინიციატივით, სხდომის მოწვევის მიზნის მითითებით.
6. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.
7. სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას ხმა მისცა სხდომაზე დამსწრე სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტმა. ხმათა თანაბარი განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
8. საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება საბჭოს დამსწრე ყველა წევრის მიერ ხელმოწერილი ოქმით.
9. სამეთვალყურეო საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს სააგენტო.
მუხლი 4. სააგენტოს მართვა და წარმომადგენლობა
1. სააგენტოს ხელმძღვანელობს უფროსი (შემდგომში – უფროსი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სააგენტოს უფროსი მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში მოქმედებს დამოუკიდებლად და პერსონალურად აგებს პასუხს სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებაზე, მიზანშეწონილობასა და ეფექტიანობაზე, სააგენტოს მფლობელობაში არსებული ქონების დაცვასა და ფულადი სახსრების მიზნობრივ ხარჯვაზე.
3. სააგენტოს უფროსს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი მინისტრთან შეთანხმებით. უფროსის მოადგილის რაოდენობა განისაზღვრება სააგენტოს საშტატო ნუსხით.
4. სააგენტოს უფროსის არყოფნის (უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის) შემთხვევაში უფროსის მოვალეობას ასრულებს მის მიერ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე.
5. მოადგილეებს შორის უფლებამოსილებებსა და ფუნქციებს ანაწილებს სააგენტოს უფროსი.
მუხლი 5. სააგენტოს უფროსი
სააგენტოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სააგენტოს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სააგენტოს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საკანონმდებლო აქტების, მინისტრის ბრძანებებისა და სხვა კანონქვემდებარე აქტების შესრულებაზე;
გ) უძღვება სააგენტოს საქმიანობას, ახორციელებს სააგენტოს საერთო ხელმძღვანელობას, სამართლებრივ, მეთოდურ-საინფორმაციო და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;
დ) ახორციელებს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების საფინანსო-სამეურნეო, საორგანიზაციო საქმიანობისა და მინიჭებული ფუნქციების შესრულების კონტროლს;
ე) განკარგავს სააგენტოს სახსრებს და აკონტროლებს მათ გამოყენებას, პასუხისმგებელია სააგენტოს საკუთრებაში, მფლობელობასა და/ან სარგებლობაში არსებული ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივი და სწორი ხარჯვისათვის;
ვ) სამეთვალყურეო საბჭოს განსახილველად წარუდგენს სააგენტოს საქმიანობის სტრატეგიას, სამოქმედო გეგმას და ბიუჯეტის პროექტს;
ზ) უზრუნველყოფს ანგარიშების მომზადებას გაწეული საქმიანობის თაობაზე და წარუდგენს მათ როგორც სამინისტროსა და მმართველ საბჭოს, ასევე მოთხოვნის შემთხვევაში, სხვა დაინტერესებულ პირებს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
თ) წარმოადგენს სააგენტოს მესამე პირებთან ურთიერთობაში ან ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას;
ი) მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს სააგენტოს უფროსის მოადგილეთა კანდიდატურას, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;
კ) ახორციელებს სააგენტოში ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატების შერჩევას;
ლ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოში დასაქმებულ პირებს, მათ მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;
მ) უფლებამოსილია სააგენტოს თანამშრომლებს განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვისთვის, ან შესრულებული სამუშაოსთვის, რომელიც აღემატება მათ ჩვეულ სამსახურებრივ მოვალეობებს, სამინისტროსთან შეთანხმებით დაუწესოს დამატებითი საზღაური (დანამატი);
ნ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით, გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს, აუქმებს ან ცვლის თავისი მოადგილეების ან სტრუქტურული ქვედანაყოფებისა მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს;
ო) ანაწილებს მოვალეობებს სააგენტოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს, აკონტროლებს სააგენტოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
პ) სამინისტროს, საჭიროების შემთხვევაში სამეთვალყურეო საბჭოს, წარუდგენს წინადადებებს სააგენტოს საქმიანობისათვის საჭირო ღონისძიებების რეგულირებისა და სრულყოფის შესახებ;
ჟ) ზრუნავს სააგენტოს თანამშრომელთა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე;
რ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს სახელფასო ფონდსა და საშტატო ნუსხას;
ს) სამინისტროში წარადგენს სააგენტოს ბიუჯეტის პროექტს;
ტ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს, სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს, განსაზღვრავს სააგენტოს საორგანიზაციო და ადმინისტრაციულ ხარჯებს;
უ) სააგენტო ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით უფლებამოსილია შექმნას სათათბირო ორგანოები (კომისიები და საბჭოები) და სამუშაო ჯგუფები, განსაზღვროს მისი უფლებამოსილებები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
ფ) სააგენტოს საქმიანობის ორგანიზების სრულყოფის მიზნით ამტკიცებს შესაბამის ინსტრუქციებს/წესებს;
ქ) ახორციელებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 6. სააგენტოს სტრუქტურა
სააგენტოს სტრუქტურასა და თანამშრომელთა რაოდენობას განსაზღვრავს სააგენტოს უფროსი, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 7. სახელმწიფო კონტროლის ფორმა და ფარგლები
1. სააგენტოს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა სამინისტრო, რომელიც ზედამხედველობას უწევს სააგენტოს საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას, აგრეთვე სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებას, მიზანშეწონილობასა და ეფექტურობას.
2. მინისტრი აჩერებს ან აუქმებს სააგენტოს არამართლზომიერ გადაწყვეტილებას, უკანონო აქტის ან მოქმედების შესრულებას.
3. სამინისტრო უფლებამოსილია მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარდგენა.
4. სააგენტომ სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა;
ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ვ) სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
მუხლი 8. სააგენტოს ქონება, დაფინანსების წყაროები და სხვა
1. სააგენტოს გააჩნია ქონება, რომელიც მას გადაეცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობები და ფინანსური რესურსები.
3. სააგენტოს დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) გრანტები და ქველმოქმედებიდან მიღებული შემოწირულობები;
გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
4. შემოსავლის მიღების მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია, დადოს სათანადო ხელშეკრულებები.
5. ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება სააგენტოს მიზნებს და ფუნქციების განხორციელებას.
6. სააგენტო კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს.
მუხლი 9. სააგენტოს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია
1. სააგენტოს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.