1. განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი (კ-2) განსაზღვრავს, ცალკეულ ზონაში, კონკრეტული მიწის ნაკვეთის ტერიტორიაზე დასაშვებ, შენობა-ნაგებობის მიწისპირა და მიწისზედა სართულების იატაკის ძირთადი კონსტრუქციების ზედაპირების ჯამურ ფართობს.

2. კ-2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი გამოითვლება შენობა-ნაგებობის მიწისპირა და მიწისზედა სართულების იატაკის მზიდი კონსტრუქციის ზედაპირის გარე პერიმეტრში მოქცეული ფართობით.

3. კ-2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობში შედის:

ა) მიწისპირა და მიწისზედა სრული სართულის (მათ შორის, ერკერის, კიბის უჯრედის და ლიფტის შახტის) იატაკის ძირითადი კონსტრუქციის გარე კონტურში მოქცეული ზედაპირის ფართობი;

ბ) არასრული სართულის იატაკის კონსტრუქციის ზედაპირის ფართობის 1/2;

გ) მანსარდის იმ ნაწილის 3/4, რომლის სიმაღლეც 1,6 მეტრზე მეტია;

დ) მიწისზედა ავტოსადგომი, რომლის სართულის სიმაღლე იატაკის ზედაპირიდან მომდევნო სართულის იატაკის ზედაპირამდე აღემატება 3 მეტრს, გარდა ცალკე მდგომი ავტოსადგომისა;

ე) ვერანდის, აივნის, ლოჯის იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის ფართობის 1/3.

4. კ-2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობში არ შედის:

ა) ტერასის იატაკის ზედაპირის საერთო ფართობი;

ბ) სამშენებლო ქვეზონებში შზ-1, სზ-1 და სზ-2-ში ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისათვის მანსარდის იატაკის ზედაპირის ფართობი;

გ) სამშენებლო ქვეზონებში შზ-1, სზ-1 და სზ-2-ში ცალკე მდგომი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების დამხმარე შენობა-ნაგებობ(ებ)ის, მათ შორის სათბურების გარე კონტურში მოქცეული ზედაპირის ფართობი;

დ) მიწისპირა სართულზე არსებული კიბის უჯრედის იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის და შესაბამის სართულზე არსებული ლიფტის შახტის საერთო ფართობის ის ნაწილი, რომელიც 60 მ2-ზე ნაკლებია;

ე) შენობისა და ქუჩის ზედაპირის გადაკვეთის დონე(ებ)ზე, შენობაში ავტომობილის გასასვლელად მოწყობილი გვირაბის გზის ზედაპირის საერთო ფართობის ის ნაწილი, რომელიც 50 მ2-ზე ნაკლებია;

ვ) პირველ მიწისზედა სართულზე არსებული კიბის უჯრედის იატაკის ძირთადი კონსტრუქციის ზედაპირის და შესაბამის სართულზე არსებული ლიფტის შახტის საერთო ფართობის ის ნაწილი, რომელიც 60 მ2-ზე ნაკლებია;

ზ) პირველი მიწისზედა სართულის გარდა, სხვა მიწისზედა სართულზე არსებული კიბის უჯრედის იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის და შესაბამის სართულზე არსებული ლიფტის შახტის საერთო ფართობის ის ნაწილი, რომელიც 40 მ2-ზე ნაკლებია;

თ) პასაჟი/გალერეა.

5. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 აგვისტოს №261 დადგენილების თანახმად, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის მისაკუთვნებელი მიწის ნაკვეთის ფართობის დადგენისას კ-2 განისაზღვროს:

ა) სამი სართულის ჩათვლით მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისათვის კ-2- 1.3;

ბ) ხუთი სართულის ჩათვლით მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისათვის კ-2- 1.8;

გ) ხუთი სართულის ზემოთ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისათვის კ-2 – 2.