საქართველოს პარლამენტის წევრი საპარლამენტო უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს შემდეგი ძირითადი პრინციპებით:

ა) კანონიერება და ერთგულება:

ა.ა) საქართველოს პარლამენტის წევრი არის სრულიად საქართველოს წარმომადგენელი; იგი იცავს საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებს;

ა.ბ) საქართველოს პარლამენტის წევრი ზრუნავს ქვეყანაში დემოკრატიის გაძლიერებისთვის და პატივს სცემს დემოკრატიულ ინსტიტუტებს;

ა.გ) საქართველოს პარლამენტის წევრი ხალხისა და სახელმწიფოს ერთგულია;

ა.დ) საქართველოს პარლამენტის წევრი თავისი ქმედებით უფრთხილდება ქვეყნის იმიჯს; იგი ხელს უწყობს სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას, სამოქალაქო საზოგადოებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების განვითარებისთვის ხელსაყრელი  გარემოს შექმნას;

ბ) თანასწორობა:

ბ.ა) საქართველოს პარლამენტის წევრი თანასწორად ეპყრობა ყველა მოქალაქეს, რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის განურჩევლად;

ბ.ბ) საქართველოს პარლამენტის წევრი პატივს სცემს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს; იგი აღიარებს მამაკაცთა და ქალთა თანაბარ უფლებებს;

ბ.გ) საქართველოს პარლამენტის წევრი პატივისცემით ექცევა სხვა პარლამენტის წევრებსა და მოქალაქეებს; იგი რასის, კანის ფერის, სქესის, რელიგიის ან სხვა ნიშნით განსაზღვრული უმცირესობის მიმართ არ იყენებს სიძულვილის ენას;

გ) კეთილსინდისიერება:

გ.ა) საქართველოს პარლამენტის წევრი ადმინისტრაციულ რესურსს პასუხისმგებლობის, ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების გათვალისწინებით იყენებს;

გ.ბ) საქართველოს პარლამენტის წევრი პირადი ფინანსური ინტერესის გათვალისწინებით არ იღებს გადაწყვეტილებას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მის მიერ საპარლამენტო მოვალეობების ობიექტურად შესრულებაზე, მათ შორის, არ ახორციელებს ლობირებას პირადი სარგებლის სანაცვლოდ;

დ) ანგარიშვალდებულება: საქართველოს პარლამენტის წევრი ანგარიშვალდებულია ამომრჩევლის წინაშე; ამომრჩეველს უნდა შეეძლოს პარლამენტის წევრთან დაკავშირება; პარლამენტის წევრი ამომრჩეველს აწვდის ინფორმაციას მისი უფლებებისა და საქართველოს პარლამენტის საქმიანობის თაობაზე, აგრეთვე ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების საკანონმდებლო პროცესში ჩართულობას;

ე) გამჭვირვალობა:

ე.ა) საქართველოს პარლამენტის წევრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჯარო ინტერესს ემსახურება და გამჭვირვალეა;

ე.ბ) საქართველოს პარლამენტის წევრი თანამშრომლობს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან;

ე.გ) საქართველოს პარლამენტის წევრი ხელს უწყობს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებას;

ვ) პასუხისმგებლობა:

ვ.ა) საქართველოს პარლამენტის წევრი იცავს და აძლიერებს ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ინსტიტუციურ დამოუკიდებლობასა და რეპუტაციას;

ვ.ბ) საქართველოს პარლამენტის წევრი კანონით დადგენილ  ფარგლებში ახორციელებს საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ყველა ორგანოს კონტროლს;

ვ.გ) საქართველოს პარლამენტის წევრი ხელს უწყობს საპარლამენტო ეთიკის ნორმების დაცვა