საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№343
სარეგისტრაციო კოდი
470000000.10.003.021361
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/07/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №343

2019 წლის 18 ივლისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგია“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე
📎 დანართები (1)
danart_343_2019.doc DOC

საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგია

|[pic] |

თბილისი

2019

შინაარსი

1. შესავალი

1.1. მაღალმთიანი დასახლებების მნიშვნელობა ქვეყნის მდგრადი განვითარებისათვის

1.2. საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიის ადგილი სახელმწიფო სტრატეგიების იერარქიაში და სტრატეგიების კავშირი მაღალმთიანი დასახლებების განვითარებასთან

2. არსებული სიტუაციის ანალიზი

2.1 მაღალმთიანი დასახლებები საქართველოში

2.2. მაღალმთიანი დასახლებების მოსახლეობა

2.3. გენდერული თანასწორობა

2.4. მაღალმთიანი დასახლებების ეკონომიკური პროფილი

2.5. მაღალმთიანი დასახლებების ტურისტული შესაძლებლობები

2.6.მაღალმთიანი დასახლებების სოფლის მეურნეობა

2.7. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა

2.8. კომუნალური და საკომუნიკაციო სერვისები მაღალმთიან დასახლებებში

2.9. ჯანმრთელობა და სოციალური დაცვა მაღალმთიან დასახლებებში

2.10. განათლება და ცოდნის დონე მაღალმთიან დასახლებებში

2.11. კულტურა და სპორტი მაღალმთიან დასახლებებში

2.12. ბუნებრივი რესურსების ეფექტიანი მოხმარება და კატასტროფების რისკის მართვა

2.13. კავშირგაბმულობა, საჯარო სერვისებზე ხელმისაწვდომობა და მოქალაქეთა ჩართულობა

2.14.მაღალმთიანი დასახლებები რეგიონების მიხედვით

2.15. დასკვნები

3. მაღალმთიანი დასახლებების SWOT ანალიზი (ძლიერი და სუსტი მხარეების, შესაძლებლობებისა და რისკების შეფასება)

4. ხედვა

5. სტრატეგიული მიზნები და ამოცანები

სტრატეგიული მიზანი 1. მაღალმთიანი დასახლებების მდგრადი განვითარება

ამოცანა 1: ტურიზმის განვითარების მხარდაჭერა

ამოცანა 2: სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა

ამოცანა 3: სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერა

ამოცანა 4: საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა

ამოცანა 5: გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მართვა

სტრატეგიული მიზანი 2. მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთა სოციალური მხარდაჭერა

ამოცანა 6: ჯანდაცვის ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობა

ამოცანა 7: ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა

ამოცანა 8: დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესების ხელშეწყობა

ამოცანა 9: კომუნალური და საკომუნიკაციო სერვისების ხელმისაწვდომობა

ამოცანა 10: ახალგაზრდების მხარდაჭერა

ამოცანა 11: კულტურულ-სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება

სტრატეგიული მიზანი 3. მაღალმთიან დასახლებებში სერვისების ხელმისაწვდომობა

ამოცანა 12: მართვისა და მომსახურების ინოვაციური სისტემების დანერგვა

ამოცანა 13: საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა

6. განხორციელებისა და მართვის მექანიზმი

7. ანგარიშგება, მონიტორინგი და შეფასება

შესავალი

1.1.1. მაღალმთიანი დასახლებების მნიშვნელობა ქვეყნის მდგრადი განვითარებისათვის

საქართველოს მაღალმთიანი დასახლებები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგანაც და დაბლობის საცხოვრებელი არეალებისგანაც როგორც ბუნებრივი, ეკონომიკური და სასოფლო-სამეურნეო რესურსებით, ასევე სოციალური პირობებითა და ეთნო-კულტურული თავისებურებებით.

მიწის გამოფიტვა, კლიმატის ცვლილებები, რესურსების არამდგრადი გამოყენება აუარესებს საცხოვრებელ და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის პირობებს მაღალმთიან დასახლებებში. მთის მაცხოვრებლები უფრო მოწყვლადნი არიან ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული რისკებისადმი (მეწყერები, ღვარცოფები, ზვავები), ვიდრე ბარის მაცხოვრებლები. ეკონომიკური შესაძლებლობების გამოყენება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რევიტალიზაცია, საჯარო და კერძო სექტორის სერვისებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობა გართულებულია არსებული ინფრასტრუქტურის მდგომარეობისა და ბუნებრივ-კლიმატური პირობების გამო. ყოველივე ეს ხელს უწყობს მოსახლეობის მიგრაციის ზრდას მაღალმთიანი დასახლებებიდან.

ასეთ პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საგანგებო პოლიტიკის გატარება მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებ პირთა კეთილდღეობისა და ცხოვრების დონის ასამაღლებლად თუ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

მაღალმთიანი რეგიონების მიმართ განხორციელებული პოლიტიკა[1] ქვეყნის რეგიონული განვითარების პოლიტიკის ნაწილია და მიმართულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფისაკენ, ასევე, მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებ პირთა სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გადაჭრისაკენ.

მაღალმთიანი რეგიონების განვითრებისათვის კანონის მიერ განსაკუთრებული პირობების შექმნის საფუძველი განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მესამე პუნქტში. მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პირთა კეთილდღეობის, ცხოვრების დონის ამაღლების, დასაქმების ხელშეწყობის, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად შეღავათებს განსაზღვრავს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი. შეღავათებს იღებენ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები ფიზიკური პირები და მაღალმთიანი დასახლების საწარმოები.

საერთაშორისო ორგანიზაციებმა აღიარეს მთის განვითარებისათვის განსაკუთრებული პოლიტიკის გატარების საჭიროება. 2012 წელს რიო-დე-ჟანეიროში გამართულ მდგრად განვითარებასთან დაკავშირებულ გაერთიანებული ერების კონფერენციაზე კვლავ დადასტურდა მაღალმთიან რეგიონებში მდგრადი განვითარების აუცილებლობა. ეს ვალდებულება გამყარდა შემაჯამებელი დეკლარაციის მიღებითაც. საქართველოს მთავრობა მიერთებულია „რიო +20-ის“ 2012 წლის №66/288 დეკლარაციას „მომავალი, რომელიც გვინდა“ და, შესაბამისად, აღებული აქვს მთის რეგიონების მდგრადი განვითარების ვალდებულება საერთაშორისო დონეზე[2].

„საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგია 2019-2023“ მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონების ინკლუზიური და მდგრადი განვითარების სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბებას, მაღალმთიანი დასახლებების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და არსებული პოტენციალის ანალიზის საფუძველზე. ამით ესწრაფვის საქართველოს მოქალაქეებისათვის თანასწორი შესაძლებლობების გაჩენას, ცხოვრების დონის გაუმჯობესებას, საერთო კეთილდღეობის ამაღლებასა და ქვეყნის ტერიტორიის თანაბარი სოციალური და ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფას. ასევე, აღნიშნული დოკუმენტი ქმნის საფუძველს სპეციალური სახელმწიფო პროგრამების განხორციელებისთვის ამ მიმართულებით.

სტრატეგიის მოსამზადებლად ჩატარებული კვლევები, შეგროვებული დოკუმენტები და მონაცემები, გამოთქმული მოსაზრებები შეჯერდა მაღალმთიანი დასახლებების განვითარებასთან დაკავშირებულ კანონმდებლობასა და ქვეყნის სხვა სტრატეგიებთან. ასევე, არსებული სიტუაციის ანალიზი, გამოწვევები, ხედვა და ამოცანები შემუშავდა დაინტერესებულ მხარეებთან ინტენსიური კონსულტაციების საფუძველზე. ანალიზის შედეგად გამოვლინდა მაღალი, საშუალო და დაბალი ინტერესისა და გავლენის მქონე ხელისუფლების ორგანოები, აკადემიური წრეები, კერძო სექტორი, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები. მათთან მჭიდრო თანამშრომლობა და კონსულტაციები სტრატეგიის განხორციელებისასაც გაგრძელდება. გავლენისა და ინტერესის დონეების მიხედვით, სტრატეგიის განხორციელებაზე პასუხისმგებელ სტრუქტურებს განსხვავებული თანამშრომლობის ფორმები ექნებათ დაინტერესებულ მხარეებთან.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შეიმუშავა სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის საბოლოო ვერსია, მთის ეროვნული საბჭოსა და სამუშაო ჯგუფის შეხვედრებზე გამოთქმული მოსაზრებებისა და წინადადებების გათვალისწინებით.

1.2. საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიის ადგილი სახელმწიფო სტრატეგიების იერარქიაში და სტრატეგიების კავშირი მაღალმთიანი დასახლებების განვითარებასთან

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 ივნისის №400 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია – საქართველო 2020“ განსაზღვრავს პრიორიტეტულ ამოცანებს საქართველოში ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მთავარ შემაფერხებელ ფაქტორთა გადასაჭრელად. სტრატეგიის მიზნებისათვის, მაღალმთიან რეგიონებში სტიქიური მოვლენების თავიდან ასაცილებლად გათვალისწინებულია ადრეული გაფრთხილების თანამედროვე სისტემების დანერგვა, ხოლო შედეგების შესამცირებლად – სხვადასხვა ღონისძიებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება. მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები განსაკუთრებით მოწყვლადი მოსახლეობის ინკლუზიურობის ხელშესაწყობად დაგეგმილია ჯანდაცვის ინფრასტრუქტურისა და სერვისის მიწოდების არსებული სისტემების გაუმჯობესება.

ქვეყნის მაღალმთიანი დასახლებების განვითარებას რეგიონული განვითარების კონტექსტში განიხილავს საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 ივნისის №1292 განკარგულებით დამტკიცებული „საქართველოს რეგიონული განვითარების 2018-2021 წლების პროგრამა“. მისი მთავარი მიზნები ქვეყნის რეგიონების დაბალანსებულ განვითარებასა და მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლებას უკავშირდება. პროგრამა ერთ-ერთ პრიორიტეტად ასახელებს ენდოგენური განვითარების საფუძველზე კონკრეტული ტერიტორიების, მათ შორის, მაღალმთიანი დასახლებების მხარდაჭერას. პრიორიტეტულ მიმართულებათა შორისაა მაღალმთიან რეგიონებში სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობის შემცირება, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა და ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესება. აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები მიმართულია, მათ შორის, მაღალმთიან დასახლებებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, საავტომობილო გზების, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების გამართვაზე. ამასთან, მნიშვნელობა ენიჭება დასახლებათა ეკონომიკური აქტივობის წახალისებასა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის მომსახურების ხელმისაწვდომობის მოწესრიგებას.

ქვეყნის სივრცითი მოწყობის გენერალური სქემით განისაზღვრება ქვეყნის სივრცით-ტერიტორიული სტრუქტურა, მათ შორის, განსახლებისა და დასახლებათა სტრუქტურისა და განვითარების ცენტრების იერარქია.

ქვეყნის სექტორული სტრატეგიები ასევე მოიცავს მაღალმთიანი დასახლებების განვითარებისთვის მნიშვნელოვან მიზნებსა და ღონისძიებებს. კერძოდ,

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 თებერვლის №167 განკარგულებით დამტკიცებული „საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია 2015-2020 წ.წ.“ ითვალისწინებს სოფლის განვითარების პოლიტიკისა და ერთიანი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბებას, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამოქმედო გეგმის შემუშავებას მაღალმთიანი რეგიონების განვითარებისათვის;

მაღალმთიან დასახლებათა აბსოლუტური უმრავლესობა სოფლისა და დაბის კატეგორიისაა. მათი განვითარების პოლიტიკას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №631 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს სოფლის განვითარების სტრატეგია 2017-2020“, რომელიც მიზნად ისახავს სოფლის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხისა და სოციალური მდგომარეობის მუდმივ ზრდას, რაც მიიღწევა ეკონომიკური შესაძლებლობების მრავალფეროვნებით, სოციალური სიკეთეების ხელმისაწვდომობით, მდიდარი კულტურული ცხოვრებით, გარემოს დაცვითა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენებით, კულტურის რესურსების ეფექტიანი მართვით.

-„2016-2030 წლების ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია“ და 2016-2020 წლების სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ნარჩენების შეგროვების ეფექტიანი სისტემის შექმნას, ახალი ნაგავსაყრელების მშენებლობასა და გადამტვირთავი სადგურების მოწყობას იმ მუნიციპალიტეტებისთვის, რომლებშიც მაღალმთიანი დასახლებებია. აგრეთვე, სამთო- მოპოვებითი მრეწველობით დაბინძურებულ ადგილებში არსებული ნარჩენების უსაფრთხო განთავსებას.

- საქართველოს მთავრობის 2016 წლის პირველი აპრილის №160 დადგენილებით დამტკიცებული ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნული სტრატეგია და 2016-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ნარჩენების შეგროვების ეფექტიანი სისტემის შექმნას, ახალი ნაგავსაყრელების მშენებლობასა და გადამტვირთავი სადგურების მოწყობას იმ მუნიციპალიტეტებისთვის, რომლებშიც მაღალმთიანი დასახლებებია. აგრეთვე, სამთო- მოპოვებითი მრეწველობით დაბინძურებულ ადგილებში არსებული ნარჩენების უსაფრთხო განთავსებას.

- ტყის მასივების უდიდესი ნაწილი მაღალმთიან დასახლებათა ტერიტორიაზეა. ამდენად, მათ მდგომარეობაზე დადებით გავლენას მოახდენს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „ეროვნული სატყეო კონცეფცია“, რომლის ფარგლებშიც ჩამოყალიბდება ტყით სარგებლობისა და ტყის მდგრადი მართვის სისტემა. იგი უზრუნველყოფს საქართველოში ტყეების რაოდენობრივი თუ ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას, ბიომრავალფეროვნების დაცვასა და ტყეების ეკონომიკური პოტენციალის ეფექტიან გამოყენებას, მათი ეკოლოგიური ფასეულობების გათვალისწინებით.

- მოსახლეობის დაბერებისა და დემოგრაფიული უსაფრთხოების საკითხები მეტად მნიშვნელოვანია მაღალმთიანი დასახლებებისათვის. ამ მხრივ პრობლემების გადაჭრას ხელს შეუწყობს ღონისძიებები, რომლებსაც განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის მიერ დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფცია“ და „საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფცია“.

- მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება მნიშვნელოვანია მთლიანი ქვეყნისა და, განსაკუთრებით, მაღალმთიანი დასახლებებისათვის. მათ ეკონომიკურ ზრდაზე დადებითად იმოქმედებს „2016-2020 წლებისათვის საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიით“ განსაზღვრული ამოცანების განხორციელება.

2. არსებული სიტუაციის ანალიზი

2.1 მაღალმთიანი დასახლებები საქართველოში

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით, მაღალმთიანი დასახლება არის საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ გათვალისწინებული დასახლება, რომელიც შეტანილია საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში.

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით, მაღალმთიანი დასახლებების იდენტიფიცირების პარამეტრები და კრიტერიუმები ეყრდნობა მათ მდებარეობას ჰიფსომეტრიული სიმაღლის მიხედვით. ამ კანონით, მაღალმთიანი დასახლების (ილუსტრაცია 1) სტატუსი მინიჭებული აქვთ ზღვის დონიდან 1 500 მეტრ და მეტ სიმაღლეზე მდებარე დასახლებებს, ასევე, საქართველოს შემდეგ ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეებში მდებარე დასახლებებს: ხევი, მთიულეთი, პანკისის ხეობა, მაღალმთიანი აჭარა, გუდამაყრის ხეობა, ფშავ-ხევსურეთი, თუშეთი, ზემო სვანეთი, ქვემო სვანეთი, ლეჩხუმი, რაჭა. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს ზღვის დონიდან 1 500 მეტრ სიმაღლეზე ქვემოთ მდებარე დასახლებასაც, რომელიც აკმაყოფილებს კანონით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს.

|ილუსტრაცია 1. მაღალმთიანი დასახლებები სიმაღლეების მიხედვით, მეტრი |

| |

|წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო |

სტრატეგიის მომზადების პერიოდისთვის, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული ჰქონდა 43 მუნიციპალიტეტში მდებარე 1731 დასახლებას. მაღალმთიან დასახლებათაგან ყველაზე მეტი – 697 – ზღვის დონიდან 1000 მეტრიდან 1500 მეტრამდე მდებარეობს (40%), ზღვის დონიდან 1 000 მეტრამდეა 522 დასახლება (30%), ხოლო ზღვის დონიდან 1 500 მეტრს ზემოთ – 512 (30 %).

კანონით განსაზღვრულ მაღალმთიან ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეთაგან ყველაზე მეტი დიდ კავკასიონზეა: აღმოსავლეთ (მუნიციპალიტეტები: ყაზბეგი, დუშეთი, თიანეთი, მცხეთა, ახმეტა) და დასავლეთ კავკასიონზე (მუნიციპალიტეტები: მესტია, ლენტეხი, ცაგერი, ამბროლაური, ონი, წყალტუბო, ყაზბეგი, დუშეთი, თიანეთი, მცხეთა, ახმეტა). უფრო ნაკლებია მცირე კავკასიონზე (მუნიციპალიტეტები: ქედა, ხულო, შუახევი, ჩოხატაური, წალკა, დმანისი, ბოლნისი, თეთრიწყარო, ბორჯომი, ახალციხე, ადიგენი, ასპინძა, ნინოწმინდა, ახალქალაქი). დასავლეთ საქართველოში ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეები ძირითადად ემთხვევა მუნიციპალიტეტების საზღვრებს. გამონაკლისია ლეჩხუმი, რომლის რამდენიმე დასახლება წყალტუბოს მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. აჭარის მაღალმთიანეთში სამი მუნიციპალიტეტია (ქედა, შუახევი, ხულო).

მაღალმთიან დასახლებათა შორის უმეტესობა სოფლის კატეგორიისაა (98.5%, 1 705 სოფელი), მცირე რაოდენობით კი – დაბის (1%, 17 დაბა) და ქალაქის (0.5%, 8 ქალაქი) ტიპის.

სათანადო საცხოვრებელი პირობების ან სამუშაო ადგილების არარსებობის გამო, მაღალმთიან დასახლებათა ნაწილისათვის დამახასიათებელია სეზონური შრომითი მიგრაცია – ზოგიერთ დასახლებაში მოსახლეობა მთელი წლის განმავლობაში 9 თვეზე ნაკლებს ატარებს. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრიდან ფაქტობრივ მოწყვეტილობას განსაზღვრავს პერიფერიულობის კოეფიციენტი. ეს კოეფიციენტი მაღალია დასახლებათა 40%-თვის, რასაც, უმეტეს შემთხვევაში, გზის სირთულე განაპირობებს.

მცირე დასახლებათა მოსახლეობა ეკონომიკურად და სერვისებზე ხელმისაწვდომობის მხრივ დამოკიდებულია ახლომდებარე ურბანულ ცენტრებსა და კურორტებზე, თუნდაც ისინი არ შედიოდნენ იმავე მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში. მაგალითად, გურიის მაღალმთიანი დასახლებები დაკავშირებულია, როგორც ჩოხატაურის, ისე ბათუმის ბაზრებთან. კავშირების გაძლიერება და ახალი ურთიერთობების განვითარება მაღალმთიან დასახლებებს შეუქმნის ეკონომიკის ზრდის ახალ შესაძლებლობებს. ამასთან, მათ ინტეგრირებას ქვეყნის სხვა დასახლებებთან ხელს შეუწყობს საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცხადებული[3] სივრცითი კარკასის შექმნა, რომელიც შემდეგი ღერძებისაგან შედგება (ილუსტრაცია 2):

• „ჩრდილოეთის ხერხემალი“, რომელიც ერთმანეთს დააკავშირებს დიდი კავკასიონის დასახლებებს;

• ბათუმი-ახალციხე-თბილისის ღერძი, რომელიც სამხრეთი კავკასიონის მაღალმთიან დასახლებებს დააკავშირებს ერთმანეთთან და თბილისთან;

• ქუთაისზე გამავალი ჩრდილოეთ-სამხრეთის ღერძი, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს დიდი კავკასიონის, მცირე კავკასიონისა და მთათაშორისი ბარის არეალების დასახლებებს და მათ შორის მაღალმთიან დასახლებებს;

• თბილისზე გამავალი ლარსი-გარდაბნის ღერძი, რომელიც მცხეთა-მთიანეთის ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეებს დააკავშირებს თბილისთან.

|ილუსტრაცია 2. საქართველოს სივრცითი კარკასი და ღერძები |

|[pic] |[pic] |

|[pic] |[pic] |

| |[pic] | |

|წყარო: http://gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=434&info_id=57765 |

2.2. მაღალმთიანი დასახლებების მოსახლეობა

2014 წლის აღწერის მონაცემებით, მაღალმთიანი დასახლებების სტატუსის მქონე დასახლებებში დაახლოებით 331.4 ათასი ადამიანი ცხოვრობს, რაც 2002 წლის აღწერის მონაცემებთან შედარებით 28%-ით ნაკლებია. ამასთან, მაღალმთიან დასახლებათა მაცხოვრებლების წილი ქვეყნის მოსახლეობაში 2002 და 2014 წლებს შორის თითქმის არ შემცირებულა და მთელი მოსახლეობის დაახლოებით 9%-ს შეადგენს.

საქართველოს მაღალმთიან დასახლებათა მოსახლეობის დაახლოებით 32,3% (107 065) ცხოვრობს ზღვის დონიდან 1500 მ-ზე ზემოთ; 52,1% (172 540) – მცირე კავკასიონის არეალში, 33,7% (111 827) – დიდი კავკასიონის არეალში, ხოლო მთათაშორის ბარში – 14,2% (47 049).

მაღალმთიან ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეებში ცხოვრობს მაღალმთიანი დასახლებების მცხოვრებთა 35,5% (117 795), აქედან ყველაზე მეტი – 47,8% (56 219) მაცხოვრებელი მაღალმთიან აჭარაშია.

მაღალმთიანი დასახლებების მცირე ნაწილი ურბანული ტიპისაა (26 ქალაქი და დაბა). აქ მაცხოვრებელთა წილი მაღალმთიანი დასახლებების მთლიან მოსახლეობაში 15,3%-ს შეადგენს (50 537 მცხოვრები). 1 000 და მეტი მოსახლით მაღალმთიანი დასახლებების 53% (51-დან 27 დასახლება) აჭარასა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებშია. ასეთი დასახლებების თანაბარი რაოდენობაა დიდი კავკასიონის დასავლეთ (4) და აღმოსავლეთ (5) ნაწილებში. ამასთან, დიდ კავკასიონზე ყველაზე მრავალრიცხოვან მაღალმთიან დასახლებაში მოსახლეობა 2,7 ათასს არ აღემატება.

მოსახლეობისგან დაცლის (დეპოპულაციის) პრობლემა ყველაზე მწვავედ დიდი კავკასიონის მაღალმთიან დასახლებებში დგას. ბოლო აღწერებს შორის პერიოდში, მოსახლეობის რიცხოვნობის ყველაზე მასშტაბური შემცირება, საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით, აღინიშნა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში (37,4პროცენტი)[4],[5].

დასახლებები, სადაც 10 და ნაკლები მაცხოვრებელია, ყველაზე ცოტაა მცირე კავკასიონზე (25). დიდი კავკასიონის დასავლეთ ნაწილში ასეთი 56 დასახლებაა, აღმოსავლეთ ნაწილში კი ყველაზე მეტია – 227. სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით, მაღალია მოსახლეობის სიმჭიდროვე ახალქალაქის, დმანისის, აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტებში.

მაღალმთიან დასახლებათა უმეტესობაში შესამჩნევია მოსახლეობის დაბერება და მოსახლეობის დემოგრაფიული ტვირთის[6] ზრდა. 2014 წლის აღწერის მონაცემებით, საქართველოში საშუალო ასაკი 38,1 წელს შეადგენს, მაღალმთიანი დასახლებების 48,7 %-ში საშუალო ასაკი ამ მაჩვენებელს აღემატება. ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (48,2 წელი)[7]. მოსახლეობის დაბერება ყველაზე მეტად გამოხატულია ამ რეგიონში: დაახლოებით, 53% გადაცილებულია 50 წლის ასაკს; ამავე რეგიონში ძირითადი რეპროდუქციული ასაკის (25-44 წლამდე ასაკის) მოსახლეობის წილი 20%-ზე ნაკლებია[8].

მოსახლეობის სტრუქტურული დაბერების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ახალგაზრდა და შრომისუნარიანი მაცხოვრებლების მიგრაციაა. მაღალმთიანი დასახლებებიდან მიგრაციის მიზეზებად სტიქიური უბედურების სიხშირის ზრდა, დასაქმებასა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის პრობლემა სახელდება[9].

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით, მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში 9 თვის და მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრობს ასეთ არეალში, ენიჭება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი. კანონმდებლობით მათთვის გათვალისწინებულია შემდეგი სოციალური და საგადასახადო შეღავათები: დანამატი სახელმწიფო პენსიაზე, დანამატი სოციალურ პაკეტზე, ფულადი დახმარება შვილის შეძენის შემთხვევაში, სახელფასო დანამატი მასწავლებლებს, მწვრთნელებს, ექიმებს და ექთნებს, მოხმარებული ელექტროენერგიის თანადაფინანსება, დასაქმებულთა და მეწარმე ფიზიკური პირების გათავისუფლება საშემოსავლო გადასახადიდან და მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე არსებული მიწის მესაკუთრეთა ქონების გადასახადისგან გათავისუფლება.

2.3. გენდერული თანასწორობა

ქალისა და კაცის გენდერული როლები, სტატუსი, ურთიერთობები, რესურსებზე ხელმისაწვდომობა დომინანტური კულტურიდან გამომდინარე განსხვავებულია მაღალმთიან რეგიონებში. მთაში მცხოვრები ადამიანები ყოველდღიური გამოწვევების წინაშე დგანან – ციცაბო და დამრეცი ფერდობები ზრდის წყლის, შეშის და საკვების შეგროვების ტვირთს. ქალის სამუშაო მოცულობა, სამეურნეო საქმიანობაში მონაწილეობასთან ერთად გადატვირთულია ბავშვის მოვლით, სახლის საქმეებით და სხვა ყოველდღიური აქტივობებით. საქართველოს მთიანეთში გამოიკვეთა, რომ ქალებში უფრო მეტია უმაღლესი განათლების მაჩვენებელი, მაგრამ მცირეა დასაქმების დონე. მაღალმთიან დასახლებებში განსაკუთრებით არის ძლიერი დისკრიმინაციული შეხედულებები ქალების მიმართ. ამის ერთ-ერთი მთავარი გამოვლინებაა შრომის განაწილება ოჯახში. ასევე დაბალია სხვადასხვა რესურსებზე ხელმისაწვდომობა, მაგალითად, უძრავ ქონებაზე.[10] გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, „ქალთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ გამოკითხულ მამრობითი სქესის რესპონდენტებთან შედარებით, მნიშვნელოვნად მცირეა იმ ქალთა რაოდენობა, რომლებიც უძრავ ქონებას ფლობენ (60% მამრობითი სქესი და 34% მდედრობითი სქესი), რაც, თავის მხრივ, მემკვიდრეობის პრობლემასთან არის დაკავშირებული – როგორც მამაკაცების, ასევე ქალების უმრავლესობის აზრით, ოჯახის მემკვიდრეობა ვაჟს უნდა გადაეცეს.“ [11]

ქალის და კაცის უთანასწორობა კიდევ უფრო ზრდის ჯანმრთელობის პრობლემებს, სიღარიბეს, ძალადობისადმი მოწყვლადობას. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ეს პრობლემა ბარში მცხოვრებ ქალებსაც უდგათ, მთაში ქალთა მდგომარეობა უფრო მყიფეა მკაცრი ბუნებრივი და კულტურული გარემოს გამო. მაგალითად, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ქალების და ჩვილთა კვება საქართველოს ბევრ რეგიონში, მათ შორის მაღალმთიანში ასევე ერთ-ერთი დიდი პრობლემაა. მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ორსულ ქალთა კვების საკითხი. სწორედ მეძუძურ და ორსულ ქალებშია ყველაზე მეტად გავრცელებული რკინის შემცველობის ნაკლებობა და ანემია, რაც ზრდის ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის რისკს.[12] ასევე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, უფრო მეტი ქალი აცხადებს, მამაკაცებთან შედარებით, რომ მათ აქვთ გარკვეული ქრონიკული დაავადებები/პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.[13]

მთაში ქალმა იცის, თუ როგორ გამოიყენოს რთული მთის ეკოსისტემის ბუნებრივი რესურსები. მათ ეს ცოდნა ადგებათ ოჯახზე ზრუნვისათვის და ექსტრემალურ სიტუაციებში ადაპტაციისას. მიუხედავად უზადო კონტრიბუციისა ოჯახის კეთილდღეობასა და თემის განვითარებაში, მათი ცოდნა და უნარები ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ აღიარებული და დაფასებული. ქალთა აუნაზღაურებელი შრომის აღიარებასა და შემცირებას ხელს უწყობს საბავშვო ბაღების რაოდენობის გაზრდა, ასევე, წყალმომარაგების პრობლემების გადაჭრა. UNDP-ის კვლევის მიხედვით დასტურდება, რომ სკოლებთან შედარებით უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა ბაღების სიმცირეა.[14] ბაღები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ როგორც სკოლამდელი აღზრდის მექანიზმი, არამედ ასევე ხელმისაწვდომობა საკვებზე. გარდა ამისა, სამუშაოს შესაძლებლობის შემთხვევაში, ბაღები აძლევს საშუალებას მშობელს იმუშაოს. როგორც UNICEF-ის კვლევიდან ჩანს, რაც უფრო მეტია ბავშვების რაოდენობა ოჯახებში, მით მეტია სიღარიბის და უმუშევრობის ალბათობა.[15]

მართალია, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულია ფულადი დახმარება ბავშვის დაბადებისათვის, რასაც ბენეფიციარები დადებითად აფასებენ, მაგრამ კვლავ გამოწვევად რჩება ოჯახებში ბავშვის განვითარებისათვის საჭირო რესურსების სიმცირე. იმისთვის, რომ სწორად მოხდეს ოჯახის დაგეგმვა და ის შესაბამისობაში იყოს არსებულ სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობასთან, აუცილებელია ქალთა გაძლიერება. ეს შეიძლება მოხდეს მიწის და ქონების მემკვიდრეობის საკითხების მოგვარების (ახლა მემკვიდრეობა, როგორც წესი, ვაჟზე გადადის), დასაქმების ხელშეწყობის (სკოლების გარდა ქალთა დასაქმება რეგიონებში მინიმალურია) და ბიზნესაქტივობის წახალისების საშუალებით. [16]

საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ გენდერული უთანასწორობა აფერხებს, რეგიონის, მათ შორის მაღალმთიანი რეგიონების მდგრად განვითარებას. ამიტომ მნიშვნელოვანია საბაზისო შესაძლებლობების განვითარება, თანაბარი შესაძლებლობების შექმნა ქალისათვის და კაცისათვის, განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებში. გენდერული პერსპექტივა აღიარებს, რომ წინაღობები, რომელსაც ქალები და კაცები აწყდებიან გამოწვეულია არა მხოლოდ მატერიალური რესურსების სიმცირით, არამედ ადამიანების სტატუსით, ურთიერთობებით, სტერეოტიპული ან დისკრიმინაციული დამოკიდებულებებით. განვითარების პროგრამებში გენდერული მეინსტრიმინგი ხელს უწყობს და აღიარებს ორივე სქესის, ქალისა და კაცის შესაძლებლობებსა და მათ წინაშე მდგარ გამოწვევებს, აიდენტიფიცირებს და აანალიზებს გენდერული უთანასწორობის გამომწვევ მიზეზებს და ითვალისწინებს ორივეს საჭიროებებს. ასევე აღსანიშნავია, რომ მთის მდგრად განვითარებაში დიდი როლი აქვს ქალის თანაბარ მონაწილეობას ადგილობრივ თვითმმართველობის განხორციელებაში.

2.4. მაღალმთიანი დასახლებების ეკონომიკური პროფილი

საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) დაახლოებით 49% თბილისზე მოდის. ამავე დროს, საქართველოს მშპ-ში ვაჭრობისა და მრეწველობის დარგების წილი 33%-ია. ეს დარგები, ძირითადად, დიდი ურბანული დასახლებებისთვის არის დამახასიათებელი, ამ ორი დარგის გარდა, საქართველოს რეგიონების წილი საქართველოს მშპ-ში 40%-ზე ნაკლებია. მაღალმთიანი დასახლებების ეკონომიკა დივერსიფიცირებული არ არის.

მაღალმთიანი დასახლებების მოსახლეობის ყველაზე მწვავე პრობლემა დაბალი შემოსავლები და უმუშევრობაა[17]. მოსახლეობის მხოლოდ 22% არის დასაქმებული ანაზღაურებად სამუშაოზე. შინამეურნეობების 51%-ისთვის შემოსავლების ძირითადი წყარო პენსია და სახელმწიფო დახმარებაა. ოჯახების 35%-ისთვის ყოველთვიური შემოსავალი 250 ლარს არ აღემატება. მაღალმთიანი დასახლებების უმრავლესობაში მოსახლეობის საქმიანობის და, შესაბამისად, შემოსავლების ძირითადი წყარო სოფლის მეურნეობაა.

ქვეყნის მასშტაბით, საოჯახო მეურნეობის ხარჯებში სურსათის წილი 41,4%-ია[18]. მაღალმთიან დასახლებებში კი საოჯახო მეურნეობათა 63%-ი საკვებ პროდუქტებზე ხარჯავს მთელი ხარჯების 50%-ზე მეტს; აქედან 22%-ისთვის სამომხმარებლო ხარჯების 75%-ზე მეტი სურსათზე მოდის, ხოლო საოჯახო მეურნეობათა 8%-ს საერთოდ არ ჰყოფნის შემოსავალი სურსათზე ხარჯებისთვის[19].

საოჯახო მეურნეობათა შემოსავალს ამცირებს მოწეული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შენახვისას პროდუქტის გაფუჭებით მიღებული დანაკარგი. შემოსავლების დაბალ დონეს[20] განაპირობებს პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებული ბარიერებიც, რომელთაგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბაზრების სიშორე, გადამამუშავებელი საწარმოების არარსებობა და ტრანსპორტირების სიძვირე.

ბიზნესსექტორის მაჩვენებლები მაღალმთიან დასახლებებში მნიშვნელოვნად ჩამორჩება ანალოგიურ მაჩვენებლებს საქართველოს დანარჩენ ტერიტორიებზე, ხოლო მთლიანი ქვეყნის შესაბამის მაჩვენებლებში უმნიშვნელო წილი უკავია[21]. მაღალმთიან დასახლებებში არსებულ საწარმოთა ბრუნვა და გამოშვება ქვეყნის მასშტაბით ანალოგიური მონაცემების 5-5%-ს არ აღემატება.[22] გამონაკლისია ტურისტული თვალსაზრისით პოპულარული მაღალმთიანი დასახლებები.

მაღალმთიან ტერიტორიებზე სამეწარმეო სექტორში დასაქმებულთა, ასევე დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა მცირეა, ანალოგიურ მაჩვენებლებში ქვეყნის მასშტაბით უმნიშვნელო ადგილი უკავია და 5%-ს არ აღემატება.

მაღალმთიან რეგიონებში მეწარმეობის განვითარების ხელშესაწყობად სახელმწიფომ 2016 წელს 7 825 506 ლარის ოდენობის გრანტები გასცა და 1 102 პროექტი დააფინანსა, ხოლო 2017 წელს 7 345 700 ლარით – 1 003 პროექტი. აღნიშნული დახმარება შესაძლებელი გახდა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის კომპონენტის ფარგლებში (ილუსტრაცია 3). პროექტები მოიცავს როგორც სოფლის მეურნეობის და წარმოების, ასევე მომსახურების სექტორსაც. მხარდაჭერილია პროექტები მეფუტკრეობის, მეღვინეობის, მეცხოველეობის, მემცენარეობის, სასათბურე მეურნეობის, სამშენებლო მასალების წარმოების, სასტუმრო ბიზნესის, ავტომობილების მომსახურების, საკადასტრო მომსახურების, ვაჭრობის და სხვა მიმართულებებით. აღსანიშნავია, რომ პროგრამა მოიცავს სხვადასხვა მიმართულების ტექნიკურ დახმარებასაც ბენეფიციართათვის როგორც ბიზნესის დაწყებამდე, ასევე დაწყების შემდგომაც; მათ შორის, მენეჯმენტის, მარკეტინგის, ფინანსების მართვის და ა.შ. მიმართულებებით. პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ მოიცავს ტურიზმის კომპონენტს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია დაფინანსების მიღება მაღალმთიან დასახლებებში ახალი სასტუმროების მშენებლობისა ან/და არსებულის გაფართოებისათვის.

ცხრილი1. „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში გრანტით დაფინანსებული მეწარმე-სუბიექტები, ლარი

|რეგიონი |პროექტების რაოდენობა |ბენეფიციარების რაოდენობა |გაცემული თანხა ლარში |

|წელი |

|[pic] |

|წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო |

მაღალმთიან დასახლებებში მიწის დახრილობის საშუალო გრადუსი (ილუსტრაცია 4) მაღალია დასავლეთ საქართველოში, სადაც 20-გრადუსიანი დახრილობა უკვე ზღვის დონიდან 800 მეტრიდან იწყება. აღმოსავლეთ საქართველოში კი 20-გრადუსიანი დახრილობა ზღვის დონიდან 2000 მეტრი სიმაღლიდან ფიქსირდება. მაღალმთიანი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეებიდან საშუალო დახრილობა ყველაზე დაბალი მაღალმთიან აჭარასა და რაჭაშია. მაღალი, საშუალო დახრილობით გამოირჩევა აღმოსავლეთ კავკასიონზე მდებარე ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეები.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სავარგულები ძალზედ შეზღუდულია. განსაკუთრებით მცირეა დამუშავებული მიწების რაოდენობა, რაც მიგვანიშნებს სოფლის მეურნეობაში მაქსიმალური საინტენტიფიკაციო სამუშაოების გატარების აუცილებლობაზე. მუნიციპალიტეტებში მაღალმთიანი დასახლებებით ერთ საოჯახო მეურნეობაზე, საშუალოდ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 ჰა მიწა მოდის. მეურნეობების სამ-მეოთხედზე მეტი (77,1%) 1 ჰა-ზე ნაკლები სასოფლო-სამეურნეო მიწით სარგებლობს. ეს ოჯახები სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების 21,5% ფლობენ[25]. პრობლემას ამწვავებს ისიც, რომ საოჯახო მეურნეობების მფლობელობაში არსებული დაახლოებით 1 ჰა მიწა დანაწევრებულია და საშუალოდ წარმოდგენილია 2-3 ნაკვეთად[26]. რთული რელიეფური პირობების გამო დაუმუშავებელი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მაჩვენებელიც განსხვავებულია სხვადასხვა რეგიონის მაღალმთიან დასახლებებში. დაუმუშავებელი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ხვედრითი წილი განსაკუთრებით მაღალია აჭარასა (60%) და გურიაში (76%), მათ მოსდევთ იმერეთი (52%), შემდეგ კახეთი (41%) და მცხეთა-მთიანეთი (36%). ქვემო და შიდა ქართლის მაღალმთიან დასახლებებში, შეიძლება ითქვას, რომ დაუმუშავებელი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ხვედრითი წილი შედარებით მცირეა და საშუალოდ 19%-ს შეადგენს. აღნიშნული განსხვავებები განაპირობებს სოფლის მეურნეობის საწარმოო მიმართულებების სპეციფიკურობას. განსხვავებულია საწარმოო საშუალებების საჭიროება და მათზე მოთხოვნაც. კერძოდ, იმ არეალებში, სადაც რელიეფის სირთულის გამო ჭარბადაა დაუმუშავებელი სასოფლო-სამეურნეო ფართობები (აჭარა-გურია, მთიანი იმერეთი, აღმოსავლეთი კავკასიონის ისტორიული მხარეები – ხევსურეთი, თუშეთი, ფშავი, ხევი, მთიულეთი-გუდამაყარი და ა.შ.), მიწის საკულტივაციო სამუშაოების მექანიზაციისათვის საჭიროა მცირე მექანიზაციის საშუალებები, რაც ამჟამად დეფიციტია.

მაღალმთიან დასახლებებში პრობლემად რჩება მიწის რეგისტრაციის საკითხი. სახელმწიფოში არსებული ხელშემწყობი პროგრამების მიუხედავად, მოსახლეობა არ ჩქარობს მიწის რეგისტრაციას. 2004 წლიდან არ გაკეთებულა მიწის ბალანსი. თუ გავითვალისწინებთ მიწის ნაკვეთების დანიშნულების შეცვლის შემთხვევებს, შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად უცნობია სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ფართობი და მათი განაწილება გამოყენების მიხედვით. ეს ყველაფერი ართულებს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვას[27]. თუმცა, აღსანიშნავია, რომ „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებულია საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის № 351 დადგენილება „იმ დასახლებათა განსაზღვრის შესახებ, რომლებშიც ხორციელდება საპილოტე პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაცია“. ამ დადგენილებით, სხვა დასახლებებთან ერთად, მაღალმთიანი დასახლებებიც განისაზღვრა (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მანგლისის, თიანეთის მუნიციპალიტეტის ზარიძეების, მესტიის მუნიციპალიტეტის ლახამულასა და შუახევის მუნიციპალიტეტის შუახევის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალი 34 მაღალმთიანი დასახლება), რომლებშიც ამ ეტაპზე მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესი მიმდინარეობს.

მაღალმთიან დასახლებებში კოოპერაციული მეურნეობები სუსტადაა განვითარებული და 500-მდე სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივი ფუნქციონირებს. სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, კოოპერატივებს გადაეცათ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, სხვადასხვა საქმიანობისთვის საჭირო მოწყობილობები, ჩაუტარდათ ტრენინგები. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის გამარტივებული მოთხოვნები ვრცელდება იმ ბიზნესოპერატორებზე, რომლებიც ახორციელებენ სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებას, გადამუშავებას, პირველად წარმოებას და დისტრიბუციას არაქარხნული წესით. განხორციელებულ ღონისძიებებთან ერთად საჭიროა: წარმოების მოცულობის გაზრდა და ხარისხის გაუმჯობესება; პროდუქციის დივერსიფიცირება, ბრენდირება და ხარისხის სერტიფიცირება; სურსათის უვნებლობის სტანდარტების დანერგვა; დამატებითი ღირებულების შექმნა, რისთვისაც აუცილებელია პროდუქციის გადამუშავების, შენახვისა და ბაზრებზე პოზიციონირების ძირითად საშუალებებზე წვდომა. ასევე საჭიროა წარმოების ორგანიზების, მართვისა და მარკეტინგის მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლება, მომზადება და გადამზადება, რისთვისაც მდგრადი სისტემა უნდა შეიქმნას. ამ მიზნების ყველაზე ქმედითი განხორციელება შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნის სტიმულირებითა და ფინანსური მხარდაჭერით. კოოპერატივების გარეშე მცირე ფერმერული მეურნეობები (რომლებიც მაღალმთიან დასახლებებში არსებულ მეურნეობათა აბსოლუტურ უმრავლესობას შეადგენენ) მხოლოდ დაბალტექნოლოგიურ დონეზე იმუშავებენ და ვერ შეძლებენ სამეწარმეო განვითარებას. კოოპერატივი არის მრავალგანზომილებიანი გაერთიანება, რომელიც ქმნის მაკრო და მიკროეკონომიკურ სიმძლავრეებს ქვეყანაში.

მთიან დასახლებებში ბიოპროდუქტების, ეკოლოგიურად სუფთა და ბრენდული პროდუქტების წარმოების დიდი პოტენციალია. ბრენდული პროდუქტების წარმოების მაგალითები დღეისთვის გვაქვს, თუმცა, სუსტად არის განვითარებული. მაგალითად, „დამბალხაჭო“, „თუშური გუდა“, „მაჭახელას თაფლი“, „სვანური მარილი“, „სვანური სულუგუნი“, მესხური „ტენილი“ და „ჩეჩილი“ ყველი და სხვა. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ევროპულ ბაზარზე მოთხოვნის გამო, დიდია მსგავსი პროდუქტის ევროკავშირში ექსპორტის პოტენციალი, რის უნიკალურ შესაძლებლობასაც იძლევა საქართველო-ევროკავშირის შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA). აღნიშნული ტიპის პროდუქტის წარმოების გაზრდა ხელს შეუწყობდა გასტრონომიული ტურიზმის განვითარებას და ამით მოსახლეობას დამატებითი შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა.

გარდა ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისა, ყურადღება უნდა მიექცეს არამერქნული სატყეო პროდუქტების (ველური ხილი, ხილკენკროვანები, საკვები და სამკურნალო მცენარეები, სოკო და სხვა) წარმოების პოტენციალს, რომელიც ასევე ყველა მაღალმთიან დასახლებაში უხვად მოიპოვება. უნდა ითქვას, რომ დღესდღეობით ამ მიმართულებით არანაირი დარგობრივი სტრუქტურა განვითარებული არ არის, ამდენად ხელშესაწყობი საწარმოო მიმართულებების განსაზღვრისას და სათანადო მხარდამჭერი პროგრამების შემუშავებისას, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ამ რესურსების მდგრად და უსაფრთხო კომერციული საწარმოო გამოყენების შესაძლებლობებს.

მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეობა ხშირად ზარალდება სტიქიური მოვლენების შედეგად. სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის თვალსაზრისით, ყველაზე მეტი დანაკარგი მოაქვს გვალვას, მეწყერს, ღვარცოფს, დიდთოვლობასა და წყალმოვარდნებს.

2.7. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა

გზები. მაღალმთიან დასახლებებში ცენტრალური მაგისტრალები კარგ მდგომარეობაშია და მათ შენარჩუნებაზე ზრუნავს ცენტრალური ხელისუფლება. ძირითადად, დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია ურბანულ და სასოფლო დასახლებებამდე მისასვლელი გზებიც. იმ მაღალმთიან დასახლებებში, სადაც გზების არასახარბიელო მდგომარეობაა, ეს პრობლემა მოსახლეობას ურთულებს ადმინისტრაციულ ცენტრებთან კავშირს და სხვადასხვა სერვისზე წვდომას. მაღალმთიან რეგიონებში მოსახლეობის მხოლოდ 33% აფასებს დადებითად შიდა გზების მდგომარეობას, არამთიან რეგიონებში კი – 57%. მოსახლეობის 67%-ის აზრით, გაცილებით ცუდი მდგომარეობაა სოფლის შიდა გზებთან დაკავშირებით.[28]

საქართველოს ხელისუფლების მიერ დაგეგმილია სხვადასხვა რეგიონის მაღალმთიანი დასახლებებისა და ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეების დამაკავშირებელი ახალი სატრანსპორტო არტერიების შექმნა[29]: ლაგოდეხი-გაგრა, ხულო-ზარზმა, ახალციხე-მესტია, ზემო იმერეთი-რაჭა. ეს მაგისტრალები მნიშვნელოვნად შეამცირებს მაღალმთიან ტურისტულ არეალებთან მისასვლელ დროს.

აეროპორტები. მაღალმთიან კურორტებთან დასაკავშირებლად საჭირო დროის შესამცირებლად, საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულ ფუნქციას ანიჭებს მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებს. აეროპორტებს ერთდროულად 50-100 მგზავრის გატარება შეუძლიათ.

რკინიგზა. ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მაღალმთიანი დასახლებების განვითარებისათვის მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ ამ ტერიტორიაზე გადის ბაქო- თბილისი-ყარსის რკინიგზის თეთრიწყარო-წალკა-ახალქალაქი-კარწახის 150 კმ-იანი მონაკვეთი, რომელიც დიდი საერთაშორისო ინიციატივის – დიდი აბრეშუმის გზის ახალი პროექტის ნაწილია. რკინიგზა ოფიციალურად სატესტოდ 2017 წლის 30 ოქტომბერს გაიხსნა და სატესტოდ ბაქო-თბილისი-სტამბოლის სარკინიგზო მიმართულებით თანამედროვე ტიპის მატარებლების მოძრაობის შესაძლებლობა გაჩნდა. დასაწყისისთვის ყოველწლიური ტვირთბრუნვა 5 მილიონი ტონა იქნება, გრძელვადიან გათვლაში კი ეს მაჩვენებელი 15 მილიონ ტონას მიაღწევს. მაგისტრალის ამოქმედებით ჩინეთი, ყაზახეთი, ინდოეთი, მთელი ცენტრალური აზია, ისევე, როგორც სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოები ევროპისათვის უფრო ხელმისაწვდომი გახდა, და პირიქით. ჯავახეთის მაღალმთიანი რეგიონის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ ქ. ახალქალაქში აშენდა თანამედროვე სტანდარტის სადგური, რომელშიც ვაგონების გადასვლა ხდება ფართო ლიანდაგიდან ევროპული სტანდარტების ვიწრო ლიანდაგზე და ის უზრუნველყოფს როგორც სატვირთო, ასევე სამგზავრო გადაზიდვებს.

2.8. კომუნალური და საკომუნიკაციო სერვისები მაღალმთიან დასახლებებში

წყალმომარაგება და წყალარინება. მაღალმთიანი დასახლებების მოსახლეობის უმრავლესობისათვის არ არის ხელმისაწვდომი ცენტრალური წყალმომარაგება[30]. მაღალმთიანი დასახლებების მომცველ მუნიციპალიტეტებში სრულფასოვნად არ მოქმედებს ან საერთოდ არ არსებობს ჩამდინარე წყლების გამწმენდი და წყალარინების ნაგებობა. მაგალითად, შუახევის, ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტებში არსებული წყალარინების სისტემა ამორტიზებულია, ხოლო რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სისტემები ნაწილობრივ, მხოლოდ მუნიციპალურ ცენტრებში ფუნქციონირებს.

ელექტროენერგია. ამჟამად 88 მაღალმთიანი სოფელი (186 პოტენციური აბონენტით) არის ელექტროენერგიის გარეშე. მიმდინარეობს ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი სოფლების მოკვლევა და მონაცემების დაზუსტება. განხორციელებული ღონისძიებებისა და ინვესტიციების შედეგად,ზოგიერთ მაღალმთიან დასახლებაში უკვე დამონტაჟებულია მზის პანელები.

2017 წლიდან მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე აბონენტებს (საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს) უნაზღაურდებათ მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის 50 %, მაგრამ არაუმეტეს მოხმარებული 100 კვტ. სთ ელექტროენერგიის საფასურისა.

კავშირგაბმულობა. დღეისთვის, საქართველოს მაღალმთიან დასახლებათა უმრავლესობა არ არის დაფარული ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით და, აგრეთვე, ყველა დასახლებაში არ არის ხელმისაწვდომი მობილური კავშირგაბმულობა. ეს ზღუდავს ადგილობრივი მოსახლეობის ხელმისაწვდომობას ინტერნეტზე და, შესაბამისად, ქმნის ბარიერს განვითარებისა და სერვისების მიღებისათვის.

ტრანსპორტი. მაღალმთიან დასახლებათა მოსახლეობის აზრით, ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობა 2013-2015 წლებს შორის გაიზარდა 31%-დან 61%-მდე. თუმცა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა ერთ-ერთ გამოწვევად რჩება.

გაზმომარაგება. მაღალმთიანი დასახლებების მხოლოდ მცირე ნაწილია უზრუნველყოფილი გაზმომარაგებით, 1731 მაღალმთიანი დასახლებიდან 1460-ს (85045 პოტენციური აბონენტით) ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. მაგალითად, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მოსახლეობის მხოლოდ 10% მარაგდება გაზით, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 34%. დასახლებებში, სადაც გაზმომარაგება არ არსებობს, მოსახლეობა ძირითადად შეშით თბება.

ნარჩენების მართვა. ნარჩენების გატანის სერვისით მაღალმთიან დასახლებათა გარკვეული ნაწილი სარგებლობს და ისიც ურბანული ან ტურისტული ტიპის დასახლებებში. იქ, სადაც მომსახურება ხელმისაწვდომია, მოსახლეობა მეტწილად კმაყოფილია სერვისის რეგულარობითა და საფასურით. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საფასური სუბსიდირებულია მუნიციპალიტეტის მიერ. სოფლებში მოსახლეობა ნარჩენებს მდინარეებში ან გზის პირას ყრის და წარმოქმნის არაკონტროლირებად, სტიქიურ ნაგავსაყრელებს. მუნიციპალიტეტებმა გარკვეული ნაბიჯები გადადგეს ამ პრობლემის მოსაგვარებლად, თუმცა, ჯერ კიდევ არ არის საკმარისი რაოდენობის კონტეინერი და მაღალ მთაში გადაადგილებისათვის საჭირო ნაგავმზიდები. არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების გამო, ზოგიერთი დასახლება ზამთარში იკეტება. მნიშვნელოვანია, ასეთ ადგილებში გამოიყოს საყოფაცხოვრებო ნარჩენების დროებით შესანახი ტერიტორია ან ნარჩენების გადასატვირთი სადგური. მაღალმთიან დასახლებათა დიდ ნაწილს დასუფთავების სერვისი არ მიეწოდება. ნარჩენები სეპარირებულად არ გროვდება. ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, 2019 წლიდან სავალდებულო ხდება მუნიციპალური ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემის ეტაპობრივი დანერგვა და გამართული ფუნქციონირება. ნარჩენები არ მუშავდება, არც ორგანული ნარჩენები კომპოსტირდება.

მაღალმთიან დასახლებებში პრობლემას ქმნის გარემოს დაბინძურება სამთო-მოპოვებითი და გამამდიდრებელი წარმოებების აკუმულირებული ნარჩენებისა და შლამებისგან, რომელიც განთავსებულია საბჭოთა კავშირის პერიოდის საწარმოების მიმდებარე ტერიტორიებზე. ლენტეხისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში (სოფელი ცანა, სოფელი ურავში). დარიშხანის მოპოვებისა და გამამდიდრებელი საწარმოების ტერიტორიებზე აკუმულირებულია დარიშხანის შემცველი ნაცარი და შლამი (დაახლოებით 100 ათასი ტონა). აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით, მთავრობისა და დონორი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დარიშხანშემცველი ნარჩენები უსაფრთხოდ განთავსდა შესაბამის სარკოფაგებში, თუმცა დამატებითი სამუშაოები მაინც განსახორციელებელია.

2.9. ჯანმრთელობა და სოციალური დაცვა მაღალმთიან დასახლებებში

მაღალმთიან დასახლებებში, ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების მიწოდება განსხვავდება ეროვნული მაჩვენებლებისაგან:

• თუკი ეროვნულ დონეზე ჰოსპიტალური საწოლებით უზრუნველყოფის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 404,6 საწოლია, იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ყველა დასახლება მაღალმთიანია (ლენტეხისა და წალკის გარდა), ეს მაჩვენებელი გაცილებით დაბალია და საშუალოდ 248,4-ს შეადგენს;

• მუნიციპალიტეტებში მაღალმთიანი დასახლებებით ამბულატორიულ მომსახურებაზე საშუალო მიმართვიანობა 1 სულ მოსახლეზე დაბალია ეროვნულ მაჩვენებელთან შედარებით: იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ყველა დასახლება მაღალმთიანია, ის 0,4-დან 1,6-მდეა, ეროვნულ დონეზე კი – 3,1;

• როგორც მთელ ქვეყანაში, ასევე მაღალმთიან დასახლებებში მოქმედებს „სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამა“, რომლის მიზანია სოფლის მოსახლეობისათვის პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა.

მაღალმთიან დასახლებებში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების უმრავლესობა სახელმწიფო მფლობელობაშია; მხოლოდ აჭარაში, გურიასა და სამცხე-ჯავახეთში ოპერირებს კერძო კომპანიები.

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს ყოველთვიურ დანამატს ექიმისა და ექთნისათვის, რომელიც მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობს, ან შრომის ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს. აღნიშნული წესი საქართველოს მთავრობის დადგენილებითაა განსაზღვრული და ემსახურება სამედიცინო პერსონალის წახალისებას, რომ სამუშაოდ მაღალმთიან რეგიონში წავიდნენ.

ამასთან, მაღალმთიანი დასახლებების მოსახლეობისთვის ჯანდაცვის და სოციალური პაკეტები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა, ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულია შეღავათები მაღალი მთის მკაცრ კლიმატურ პირობებში მცხოვრებთათვის, კერძოდ, საპენსიო ასაკს მიღწეულ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირს, რომელიც ყოველთვიურად იღებს სახელმწიფო პენსიას, 2016 წლის სექტემბრიდან, სოციალური დახმარების სახით, ეძლევა ყოველთვიური დანამატი სახელმწიფო პენსიის არანაკლებ 20%-ის ოდენობით.

ასეთივე ყოველთვიური დანამატი 2016 წლის 1 სექტემბრიდან ეძლევა სოციალური პაკეტის მიმღებ, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირებს – მათთვის გათვალისწინებული სოციალური პაკეტის 20%-ის ოდენობით.

ასევე, 2016 წლის პირველი იანვრიდან დაბადებულ ყოველ ახალშობილზე გაიცემა ყოველთვიური დახმარება, თუ ერთ-ერთ მშობელს აქვს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი.

2.10. განათლება და ცოდნის დონე მაღალმთიან დასახლებებში

მაღალმთიან დასახლებებში არსებული დემოგრაფიული სიტუაციის გამო, საბავშვო ბაღებზე მოთხოვნა, საქართველოს ბარის მოსახლეობასთან შედარებით, ნაკლებია. ურბანული კატეგორიის მაღალმთიანი დასახლებები, ძირითადად, უზრუნველყოფილნი არიან საბავშვო ბაღებით; მაღალმთიან დასახლებათა თითქმის ნახევარზე მეტში მუნიციპალური საბავშვო ბაღი არის (53%),[31] თუმცა არსებული საბავშვო ბაღები საჭიროებს ხარისხობრივ და შინარსობრივ გაუმჯობესებას. სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისთვის, მუნიციპალიტეტებს ესაჭიროებათ როგორც სამართლებრივი, ისე ტექნიკური და ექსპერტული მხარდაჭერა ადგილობრივ დონეზე ახალი საბავშვო ბაღების მოდელების დანერგვისთვის. ამასთან, გაუმჯობესებას საჭიროებს შესაბამისი სასწავლო პროცესი და პედაგოგების კვალიფიკაცია.

ასეთ რეგიონებში დაბალია პროფესიული და უმაღლესი განათლების მქონე პირთა წილი. იქ მოქმედი ფერმერები, კერძო და საჯარო სექტორები აღნიშნავენ კვალიფიციური ადამიანური რესურსის ნაკლებობას და არსებულის ბაზრის მოთხოვნებთან შეუსაბამობას[32]. მხოლოდ მესტიის, ამბროლაურის, ყაზბეგისა (სტეფანწმინდა და გუდაური), ხულოს და თიანეთის მუნიციპალიტეტებში მოქმედებს პროფესიული სასწავლებლები. აღნიშნულ პროფესიულ სასწავლებლებში დანარეგილია შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული, მოქნილი, კომპეტენციებზე დაფუძნებული მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა შემუშავებაშიც დამსაქმებლები უშუალოდ არიან ჩართულნი. ასევე, დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაოები შუახევის მუნიციპალიტეტში ახალი ლოკაციის განვითარების მიზნით, სადაც განხორციელდება პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამები.

მაღალმთიან დასახლებებში არსებული დემოგრაფიული პრობლემების გამო, სკოლების კლასებში ზოგჯერ ერთი ან რამდენიმე მოსწავლე სწავლობს და თუ სკოლას ვაუჩერი მოსწავლეთა რაოდენობის შესაბამისად მიეცემა, ის ვერ შეძლებს ადმინისტრაციული და სხვა ხარჯების გაწევას, მაგალითად, მოსწავლეების გათბობით უზრუნველყოფას. ამიტომ 2016 წლის 1 სექტემბრიდან, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით, მაღალმთიან დასახლებებში მდებარე 505 საჯარო სკოლას, რომელშიც 2018 წლის 1 იანვრისთვის 43 046 მოსწავლე სწავლობდა, ვაუჩერი გაზრდილი ოდენობით ეძლევა.

ასევე, კანონის შესაბამისად, ვაუჩერული დაფინანსების გაზრდილი ოდენობით უზრუნველყოფილია მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ყველა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება.

„მოსწავლის სკოლის სახელმძღვანელოებით (მოსწავლის წიგნის) და დამხმარე ლიტერატურით უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფოს მიერ მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლისათვის უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში გადაცემული სკოლის სახელმძღვანელოების (მოსწავლის წიგნის) და დამხმარე ლიტერატურის გამოყენების ზოგადი წესისა და მათი მოვლა-პატრონობის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 5 აგვისტოს №103/ნ ბრძანების შესაბამისად, ყოველწლიურად გრიფირებული სახელმძღვანელოები ურიგდება ბრძანებით დამტკიცებულ ყველა ბენეფიციარს, მათ შორის, მაღალმთიანი დასახლებების სკოლების მოსწავლეებს; პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში საქართველოს საჯარო სკოლის ყველა პირველკლასელს და მათ დამრიგებლებს გადაეცემათ პორტაბელური კომპიუტერები (ბუკი). ამავე პროგრამის ფარგლებში, ყოველწლიურად პორტაბელური კომპიუტერები გმოიყოფა საქართველოს საჯარო სკოლების, მათ შორის, მაღალმთიანი დასახლებების სკოლების საბაზო საფეხურების წარჩინებული მოსწავლეებისთვის, რომელთა საბაზო საფეხურის ნიშანია 10 ქულა დამრგვალების გარეშე; ყოველწლიურად საჯარო სკოლებს, მათ შორის, მაღალმთიანი დასახლებების სკოლებს, მოთხოვნის შესაბამისად, გადაეცემათ სხვადასხვა სახის ინვენტარი (პერსონალური კომპიუტერი, სასკოლო დაფა, მერხი და სხვა), ასევე – სასკოლო ჟურნალებიც.

მასწავლებლების მოტივაციის ამაღლების მიზნით, 2016 წლის 1 სექტემბრიდან, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით, სახელმწიფო მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელს გადასცემს დანამატს, საბაზო სარგოს არანაკლებ 35%-ის ოდენობით, ხოლო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან სპეციალური პროგრამით მივლინებულ მასწავლებლებს – არანაკლებ 50%-ის ოდენობით.

კლიმატურ-გეოგრაფიული პირობებისა და გადამზადების ცენტრებთან სიშორის გამო მაღალმთიან დასახლებათა საჯარო სკოლების პედაგოგებისათვის შეზღუდულია ხელმისაწვდომობა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების პროგრამებზე.

სოციალური პროგრამის ფარგლებში[33], სახელმწიფო სასწავლო გრანტით ფინანსდება 226 სტუდენტი, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე, მანამდე კი ბოლო სამი წელი სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს მაღალმთიან და ეკოლოგიური მიგრაციის რაიონებში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში. ეს სტუდენტები ფინანსდებიან სასწავლო გრანტის სრულ ოდენობის ფარგლებში (2250 ლარი).

ზოგადსაგანმანათლებლო სასკოლო ინფრასტრუქტურა, ძირითადად, მოძველებულია. მათი რეაბილიტაცია საჭიროებისა და ფინანსების შესაბამისად ხდება. ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, რომელშიც რამდენიმე მაღალმთიანი დასახლებაა, არის სკოლები, სადაც დეპოპულაციის გამო მხოლოდ რამდენიმე მოსწავლეა. სკოლის მოსწავლეთა სიმცირით გამოირჩევიან მთიანი აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, თრიალეთისა და რაჭა-ლეჩხუმის მუნიციპალიტეტები. მცხოვრებთა ნაკლებობის გამო, სკოლები არ არის თუშეთში. მოსწავლეთა რაოდენობა მცირდება დუშეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მაღალმთიან დასახლებებში.

2.11. კულტურა და სპორტი მაღალმთიან დასახლებებში

მაღალმთიან დასახლებებში ეთნოგრაფიული და ხუროთმოძღვრული ძეგლების დიდი რაოდენობაა. თვითმყოფადი კულტურა ამ დასახლებათა განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორია. კულტურის ობიექტები (სახლები, კლუბები, ბიბლიოთეკები, მუზეუმები), ძირითადად, ადმინისტრაციულ ცენტრებში ფუნქციონირებს. სახალხო თეატრები ფუნქციონირებს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტში, აჭარის მაღალმთიანეთსა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.

შიდა და ქვემო ქართლში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სპორტული ინფრასტრუქტურა მწირია და, ძირითადად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ბაზაზე ფუნქციონირებს. მათი მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. კახეთის მაღალმთიანი დასახლებების მხოლოდ ნაწილში არის სპორტული ინფრასტრუქტურა.

სპორტული და კულტურის სფეროების არსებული ინფრასტრუქტურული ობიექტების აბსოლუტური უმრავლესობა საჭიროებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ხოლო ნაწილი თითქმის სრულადაა განადგურებული. რესტავრაციას და მიმდებარე ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას საჭიროებს მაღალმთიან დასახლებებში არსებული კულტურული ძეგლების უმეტესობა. რაც შეეხება კულტურის სფეროში დაკავებულ პერსონალს, მათ არ მიუწვდებათ ხელი თანამედროვე კომუნიკაციებზე და ნაკლებად არიან ჩართულნი გადამზადების პროცესში.

მაღალმთიან დასახლებებში არსებული სპორტული ნაგებობები მოძველებული და ამორტიზებულია. დაბალია სკოლამდელი და მოსწავლე-ახალგაზრდობის ფიზიკური მომზადებისა და განვითარების დონე. ობიექტებზე მომუშავე პერსონალი, მათ შორის, ტექნიკური, ვერ პასუხობს აუცილებელ მოთხოვნებს. მცირეა სპეციალისტების რაოდენობა. არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა, ძირითადად, მუნიციპალურ ადმინისტრაციულ ცენტრებშია განთავსებული. ბოლო წლების განმავლობაში ვითარდება სპორტის ზამთრის სახეობებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა.

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №436 დადგენილებით დამტკიცდა მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელებისათვის ფინანსური დახმარებისა და სპორტის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამა. ამ პროგრამის შესაბამისად, ადიგენის, ამბროლაურის, ახალქალაქის, ახმეტის, ბორჯომის, ონის, თიანეთის, ლენტეხის, ნინოწმინდას, ქედის, ცაგერისა და შუახევის მუნიციპალიტეტების მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე და მომუშავე მწვრთნელებს ეძლევათ დანამატები.

2.12. ბუნებრივი რესურსების ეფექტიანი მოხმარება და კატასტროფების რისკის მართვა

მაღალმთიანი დასახლებები მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, ასევე გამოირჩევა ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებით. აღსანიშნავია, რომ დაცული ტერიტორიების თვალსაზრით, განსაკუთრებით მდიდარია აღმოსავლეთ კავკასიონი და მაღალმთიანი აჭარა.

ტყე. საქართველოს კონტროლქვეშ მყოფი ტერიტორიის მაღალმთიან დასახლებებში საქართველოს ტყის რესურსის 98%-ია. ყველაზე ტყიანი რეგიონებია: აჭარა (63%) და რაჭა (56%). ტყის მასივების 60%-ზე მეტი ისეთ ფერდობებზეა განლაგებული, რომელთა დახრის კუთხე 25 გრადუსზე მეტია. 35 გრადუსზე მეტი დახრის მქონე ფერდობებზე იზრდება ტყეთა 24% და მათი გამოყენება კანონით აკრძალულია. ტყის თითქმის 60% ზღვის დონიდან 1 000 მეტრზე მეტ სიმაღლეზე მდებარეობს (ცხრილი 2). ტყის ეკოსისტემებში გაბატონებული ჯიშია წიფელი. აღსანიშნავია, რომ რაჭაში არსებობს ე.წ ხელუხლებელი ტყეები, რომლებიც შენარჩუნებულია პირვანდელი სახით და ბიომრავალფეროვნებით. კლიმატის ცვლილების უარყოფითი გავლენა საქართველოში ვლინდება ტყის ეკოსისტემების გავრცელების ზედა საზღვრის ცვლილებით, ხანძრის შემთხვევათა გახშირებით და მავნებელ დაავადებათა გამრავლებით.

ცხრილი 2. ტყის ფართობი და მარაგები სიმაღლის მიხედვით

|სიმაღლე მ |ფართობი-ჰა |ტყის მარაგები |

| | |(ათასი კუბ. მ.) |

|0 – 750 |532168 |82 651 |

|751-1000 |236845 |36 784 |

|1001-1250 |306076 |47 537 |

|1251-1500 |340692 |52 913 |

|1501-2000 |280570 |43 576 |

|2001 და მეტი |125532 |19 496 |

წყარო: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

წიაღისეული. მაღალმთიან დასახლებებში მოიპოვება მადნეული (მეტალები: რკინა, სპილენძი, მანგანუმი, ტყვია, ვერცხლი, თუთია და ა.შ), არამადნეული (საშენი მასალები, ნახევრადძვირფასი ქვები, ბარიტი და ა.შ.) და ჰიდრომინერალური სასარგებლო წიაღისეული (მინერალური წყლები). ამასთან, მაღალმთიან დასახლებათა ბუნებრივი რესურსების შესახებ არსებული საინფორმაციო ბაზა ემყარება მრავალი წლის წინ მომზადებულ კვლევებს და საჭიროა მონაცემების განახლება.

ალტერნატიული ენერგია. მაღალმთიან დასახლებებში არსებობს ალტერნატიული ენერგიის გამოყენების პოტენციალი. კახეთის, რაჭის, ლეჩხუმის, წალკის, დმანისის მუნიციპალიტეტებსა და სხვა მაღალმთიან დასახლებებში პერსპექტიულია მზის ენერგიის გამოყენება. მთაგორიან ადგილებში ძნელად მისასვლელი და მცირე სოფლების ენერგიით მომარაგებისთვის ოპტიმალურია მზის ენერგიის ფოტოელექტრული გარდამქმნელების ბაზაზე მომუშავე ავტონომიური მიკროელექტროსადგურები, ხოლო კავკასიის მაღალმთიანი არეალი ქარის ელექტროსადგურების განვითარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი ტერიტორიაა. ასევე, შესაძლებელია მცენარეული და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გამოყენებით ბიოგაზის მიღება. მაღალმთიან რეგიონებში მდინარეების დიდი რაოდენობა, მდინარეთა წყალუხვობა, ხეობათა ტიპები და კალაპოტების დიდი დახრილობა განაპირობებს მათ მაღალ ჰიდროენერგეტიკულ პოტენციალს. არსებული ჰიდრორესურსების გამოყენებისას, ძალზე მნიშვნელოვანია კონკრეტული ტერიტორიის გეოდინამიკური პოტენციალისა და საშიშროების რისკის გათვალისწინება. საყურადღებოა, რომ მთის მდინარეების დიდი ნაწილი იკვებება მყინვარებით, რომელთა ფართობი უკანასკნელ ათწლეულში 30%-ით შემცირდა[34].

გეოეკოლოგიური კატაკლიზმები და ზემოქმედება გარემოზე. საქართველოს ტერიტორიაზე სტიქიური პროცესებით განპირობებული გეოეკოლოგიური გართულებები, უმთავრესად, მთის ზონაზე მოდის. მაღალმთიან დასახლებებში ვითარდება ქვეყანაში დაფიქსირებული მეწყრული მოვლენების ორი მესამედი, ხოლო ისეთი კატასტროფული პროცესები, როგორიცაა ღვარცოფები, თოვლის ზვავები, კლდეზვავები, მყინვარების ჩამოქცევა და მათგან ტრანსფორმირებული გლაციალური ღვარცოფები, მთლიანად მთებისათვის დამახასიათებელი მოვლენებია. სახიფათო გეოლოგიური პროცესების განვითარება-რეაქტივაციის და ახალი კერების ჩასახვა-განვითარების საშიშროების რისკის მიხედვით, მაღალმთიანი დასახლებების ნაწილი მიეკუთვნება საშუალო და მაღალ კატეგორიას. პრაქტიკულად ყველა მაღალმთიანი დასახლება, ამა თუ იმ ხარისხით, მოქცეულია სტიქიური გეოლოგიური პროცესების საშიშროების ზონაში. ამ რეგიონებში მნიშვნელოვნად გააქტიურდა ამინდთან, კლიმატსა და წყალთან დაკავშირებული ბუნებრივი სტიქიური მოვლენები, რომლის ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორია გახშირებული უხვი ნალექი. მაღალმთიანი დასახლებების საზღვრისპირა მდებარეობისა და რიგი გარემოსდაცვითი პრობლემების მასშტაბურობის გამო, შეუძლებელია მათი გადაწყვეტა მხოლოდ ეროვნულ დონეზე, საჭიროა მეზობელ და რეგიონის ქვეყნებთან ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა. გარემოზე ზემოქმედ ბუნებრივ ფაქტორებს ემატება მთიანეთში მცხოვრები მოსახლეობის სამეურნეო საქმიანობით გამოწვეული ზიანიც, რაც ეროზიულ-მეწყრული პროცესების ინტენსიურ წარმოქმნა-გააქტიურებას იწვევს.

ბუნებრივი კატასტროფების მხრივ ყველაზე მოწყვლადია აღმოსავლეთ კავკასიონი და აჭარის მთიანეთი. თუ აჭარის მთიანეთში ხშირია მეწყერები, აღმოსავლეთ კავკასიონი ხასიათდება მეწყერითაც და გვალვითაც. მთათაშორისი ბარის მაღალმთიან დასახლებებში კი წყალდიდობები ჭარბობს.

2.13. კავშირგაბმულობა, საჯარო სერვისებზე ხელმისაწვდომობა და მოქალაქეთა ჩართულობა

მაღალმთიან დასახლებებში სახელმწიფოსა და თვითმმართველობების სერვისები რეგიონის/მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრებშია კონცენტრირებული. სოფლის კატეგორიის მაღალმთიანი დასახლებების ნაწილი ვერ ახერხებს ამ სერვისებით სარგებლობას, რასაც განაპირობებს სიშორე ადმინისტრაციული თუ რეგიონული ცენტრებიდან. ამას ემატება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის არასახარბიელო მდგომარეობა და, რიგ შემთხვევებში კი, არარსებობა.

აღნიშნულ დასახლებულ პუნქტებში ინტერნეტ-ინფრასტრუქტურის არასათანადო დონეზე განვითარებისა და შესაბამისი ცოდნის არქონის გამო, დაბალია ელექტრონული სერვისებით სარგებლობისა და მომსახურების დონეც. 2015 წელს საქართველოს მთავრობის ინიციატივით ქვეყანაში დაიწყო საყოველთაო ინტერნეტიზაციის მასშტაბური პროცესი, რომელშიც ჩართულია, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორი. აღნიშნული ინფრასტრუქტურის განვითარება ხელს შეუწყობს კერძო ოპერატორების მიერ საცალო ქსელების მშენებლობას და ინტერნეტის აბონენტებამდე მიყვანას. შედეგად, იმ რეგიონებში, სადაც მოსახლეობა 200 ან 200-ზე მეტია და აქამდე მსგავსი ფართოზოლოვანი ინტერნეტ-მომსახურება არ ყოფილა, მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიები და სერვისები, როგორიცაა ელექტრონული განათლება, ელექტრონული მმართველობა, კომერცია და სხვა. სახელმწიფო და კერძო სექტორის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შედეგად, საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა ისარგებლებს ინტერნეტით, რაც გაზრდის მათ ჩართულობას ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში. ხოლო იმ დასახლებებში, სადაც მოსახლეობა 200-ზე ნაკლებია და ტელეკომ ოპერატორებისთვის არა ბიზნესმომგებიანი გარემოა ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურა ვითარდება სათემო ინტერნეტიზაციის პროექტებით. მაგალითად, 2018 წელს დაიწყო ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტი, რომელიც დადებით ზეგავლენას მოახდენს ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის შემდგომ სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ განვითარებაზე, განსაკუთრებით ტურისტული პოტენციალის გაზრდაზე.

მაღალმთიანი რეგიონების კლიმატურ-გეოგრაფიული და განსახლების თავისებურებები ქმნის სირთულეს მოსახლეობაში ინფორმაციის გავრცელების თვალსაზრისით, რამდენადაც ბეჭდური პროდუქციის გავრცელება არარენტაბელურია, ხოლო ადგილობრივი ელექტრონული მედია განვითარებული არ არის. არარენტაბელურია ასევე საფოსტო გზავნილებით, როგორც წერილობითი კორესპონდენციით ისე ამანათებით უზრუნველყოფა. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად შემუშავდება ისეთი რეგულაციები, რაც მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს მისცემს შესაძლებლობას ჰქონდეთ წვდომა ბეჭდურ მედიასთან და უნივერსალურს მიკუთვნებულ წერილობით კორესპონდენციასა თუ ამანათებთან, ხელმისაწვდომ ფასად მიუხედავად მათი გეოგრაფიული ადგილმდებარეობისა.

ინფორმირებულობის დაბალ დონეს განაპირობებს მოქალაქეთა ჩართულობის ნაკლებობა ხელისუფლების გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. გარდა ამისა, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის კანონით განსაზღვრული ფორმების[35] გამოყენებას ხელს უშლის მაღალმთიანობით გამოწვეული ობიექტური გარემოებები. მაგალითად, დასახლების საერთო კრების ჩატარება რთულდება იმ პირობებში, როდესაც ერთსა და იმავე ადმინისტრაციულ ერთეულში მოქცეული ძალზე მცირე მოსახლეობის სოფლებიც კი (1-დან 20-მდე მოსახლით – 363 მაღალმთიანი დასახლება) ერთმანეთისგან დაშორებულია და განსხვავებული ინტერესები აქვთ, ხანგრძლივი და მკაცრი ზამთრის პირობებში გზებზე გადაადგილება რთულდება და მუნიციპალიტეტის კოლეგიური ორგანოების სხდომებზე დასწრება შეუძლებელია და ა.შ.

2.14. მაღალმთიანი დასახლებები რეგიონების მიხედვით

მაღალმთიანი დასახლებების სტატუსის მქონე სოფლები, დაბები და ქალაქები საქართველოს ყველა რეგიონშია, მათი ყველაზე დიდი რაოდენობა მცხეთა-მთიანეთშია (395).

მაღალმთიანი დასახლებები განსხვავდებიან გეოგრაფიული მდებარეობის, ჰიფსომეტრიის, დახრილობის, ბუნებრივი კატასტროფებისადმი მოწყვლადობის, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის სირთულის, ეკონომიკური აქტივობის, მოსახლეობის შემცირების, მოსახლეობის სიმჭიდროვის, მუნიციპალიტეტში ეროვნული უმცირესობების წილის და სხვა ნიშნების. მიხედვით. ამის მიუხედავად, იკვეთება სახელმწიფო რწმუნებულის სამოქმედო ადმინისტრაციული-ტერიტორიების (შემდგომში − რეგიონები/რეგიონი) მსგავსებებიც:

• ყველა მაღალმთიან რეგიონში (მუნიციპალური ცენტრებისა და ტურისტული დასახლებების გარდა), საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურება და საგზაო ინფრასტრუქტურა ქმნის ბარიერს მოსახლეობის გადაადგილებისა და, შესაბამისად, სერვისებზე წვდომისა თუ ეკონომიკურ აქტივობის თვალსაზრისით.

• ცენტრალური წყალმომარაგების, წყალარინებისა და მუნიციპალური ნარჩენების მართვის სერვისი სრულად არ არის ხელმისაწვდომი მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობისთვის.

• სამეწარმეო საქმიანობისთვის საჭირო ფინანსურ რესურსებზე შეზღუდულ ხელმისაწვდომობასთან ერთად, საერთო გამოწვევაა კვალიფიციური შრომითი რესურსების სიმცირე და მოსახლეობაში ბიზნესუნარების ნაკლებობა.

• საოჯახო მეურნეობებისა და ფერმერებისათვის ნაკლებად ხელმისაწვდომია მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საჭირო ტექნიკა და აღჭურვილობა.

• თანამედროვე მოთხოვნების შესაფერისი განათლების ადგილზე მიღება მაღალმთიანი დასახლებების საერთო გამოწვევაა.

• სპორტული და კულტურის ინფრასტრუქტურა, ძირითადად, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებშია განთავსებული და მაღალმთიანი დასახლებების მაღალი პერიფერიულობის გამო, ეს სერვისები ნაკლებად ხელმისაწვდომია მოსახლეობისათვის.

• პროფესიული განათლების მიღება არ არის ხელმისაწვდომი, რაც ხელს უშლის ახალგაზრდობასა და ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობას პროფესიის შეძენასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში.

ილუსტრაცია 6. საქართველოს მაღალმთიანი დასახლებები რეგიონებისა და ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეების მიხედვით

[pic]

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

მაღალმთიანი დასახლებები, რეგიონების მიხედვით, ერთმანეთისგან განსხვავდებიან შემდეგი თავისებურებებით:

მცხეთა-მთიანეთი. საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მაღალმთიან დასახლებათა დიდი რაოდენობაა. რეგიონი გამოირჩევა ასევე ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეების, დაცლილი და დაცლის პირას მყოფი მაღალმთიანი დასახლებების რაოდენობითა და მოსახლეობის მკვეთრი შემცირების ტენდენციით. დასახლებები მცირერიცხოვანია სხვა რეგიონებთან შედარებით.

მოსწავლეთა სიმცირის გამო სკოლები იხურება. მოზარდებს ავტობუსი ემსახურებათ, თუმცა ძირითადი გზებიდან შორს მდებარე დასახლებებიდან მათ მაინც ფეხით უწევთ დიდი მანძილის გავლა. მოქმედი სკოლა-ინტერნატები ხელს უწყობს მოსახლეობის შენარჩუნებას შესაბამის მაღალმთიან დასახლებებში.

გუდაური და სტეფანწმინდა ცნობილი ტურისტული ადგილებია საქართველოსა და უცხოელ ვიზიტორებს შორის. ისინი დასაქმების და შემოსავლის მიღების შესაძლებლობას აძლევენ რეგიონის სხვა დასახლებათა მაცხოვრებლებსაც. რეგიონი გამოირჩევა ვიზიტორების სიმრავლით. სხვა რეგიონებთან შედარებით ყველაზე კარგად არის განვითარებული სასტუმრო და სასტუმროს ტიპის ობიექტები. რეგიონის მაღალმთიანი დასახლებები მიეკუთვნებიან მეცხოველეობის სპეციალიზაციის ზონას. სახელმწიფო აგრძელებს ამ ადგილებში ინვესტირებას ოთხსეზონიანი ტურიზმის განვითარებისთვის. რეგიონის ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიური შემოსავლები მაღალია საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით.

სტიქიური მოვლენებიდან რეგიონის მაღალმთიანი დასახლებებისთვის, ძირითადად, დამახასიათებელია თოვლის ზვავები, მეწყრულ-გრავიტაციული მოვლენები და ღვარცოფული პროცესები.

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი. რეგიონის ყველა დასახლებას მაღალმთიანი დასახლების სტატუსი აქვს მინიჭებული. მაღალმთიანი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეების საზღვრები, ლეჩხუმის გარდა, ემთხვევა რეგიონის მუნიციპალიტეტების საზღვრებს. მოსახლეობა შემცირების და დაბერების ტენდენციით ხასიათდება.

სოფლის კატეგორიის დასახლებებში, ძირითადად, საბაზო სკოლები ფუნქციონირებს, რის გამოც უფროსი ასაკის მოსწავლეებს საშუალო საფეხურის განათლების მისაღებად მუნიციპალური ცენტრების საჯარო სკოლებში უწევთ სიარული. მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეებს სასკოლო ავტობუსები ემსახურებათ, არის სოფლები, სადაც ბავშვებს სკოლებამდე რამდენიმე კილომეტრის ფეხით გავლა უწევთ.

მოსახლეობის შემოსავლების დონე ჩამორჩება სხვა რეგიონებს, ხოლო ეკონომიკა არადივერსიფიცირებულია. ამასთან, რეგიონს აქვს ტურიზმის, მათ შორის, დასასვენებელი, სამკურნალო და ბალნეო-კლიმატური ტურიზმის განვითარების პოტენციალი; თუმცა, ტურისტული ადგილები ნაკლებად განვითარებულია. რეგიონში ბოლო რამდენიმე წელია დაიწყო არსებული ტურისტული პოტენციალის გამოყენება, რასაც ხელს უწყობს სახელმწიფოს ინვესტიციები ბოლო წლებში.

რეგიონის მაღალმთიანი დასახლებები მიეკუთვნებიან მეცხოველეობის სპეციალიზაციის ზონას. რეგიონი სხვებისგან გამოირჩევა ღვინის წარმოების ტრადიციებითა და პოტენციალით.

სტიქიური მოვლენებიდან რეგიონისთვის დამახასიათებელია თოვლის ზვავები, მეწყრულ-გრავიტაციული მოვლენები, წყალდიდობა-წყალმოვარდნა, ღვარცოფები და მდინარის ნაპირების ეროზიული გარეცხვა, კლდეზვავური პროცესები, დატბორვები და ქვათაცვენები.

სამეგრელო-ზემო სვანეთი. რეგიონში მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მხოლოდ მესტიის მუნიციპალიტეტის დასახლებებს აქვთ. სტატუსს ფლობს მუნიციპალიტეტის ყველა დასახლება. მესტია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მცირერიცხოვანი მუნიციპალიტეტია.

მესტიის მუნიციპალიტეტში ძირითადი ეკონომიკური საქმიანობა ტურიზმსა და ენერგეტიკას უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ მესტიაში აეროპორტის მშენებლობასთან ერთად სხვა დიდი ინვესტიციებიც განახორციელა, ჯერჯერობით მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალი სრულად არ არის გამოყენებული.

მესტია გამოირჩევა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საჭირო მიწის სიმცირით. სტიქიური მოვლენებიდან მესტიისთვის დამახასიათებელია თოვლის ზვავები, ღვარცოფული პროცესები და კლდეზვავ-ქვათაცვენები.

კახეთი. რეგიონის მაღალმთიანი დასახლებები, როგორც გეოგრაფიული და დემოგრაფიული, ასევე კულტურული მახასიათებლებითა და ეთნიკური ნიშნით მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. პანკისის ხეობის გარდა, მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთა რაოდენობა უკიდურესად მცირეა და უმეტეს მათგანში რამდენიმე კომლიღაა დარჩენილი. პანკისის ხეობაში სკოლებთან ფუნქციონირებს სპორტული, საგანმანათლებლო და კულტურის დაწესებულებები, ორგანიზაციები და ჯგუფები. თუშეთის მოსახლეობა ზაფხულისთვის იზრდება, წელიწადის სხვა პერიოდში მისი დასახლებები, ძირითადად, დაცლილია. მოსახლეობის სიმცირის გამო, თუშეთში ფაქტობრივად არ არის საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული ინფრასტრუქტურა. სტიქიური მოვლენებიდან კახეთის რეგიონის მაღალმთიანი ზონისათვის დამახასიათებელია ღვარცოფული პროცესები.

ქვემო ქართლი. რეგიონის მაღალმთიანი დასახლებები გამოირჩევა კომპაქტურად დასახლებული ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსახლეობით, რომელთა სახელმწიფო ენის ცოდნის დაბალი დონე მოსახლეობის დაბალ ინფორმირებულობის ხარისხს განაპირობებს. რეგიონის მაღალმთიან დასახელებებში საგრძნობია სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებათა სიმწირე. სასკოლო ინფრასტრუქტურა ძირითადად მოძველებულია, გამოკვეთილია კვალიფიციური და სახელმწიფო ენის მცოდნე პედაგოგების დეფიციტი, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გაიზარდა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი მოსახლეობის მხრიდან ქართულენოვან სკოლებსა და სკოლამდელ დაწესებულებებზე მოთხოვნა, რასაც ხელი შეუწყო 2010 წლიდან ამოქმედებულმა ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამამ (ე.წ. 1+4). გაზრდილია აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა, რადგან აღნიშნული პროგრამა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში გამარტივებული წესით ჩააბარონ.

რეგიონი ხასიათდება მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საჭირო ტერიტორიის შესაბამისობით. რეგიონის მაღალმთიან დასახლებებში დაუმუშავებელი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ხვედრითი წილი სხვა რეგიონებთან შედარებით მცირეა და უტოლდება ქვემო და შიდა ქართლის მაჩვენებლებს.

სტიქიური მოვლენებიდან ქვემო ქართლის რეგიონის მაღალმთიანი დასახლებებისთვის დამახასიათებელია მეწყრულ-გრავიტაციული მოვლენები, წყალდიდობა-წყალმოვარდნა და მდინარის ნაპირების ეროზიული გარეცხვა.

სამცხე-ჯავახეთი. რეგიონის მაღალმთიანი დასახლებები გამოირჩევა მოსახლეობის შედარებით მრავალრიცხოვნებით და კომპაქტურად დასახლებული ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსახლეობით, რომელთა სახელმწიფო ენის ცოდნის დაბალი დონე მოსახლეობის ინფორმირებულობის დაბალ ხარისხს განაპირობებს. რეგიონის მაღალმთიან დასახელებებში საგრძნობია სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებათა სიმწირე. სასკოლო ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი ძირითადად მოძველებულია და ავარიულ მდგომარეობაშია.

რეგიონის მაღალმთიან დასახლებებს გამოკვეთილი ეკონომიკური პროფილი არ აქვთ. რეგიონი ხასიათდება მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საჭირო ტერიტორიის შესაბამისობით. უმუშევრობა, შემოსავლებისა და ინფრასტრუქტურის დაბალი დონე განაპირობებს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის მიგრაციას რეგიონიდან.

რეგიონის მაღალმთიან დასახლებებში დაუმუშავებელი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ხვედრითი წილი სხვა რეგიონებთან შედარებით მცირეა და უტოლდება ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის მაჩვენებლებს.

სტიქიური მოვლენებიდან რეგიონის მაღალმთიანი დასახლებებისთვის დამახასიათებელია კლდეზვავური პროცესები, დატბორვები და ქვათაცვენები, მეწყრულ-გრავიტაციული მოვლენები და ძლიერი სეტყვა.

შიდა ქართლი. რეგიონის მაღალმთიანი დასახლებები პრაქტიკულად დაცლილია მოსახლეობისაგან, ხოლო იქ, სადაც მოსახლეობა ჯერ კიდევ არის, რაოდენობა მკვეთრად კლებულობს. ადგილობრივები საკუთარ სახლებს ტოვებენ მძიმე საცხოვრებელი პირობების, ეკონომიკური მდგომარეობის, მოუწყობელი ინფრასტრუქტურისა თუ სხვა პრობლემების გამო. რეგიონის მაღალმთიან დასახლებებში დაუმუშავებელი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ხვედრითი წილი, სხვა რეგიონებთან შედარებით, მცირეა და უტოლდება ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მაჩვენებლებს.

სტიქიური მოვლენებიდან რეგიონის მაღალმთიანი დასახლებებისთვის დამახასიათებელია მეწყრულ-გრავიტაციული მოვლენები, წყალდიდობა-წყალმოვარდნა და მდინარის ნაპირების ეროზიული გარეცხვა.

იმერეთი. რეგიონის მაღალმთიანი დასახლებები განსხვავდება ერთმანეთისაგან მოსახლეობის რაოდენობით. მათი ნაწილი შედის სხვა რეგიონის მაღალმთიანი ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარის შემადგენლობაში.

იმერეთის რეგიონი რთული რელიეფური პირობების გამო დაუმუშავებელი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მაჩვენებელით (52%) ჩამორჩება მხოლოდ აჭარასა და გურიის მაღალმთიან დასახლებებს. ამასთან, ამგვარი რელიეფური პირობები იძლევა ტურისტების დაინტერესების საშუალებას, თუმცა ეს პოტენციალი არ არის გამოყენებული. ზემო იმერეთის რეგიონში სუსტად არის განვითარებული სასტუმროს, რესტორნებისა და მსგავსი ტიპის სერვისები. ასევე, არ არის ათვისებული და გამოკვლეული არსებული ბუნებრივი რესურსები და მათი წარმოების შესაძლებლობები მიუხედავად იმისა, რომ თბილისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემდეგ სწორედ იმერეთის რეგიონი ქმნის მრეწველობაში ყველაზე მაღალ დამატებით ღირებულებას და აქვს ზრდის პოტენციალი ამ მიმართულებით. მიუხედავად არსებული შესაძლებლობებისა, იმერეთის ეკონომიკა ნაკლებად არის დივერსიფიცირებული, შესაბამისად, ახალგაზრდებში მაღალია შრომითი მიგრაციის დინამიკა. რთული რელიეფური პირობების, გზების დაბალი ხარისხისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის არასახარბიელო მდგომარეობის გამო, გაზრდილია გადაადგილების დრო იმერეთის მაღალმთიან დასახლებებსა და ურბანულ ცენტრებს შორის.

სტიქიური მოვლენებიდან რეგიონის მაღალმთიანი დასახლებებისთვის დამახასიათებელია მეწყრულ-გრავიტაციული მოვლენები, წყალდიდობა-წყალმოვარდნა და მდინარის ნაპირების ეროზიული გარეცხვა.

გურია. რეგიონში სამი მაღალმთიანი დასახლებაა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. სოფლებში, ძირითადად, აჭარიდან ეკომიგრანტები ცხოვრობენ.

სოფლებში საგანმანათლებლო დაწესებულებების საკმარისი რაოდენობაა. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა სეზონური სამუშაოსთვის ქვეყნის გარეთ გადის სამ თვეზე მეტი ხნით, ან სამუშაოს შოულობს მიმდებარე ტურისტულ არეალებსა და აჭარაში. სხვადასხვა სერვისის მისაღებად მოსახლეობას მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრსა ან ბათუმში უწევს ჩასვლა.

სტიქიური მოვლენებიდან რეგიონის მაღალმთიანი დასახლებებისთვის დამახასიათებელია მეწყრულ-გრავიტაციული მოვლენები და მდინარეთა ნაპირების გამორეცხვა.

აჭარა. რეგიონში, მაღალმთიანი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარის დასახლებების გარდა, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს კიდევ რამდენიმე დასახლებას.

სოფლის კატეგორიის მაღალმთიან დასახლებებში არ არის საბავშვო ბაღების საკმარისი რაოდენობა, ხოლო სკოლებიდან, ძირითადად, დაწყებითი (6 კლასი) და საბაზო (9 კლასი) საფეხურის სკოლები ფუნქციონირებს.

ეკონომიკური საქმიანობიდან რეგიონის პრიორიტეტული მიმართულებებია ტურიზმი, ენერგეტიკა და მესაქონლეობა. რეგიონი ხასიათდება სასოფლო-სამეურნეო მიწების სიმცირით, რელიეფის სირთულისა და მოსახლეობის სიჭარბის გამო; ამავე დროს, რთული რელიეფური პირობების გამო, რეგიონი გამოირჩევა დაუმუშავებელი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მაღალი მაჩვენებელით (60%).

სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, აჭარაში დიდია სპორტული და კულტურული ინფრასტრუქტურის ობიექტების რაოდენობა. შესაბამისად, რეგიონი გამოირჩევა მწვრთნელებისა და წარმატებული სპორტსმენების რაოდენობით.

სტიქიური მოვლენებიდან რეგიონის მაღალმთიანი დასახლებებისთვის დამახასიათებელია თოვლის ზვავები, მეწყრულ-გრავიტაციული მოვლენები და ღვარცოფული პროცესები.

სხვადასხვა მაღალმთიანი რეგიონის თავისებურების მიუხედავად, გარკვეული ნიშნით მაღალმთიანი დასახლებები მაინც ჰგვანან ერთმანეთს. მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, კახეთის (თუშეთი) რეგიონების მაღალმთიან დასახლებებს საერთო გამოწვევა აქვთ: მოსახლეობის შემცირება და დაბერება. აღნიშნული ფაქტი ასეთი რეგიონების ან მუნიციპალიტეტებისათვის ერთობლივი პროგრამების განხორციელების წინაპირობას ქმნის.

2.15. დასკვნები

მაღალმთიან დასახლებათა განვითარებისათვის საჭიროა კომპლექსური, მრავალმხრივი მიდგომა რეგიონების თავისებურებათა გათვალისწინებით, როგორიცაა მოსახლეობის სიმჭიდროვე, რელიეფის დახრილობა, სასოფლო-სამეურნეო მიწების სიმცირე, მიწისა და ადამიანური რესურსების თანაფარდობის მაჩვენებელი, ბუნებრივი კატასტროფებისადმი მოწყვლადობა.

ჩატარებული ანალიზით გამოიკვეთა, რომ შესაბამისი მუნიციპალიტეტის ადამიანური რესურსები ურბანული და საკურორტო კატეგორიის მაღალმთიან დასახლებებშია კონცენტრირებული. თავიანთი შესაძლებლობებით აღნიშნული დასახლებები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დასაქმებისა და ცხოვრების დონის ამაღლებაში სხვა მაღალმთიან ადგილებშიც. ასევე, აუმჯობესებენ ადგილობრივი მოსახლეობის, მეწარმეებისა და ვიზიტორების წვდომას სახელმწიფო თუ სხვა სერვისებისადმი. შესაბამისად, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ცენტრებად საქალაქო კატეგორიის დასახლებები და ტურისტული არეალები უნდა მოვიაზროთ.

ნეგატიურ დემოგრაფიულ და მიგრაციულ დინამიკას განაპირობებს ის, რომ ახალგაზრდა ასაკის მოსახლეობა განათლების მიღების, დასაქმებისა ან საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების შესაძლებლობას სხვა ტერიტორიაზე ეძებს. სოფლის კატეგორიის დასახლებებიდან მაცხოვრებლები შესაბამისი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ და ტურისტულ ცენტრებში, ან საქართველოს დიდ ქალაქებში გადადიან. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა სამ თვეზე მეტი დროით ტოვებს საცხოვრისს სეზონური სამუშაოს მიზნით.

მოსალოდნელია, რომ კანონით გათვალისწინებული სოციალური შეღავათები და დახმარებები მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში დადებითად აისახება მაღალმთიანი დასახლებების მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე; საჭიროა სახელმწიფომ განახორციელოს პროექტები, რომლებიც მიმართული იქნება სიღარიბის დაძლევისა და მოსახლეობის ეკონომიკური აქტივობის გაზრდაზე.

მაღალმთიან დასახლებათა მოსახლეობის საშუალო ასაკი მატულობს და იზრდება საპენსიო ასაკის მოსახლეობის წილი. ეს მაჩვენებელი მომავალში შესაძლებელია კიდევ უფრო გაიზარდოს, რადგან მოსალოდნელია ხანდაზმული მოსახლეობის მაღალმთიანეთში მიგრაცია გაზრდილი პენსიის, სოციალური შეღავათებისა და დანამატების მისაღებად.

მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეობა არ არის უზრუნველყოფილი მინიმალური საცხოვრებელი პირობებით: დიდ ნაწილს არ აქვს სუფთა სასმელი წყალი, არ მოქმედებს წყლის მიწოდებისა და წყალარინების ცენტრალიზებული სისტემები, მოსახლეობა გასათბობად, ძირითადად, იყენებს შეშას, სატელეკომუნიკაციო სერვისებით სარგებლობა შეზღუდულია.

მაღალმთიან დასახლებებში არასრულად არის გამოყენებული არსებული ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი და ალტერნატიული ენერგიის წყაროების ათვისების შესაძლებლობები. ამასთან, მნიშვნელოვანია აღნიშნული პოტენციალის გამოყენება გარემოზე მინიმალური ზემოქმედებით.

მაღალმთიან დასახლებებში, კლიმატურ-გეოგრაფიული თავისებურებებიდან და მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო ცენტრებთან სიშორის გამო, გართულებულია წვდომა ჯანდაცვის ცალკეულ სერვისებზე.

მაღალმთიანი დასახლებების ერთმანეთსა და საქართველოს დიდ დასახლებებთან დასაკავშირებლად სახელმწიფოს დაწყებული აქვს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ქსელის განვითარება. თუმცა, პრობლემად რჩება დასახლებული პუნქტების მუნიციპალურ თუ რეგიონულ ცენტრებსა და სატრანსპორტო კვანძებთან დამაკავშირებელი გზების გაუმართაობა. გართულებული წვდომის გამო, შეზღუდულია ადგილობრივი მოსახლეობის ხელმისაწვდომობა სერვისებზე.

ქვეყნის ეკონომიკაში მაღალმთიანი დასახლებების წილი უმნიშვნელოა; მათი ეკონომიკა ნაკლებადაა დივერსიფიცირებული. საქმიანობის ძირითადი სახეობებია: სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და მშენებლობა. საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების უმრავლესობაში სამეწარმეო აქტივობა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე. ამ დასახლებებში, ძირითადად, მოქმედებს მცირე, საშუალო და მიკრო საწარმოები და მცირე ფერმერული მეურნეობები.

მაღალმთიან დასახლებებში მცირე და საშუალო საწარმოებისთვის გამოწვევაა ფინანსურ რესურსებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა, ინოვაციების ნაკლებობა, თანამედროვე ტექნოლოგიების შეზღუდული გამოყენება, კვალიფიციური სამუშაო ძალის სიმცირე და სამეწარმეო უნარების ნაკლებობა.

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულია საგადასახადო შეღავათები ბიზნესებისათვის, რომელთაც მაღალმთიანი დასახლების საწარმოს / მეწარმე ფიზიკური პირის სტატუსი აქვთ.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის ამოქმედებისთვის სავალდებულოა სურსათის უვნებლობის სტანდარტების დანერგვა 2020 წლამდე. ეს მოითხოვს დამატებით ინვესტიციებს, რისი საშუალებაც მაღალმთიან დასახლებებში ფერმერულ მეურნეობებსა და მცირე თუ საშუალო საწარმოებს არ აქვთ. შესაძლებელია, ამან წარმოებულ პროდუქციას დამატებითი საწარმოო და სავაჭრო ბარიერები შეუქმნას.

მაღალმთიან ადგილებში მოსახლეობის შემოსავლები დაბალია დანარჩენ საქართველოსთან შედარებით. აქ, უმეტესწილად, მცირე საოჯახო მეურნეობებია, რომელთა მიერ წარმოებული პროდუქტი ოჯახის საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებს. ხშირ შემთხვევაში, პენსია ოჯახების შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა. საოჯახო მეურნეობების შემოსავალს ამცირებს დანაკარგები მოწეული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შენახვისას გაფუჭების გამო. შემოსავლების დაბალ დონეს განაპირობებს პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებული ბარიერებიც, რეგიონებში არასაკმარისია გადამამუშავებელი საწარმოების რაოდენობა და პროდუქციის შეკრების ცენტრები.

მაღალმთიანი რეგიონების ტურისტული პოტენციალი არ არის სათანადოდ გამოყენებული, რისი მიზეზიც არის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების დაბალი დონე, ცნობადობა და მიღწევადობა. არსებულ ტურისტულ არეალებში გამოწვევაა კვალიფიციური კადრების ნაკლებობა, სერვისების დაბალი ხარისხი, ტურისტული პროდუქტების სიმცირე, ადგილობრივი ტრადიციული პროდუქტების წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვის განუვითარებლობა.

მაღალმთიან დასახლებებში დაბალია ზოგადი განათლების მიწოდების ხარისხი (ინფრასტრუქტურა, კადრები, მეთოდოლოგია). შეზღუდულია პროფესიული განათლების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ხელმისაწვდომობა.

დემოგრაფიული სიტუაციის გამო, მიზანშეწონილია არსებული ზოგადსაგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული ობიექტების ოპტიმალურ მდგომარეობაში შენარჩუნება და მათში ჩატარებული ღონისძიებების რაოდენობის გაზრდა.

ტყეების ეკონომიკური პოტენციალი არ არის ეფექტიანად გამოყენებული. მინიმალურია როგორც ტყის მერქნული (ხის გადამამუშავებელი საწარმოების მხრივ), ასევე, არამერქნული რესურსის გამოყენება. მნიშვნელოვანია ტყითსარგებლობის ისეთი ქმედითი მიმართულებების დანერგვა, როგორიცაა სამონადირეო მეურნეობების მოწყობა, ტყეების რეკრეაციულ-საკურორტო დანიშნულებით სარგებლობა და ეკოტურიზმის განვითარება -ტურისტული პოტენციალის გამოყენება.

საქართველოს მთიანი დასახლებების მდიდარი და მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობა ქმნის პოტენციალს განვითარებისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის, თუმცა, მრავალი მათგანი დაზიანებისა და განადგურების საფრთხის პირასაა და აღდგენა-გამაგრებით სამუშაოებს საჭიროებს.

მოქმედი კანონმდებლობით, მაღალმთიანი დასახლებების მიმართ სახელმწიფოს პოლიტიკა ქვეყნის რეგიონული პოლიტიკის ნაწილია და მიმართულია მთიანი დასახლებების მაცხოვრებელთა სპეციფიკური პრობლემების გადაჭრისაკენ, შესაბამისად, მათი განვითარების სწორად დაგეგმარებას, მიმდინარეობის მონიტორინგსა და შედეგების შეფასებას სჭირდება შესაბამისი საინფორმაციო სისტემის არსებობა.

ქვეყანაში მოქმედ სტრატეგიებსა და სახელმწიფო პროგრამებში ასახულია მაღალმთიანი დასახლებების განვითარებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტები. ამ ღონისძიებების სიმრავლე დღის წესრიგში აყენებს ერთობლივი მუშაობის, კოორდინაციის, გადაფარვისა და მართვის საკითხებს.

მცირემიწიანობა და სავარგულების დანაწევრება განაპირობებს ფინანსურ რესურსებსა და ტექნოლოგიებზე შეზღუდულ წვდომას, დაბალ რენტაბელობასა და კონკურენტუნარიანობას. ეს საშუალოვადიან პერსპექტივაში შეზღუდავს განვითარების პროგრამების ეფექტიანი დაგეგმვისა და განხორციელების შესაძლებლობას.

მაღალმთიან დასახლებათა განვითარებასა და მართვაში თვითმმართველობების როლი, რესურსების გამო, შეზღუდულია. გარდა ამისა, იქ მცხოვრები მოსახლეობაც ნაკლებად პროაქტიულ როლს თამაშობს პრიორიტეტების გამოკვეთასა და რეალიზაციაში. მაღალმთიანი რეგიონების კლიმატურ-გეოგრაფიული და განსახლების თავისებურებები დამატებით სირთულეს უქმნის მოსახლეობაში ინფორმაციის გავრცელებასა და ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას.

მაღალმთიანი დასახლებების SWOT ანალიზი(ძლიერი და სუსტი მხარეების, შესაძლებლობებისა და რისკების შეფასება)

ინფორმაციის ანალიზის შედეგებზე, ექსპერტთა კომპეტენციასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით, აგრეთვე დაინტერესებულ მხარეებთან დისკუსიისას გამოვლინდა მაღალმთიანი დასახლებების ძლიერი და სუსტი მხარეები, შესაძლებლობები და საფრთხეები. შედეგად, გაკეთდა საქართველოს მაღალმთიან დასახლებათა სინთეზური SWOT-ანალიზი. ანალიზი გაკეთდა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: დასახლებათა სისტემა; გარემო, რესურსები, რისკები; ხელმისაწვდომობა და დაკავშირებადობა; ზრდა და კონკურენტუნარიანობა. არსებული შეფასება გამოყენებულია მაღალმთიან დასახლებათა წინაშე მდგარი გამოწვევებისა და ამოცანების იდენტიფიცირებისათვის.

|კატეგორია |ძლიერი მხარეები |სუსტი მხარეები |შესაძლებლობები |საფრთხეები |

| | | | | |

|კულტურული მემკვიდრეობა, ბუნებრივი |მდიდარი ბიომრავალფეროვნება |მაღალმთიან დასახლებებში წყალარინების და წყლის|დაცული ტერიტორიების განვითარება და |გარემოს და ბუნებრივი რესურსების |

|რესურსები და გარემოს დაცვა |ტყის მდიდარი რესურსები |მიწოდების სისტემების გაუმართაობა/არარსებობა |ეფექტიანი მართვა |არაეფექტიანი გამოყენება |

| |დაცული ტერიტორიების შედარებით დიდი და |ბუნებრივი არეალების ფრაგმენტაციის შედეგად |კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების |ადგილობრივ კულტურულ მემკვიდრეობასთან |

| |მზარდი ფართობი |მრავალფეროვნების (ფლორის და ფაუნის) შემცირება|შენარჩუნება/რეაბილიტაცია და ამ ძეგლების |წვდომის, შენარჩუნებისა და გამოყენების |

| |დაცული ტერიტორიების ეფექტიანი მართვა |მატერიალურ-კულტურულ ძეგლთა დაზიანების და |მდებარეობის ადგილების რევიტალიზაცია |გართულება ტურისტული ნაკადების |

| |განახლებადი ენერგიის წყაროების |ბუნებრივი პირობების ზემოქმედების შედეგად |კულტურული მემკვიდრეობის გამოყენებით |არაეფექტიანი მართვის გამო |

| |სიმრავლე (ჰიდრო, ქარის, მზის, |განადგურების სწრაფი ტემპი |მაღალმთიანი დასახლებების მიმზიდველობის |ეკონომიკური აქტივობის შედეგად გარემოზე |

| |ბიომასის) |ქარისა და მზის განახლებადი ენერგიების |გაზრდა ტურიზმის განვითარებისთვის |უარყოფითი ზეგავლენა |

| |კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების |გამოყენების შეზღუდული გამოცდილება |მდინარეების მართვის გაუმჯობესება |წყლის რესურსების ჭარბად გამოყენების |

| |სიმრავლე |ღვარცოფების, მეწყერებისა და წყალდიდობების |ბუნებრივი კატასტროფების შედეგების |უარყოფითი ეფექტი |

| |სასმელი წყლის რესურსის არსებობა |მაღალი სიხშირე |შესამცირებლად მეზობელი ქვეყნების |ბუნებრივი კატასტროფების რიცხვის ზრდა |

| |ღვარცოფისა და მეწყერის რისკების |მიწის ფრაგმენტაციის მაღალი დონე |შესაბამის მაღალმთიან დასახლებებთან |კლიმატის ცვლილებისა და გარემოს |

| |შემცირების გეგმის არსებობა |მუნიციპალური ნარჩენების მართვის სერვისის |თანამშრომლობა |განვითარებაში ხელოვნური ჩარევის შედეგად |

| | |არასრული ხელმისაწვდომობა მაღალმთიანი | |კლიმატის ცვლილების უარყოფითი გავლენა |

| | |რეგიონების მოსახლეობისათვის | |ეკონომიკურ აქტივობასა და ცხოვრების |

| | |სტიქიური გეოლოგიური პროცესების პრევენციულ | |ხარისხზე |

| | |ღონისძიებათა გეგმის არარსებობა, კლიმატის | | |

| | |ცვლილების შედეგად წარმოქნილი მოწყვლადი | | |

| | |ტერიტორიების ადაპტაციისა და შემსუბუქების | | |

| | |ღონისძიებათა გეგმებისა და ბუნებრივი | | |

| | |კატასტროფების მართვის ქმედითი სისტემის | | |

| | |არარსებობა | | |

| | | | | |

|ხელმისაწვდომობა და დაკავშირებადობა|განვითარებული ურბანული ცენტრების |სხვადასხვა რეგიონის მაღალმთიანი დასახლებების |სხვადასხვა ტურისტული, საკურორტო |მაღალმთიანი ურბანული დასახლებებისა და |

| |დამაკავშირებელი საგზაო ინფრასტრუქტურა |მუნიციპალურ/ურბანულ ცენტრებთან |მაღალმთიანი დასახლების სატრასპორტო |კურორტებისკენ მიმავალი სატრანსპორტო |

| |და სატრანსპორტო სისტემა |დამაკავშირებელი საგზაო ინფრასტრუქტურის |ქსელის განვითარება, მათი |ნაკადების გაზრდის შედეგად წარმოქმნილი |

| |საქართველოს ურბანული ცენტრებიდან |არასახარბიელო მდგომარეობა/არ არსებობა |დაკავშირებადობის გაზრდა ერთმანეთთან და |სირთულეები (საცობები, გარემოს |

| |დაშორებული ტურისტულად მიმზიდველ |კლიმატურ-გეოგრაფიული და განსახლების |სხვადასხვა ურბანულ ცენტრთან |დაბინძურება და ა.შ) |

| |მაღალმთიან დასახლებებთან |თავისებურებებით შექმნილი დამატებითი |მულტიმოდალური სატრანსპორტო სისტემის |სატრანსპორტო მომსახურების |

| |დამაკავშირებელი აეროპორტების/ |სირთულეები მოსახლეობაში ინფორმაციის |შექმნა და ლოჯისტიკის გაუმჯობესება |გაუარესება-შეწყვეტა ნაკლებდასახლებულ |

| |აეროდრომების არსებობა |გავრცელებისა და გადაწყვეტილების მიღებაში |სატვირთო გადაზიდვებისათვის |მაღალმთიან დასახლებებში |

| | |მოქალაქეთა ჩართულობისათვის. |მაღალმთიან დასახლებებში |ბუნებრივი კატასტროფის შედეგად |

| | |მაღალმთიანი დასახლებების სუსტი საგზაო და |საინფორმაციო-საკომუნიკაციო |სატრანსპორტო ქსელის დაზიანება. |

| | |სატრანსპორტო კავშირი კურორტებთან, |ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება | |

| | |მუნიციპალურ, ურბანულ ცენტრებთან |მაღალმთიან დასახლებებს შორის საბაგირო | |

| | |ზოგიერთ მაღალმთიან დასახლებაში საკომუნიკაციო |ტრანსპორტის განვითარება | |

| | |სისტემებთან (მ.შ. ინტერნეტთან) შეზღუდული |სამედიცინო მომსახურებაზე რეფერალისა და | |

| | |წვდომა |ტრანსპორტირების სქემებით არსებული | |

| | |ინტერმოდალური სატრანსპორტო კვანძების |სერვისების ოპტიმიზაცია და ხარისხის | |

| | |ნაკლებობა და არასათანადოდ განვითარებული |გაუმჯობესება | |

| | |ლოჯისტიკური ცენტრები |ელექტრონული მმართველობის (E-governance) | |

| | |მცირემოსახლეობის დასახლებებში სერვისების |სხვადასხვა ინსტრუმენტის, მ.შ. მოქალაქეთა| |

| | |მიწოდების შედარებით დიდი დანახარჯები |მონაწილეობის ელექტრონული ფორმების | |

| | |მაღალმთიან დასახლებებში დაკავშირებულობის |(E-participation) განვითარება | |

| | |გაუმჯობესების მაღალი დანახარჯები რთული | | |

| | |რელიეფისა და ლანდშაფტის გამო | | |

| | | | | |

|ადამიანური რესურსები, |მაღალმთიანი დასახლებების მაღალი |მაღალმთიანდასახლებებში სოცილურ-ეკონომიკური |განვითარებული მაღალმთიანი ურბანული |მაღალმთიან დასახლებებსა და ბარს შორის |

|კონკურენტუნარიანობა და ზრდა |ტურისტული პოტენციალი |უთანაბრობების მაღალი მაჩვენებლები |დასახლებებისა და კურორტების დადებითი |უთანაბრობების გაღრმავების ტენდენციის |

| |საერთაშორისო ვიზიტორების ზრდის |სოფლის კატეგორიის მაღალმთიანიდასახლებების |ზეგავლენა მიმდებარე მაღალმთიანი |ზრდა |

| |ტენდენცია |მოსახლეობისმიგრაციის მაღალი უარყოფითი |დასახლებების განვითარებაზე |ტურისტული პროდუქტების და ადგილების |

| |განვითარებული ინფრასტრუქტურა, მ.შ. |დინამიკა |ახალი ტექნოლოგიების და ორგანიზაციული |რაოდენობის გაზრდის მიუხედავად ვიზიტორთა |

| |ტურისტულიც, ცნობილ მაღალმთიან |მაღალმთიან დასახლებებშიეკონომიკურად აქტიური |ფორმების გამოყენება სერვისების |იგივე რაოდენობა |

| |კურორტებში |მოსახლეობის რაოდენობის შემცირების მაღალი |მისაწოდებლად მაღალმთიან დასახლებებში |ვიზიტორთა ნაკადის შემცირება საერთაშორისო|

| |ქვეყანაში არსებული მიმზიდველი |მაჩვენებელი |ეკონომიკურად აქტიური მიგრირებული |ეკონომიკური/ფინანსური კრიზისის შედეგად |

| |საინვესტიციო გარემო და შეღავათიანი |სოფლის კატეგორიის მაღალმთიანი დასახლებების |ადგილობრივი მოსახლეობის უკან დაბრუნების |სოციალური დაძაბულობა ტრადიციული ქცევის |

| |საგადასახადო რეჟიმი მაღალმთიან |განვითარების დაბალი დონე მაღალმთიან ურბანულ |მოტივირება ეკონომიკური და |და ცხოვრების წესების ცვლილების გამო |

| |დასახლებებში ბიზნესის წარმოებისათვის |და საკურორტო დასახლებებთან შედარებით |ბიზნეს-აქტივობების ხელშეწყობის გზით |მეწარმეობის სურვილის ნაკლებობა |

| |ფერმერული მეურნეობების, კოოპერატივების|რთული კლიმატური პირობები და რელიეფური |სამეწარმეო და ბიზნესუნარების |ადგილობრივ მოსახლეობაში |

| |და მეწარმეობის სახელმწიფო მხარდამჭერი |სირთულეების უარყოფითი გავლენა ეკონომიკურ |განვითარების ხელშეწყობა ადგილობრივ |შემოსავლის მიღებაში მოსახლეობის |

| |პროგრამები |საქმიანობაზე |მოსახლეობაში |დემოტივაცია, სოციალური დახმარების |

| |ეკონომიკის სპეციფიკური სექტორების |ზოგიერთ რეგიონში დაცარიელებული მაღალმთიანი |ტერიტორიული უთანაბრობების შემცირება და |დაკარგვის შიშით |

| |განვითარებისათვის მნიშვნელოვანი |დასახლებები და წლის გარკვეულ პერიოდებში |სოფლის კატეგორიის მაღალმთიანი |მაღალმთიანი დასახლებებიდან მოსახლეობის |

| |ეკოლოგიურად სუფთა გარემო |მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეობის |დასახლებების განვითარება თანამედროვე |მიგრაციისა და დემოგრაფიული მდგომარეობის |

| |მაღალმთიანი დასახლებებისათვის |მნიშვნელოვანი შემცირება |ტექნოლოგიების, ინფრასტრუქტურის და |ნეგატიური ტენდენციის გაგრძელება, |

| |დამახასიათებელი, ტრადიციული |ადგილობრივი პროდუქციის არაკონკურენტუნარიანობა|შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებით |განსაკუთრებით კი საზღვრისპირა |

| |პროდუქტებისა და დარგების არსებობა |და გასაღების ბაზრების სიმცირე |ადგილობრივი რესურსების გამოყენებით |დასახლებებიდან |

| |კანონმდებლობით გათვალისწინებული |ეკონომიკის სექტორების განვითარების დაბალი |ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების შექმნა |მაღალმთიანი დასახლებების დეპოპულაციის |

| |სოციალური მხარდაჭერის პაკეტ(ებ)ი |დონედა არადივერსიფიცირებულობა |ადგილობრივი სოფლის მეურნეობის |გაღრმავება |

| |მაღალმთიან დასახლებათა |ფინანსური რესურსებზე შეზღუდული |პროდუქტების რეალიზაციის ზრდა | |

| |მაცხოვრებლებისთვის |ხელმისაწვდომობა |მწარმოებლებსა და მომხმარებლებს შორის | |

| |მდიდარი ისტორიული და კულტურული |დარეგისტრირებული მიწის სიმცირე და |კავშირების და მიწოდების ჯაჭვის შექმნით | |

| |მემკვიდრეობა |რეგისტრაციასთან დაკავშირებული სირთულეები |მაღალმთიანი დასახლებების კულტურული | |

| |მრავალფეროვანი გარემო და დაცული |ადგილობრივი მოსახლეობის არასაკმარისი |პროდუქტების ზრდა | |

| |ტერიტორიები |სამეწარმეო და ფერმერობისათვის საჭირო უნარები;|ტურისტული პოტენციალის მაქსიმალური | |

| |სახელმწიფო პროგრამები სამედიცინო |კვალიფიციური კადრების სიმცირე |გამოყენება, ტურისტული სეზონის გაზრდა | |

| |პერსონალისთვის სახელფასო დანამატის |ტურისტული და სხვა სერვისების დაბალი დონე,უცხო|ტურისტული პროდუქტების დივერსიფიკაციით და| |

| |უზრუნველსაყოფად |ენების მცოდნე პერსონალის სიმცირე |ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებით | |

| | |თანამედროვე ტექნოლოგიებისცოდნის დაბალი დონე |ალპინიზმის, ეკოტურიზმისა და აგროტურიზმის| |

| | |და გამოყენების შეზღუდული შესაძლებლობა |განვითარების პოტენციალის არსებობა | |

| | |სიღარიბის მაღალი დონე |განათლების სისტემის ადაპტირება | |

| | |სამედიცინო კადრების და რესურსის ნაკლებობა |ადგილობრივ რეალობასთან და შრომის ბაზრის | |

| | |განათლების დაბალი ხელმისაწვდომობა, |მოთხოვნებთან | |

| | |განსაკუთრებით სკოლამდელი განათლების საფეხურზე|მაღალი ღირებულების ბრენდული ტრადიციული | |

| | | |პროდუქტების წარმოება: ბიო/ორგანული; | |

| | |ინფრასტრუქტურული სამუშაოების საწარმოებლად |გეოგრაფიული ადგილწარმოშობის | |

| | |რთული კლიმატური პირობები და რელიეფური |დასახელებები; აუთენტური სავაჭრო ნიშნები | |

| | |სირთულეები |და ა.შ. | |

| | |კოოპერაციული საქმიანობის დადებითი |კოოპერაციული სისტემების/ კოოპერატივების | |

| | |გამოცდილების და შესაძლებლობების, კოოპერაციული|განვითარება | |

| | |შიდასაწარმოო ურთიერთობების შესახებ ცოდნის |ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა | |

| | |დეფიციტი |მაღალმთიან არეალებში სასოფლო-სამეურნეო | |

| | | |საქმიანობის წარმოებისათვის საჭირო | |

| | | |ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის ზრდა | |

| | | |მთიანი დასახლებებისთვის დამახასიათებელი | |

| | | |ტრადიციული დარგების (მაგ: მეცხვარეობა | |

| | | |თუშეთში) განვითარება | |

| | | |განათლებასა და სხვა სერვისებზე | |

| | | |ხელმისაწვდომობის ზრდა ადგილობრივი | |

| | | |მოსახლეობისთვის ძირითადი ინფრასტრუქტურის| |

| | | |განვითარებით | |

| | | |გარკვეული კატეგორიის მოსახლეობის | |

| | | |უკუმიგრაცია სოციალური პაკეტის | |

| | | |გავრცელების შემდეგ | |

4. ხედვა

სტრატეგიული ხედვა ითვალისწინებს მაღალმთიან დასახლებათა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებასა თუ რესურსებს, ასევე დასახლებებში არსებულ მთავარ პრობლემებს. მათზე რეაგირებისა და მდგრადი განვითარებისათვის დასახული ამოცანების შესრულების გზით, სტრატეგიული ხედვა წარმოადგენს სასურველი, მიღწევადი მომავლის სურათს:

2023 წლისათვის საქართველოს მაღალმთიან დასახლებებში საბაზისო ინფრასტრუქტურის, სოციალური და საჯარო სერვისების, ტურისტული მიმზიდველობის, სოფლის მეურნეობაზე და წარმოებაზე დაფუძნებული ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობით გაუმჯობესებულია მოსახლეობის ცხოვრების დონე და დემოგრაფიული დინამიკა.

აღნიშნული შედეგის მისაღწევად, ყველა მაღალმთიან დასახლებაზე გამიზნული სახელმწიფო პროგრამების გარდა, სტრატეგია ითვალისწინებს ასევე ადგილობრივ პოტენციალსა და განვითარების სპეციალური ტერიტორიების განსაზღვრას, რათა ამ ტერიტორიებზე მიზნობრივი პროგრამები განხორციელდეს, მიზიდულობის ცენტრებთან არსებული კავშირების მხედველობაში მიღებით.

5. სტრატეგიული მიზნები და ამოცანები

დასახული ხედვის მისაღწევად, სტრატეგიული მიზნები და ამოცანები ჩამოყალიბდა მაღალმთიანი დასახლებებისა და მათ გარშემო არსებული სიტუაციის ანალიზის შედეგად გაკეთებული დასკვნების საფუძველზე.

აღნიშნული მიდგომის საფუძველზე, დასახულია სამი სტრატეგიული მიზანი და ჩამოყალიბებულია შემდეგი ამოცანები:

სტრატეგიული მიზანი 1. მაღალმთიანი დასახლებების მდგრადი განვითარება

ამოცანა 1: ტურიზმის განვითარების მხარდაჭერა

ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებით განხორციელდება მაღალმთიანი დასახლებების ტურისტული პოტენციალის გამოყენება. მნიშვნელოვანია ტურისტული სერვისების განვითარება – ქვეყნის მასშტაბით მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება ვიზიტორებისათვის, განსაკუთრებით ტურისტულად მიმზიდველ მაღალმთიან დასახლებებში. მაღალმთიან დასახლებებში არსებობს აგროტურიზმისა და ეკოტურიზმის განვითარების მაღალი პოტენციალი. ამდენად, მაღალმთიანი დასახლებების თავისებურებების გათვალისწინებით ამ მიმართულებით არსებული სახელმწიფო პროგრამები დაიხვეწება.

თვითმყოფადობის შენარჩუნებისათვის საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების მდიდარი და მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობის განვითარების მიმართულებით დაიგეგმება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციისა და ინფრასტრუქტურის მოწყობის ღონისძიებები.

შედეგების ინდიკატორები:

➢ ტურისტების ღამისთევათა რაოდენობა მაღალმთიან დასახლებებში;

➢ რესტავრირებული კულტურის ძეგლებისა და ტურისტული ობიექტების რაოდენობა;

➢ დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა.

ამოცანა 2: სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა

ვინაიდან მაღალმთიანი დასახლებების უმრავლესობაში მოსახლეობის საქმიანობას და შემოსავლების ძირითად წყაროს სოფლის მეურნეობა წარმოადგენს, მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა განხორციელდეს შემუშავებული მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, რომელიც მოიცავს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობას, გადამამუშავებელი საწარმოების მშენებლობას და სხვა.

შედეგების ინდიკატორები:

➢ სასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყენებული მიწის ფართობი;

➢ ახალად შექმნილი სოფლის მეურნეობის საწარმოების რაოდენობა;

➢ მხარდამჭერ სერვისებზე და პროგრამებზე ფერმერების წვდომა;

➢ მხარდაჭერილი კოოპერატივების რაოდენობა.

ამოცანა 3: სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერა

საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების უმრავლესობაში სამეწარმეო აქტივობა ნაკლებია, რაც გამოწვეულია ფინანსურ რესურსებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობით, კვალიფიციური სამუშაო ძალის სიმცირითა და სამეწარმეო უნარების ნაკლებობით. ამდენად, განხორციელდება მცირე, საშუალო და მიკრო ბიზნესის ხელშეწმყობი და მეწარმეთა საჭიროებებზე ორიენტირებული საინვესტიციო ღონისძიებები და სამეწარმეო უნარების ასამაღლებლად შეიქმენება შესაძლებლობები, შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში.

შედეგების ინდიკატორები:

➢ დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა;

➢ ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 1000 კაცზე;

➢ მაღალმთიანი დასახლების საწარმოს/მეწარმე ფიზიკური პირის სტატუსის მქონეთა რაოდენობა, ბრუნვის, გამოშვებული პროდუქციის გაზრდილი მაჩვენებლები;

➢ ადგილობრივი მოსახლეობის სამეწარმეო უნარების ზრდა.

ამოცანა 4: საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა

ზოგიერთ მაღალმთიან დასახლებაში მოუწყობელი საგზაო ინფრასტრუქტურა არის ერთ-ერთი მთავარი ბარიერი მოსახლეობის გადაადგილების, სერვისებზე წვდომის და ეკონომიკურ აქტივობისათვის. ასევე, ბუნებრივი სტიქიების შედეგად ხშირია სატრანსპორტო ქსელის დაზიანება. ამდენად, განხორციელდება გზის მშენებლობა/რეაბილიტაცია და პრევენციული ღონისძიებები სტიქიური მოვლენებით გამოწვეული ზიანის შემცირების მიზნით. ასევე, განხორციელდება ბუნებრივი კატასტროფების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები.

შედეგების ინდიკატორები:

➢ შემცირებული გადაადგილების დრო ტრანსპორტირებისთვის;

➢ აშენებული და რეაბილიტირებული გზების სიგრძე.

ამოცანა 5: გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მართვა

მაღალმთიან დასახლებებში გარემოს და ბუნებრივი რესურსების არაეფექტიანი გამოყენება ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს. გარემოზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს როგორც ბუნებრივი კლიმატური, ასევე ხელოვნული ჩარევები. მაღალმთიან დასახლებებში გარემოს დაცვის უზრუნვესაყოფად და ბუნებრივი რესურსების ეფექტური მართვისათვის დაიგეგმება ტყის რესურსების რაციონალური გამოყენებისა და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები, როგორიცაა დაზიანებული, ნახანძრალი ტერიტორების აღდგენა, დაცული ტერიტორიების გარემოსდაცვითი ღონისძიებები და სხვა.

შედეგების ინდიკატორები:

➢ ოჯახების რაოდენობა, სადაც ენერგეტიკული მიზნებისათვის გამოყენებული იქნება ალტერნატიული ენერგიის წყაროები;

➢ მუნიციპალიტეტების რაოდენობა, სადაც სრულად უზრუნველყოფილია მუნიციპალური ნარჩენების მართვის სერვისის მიწოდება;

➢ აღდგენილი ტყის ფართობი.

სტრატეგიული მიზნის შედეგი:

მაღალმთიან დასახლებებში უზრუნველყოფილია საქონლისა და მომსახურების ეფექტიანი მიწოდება და მიმზიდველია სამეწარმეო საქმიანობა, გაზრდილია სამუშაო ადგილების რაოდენობა და მოსახლეობის შემოსავლები.

სტრატეგიული მიზანი 2. მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთა სოციალური მხარდაჭერა

ამოცანა 6: ჯანდაცვის ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობა

მაღალმთიან დასახლებებში სამედიცინო დაწესებულებებთან სიშორის ან ასეთი დაწესებულებების არარსებობის/რეაბილიტაციის საჭიროების გამო გართულებულია წვდომა ჯანდაცვის ცალკეულ სერვისებზე. ამდენად, მაღალმთიან დასახლებებში იგეგმება სასწრაფო დახმარების შენობების, ამბულატორიების მშენებლობა/რეაბილიტაცია, სასწარფო დახმარების მომსახურების გაუმჯობესება. გაგრძელდება მაღალმთიან დასახლებებში დასაქმებული სამედიცინო პერსონალისათვის სახელფასო დანამატების გაცემა, რაც ახალისებს პროფესიონალებს და ხელს უწყობს ჯანდაცვის სერვისის ხელმისაწვდომობას მთაში.

შედეგების ინდიკატორები:

➢ აშენებული რეაბილიტირებული სამედიცინო დაწესებულებების რაოდენობა;

➢ სამედიცინო პერსონალისათვის გაცემული სახელფასო დანამატების ჯამური ოდენობა წლის განმავლობაში.

ამოცანა 7: ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა

მაღალმთიან დასახლებებში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის არარსებობის/დაზიანების თუ საგანმანათლებლოს დაწესებულებებთან სიშორის გამო განათლების ხელმისაწვდომობა დაბალია. განათლების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად მნიშვნელოვანია განხოციელდეს საგანამართლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობა/გაუმჯობესება, პროფესიული სასწავლებლების რაოდენობის და პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა, საგანამათლებლო დაწესებულებამდე ტრანსპორტირება, განათლების სისტემის მოქნილობა ადგილობრივ რეალობასთან და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან.

შედეგების ინდიკატორები:

➢ უმაღლესი და პროფესიული განათლების მქონეთა რაოდენობა 1000 კაცზე;

➢ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების გეოგრაფიულ-ტერიტორიული ხელმისაწვდომობის ზრდა;

➢ აშენებული და რეაბილიტირებული სკოლების/სკოლა პანსიონების რაოდენობა;

➢ მაღალმთიან დასახლებებში პროფესიული საგანამათლებლო დაწესებულების გაზრდილი რაოდენობა.

ამოცანა 8: დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესების ხელშეწყობა

მაღალმთიან დასახლებათა უმეტესობაში შესამჩნევია მოსახლეობის დაბერება და დემოგრაფიული ტვირთის ზრდა. მაღალმთიანი დასახლებებისათვის მოსახლეობის დაბერებისა და დემოგრაფიული უსაფრთხოების საკითხების მნიშვნელობიდან გამომდინარე, განხორციელდება ისეთი ღონისძიებები, რაც ახალისებს შობადობას და ამცირებს უარყოფით დემოგრაფიულ დინამიკას. მაგალითად მაღალმთიან დასახლებებში განხორცილდება/გაგრძელდება ფულადი წახალისების ღონისძიებები ბავშვის დაბადებისათვის, სკოლამდელი საგანამათლებლოს ინფრასტრუქტურული ღონისძიებები და შემუშავდება სხვა მიზნობრივი პროგრამები.

შედეგების ინდიკატორები:

➢ დემოგრაფიული ტვირთი;

➢ მიგრაციის შემცირება;

➢ შობადობის გაზრდილი კოეფიციენტი;

➢ სკოლამდელ განათლებაში ჩართულობის გაზრდილი მაჩვენებელი.

ამოცანა 9: კომუნალური და საკომუნიკაციო სერვისების ხელმისაწვდომობა

მაღალმთიან დასახლებებში კომუნალური და საკომუნიკაციო სერვისების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად იგეგმება ელექტროენერგიის მომარაგების დარჩენილი ოჯახების მზის პანელებით უზრუნველყოფა, დასახლებების გაზიფიცირება, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის გაუმჯობესება, მყარი ნარჩენების მართვის მიმართულებით ღონისძიებების განხორციელება, ინტერნეტთან კავშირის გაუმჯობესება.

შედეგების ინდიკატორები:

➢ სასმელი წყლის აბონენტების გაზრდილი რაოდენობა;

➢ კომუნალური და საკომუნიკაციო პროექტების რაოდენობა;

➢ ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით მოსარგებლე აბონენტების რაოდენობა;

➢ კავშირგაბმულობით მოსარგებლე აბონენტების რაოდენობა;

➢ მოსახლეობის პროცენტული რაოდენობა, რომლებსაც მიეწოდებათ ნარჩენების მართვის სერვისი;

➢ მუნიციპალიტეტების რაოდენობა, სადაც ენერგეტიკული მიზნებისათვის გამოყენებულია ალტერნატიული ენერგიის წყაროები.

ამოცანა 10: ახალგაზრდების მხარდაჭერა

მაღალმთიანი დასახლებებისათვის გამოწვევად რჩება ახალგაზრდა და შრომისუნარიანი მაცხოვრებლების მიგრაციაა, რისი მიზეზიც ხშირად დასაქმებასა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის პრობლემაა. ახალგაზრდების მხარდასაჭერად შემუშავდება სპეციალური პროგრამების ეკონომიკური საქმიანობის წახალისების მიზნით, გაგრძელდება ახალგაზრდების დაფინანსება უმაღლეს სასწავლებლებში და ასევე ყურადღება მიექცევა არაფორმალური განათლების აქტივობებს.

შედეგების ინდიკატორები:

➢ უმაღლეს სასწავლებლებში დაფინანსებული ახალგაზრდების რაოდენობა;

➢ ცოდნისა და ინოვაციების გადაცემის სერვისებით მოსარგებლეთა გაზრდილი რაოდენობა;

➢ ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა მართვაში ახალგაზრდების გაზრდილი რაოდენობა/წილი.

ამოცანა 11: კულტურულ-სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება

მნიშვნელოვანია არსებული კულტურული და სპორტული ობიექტების ოპტიმალურ მდგომარეობაში შენარჩუნება და მათში ჩატარებული ღონისძიებების რაოდენობის გაზრდა. კულტურულ-სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით იგეგმება კულტურის და სპორტის ობიექტების პასპორტიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, რის შემდგომაც დაისახება კონკრეტული ღონისძიებები, რომელიც გაზრდის კულტურისა და სპორტის დაწესებულების და ჩატარებული ღონისძიებების რაოდენობას მაღალმთიან დასახლებებში.

შედეგების ინდიკატორები:

➢ მოწყობილი/აშენებული კულტურული/სპორტული ობიექტების რაოდენობა;

➢ კულტურისა და სპორტულ ობიექტებში ჩატარებული ღონისძიებების მაჩვენებლები.

სტრატეგიული მიზნის შედეგი:

მაღალმთიან დასახლებებში გაუმჯობესებულია მოსახლეობის ცხოვრებისა და განვითარებისთვის აუცილებელი პირობები.

სტრატეგიული მიზანი 3. მაღალმთიან დასახლებებში სერვისების ხელმისაწვდომობა

ამოცანა 12: მართვისა და მომსახურების ინოვაციური სისტემების დანერგვა

თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება მნიშვნელოვანია მმართველობის განხორციელებისას. ამ კუთხით იგეგმება მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა ელექტორნული სერვისებისა და მართვის საუკეთესო პრაქტიკების (ინტერმუნიციპალური თანამშრომლობა) დანერგვისა და მოქალაქეთა მონაწილეობის ელექტორნული საშუალებების განვითარების მიმართულებით, რაც, თავის მხრივ, დაზოგავს ადმინისტრაციულ ხარჯებს, გაზრდის მოქალაქეთა ჩართულობას ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებისას და იქნება სასარგებლო როგორც სერვისის მიმწოდებლის, ასევე სერვისის ბენეფიციარისათვის.

შედეგების ინდიკატორები:

➢ მუნიციპალიტეტების გაზრდილი რაოდენობა, სადაც დანერგილია მართვის სისტემები;

➢ მართვისა და მომსახურების ინოვაციური სისტემების გამოყენების ამაღლებული დონე;

➢ ადგილობრივ თვითმმართველობის განხორციელებაში მოსახლების ჩართულობის გაზრდილი მაჩვენებლები.

ამოცანა 13: საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა

მაღალმთიან დასახლებებში, სადაც დაკავშირებადობა დაბალია ადმინისტრაციულ ცენტრებთან, საჯარო სერვისებზე ხელმისაწვდომობის დონის გაზრდისათვის მნიშვნელოვანია ისეთი ობიექტების მშენებლობა, რომელიც მოსახლეობას საჯარო სერვისების მიწოდებას სთავაზობს ერთ სივრცეში, დასახლებიდან გაუსვლელად. ასევე, უნდა გაიზარდოს ისეთი ობიექტების რაოდენობა, რომელიც მოსახლეობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. საჯარო სერვისების მიწოდებისას მნიშვნელოვანია, რომ მაღალმთიან დასახლებებში ეფექტურად განხორციელდეს მოსახლეობის დაცვა გეოლოგიური და მეტეოროლოგიური საფრთხეებისაგან.

შედეგების ინდიკატორები:

➢ საჯარო სერვისებზე ხელმისაწვდომობის დონე;

➢ მოსახლეობის კმაყოფილების დონე საჯარო სერვისებით;

➢ ბუნებრივი კატასტროფების პრევენციისა და ზარალის შემცირების პროგრამებით მოსარგებლეთა რაოდენობა.

➢ მერიისა და საკრებულოს გამჭვირვალობის ინდექსის მაჩვენებელები.

სტრატეგიული მიზნის შედეგი:

მაღალმთიან დასახლებებში გაზრდილია საჯარო სერვისებზე ხელმისაწვდომობა და გაუმჯობესებულია მოსახლეობის შესაძლებლობები, ჩაერთოს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში.

6. განხორციელებისა და მართვის მექანიზმი

მაღალმთიანი დასახლებების განვითარების პოლიტიკის შემუშავებას და მისი განხორციელების პროცესში ჩართული შესაბამისი სამინისტროების საქმიანობას კოორდინაციას უწევს კოლეგიური სათათბირო ორგანო – მთის განვითარების ეროვნული საბჭო.

სახელმწიფო ბიუჯეტი არის საქართველოს მაღალმთიანი განვითარების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის განხორციელების დაფინანსების ძირითადი წყარო. საქართველოს შესაბამისი სამინისტროების და საქართველოს მთავრობას დაქვემდებარებული უწყებების მიერ მომზადებული სტრატეგიის დოკუმენტები და სამოქმედო გეგმები უნდა შეესაბამებოდეს ამ სტრატეგიით განსაზღვრული პოლიტიკის პრიორიტეტებს. მაღალმთიანი რეგიონების განვითარების მიმართულებით ინიცირებული პროექტები დაფინანსდება მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან. ასევე ჩაერთვებიან სხვადასხვა უწყების დაქვემდებარებაში არსებული პროექტების განმახორციელებელი სააგენტოები და ფონდები. გამოიყენება კანონმდებლობით გათვალისწინებული დაფინანსების ყველა შესაძლო წყარო.

სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ეფექტიან განხორციელებაში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო პარტნიორები და დონორი ორგანიზაციები.

სტრატეგიის განხორციელებაში, სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად, ჩართულნი იქნებიან მუნიციპალიტეტები, კერძო სექტორი, სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციები. ყველა ამ საკითხის კოორდინირებისათვის მართვის სამდონიანი სისტემა იმოქმედებს:

• გადაწყვეტილების მიღების დონე – საქართველოს მთავრობა – პასუხისმგებელია მნიშვნელოვანი და მასშტაბური გადაწყვეტილებების მიღებაზე;

• საკონსულტაციო დონე – მთის განვითარების ეროვნული საბჭო – პასუხისმგებელია მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების განხორციელების პროცესზე, მსჯელობს სხვადასხვა საკითხის გადაჭრაზე, ახორციელებს მონიტორინგსა და შეფასებას. მთის საბჭო მონიტორინგს განახორციელებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საშუალებით, რომელიც ამზადებს სტრატეგიის შესრულების ანგარიშს და განსახილველად წარუდგენს მას.

• აღმასრულებელი დონე – სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის განხორციელებაზე პასუხისმგებელი იქნება სამინისტროები, მუნიციპალური ორგანოები, სხვადასხვა სახელმწიფო უწყება და სხვა ორგანიზაციები, ხოლო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების კოორდინირებაზე პასუხისმგებელი იქნება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

სტრატეგიის ორწლიანი სამოქმედო გეგმის საპროგნოზო ბიუჯეტი შეადგენს დახლობით 700 მილიონ ლარს.

7. ანგარიშგება, მონიტორინგი და შეფასება

სტრატეგიის განხორციელების შესახებ მონიტორინგისა და შეფასების ანგარიშები მომზადდება ყოველწლიურად. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობებისა და პროექტების მიმდინარეობას დასჭირდება რეგულარული მონიტორინგი. შეფასდება სტრატეგიის ამოცანებისა და სტრატეგიის ხედვის მიღწევები, აგრეთვე პერიოდულად განახლდება სტრატეგია. მონიტორინგის ანგარიშში აისახება ერთი საანგარიშო წლის განმავლობაში სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესი და მიღწეული შედეგები. შეფასების ანგარიში მომზადდება ორჯერ: შუალედური – სტრატეგიის დამტკიცებიდან ორი წლის შემდეგ და საბოლოო – 2023 წელს. სტრატეგიის ამოცანები განახლდება მათი მიღწევის ან ხედვის მისაღწევად ახალი ამოცანების გამოკვეთის შემთხვევაში. სტრატეგიის ხედვა განახლდება ყველა დაინტერესებულ მხარესთან კონსულტაციების შედეგად გამოკვეთილი ალტერნატიული ხედვის ჩამოყალიბების შემთხვევაში. კონსულტაციები ხედვასთან დაკავშირებით შეიძლება გაიმართოს სტრატეგიის დამტკიცებიდან მეოთხე წელს.

მონიტორინგისა და შეფასებისათვის შესაბამის ანგარიშებს მოამზადებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, შესაბამისი უწყებების ანგარიშების საფუძველზე. ანგარიშებს განიხილავს მთის განვითარების ეროვნული საბჭო და, საჭიროების შემთხვევაში, მოამზადებს წინადადებებს სიტუაციის გასაუმჯობესებლად. სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებაზე საზოგადოებას ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნება საბჭოსა და სამინისტროს წარმომადგენლებთან პირისპირ შეხვედრების, სამინისტროს ვებგვერდის, სხვადასხვა მედიისა და სოციალური ქსელების საშუალებით.

მონიტორინგი და შეფასება ძირითადად დაეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს. საქართველოს კანონმდებლობა მაღალმთიანი დასახლებების განვითარებას განიხილავს რეგიონული პოლიტიკის ნაწილად. შესაბამისად, სტატისტიკის სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით მომზადდება მაღალმთიანი დასახლებების განვითარებისა და მისი ინდიკატორების შესახებ ინფორმაცია. მაღალმთიანი დასახლებების განვითარების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება სახელმწიფო სტრუქტურებიდან და მუნიციპალიტეტებიდან. მონაცემები მომზადდება სტანდარტული ფორმატით და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის. ამდენად, შესაძლებელი იქნება სტრატეგიის განხორციელების მიმდინარეობის შეფასება სხვა სახელმწიფო სტრატეგიების განხორციელებასთან მიმართებაშიც.

-----------------------

[1] „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი

[2] http://www.un.org/ga/search/view_doc.asp?symbol=A/RES/66/288&Lang=E

[3]http://gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=434&info_id=57765

[4] რალფ ჰაკერტი, მოსახლეობის დინამიკა საქართველოში. 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებზე დაფუძნებული მიმოხილვა, 2017, გვ.14 http://census.ge/files/results/publication/ge/3.%20Population%20Dynamics%20_GEO-Print_F.pdf

[5] მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, საქსტატი, გვ.3 http://census.ge/files/results/Census%20Release_GEO.pdf

[6] დემოგრაფიული ტვირთი - ბავშვებისა და ასაკოვანი მოსახლეობის (არასამუშაო ასაკის პოპულაციის) ფარდობა 1000 სულ აქტიური შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობასთან

[7] მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, საქსტატი, გვ.7 http://census.ge/files/results/Census%20Release_GEO.pdf

[8] რალფ ჰაკერტი, მოსახლეობის დინამიკა საქართველოში. 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებზე დაფუძნებული მიმოხილვა, 2017, გვ.10-11 http://census.ge/files/results/publication/ge/3.%20Population%20Dynamics%20_GEO-Print_F.pdf

[9]OXFAM, სასურსათო უსაფრთხოება და კვების უსაფრთხოება საქართველოს მთიანეთში; თბილისი 2016 წ

[10] “მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შეფასება, GEOWEL, 2018 წელი

[11] „ქალთა საჭიროებები და პრიორიტეტები საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში“ UN WOMAN, 2014 წელი

[12] FAO (2018), Gender, agriculture and rural development in Georgia: Country Gender Assessment Series. http://www.fao.org/3/ca0577en/CA0577EN.pdf

[13] „ქალთა საჭიროებები და პრიორიტეტები საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში“ UN WOMAN, 2014 წელი

[14] UNDP საქართველო (2017), საზოგადოებრივი მომსახურებებით საქართველოს მოსახლეობის კმაყოფილების დონის კვლევა: კვლევის ანგარიში 2017. http://www.ge.undp.org/content/georgia/ka/home/library/democratic_governance/citizen-satisfaction-with-public-services-in-georgia--2017.html

[15] UNICEF (2018), მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა 2017: მოკლე მიმოხილვა. http://unicef.ge/uploads/WMS_brochure_unicef_geo_web.pdf

[16] “მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შეფასება, GEOWEL, 2018 წელი

[17]UN WOMEN − ქალების საჭიროებების და პრიორიტეტების კვლევა საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში; 2014 წლის დეკემბერი

[18] საქსტატი, 2017http://www.geostat.ge/?action=page&p_id=751&lang=geo

[19]OXFAM, სასურსათო უსაფრთხოება და კვების უსაფრთხოება საქართველოს მთიანეთში; თბილისი 2016 წ.

[20]OXFAM, სასურსათო უსაფრთხოება და კვების უსაფრთხოება საქართველოს მთიანეთში; თბილისი 2016 წ.

[21] რეგიონების მიხედვით ანალიზისას განხილულია მხოლოდ ის მუნიციპალიტეტები, სადაც მნიშვნელოვანია მაღალმთიანი დასახლებების წილი

[22] საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.

[23] საქსტატი, 2017http://www.geostat.ge/cms/site_images/_files/georgian/turizmi/ganawileba%20monaxulebuli%20regionebiT.xls

[24] ახმეტის მუნიციპალიტეტის ის ნაწილი, რომელიც მოიცავს თუშეთს.

[25] საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური − სასოფლო-სამეურნეო აღწერა, 2014წ.

[26] სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია 2015-2020წწ.

[27]სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია 2015-2020წწ.

[28]http://www.ge.undp.org/content/georgia/ka/home/library/democratic_governance/citizen-satisfaction-with-public-services-in-georgia--2017.html

[29]http://gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=434&info_id=57765

[30]საზოგადოებრივი მომსახურებებით საქართველოს მოსახლეობის კმაყოფილების დონის კვლევა, UNDP საქართველო, 2017 (გვ. 90).

[31] საზოგადოებრივი მომსახურებებით საქართველოს მოსახლეობის კმაყოფილების დონის კვლევა, UNDP საქართველო, 2017 (გვ. 34).

[32] Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia. GIZ „ Pilot Survey of Labour Market №eeds in Georgia”. 2014; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. „საქართველოს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტატუსი შრომის ბაზარზე. კურსდამთავრებულთა კვლევის ანალიზი“. 2014.

[33]საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 ივლისის №310 დადგენილება, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 აგვისტოს №395 დადგენილება.

[34] „კლიმატის ცვლილება და მდგრადი განვითარება“, 2016, გვ. 135,

http://weg.ge/sites/default/files/climate_change_and_sustainable_development.pdf

[35] ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, თავი XI.