1. ზელოკალური სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ტერიტორია გულისხმობს შემდეგი სახის ტერიტორიების და ობიექტების არსებობას:
ა) საავტომობილო ტრანსპორტის ტერიტორია (საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი საავტომობილო გზები, სხვა, მუნიციპალური ტრანსპორტის და მთავარი გზების კარკასი და მათი გამტარი ნაგებობები);
ბ) რკინიგზა (მათ შორის, ტრამვაი, ფუნიკულიორი და მეტრო);
გ) საბაგირო;
დ) მთავარი გზები (მაგ., გზა, ბულვარი, პრომენადე);
ე) საჰაერო ტრანსპორტის ტერიტორია (აეროპორტი, აეროდრომი, ვერტოდრომი, პლანერი).
2. ლოკალური ტრანსპორტის ტერიტორია და მთავარი ქუჩები გულისხმობს შემდეგი სახის ტერიტორიების და ობიექტების არსებობას:
ა) მთავარი ქუჩების კარკასი;
ბ) სპეციალური დანიშნულების სატრანსპორტო ტერიტორია (საერთო სარგებლობის პარკინგისთვის, ქვეითთა ზონისთვის და სხვა).
3. ამ მუხლით განსაზღვრულ ტერიტორიებზე შესაბამისად გამოყოფილ არეალებში დასაშვებია:
ა) ავტოსადგომები;
ბ) ავტოგასამართი სადგურები ან ავტოგასამართი კომპლექსები, აირგასამართი ან აირსავსები საკომპრესორო სადგურები;
გ) გზატკეცილების გასხვისების ზოლები და სადგურები (მათ შორის აეროსადგურები, საწყლოსნო სადგურები, ავტოსადგურები, რკინიგზის სადგურები);
დ) სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველმყოფი სხვა საზოგადოებრივი სამყოფები/სათავსები კანონმდებლობის შესაბამისად;
ე) გამწვანებული გზაგამყოფები.
4. ამ მუხლით განსაზღვრულ გზებზე და ქუჩებზე შესაბამისად ნებადართულია/დასაშვებია ამ ძირითადი დებულებების 30-ე მუხლით განსაზღვრული ობიექტების არსებობა.
5. ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებში ამ მუხლით განსაზღვრული სატრანსპორტო ობიექტების დადგენისას გათვალისწინებული უნდა იქნას შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნები. ნაშენ გარემოში შეუსაბამობის აღმოფხვრის საკითხი განისაზღვრება შესაბამისი კანონმდებლობით.