სს „ქართული ფოლადის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/10974-11
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2019 წლის 25 ნოემბერი
ქ. თბილისი
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე სს „ქართული ფოლადის“ მიმართ.
სს „ქართული ფოლადის“ რეაბილიტაციის მმართველმა მალხაზ ალბორაშვილმა განცხადებით მომართა სასამართლოს და იშუამდგომლა კრედიტორთა კრების მოწვევა შემდეგი საკითხების განხილვის მიზნით: 1. კრედიტორთა მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტა; 2. კრედიტორთა მიმართ მოთხოვნების დაკმაყოფილების შესახებ ინფორმაციის და რეაბილიტაციის მმართველის ანგარიშის წარდგენა; 3. რეაბილიტაციის საქმის წარმოების დასრულება.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კრედიტორთა კრება იმართება გადახდისუუნარობის საქმის განმხილველ სასამართლოში. კრედიტორთა კრებას ამზადებს და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს რეაბილიტაციის პერიოდში – რეაბილიტაციის მმართველი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, კრედიტორთა კრების მოწვევისა და მასზე გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ კანონით.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მიხედვით, დამტკიცებული რეაბილიტაციის გეგმის განხორციელებისათვის პასუხისმგებელია რეაბილიტაციის მმართველი. რეაბილიტაციის გეგმის განხორციელებას ზედამხედველობს კრედიტორთა კრება. ზედამხედველობის უზრუნველსაყოფად ნებისმიერ კრედიტორს აქვს უფლება, მიიღოს ან/და გაეცნოს მოვალის წლიურ ანგარიშს, აგრეთვე რეაბილიტაციის გეგმის იმ ნაწილს, რომელიც უშუალოდ უკავშირდება ამ კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების ვადასა და პირობებს. რეაბილიტაციის მმართველი ვალდებულია უზრუნველყოფილ კრედიტორებს რეაბილიტაციის გეგმით განსაზღვრულ ვადებში წარუდგინოს ამომწურავი ინფორმაცია რეაბილიტაციის გეგმის მიმდინარეობის შესახებ.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ სქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, რეაბილიტაციის პროცესი დასრულდება რეაბილიტაციის გეგმის განხორციელებისთანავე.
გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლომ განიხილა განცხადება, საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნეს სს „ქართული ფოლადის“ კრედიტორთა კრება რეაბილიტაციის მმართველის ანგარიშის მოსმენის, კრედიტორთა მოთხოვნებთან დაკავშირებული საკითხების და რეაბილიტაციის პროცესის დასრულების საკითხის განხილვის მიზნით.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მოწვეულ იქნეს სს „ქართული ფოლადის“ კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:
1.1. კრედიტორთა მოთხოვნებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა.
1.2 რეაბილიტაციის მმართველის ანგარიში.
1.3 რეაბილიტაციის საქმის წარმოების დასრულება.
2. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2019 წლის 24 დეკემბერს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №63 სხდომათა დარბაზში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).
3. დაევალოს სს „ქართული ფოლადის“ რეაბილიტაციის მმართველს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა, მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში.
4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი