ააიპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის საოქმო ჩანაწერი №1/10/1334 |
ქ. ბათუმი
კოლეგიის შემადგენლობა :
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე , მომხსენებელი მოსამართლე ;
ევა გოცირიძე – წევრი ;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი ;
მაია კოპალეიშვილი – წევრი .
სხდომის მდივანი : მანანა ლომთათიძე .
საქმის დასახელება : ააიპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა “ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ .
დავის საგანი : „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის №1/308 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის ” 127 მუხლის მე -2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და 41-ე მუხლის პირველ პუნქტებთან მიმართებით .
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 17 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1334) მომართა ააიპ „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ “. კონსტიტუციური სარჩელი , არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად , საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2018 წლის 20 ივლისს . კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა , ზეპირი მოსმენის გარეშე , გაიმართა 2018 წლის 6 დეკემბერს .
2. №1334 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის საფუძვლად მითითებულია : საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ “ ქვეპუნქტი , „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის მე -19 მუხლის „ე “ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლი პირველი პუნქტის „ა “ ქვეპუნქტი ; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ “ საქართველოს კანონის მე -15 და მე -16 მუხლები .
3. „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის №1/308 გადაწყვეტილებით დამტკიცებული წესის 127 მუხლის მე -2 პუნქტის თანახმად , მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება ტარდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დახურულ სხდომაზე .
4. საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია გამოხატვის თავისუფლება , ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად , საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს , კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას , აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს , თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო , პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას .
5. №1334 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია , რომ სადავო ნორმის საფუძველზე , გასაუბრება მოსამართლეობის კანდიდატებთან ტარდება დახურულ სხდომაზე . შესაბამისად , დაინტერესებულ პირებს ერთმევათ შესაძლებლობა , დაესწრონ სხდომას და მიიღონ ინფორმაცია იმის შესახებ , თუ როგორ წარსდგა მოსამართლეობის თითოეული კანდიდატი საბჭოს წინაშე , რა კითხვები დაისვა სხდომის მიმდინარეობისას და რა იყო კანდიდატთა პასუხები . ამასთან , მხარისათვის ხელმიუწვდომელია სხდომის შედეგად შექმნილი ოფიციალური ინფორმაცია , მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების შედეგები . მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით , ინფორმაციის მიღების თავისუფლება მოიაზრებს ინფორმაციის მიღების პირველწყაროზე , კერძოდ მისი შექმნის პროცესზე ხელმისაწვდომობასაც . შესაბამისად , საქართველოს კონსტიტუციით დაცული ინფორმაციის მიღების თავისუფლება გულისხმობს ასევე იუსტიციის საბჭოს იმ სხდომებზე წვდომის თავისუფლებასაც , რომელზეც ხდება მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება .
6. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად , სადავო ნორმა ასევე ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ კანონით მოწესრიგების ფორმალურ მოთხოვნას . მიუხედავად იმისა , რომ „საერთო სასამართლოების შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონი ადგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგად კომპეტენციებს , რომელთა შორისაცაა მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნის პროცედურის განსაზღვრა , არც აღნიშნული და არც სხვა საკანონმდებლო აქტით დადგენილი არ არის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება - შეზღუდოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა . ამგვარად , მოსარჩელე მხარე მიიჩნევს , რომ კანონმდებელს არ მოუხდენია ინფორმაციის თავისუფლების შეზღუდვის კომპეტენციის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის დელეგირება და , რამდენადაც სადავო კანონქვემდებარე აქტით საბჭო აწესებს ინფორმაციის მიღების უფლების შეზღუდვას , ირღვევა კონსტიტუციით გათვალისწინებული კანონით მოწესრიგების ფორმალური მოთხოვნა .
7. მოსარჩელის მითითებით , იმის მიუხედავად , სასამართლო გაიზიარებს თუ არა მის პოზიციას , სადავო ნორმის ფორმალური კანონიერების დარღვევასთან მიმართებით , გასაჩივრებული ნორმა მაინც არაკონსტიტუციურია , რამდენადაც ის ასევე ვერ აკმაყოფილებს თანაზომიერების მოთხოვნას . მოსარჩელე აღნიშნავს , რომ , ზოგადად , ინფორმაციის თავისუფლების უფლება შესაძლოა შეიზღუდოს ღირებული მიზნის მისაღწევად . ამ შემთხვევაშიც , სავარაუდოდ , იარსებებს ასეთი ლეგიტიმური მიზანი , კერძოდ , მოსამართლეობის კანდიდატთა პერსონალური მონაცემების დაცვა . თუმცა , მოსარჩელის პოზიციით , ასეთი ლეგიტიმური მიზნის არსებობის პირობებშიც , სადავო ნორმის ბლანკეტურობიდან გამომდინარე , დადგენილი მოწესრიგება არ არის ყველაზე ნაკლებად მზღუდავი საშუალება . მოსარჩელე მიიჩნევს , რომ , ზოგადად , სხდომა უნდა იყოს საჯარო და მისი დახურვა , პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით , შეიძლება მხოლოდ შესაბამისი გარემოებების არსებობისას . ხსენებული არგუმენტაციისა და საჯარო ინფორმაციის მნიშვნელობაზე მითითებით , მოსარჩელე მხარე მიიჩნევს , რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით .
8. №1334 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი ნორმები ასევე არაკონსტიტუციურადაა მიჩნეული საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით . მოსარჩელე მხარე აღნიშნავს , რომ ეს კონსტიტუციური დებულება , გამოხატვის თავისუფლებასთან ერთად , იცავს ინფორმაციის პროაქტიულად მოთხოვნის უფლებასაც და რამდენადაც მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებაზე დასწრება წარმოადგენს საჯარო ინტერესის საგანს , ხსენებული ინფორმაცია არსებითია გამოხატვის თავისუფლებისთვის . ამგვარად , მოსარჩელე მხარე ზემოთ მითითებულ არგუმენტებზე დაყრდნობით მიიჩნევს , რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ ნაწილთან მიმართებით .
9. მოსარჩელე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე .
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს , რომ №1334 კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ “ საქართველოს კანონის მე -16 მუხლის პირველი და მე -2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე -18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი .
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ “ ქვეპუნქტის , „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის მე -19 მუხლის პირველი პუნქტის „ე “ ქვეპუნქტის , 21-ე მუხლის მე -2 პუნქტის , 271 მუხლის პირველი პუნქტის , 31-ე მუხლის მე -2 პუნქტის , 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა “ ქვეპუნქტის , 43-ე მუხლის პირველი , მე -2, მე -5, მე -8, მე -10 და მე -13 პუნქტების , „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ “ საქართველოს კანონის მე -16 მუხლის პირველი და მე -2 პუნქტების , მე -17 მუხლის მე -5 პუნქტის , მე -18 მუხლის , 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის პირველი , მე -2, მე -3 და მე -6 პუნქტების საფუძველზე ,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს :
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1334 კონსტიტუციური სარჩელი („ააიპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა “ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ “).
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია .
3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად .
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება .
5. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში , გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს “.
კ ოლეგიის შემადგენლობა :
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი