შპს „გვარამაძის“ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2-27350-19
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/11/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე330210319003260210

საქმე2-27350-19

საქართველოს სახელით

 გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში

 მიღებაზე უარის თქმის თაობაზე

2019 წლის 21 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ბიძინა სტურუა

განმცხადებელი: შპს „გვარამაძე“ (ს/ნ 404421755)

წარმომადგენელი: მიხეილ გვარამაძე

მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი,

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა

2019 წლის 31 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადებით მომართა შპს „გვარამაძის“ დირექტორმა.

განმცხადებლის განმარტებით, შპს „გვარამაძე“ წარმოადგენს საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას. საწარმოს კრედიტორთა მიმართ გააჩნია დავალიანება 1 363 000 ლარის ოდენობით. საწარმოს არ შესწევს უნარი დაფაროს ფინანსური ვალდებულება, არ გააჩნია უძრავ-მოძრავი ქონება და არ აქვს საბანკო ანგარიშებზე თანხა. ერთადერთი მოძრავი ნივთი, რომელიც ირიცხება შპს „გვარამაძის“ ბალანსზე არის 168 ლარად შეფასებული სალარო აპარატი.

2019 წლის 1 ნოემბრის განჩინებით, შპს „გვარამაძეს“ განცხადებაზე დაუდგინდა ხარვეზი.

ხარვეზის შევსების მიზნით, 2019 წლის 8 ნოემბერს, სასამართლოში წარმოდგენილი იქნა განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ.

2019 წლის 12 ნოემბრის განჩინებით გაგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა. 2019 წლის 19 ნოემბერს განცხადების ავტორმა შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი.

განცხადების მიხედვით, შპს „გვარამაძე“ რეგისტრირებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში 2012 წლის 4 მაისიდან. ფინანსური პრობლემების გამო შპს „გვარამაძე“ ვერ აკმაყოფილებს კრედიტორების ვადამოსულ მოთხოვნებს. მას არ გააჩნია უძრავ-მოძრავი ქონება, არც აქტივები ან/და მოთხოვნები მესამე პირების მიმართ, ასევე კომპანია არ არის რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ ან/და სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად, რის გამოც გაკოტრების დაწყების შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას. საბანკო ანგარიშებზე კომპანიას არ ერიცხება თანხები (კომპანიას უფიქსირდება მოქმედი და დახურული საბანკო ანგარიშები სს „თიბისი ბანკში“ და სს „ტერაბანკში“). ერთადერთი მოძრავი ნივთი, რომელიც ირიცხება შპს „გვარამაძის“ ბალანსხე არის 168 ლარად შეფასებული სალარო აპარატი. მოვალის არაუზრუნველყოფილი კრედიტორები არიან: 1. შემოსავლების სამსახური, რომლის მიმართ დავალიანება შეადგენს 617 919 აშშ დოლარს; 2. შოთა წენგუაშვილი, რომლის მიმართ დავალიანება შეადგენს 105 600 ლარს; 3. BETA AUTO SPARE PARTS TDR.CENTER, რომლის მიმართ დავალიანება შეადგენს 282 400 ლარს; 4. ფიზიკური პირი მიხეილ გვარამაძე – რომლის მიმართ დავალიანება შეადგენს 975 000 ლარს. განცხადების ავტორმა, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 16.2 მუხლის შესაბამისად, მიუთითა, რომ გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას.

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას, თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ შპს „გვარამაძეს“ უარი უნდა ეთქვას გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 20.4 მუხლით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლით, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში, მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონის მიზნის განხორციელება დამოკიდებულია საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე. საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, იმ შემთხვევაში დაიწყება საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, თუ შესაძლებელი იქნება ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიზნის მიღწევა. შესაბამისად, მხოლოდ ის გარემოება, რომ კანონი ითვალისწინებს გადახდისუუნარო მოვალის მიერ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას, ვერ იქნება საკმარისი ასეთი წარმოების დაწყებისათვის, თუ იმთავითვე აშკარაა, რომ მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს გაკოტრების მიზნის მიღწევას.

საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, ცხადია, რომ განსახილველ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდება კრედიტორთა მოთხოვნები, ვერ დაიფარება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის, აგრეთვე მმართველის და ზედამხედველის ფუნქციების შესრულებისათვის საზღაურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებით და „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საპროცესო ხარჯებიც კი, რაც ამავე კანონის 40.1 მუხლით პირველი რიგის მოთხოვნას განეკუთვნება. ზემოაღნიშნული კანონი აწესებს მეურვის სავალდებულო ანაზღაურებას, რაც ასევე პრაქტიკულად შეუძლებელია.

სასამართლო ითვალისწინებს რა იმ გარემოებას, რომ შპს „გვარამაძეს“ არ გააჩნია საკმარისი ქონება (ქონება ვერ ფარავს საპროცესო ხარჯს), მას უარი უნდა ეთქვას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. ამასთან, უნდა განიმარტოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,

 

 დ ა ა დ გ ი ნ ა

1. უარი ეთქვას შპს „გვარამაძეს“ (ს/ნ 404421755) გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე.

2. განემარტოთ კრედიტორებს, რომ შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს შპს „გვარამაძეს“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

3. განჩინება გამოქვეყნდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე                                                                                          ბიძინა სტურუა