შპს „დოკ თბილისი თრეიდინგ“-ის გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ (თარგმანთან ერთად)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქმე №2/12919-15 |
|
განჩინება საქართველოს სახელით გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ |
|
2019 წლის 24 აპრილი ქ. თბილისი |
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
კრედიტორი – შპს ,,დოკერილ თრეიდინგ კომპანი DOC –ჯგუფის საწარმო“
დირექტორი – ვოლფ განგ დოკერილი
მოვალე – შპს ,,დოკ თბილისი თრეიდინგ"
წარმომადგენელი დირექტორი – თამაზ ჩხიკვიშვილი
წარმომადგენლები – 1 – მამუკა კაკუშაძე
2 – გიორგი გვენეტაძე
მოთხოვნა – გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „დოკერილ თრეიდინგ კომპანი DOC -ჯგუფის საწარმოს“, დირექტორი ვოლფ განგ დოკერილის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საკითხი
გამოარკვია
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია გაკოტრების საქმე შპს „დოკ თბილისი თრეიდინგის" მიმართ.
2017 წლის 07 აგვისტოს კრედიტორთა კრებაზე დანიშნული იქნა გაკოტრების მმართველი გულადი ჯაჯანიძე. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა დაინტერესებული პირის შალვა შანიძის წარმომადგენელმა ზვიადი გადელიამ, მოითხოვა მისი გაუქმება და გაკოტრების მმართველად აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნა.
სასამართლოს მიერ კერძო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი და დადგენილი იქნა მისი ზეპირი განხილვა კრედიტორთა კრებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 აგვისტოს განჩინებით კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 07 აგვისტოს განჩინება გულადი ჯაჯანიძის შპს „,დოკ თბილისი თრეიდინგის“ გაკოტრების მმართველად დანიშვნის შესახებ. საზოგადოების მიმართ აღსდგა თავდაპირველი მდგომარეობა. კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 1998 წლის 25 დეკემბერს თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს წარედგინა კრედიტორის შპს „დოკერილ თრეიდინგ კომპანის“ განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შეასახებ, 1999 წლის 05 თებერვალს დროებით გაკოტრების მმართველად დაინიშნა გია გაგნიძე, მოვალის წარმომადგენელმა თამაზ ჩხიკვიშვილმა შეიტანა საჩივარი, რაც დარჩა განუხილველი. შემდეგ კრედიტორის წარმომადგენლის მიერ იქნა წარდგენილი საჩივარი, 2000 წლის 15 თებერვლის მთაწმინდის სასამართლოს განჩინებით გაუქმდა გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა. აღნიშნული განჩინება გასაჩივრდა, რაზეც საოლქო სასამართლოს 2000 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით გაუქმდა უარის თქმის განჩინება და განცხადება ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სასამართლოს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 15 თებერვლის განჩინებით საოლქო სასამართლოს განჩინება დარჩა უცვლელი. აღნიშნულის შესახებ ეცნობა კრედიტორს. განცხადებაზე სასამართლოს ხელახლა აღარ უმსჯელია.
2015 წლის 04 ივნისს მოვალის შპს ,,დოკ თბილის თრეიდინგის" წარმომადგენელმა მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა 2000 წლის 23 მარტის გადაწყვეტილების გადაცემა. რის გამოც კანცელარიის სპეციალისტის მიერ საერთო სასამართლოების დეპარტამენტიდან გამოთხოვილი იქნა საქმე, საქმის გადმოცემისას აღმოჩნდა, რომ განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ ხელახლა უნდა განხილულიყო, სასამართლოს მიერ დაინიშნა კრედიტორთა კრება, მასალების წარმოდგენის მიზნით შეწყდა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოვალის მიერ ხდებოდა მასალების მოძიება, რადგან მისივე განმარტებით კრედიტორს აღარ ჰქონდა ინტერესი საქმის მიმართ. მიუხედავად ამ განცხადებისა, სასამართლოს მიერ მოწვეული იქნა კრედიტორთა პირველი კრება გადახდისუუნარობის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, კრებაზე სასამართლომ დანიშნა გაკოტრების მმართველი, რაც სავარაუდო კრედიტორის შალვა შანიძის მიერ იქნა გასაჩივრებული და სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია რა კერძო საჩივარი, გააუქმა იგი.
ამავე დროს სასამართლომ განმარტა, რომ 2007 წლის 15 აგვისტოდან ამოქმედდა ახალი კანონი ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ,“ ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნა ცნობილი ,,გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქრთველოს 1996 წლის 25 ივნისის კანონი.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის თანახმად ,,ეს კანონი ვრცელდება მხოლოდ იმ გადახდისუუნარობის საქმეებზე, რომლებზედაც გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება შეტანილი იქნება ამ კანონის ამოქმედების შემდეგ.
იმ გადახდისუუნარობის საქმეების მიმართ, რომლებზედაც გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება შეტანილია „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 25 ივნისის კანონის შესაბამისად, გაკოტრების და რეაბილიტაციის პროცესი უნდა დასრულდეს ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში.
ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესში და გაკოტრების რეჟიმში მყოფი სუბიექტების მიმართ შეწყდება „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 25 ივნისის კანონის მოქმედების გავრცელება და ისინი ვალდებულნი იქნებიან დაიწყონ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება ამ კანონის შესაბამისად.
სასამართლოს მიიჩნია, რომ ვინაიდან ძველი კანონის მოქმედების პერიოდში ვერ მოხდა საქმის დასრულება, განცხადება დაბრუნებული იქნა ხელახლა განსახილველად და იგი განხილული უნდა ყოფილიყო ახალი კანონის შესაბამისად, კანონის მე-13 მუხლის თანახმად გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის საფუძველია მოვალის გადახდისუუნარობა ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობა. განცხადების შეტანის უფლება აქვთ მოვალეს, კრედიტორებს და სხვა სუბიექტებს.
კონკრეტულ შემთხვევაში ახალი კანონის მიხედვით მოვალეს შეუძლია მოითხოვოს გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა, ხოლო კრედიტორს ან კრედიტორებს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება. განცხადება მოვალე ,,დოკ თბილისი თრეიდინგის’’ მიმართ შემოტანილი აქვს კრედიტორს, რომელიც ითხოვდა გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებას. შესაბამისად, აღნიშნულ საქმეზე უნდა გავრცელებულიყო ახალი კანონის მოქმედება და საკითხი გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ უნდა გადაწყვეტილიყო იმ პროცესუალური მოქმედებების მიხედვით, რასაც ახალი კანონი ითვალისწინებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 05 სექტემბრის განჩინებით განმცხადებელს შპს „დოკერილ თრეიდინგ კომპანი DOC –ჯგუფის საწარმო“ დირექტორი - ვოლფ განგ დოკერილის დაუდგინდა ხარვეზი, ხარვეზის გამოსწორების მიზნით განმცხადებელს დაევალა, სასამართლოს წარმოუდგინოს საპროცესო ხარჯის 5000 ლარის და სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, განცხადებაში დააზუსტოს მოთხოვნა, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად. ხარვეზის გამოსწორების მიზნით განმცხადებელს განესაზღვრა განჩინების გადაცემიდან 5 სამუშაო დღე.
ზემოაღნიშნული განჩინება შპს ,,დოკერილ თრეიდინგ კომპანია DOC-ჯგუფის საწარმოს“ დირექტორს ვოლფგანგ დოკერილს ჩაბარდა 2018 წლის 03 დეკემბერს (ტომი N9, ს.ფ. 44), თუმცა განმცხადებელს აღნიშნული ხარვეზის შევსების მიზნით ან დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე სასამართლოსთვის არ მოუმართავს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 2017 წლის 19 სექტემბერს შალვა შანიძის წარმომადგენელმა წარმოდგინა 2 კერძო საჩივარი, რომლებითაც გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 აგვისტოს და 2017 წლის 05 სექტემბრის განჩინებები. შალვა შანიძემ წარმოდგენილი საჩივრებით მოითხოვა: 1. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 05 სექტემბრის განჩინება, ვინაიდან საჩივრის ავტორის განმარტებით სასამართლოს მიერ შპს "დოკერილ თრეიდინგი კომპანი DOC-ჯგუფის საწარმოს" გადახდისუუნარობის განცხადებაზე ხარვეზის ჩანიშვნა არასწორია. ამასთან საჩივრის ავტორმა შუამდგომლობის სახით მოითხოვა მოვალეს აეკრძალოს ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა, განმცხადებელს დაენიშნოს საპროცესო წარმომადგენელი, ხოლო მეურვედ დანიშნულ იქნეს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო. 2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 აგვისტოს განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც შპს "დოკ თბილისი თრეიდინგის მიმართ მიმდინარე წარმოება დარჩა მეურვის გარეშე" და მეურვედ დაინიშნოს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 იანვრის განჩინებით შალვა შანიძის წარმომადგენლის ზვიად გადელიას კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 აგვისტოს და 05 სექტემბრის განჩინებების გაუქმების თაობაზე დაუსაბუთებლობის გამო საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 09 ივლისის განჩინებით შალვა შანიძის კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 აგვისტოს და 2017 წლის 05 სექტემბრის განჩინებები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოდან გამოთხოვილ იქნა აღნიშნული საქმე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოდგენილ იქნა 2019 წლის 19 აპრილს.
სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი მასალები და მიაჩნია, რომ ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად არ არსებობს განცხადების წარმოებაში მიღების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას არსებული ხარვეზის თაობაზე და განმცხადებელს გამოსასწორებლად აძლევს 5 სამუშაო დღის ვადას. თუ განმცხადებელი აღნიშნულ ვადაში გამოასწორებს ხარვეზს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე და მას განმცხადებელს დაუბრუნებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 05 სექტემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი შპს ,,დოკერილ თრეიდინგ კომპანია DOC-ჯგუფის საწარმოს“ დირექტორის ვოლფგანგ დოკერილის მიერ არ იქნა შევსებული და არც დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე მოთხოვნით არ მოუმართავს სასამართლოსთვის. შესაბაბისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ განმცხადებელს შპს ,,დოკერილ თრეიდინგ კომპანია DOC-ჯგუფის საწარმოს“ დირექტორს ვოლფგანგ დოკერილს უარი უნდა ეთქვას განცხადების მიღებაზე.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-5, მე-7, მე-8, მე-16, მე-19, მე-20, მე-40 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დაადგინა
1. შპს ,,დოკერილ თრეიდინგ კომპანია DOC-ჯგუფის საწარმოს“ დირექტორს ვოლფგანგ დოკერილს უარი ეთქვას შპს ,,დოკ თბილისი თრეიდინგის" (ს/კ 203834324) მიმართ გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე.
2. შპს ,,დოკ თბილისი თრეიდინგს" (ს/კ 203834324) დაუბრუნდეს 1998 წლის 25 დეკემბერს როინ მიგრიაულის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 5000 (ხუთი ათასი) ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: კოდი: 103854465; გადამხდელის ბანკი - აბსოლუტი, ქ. თბილისი; მიმღები - ქ. თბილისის მთაწმინდის რ-ნის ბიუჯეტი, დებეტი ანგ N02519; კრედიტი ანგ. 410130025, DTC (Hamburg) გაკოტრების საქმისათვის სასამართლოში.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და სასამართლოს ვერგვერდზე.
4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა 5 დღის ვადაში მხარის მიერ ან იმ პირის მიერ, რომელსაც ეხება ეს განჩინება განჩინების გადაცემის ან გამოცემის დღიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი).
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი.