„ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელისა და ყურძნისეული წარმოშობის სპირტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 19 თებერვლის №2-82 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-77 |
|
2019 წლის 24 იანვარი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ :
1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) სააგენტოს მხრიდან მოთხოვნის შესაბამისად –ალკოჰოლიანი სასმელის/სპირტის შემთხვევაში, იმ ეტიკეტის ნიმუში/ასლი, რომელიც დატანილი იქნება სერტიფიცირებულ ლოტში განთავსებულ დაფასოებულ ტარაზე.“.
2. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოში წარმოებულ, არაუმეტეს 50 ლიტრის მოცულობის სამომხმარებლო ტარაში დაფასოებულ, სარეალიზაციოდ განკუთვნილ ალკოჰოლიან სასმელსა და სპირტზე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საექსპორტოდ განკუთვნილ ყურძნის წვენსა და ყურძნის ტკბილზე, ასევე საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილ იმპორტირებულ ალკოჰოლიან სასმელსა და სპირტზე სავალდებულოა დატანილ იქნეს ლოტის ნომერი.“.
3. მე-7 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ღვინის, ყურძნის ტკბილისა და ყურძნის წვენის ლაბორატორიული გამოცდის ოქმის მისაღებად თითოეული ლოტის 0,75 ლიტრი ან მეტი ტევადობის 6 ბოთლი, განაცხადთან და ნიმუშის აღების აქტთან (დანართი №4) ერთად წარედგინება აკრედიტებულ საგამოცდო ლაბორატორიას (შემდგომში – ლაბორატორია). იმ შემთხვევაში, თუ სითხე ჩამოსხმულია 0,75 ლიტრზე ნაკლები ტევადობის მქონე ჭურჭელში, მისი ჯამური რაოდენობა არ უნდა იყოს 4,5 ლიტრზე ნაკლები.
6. სპირტიანი სასმელისა და სპირტის ლაბორატორიული გამოცდის ოქმის მისაღებად თითოეული ლოტის 0,5 ლიტრი ან მეტი ტევადობის 4 ბოთლი, ხოლო სავალდებულო დეგუსტაციას დაქვემდებარებული სპირტიანი სასმელის შემთხვევაში – 6 ბოთლი, განაცხადთან და ნიმუშის აღების აქტთან ერთად წარედგინება ლაბორატორიას. იმ შემთხვევაში, თუ სითხე ჩამოსხმულია 0,5 ლიტრზე ნაკლები ტევადობის მქონე ჭურჭელში მისი ჯამური რაოდენობა არ უნდა იყოს 2 ლიტრზე, ხოლო სავალდებულო დეგუსტაციას დაქვემდებარებული სპირტიანი სასმელის შემთხვევაში – 3 ლიტრზე ნაკლები.“.
4. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ორგანოლეპტიკური შემოწმების ჩატარების მიზნით სააგენტოს, გამოცდის ოქმთან ერთად, გადაეცემა განმცხადებლის მიერ ლაბორატორიაში წარდგენილი ნიმუშის 3 ბოთლი. იმ შემთხვევაში, თუ სითხე ჩამოსხმულია 0,75 ლიტრზე ნაკლები ტევადობის მქონე ჭურჭელში, მისი ჯამური რაოდენობა არ უნდა იყოს 2,25 ლიტრზე ნაკლები.“.
5. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. ორგანოლეპტიკური შემოწმება (დეგუსტაცია)
1. ორგანოლეპტიკური შემოწმება ხორციელდება სააგენტოს მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის მიერ, რომლის წევრთა შემადგენლობას მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე.
2. მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის წევრი (დეგუსტატორი) შეიძლება იყოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ერთობლივი პროექტის „ღვინის ხარისხის სისტემის შექმნა“ ფარგლებში მომზადებული დეგუსტატორი, რომელიც ფლობს პროექტის სერტიფიკატს. ასევე ის პირი, რომელსაც წარმატებით აქვს ჩაბარებული სააგენტოს მიერ ორგანიზებული გამოცდა.
3. დეგუსტაცია ტარდება მხოლოდ ამ წესის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ანალიტიკური ექსპერტიზის დადებითი შედეგების შემთხვევაში.
4. ღვინის კომპანიას უფლება აქვს, სერტიფიცირების პროცესისგან დამოუკიდებლად მიმართოს სააგენტოს ალკოჰოლიანი სასმელის დეგუსტაციის ჩატარების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში ორგანოლეპტიკური შემოწმების შედეგებს აქვს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი.
5. დეგუსტაცია ტარდება იმ სიხშირით, რაც უზრუნველყოფს სერტიფიცირების პროცესის შეუფერხებელ მიმდინარეობას.
6. დეგუსტაციის დღეებს, მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარის წინადადების საფუძველზე, განსაზღვრავს სააგენტოს თავმჯდომარე.
7. დეგუსტატორთა ერთი და იმავე ჯგუფისათვის სადეგუსტაციო ნიმუშების მაქსიმალური დღიური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 50 ერთეულს.
8. დეგუსტაციაში მონაწილეობას იღებს 5 დეგუსტატორი.
9. დეგუსტაციის დაწყებამდე მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ნიმუშებს ანიჭებს კოდს და უზრუნველყოფს მონაცემთა (ღვინის კომპანიის დასახელება, ალკოჰოლიანი სასმელის სახეობა, კატეგორია, ტიპი, ფერი, დასახელება, მოსავლის წელი, ლოტის ნომერი) სააგენტოს მონაცემთა ბაზაში შეყვანას.
10. დეგუსტატორები ნიმუშს სინჯავენ სადეგუსტაციო დარბაზში განთავსებულ სპეციალურ კაბინებში.
11. დეგუსტაციის დაწყებამდე დეგუსტატორებს ეძლევათ მათთვის განკუთვნილი დეგუსტაციის ვერსია, ელექტრონული და/ან ქაღალდის ვერსიის სახით, რომელშიც მოცემული იქნება სადეგუსტაციოდ წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმელების შემდეგი მონაცემები: კოდი, სახეობა, კატეგორია, ტიპი, ფერი, დასახელება, მოსავლის წელი.
12. დეგუსტაციაზე ნიმუშის წარდგენა, როგორც წესი, ხდება შემდეგი თანმიმდევრობით: ღვინო, სპირტიანი სასმელი.
13. დეგუსტაციაზე ღვინის ნიმუშის წარდგენა, როგორც წესი, ხდება შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) ფერის მიხედვით: თეთრი, ქარვისფერი, ვარდისფერი, წითელი;
ბ) შაქრიანობის მიხედვით: მშრალი, ნახევრად მშრალი, ნახევრად ტკბილი, ტკბილი;
გ) დამზადების მეთოდის მიხედვით: ცქრიალა ღვინო, შემაგრებული, არომატიზებული და სხვ.
14. დეგუსტატორი ნიმუშს ამოწმებს შემდეგი პარამეტრებით:
ა) ტიპურობა;
ბ) აშკარად გამოხატული ზადი ან/და აშკარად გამოხატული დაავადება.
15. ამ წესის მიზნებისთვის ღვინის დაავადება/ზადია: დაჟანგვა, მქროლავი მჟავიანობა, გოგირდწყალბადი ან/და მერკაპტანი, გოგირდოვანი ანჰიდრიდი (SO2), ეთილაცეტატი, ბრეტანომიცესი, თაგვის გემონაკრავი, რძემჟავა ტონი, ობის (შმორის) ტონი, არატიპური სიძველე (დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების შემთხვევაში), ნემსიწვერას ტონი (დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების შემთხვევაში), აშკარა გარეშე სუნი ან/და გემო.
16. დეგუსტაციის პროცესში, პირველ ეტაპზე ღვინო ფასდება ფერსა და გამჭვირვალობაზე, ტიპურობაზე და დაავადების (ზადის) არსებობაზე, რასაც დეგუსტატორი აფიქსირებს შესაბამის გრაფაში. სხვა მახასიათებლები: არომატი, გემო, ჰარმონიულობა ფასდება ხუთქულიანი სისტემით (0,5 ბიჯით). ამასთან, ჰარმონიულობის შეფასება არ შეიძლება აღემატებოდეს გემოსა და არომატის შეფასებას ერთ ქულაზე მეტად.
17. იმ შემთხვევაში, თუ დეგუსტატორი ღვინის შეფასებისას უარყოფითად შეაფასებს ფერსა და გამჭვირვალობას ან/და ტიპურობას ან/და აღნიშნავს დაავადებას ღვინო ავტომატურად ფასდება 0 ქულით.
18. ნიმუშის 0 ქულით შეფასების შემთხვევაში დეგუსტატორი ვალდებულია შენიშვნების გრაფაში მიუთითოს გადაწყვეტილების მიღების მიზეზი. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი შეფასება უქმდება.
19. სადეგუსტაციო კომისიის თითოეული დეგუსტატორის მიერ ალკოჰოლიანი სასმელის ნიმუშის საშუალო შეფასება ხორციელდება ცალკეული მახასიათებლების (არომატის, გემოსა და ჰარმონიულობის შეფასების) ქულათა ჯამის 3-ზე გაყოფის შედეგად.
20. ალკოჰოლიანი სასმელის დეგუსტაციის დამთავრების შემდეგ დეგუსტატორი თავის შეფასებას, ტესტირების შედეგებს ადასტურებს სადეგუსტაციო ფურცელზე ან ელექტრონული ხელმოწერით.
21. ალკოჰოლიანი სასმელის თითოეული ნიმუშის შეფასების ბალური მაჩვენებლის დასადგენად საშუალო შეფასებების ჯამი იყოფა 5-ზე.
22. ალკოჰოლიანი სასმელის ნიმუშისათვის დადებით შედეგად ითვლება, თუ შეფასების ბალური მაჩვენებელი ტოლია ან მეტი 1,5-ზე. ალკოჰოლიანი სასმელი ვერ გადის ორგანოლეპტიკურ შემოწმებას, თუ ბალური მაჩვენებელი იქნება 1,5-ზე ნაკლები.
23. თუ ალკოჰოლიანი სასმელის ნიმუში არანაკლებ 2 დეგუსტატორის მიერ მიიღებს შეფასებას „საცობის ტონით“, იმავე დეგუსტაციაზე შემოდის ალკოჰოლიანი სასმელის საკონტროლო ნიმუში.
24. ნიმუშის უარყოფითად შეფასების შემთხვევაში შესაძლებელია განმეორებით დეგუსტაციის ჩატარების მოთხოვნა. სერტიფიცირების მიზნებისათვის ერთსა და იმავე ლოტიდან აღებული ნიმუშის დეგუსტაციაზე გატანა დასაშვებია არაუმეტეს სამჯერ. ასეთ შემთხვევაში ალკოჰოლიანი სასმელის ნიმუშის ორგანოლეპტიკური შეფასების საბოლოო შედეგი დგინდება ჩატარებულ დეგუსტაციებზე მიღებული შეფასების ბალური მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულით.
25. დეგუსტაციის საბოლოო შედეგები ფორმდება შესაბამისი ოქმით და ეცნობება განმცხადებელს.
26. მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია უზრუნველყოს:
ა) სადეგუსტაციოდ წარმოდგენილი ნიმუშის მიღება და რეგისტრაციაში გატარება;
ბ) ნიმუშისათვის კოდის მინიჭება და დეგუსტაციისათვის მომზადება;
გ) ნიმუშის მწარმოებელი ღვინის კომპანიის თაობაზე ანონიმურობის დაცვა;
დ) დეგუსტაციაში მონაწილე დეგუსტატორთა ვინაობისა და მათი შეფასებების ანონიმურობის დაცვა;
ე) სააგენტოს მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის წევრების მოწვევა როტაციის პრინციპის დაცვით.
27. სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე სადეგუსტაციო ნიმუშებს არ აძლევს შეფასებას.
28. დეგუსტატორი ვალდებულია:
ა) შეტყობინების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის მუშაობაში;
ბ) გამოუცხადებლობის მიზეზის არსებობის შემთხვევაში, არაუგვიანეს დეგუსტაციის წინა დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობოს კომისიის თავმჯდომარეს;
გ) დაიცვას დეგუსტაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა.
29. დეგუსტატორის საქმიანობა ექვემდებარება ანაზღაურებას.“.
6. მე-10 მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) განმცხადებელი სააგენტოში წარადგენს უკვე სამომხმარებლო ტარაში დაფასოებული ალკოჰოლიანი სასმელის ნიმუშის 3 ბოთლს, რომლის საერთო ოდენობა არ უნდა იყოს 1,5 ლიტრზე ნაკლები.“.
7. მე-11 მუხლის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„15. სერტიფიკატის გაუქმების საფუძველია სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის და/ან საინსპექციო კონტროლის არადამაკმაყოფილებელი შედეგები ან სერტიფიკატის მფლობელის განაცხადი.“.
8. მე-15 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. სააგენტო, საჭიროების შეთხვევაში, ახორციელებს ნიმუშის ლაბორატორიულ გამოცდას როგორც ამ წესის მე-8 მუხლით გათვალისწინებულ პარამეტრებზე, ასევე ნახშირბადის 13С/12С იზოტოპების თანაფარდობაზე, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს იმპორტიორი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.“.
|