საქართველოს 2010–2012 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
საქართველოს 2010–2012 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
განისაზღვროს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2010–2012 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები:
1. 2010–2012 წლებისათვის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი შეადგენს 6 პროცენტს.
2. საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის შენარჩუნების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2010–2012 წლების განმავლობაში ძირითადად გამოყენებული იქნება მონეტარული პოლიტიკის შემდეგი ინსტრუმენტები: რეფინანსირების სესხები (ლიკვიდობის მიწოდება), სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონები (ლიკვიდობის ამოღება), ოპერაციები მთავრობის ფასიანი ქაღალდებით, სავალუტო სვოპ ოპერაციები, სავალუტო ინტერვენციები, მუდმივმოქმედი ინსტრუმენტები (ერთდღიანი სესხები და დეპოზიტები), მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები და სხვა ინსტრუმენტები.
3. 2010–2012 წლების განმავლობაში სამომხმარებლო ფასების მოსალოდნელ დინამიკაზე მოქმედი რისკები ძირითადად არის ნავთობსა და საკვებზე მსოფლიო ფასების ცვლილება, გეოპოლიტიკური რისკების ცვლილება, რეგულირებადი ფასების ცვლილება, ინფლაციის იმპორტი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან და სხვა. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა არ მოახდენს რეაგირებას გარეგანი ფაქტორების შედეგად ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან დროებითი გადახრისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადახრა იმდენად ძლიერია, რომ გავლენას ახდენს ინფლაციაზე მოქმედ ფუნდამენტურ ფაქტორებზე (ინფლაციის მოლოდინი, მთლიანი შიდა პროდუქტის პოტენციური დონიდან გადახრა).
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე დ. ბაქრაძე
თბილისი,
2009 წლის 6 ნოემბერი.
№2007–IIს