1. კოდექსის მე-3 მუხლის „გ“, „ე“, „ვ“, „კ“−„მ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქცევის წესების დარღვევის შემთხვევები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

2. კოდექსის მე-3 მუხლის „ა“, „ბ“, „დ“, „ზ“−„ი“ და „ნ“−„პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქცევის წესების დარღვევის შემთხვევებს შეისწავლის და მონიტორინგს უწევს ეთიკის საბჭო.

3. ეთიკის საბჭოს შექმნისა და შემადგენლობის განსაზღვრის წესი დგინდება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით.

4. ეთიკის საბჭო თავისი ინიციატივით ან საჩივრის საფუძველზე განიხილავს კოდექსის სავარაუდო დარღვევის ფაქტს.

5. ეთიკის საბჭოს ჰყავს 2 თანათავმჯდომარე (ერთი − უმრავლესობიდან, ხოლო მეორე − უმცირესობიდან ან იმ ფრაქციიდან, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში). ეთიკის საბჭოს თანათავმჯდომარეებს ირჩევს ეთიკის საბჭო. ეთიკის საბჭოს თანათავმჯდომარეთა არჩევის წესი, აგრეთვე მათი უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ეთიკის საბჭოს დებულებით.

6. ეთიკის საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს შემადგენლობის უმრავლესობა. ეთიკის საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

7. საქართველოს პარლამენტის წევრმა (საქართველოს პარლამენტის წევრებმა) ან პირმა, რომელსაც მიაჩნია, რომ მის მიმართ დაირღვა კოდექსი, შეიძლება წარადგინოს საჩივარი კოდექსის დარღვევის თაობაზე, რისთვისაც მან უნდა შეავსოს საჩივრის სპეციალური ფორმა.

8. თუ კოდექსის სავარაუდო დარღვევა ეთიკის საბჭოს წევრმა ჩაიდინა, საბჭო შესაბამის საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს ამ წევრის მონაწილეობის გარეშე. ამ შემთხვევაში აღნიშნული წევრის დამნიშვნელ ფრაქციას უფლება აქვს, იგი დროებით, საკითხის გადაწყვეტამდე, ფრაქციის სხვა წევრით შეცვალოს.

9. საჩივრის სპეციალური ფორმის შევსება და საჩივრის წარდგენა შესაძლებელია როგორც წერილობით, ისე ელექტრონულად.

10. საჩივრის რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ეთიკის საბჭოს თანათავმჯდომარეები იღებენ გადაწყვეტილებას საჩივრის დასაშვებობის თაობაზე. საჩივარი დასაშვები არ არის, თუ საჩივარში მითითებული საკითხი სცილდება ეთიკის საბჭოს კოდექსით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებს,  საჩივარი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-7 და მე-11 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს ან/და აღნიშნულ საკითხზე ეთიკის საბჭოს გადაწყვეტილება მიღებული აქვს. საჩივრის დასაშვებობის თაობაზე გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება მომჩივანს.

11. საჩივარი შეიძლება წარდგენილ იქნეს კოდექსის სავარაუდო დარღვევის ფაქტის დადგომიდან/გამოვლენიდან არაუგვიანეს 1 თვისა, მხოლოდ შესაბამისი მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის მქონე პირის წინააღმდეგ.

12. საქართველოს პარლამენტის წევრის წინააღმდეგ საჩივრის წარდგენის შემთხვევაში მას დაუყოვნებლივ წერილობით ეცნობება აღნიშნული საჩივრის თაობაზე და ეძლევა საჩივრის დასაშვებად მიჩნევიდან 10 სამუშაო დღე საჩივარზე საპასუხოდ. ეს ვადა შეიძლება არგუმენტირებული წერილობითი თხოვნის საფუძველზე 5 სამუშაო დღით გაგრძელდეს.

13. ეთიკის საბჭო საჩივარს საჩივარზე საპასუხოდ განსაზღვრული ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში განიხილავს.

14. საჩივრის განხილვის პროცესში ეთიკის საბჭო უფლებამოსილია მოიძიოს შესაბამისი მტკიცებულებები და გამოითხოვოს საკითხის გადაწყვეტისთვის საჭირო სხვა ინფორმაცია.

15. საქართველოს პარლამენტის წევრი თანამშრომლობს ეთიკის საბჭოსთან.

16. საქართველოს პარლამენტის წევრმა კოდექსის დარღვევის თაობაზე საჩივრის განხილვის პროცესში უნდა დაიცვას კონფიდენციალურობის დაცვისათვის დადგენილი ნორმა და არ უნდა გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც სათანადო წესით არ დადასტურებულა და ჯერ კიდევ არ გამხდარა საჯარო.

17. ეთიკის საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდება იმ პარლამენტის წევრის სახელი და გვარი, რომელმაც დაარღვია კოდექსი, აგრეთვე დარღვევის მოკლე აღწერა. საქართველოს პარლამენტის წევრის მიერ კოდექსით გათვალისწინებული ქცევის წესის დარღვევის შემთხვევაში ეთიკის საბჭო უფლებამოსილია მას სარეკომენდაციო ბარათით მიმართოს.

18. თუ ეთიკის საბჭო დაადგენს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრს კოდექსი არ დაურღვევია, მისი სახელი და გვარი, აგრეთვე შემთხვევის მოკლე აღწერა საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდება მხოლოდ აღნიშნული პარლამენტის წევრის თანხმობის შემთხვევაში, ხოლო მომჩივანს ეცნობება საბჭოს გადაწყვეტილების თაობაზე.

19. ეთიკის საბჭო ამზადებს საბჭოს საქმიანობის წლიურ ანგარიშს, რომელიც ქვეყნდება საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე.

20. საჩივრის განხილვის პროცესი კონფიდენციალურია, ხოლო ეთიკის საბჭოს სხდომა − დახურული. ორივე მხარის მოთხოვნის შემთხვევაში ეთიკის საბჭო უფლებამოსილია გამართოს საჯარო სხდომა. საჯარო სხდომის გამართვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ეთიკის საბჭო.

21. ეთიკის საბჭოს წევრი, საბჭოს სამდივნოს თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას სამსახურებრივი საიდუმლოების შემცველი ან სხვა კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა საჩივრის განხილვის პროცესშ