1. ამ დადგენილების 1.6.1, 1.6.2, 1.6.3, 1.6.4, 1.6.5 და 1.6.6 დანართებით გათვალისწინებული კომპონენტების ფარგლებში, ასევე წინა წლებში შესყიდული და/ან ვაუჩერით დაფინანსებული, აგრეთვე დონორული ან სხვა წყაროებიდან მიღებული დამხმარე საშუალებების ბენეფიციარებისათვის განაწილების ან შესაბამისი ვაუჩერების გაცემის მიზნით, მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოში იქმნება სპეციალური კომისია (შემდგომში – კომისია).

2. კომისია განიხილავს ამ დადგენილების 1.6.1, 1.6.2, 1.6.3, 1.6.4, 1.6.5 და 1.6.6 დანართებით გათვალისწინებული დამხმარე საშუალებებით დაკმაყოფილების თაობაზე მოქალაქეთა განცხადებებს მოთხოვნილ დოკუმენტაციასთან ერთად და იღებს გადაწყვეტილებას განმცხადებლის დაკმაყოფილების ან მისთვის უარის თქმის შესახებ ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

3. ამ დადგენილების 1.6.1, 1.6.2 (გარდა ორთეზისა), 1.6.3, 1.6.4 და 1.6.5 დანართებით გათვალისწინებული დამხმარე საშუალებებით დაკმაყოფილებისათვის უარის თქმის საფუძველია, თუ წინა წლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიღებული ანალოგიური დამხმარე საშუალებების საგარანტიო ვადა არ არის ამოწურული.

4. კომისიის გადაწყვეტილება შეიტანება ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები.

5. კომისიის სამდივნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე წერილობითი ფორმით აცნობებს შესაბამის განმცხადებელს გადაწყვეტილების მიღებიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში. ამასთან, კომისიის მიერ დამხმარე საშუალებით დაკმაყოფილების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების დროს, წერილობით შეტყობინებაში აგრეთვე მიეთითება:

ა) მატერიალიზებული ვაუჩერით დაფინანსების შემთხვევაში – ვაუჩერის მისაღებად მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოსადმი მიმართვის ვადა, შესაბამისი საქონლის (მომსახურების) ყველა მიმწოდებელი პირის რეკვიზიტები და ამ პირისადმი მიმართვის ვადა;

ბ) დამხმარე საშუალების შესყიდვის/მიღების შემთხვევაში – შესაბამისი საქონლის (მომსახურების) მიმწოდებელი პირის რეკვიზიტები და ამ პირისადმი მიმართვის ვადა.

6. თუ განმცხადებელი კომისიის სამდივნოს მიერ გაგზავნილ წერილობით შეტყობინებაში მითითებულ ვადაში არ მიმართავს მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს და/ან შესაბამისი საქონლის (მომსახურების) მიმწოდებელს, დამხმარე საშუალებით დაკმაყოფილების თაობაზე კომისიის მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება ითვლება გაუქმებულად.

7. დამხმარე საშუალებით დაკმაყოფილების უპირატესი უფლებით სარგებლობენ შესაბამისი დამხმარე საშუალების მიღების უფლების მქონე პირები, შემდეგი რიგითობით:

ა) სპეციალიზებულ სადღეღამისო დაწესებულებებში მცხოვრები ბენეფიციარები. ამ შემთხვევაში, დამხმარე საშუალებით დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს წარმოადგენს ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის ან შესაბამისი სპეციალიზებული დაწესებულების მიერ მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოსადმი მიმართვა. დამხმარე საშუალების (გარდა მექანიკური სავარძელ-ეტლისა, პროთეზისა, ყავარჯნის, ხელჯოხ-ყავარჯნის, თვალის პროთეზის, უსინათლოთა ხელჯოხისა,გადასაადგილებელი ჩარჩოს; მხოლოდ 5 წლამდე ასაკის სმენადაქვეითებული ბავშვებისა და ხანდაზმული ბენეფიციარებისთვის – სმენის აპარატისა) მოთხოვნის შესახებ მიმართვას თან უნდა ერთვოდეს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი – ფორმა №IV-50/2, რომელშიც მითითებული იქნება შესაბამისი დამხმარე საშუალების საჭიროება და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პირადობის მოწმობის ან 18 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონისას – დაბადების მოწმობის ასლი). განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც არსებობს პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის ან/და სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის – ფორმა №IV-50/2 წარდგენის დამაბრკოლებელი გარემოება, დასაშვებია ამ პირის სასარგებლოდ, დამხმარე საშუალების მოთხოვნის შესახებ, ხელმძღვანელი ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის ან სპეციალიზებული დაწესებულების მიმართვის დაკმაყოფილება სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა-ს საფუძველზე, სადაც მითითებული იქნება შესაბამისი დამხმარე საშუალების საჭიროება;

ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირები (გარდა ელექტრო სავარძელ-ეტლის მოთხოვნის შემთხვევისა). დამხმარე საშუალებით დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოსადმი მიმართვა. დამხმარე საშუალების (გარდა ყავარჯნის, ხელჯოხ-ყავარჯნის, უსინათლოთა ხელჯოხისა და გადასაადგილებელი ჩარჩოს) მოთხოვნის შესახებ მიმართვას თან უნდა ერთოდეს სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი − ფორმა №IV-50/2, აგრეთვე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო 18 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში – დაბადების მოწმობის ასლი (პირადობისარქონისას), გამონაკლის შემთხვევებში (დაბადების მოწმობისა და პირადობის მოწმობის არქონისას) პირის იდენტიფიცირებისათვის გამოიყენება შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ამ პენიტენციურ დაწესებულებაში პირის იდენტიფიკაციისათვის გამოყენებული ნომრის (ან სხვა რეკვიზიტების) მითითებით;

გ) „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და მე-12 მუხლებით განსაზღვრული პირები;

დ) ამ დადგენილების დანართი 1.6.5-ით გათვალისწინებული კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტის ფარგლებში:

დ.ა) შესაბამისი კომპონენტით გათვალისწინებული სამიზნე ჯგუფის 5-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები;

დ.ბ) შესაბამისი კომპონენტით გათვალისწინებული სამიზნე ჯგუფის 6 წლამდე ასაკის ბავშვები;

დ.გ) მაძიებლები, ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული თანმიმდევრობით.

ე) 18 წლამდე ასაკის „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრი შშმ ბავშვები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს;

ვ) 18 წლამდე ასაკის შშმ ბავშვები;

ზ) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრი შშმ პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს, შემდეგი თანმიმდევრობით:

ზ.ა) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები;

ზ.ბ) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები;

ზ.გ) ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები;

ზ.დ) ასაკით პენსიონერები.

თ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები;

ი) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები;

კ) ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები;

ლ) ასაკით პენსიონერები;

მ) ბენეფიციარები, მიუხედავად ამ პუნქტით განსაზღვრული რიგითობისა (გარდა 25 წლამდე ასაკის და სპეციალიზებულ სადღეღამისო დაწესებულებებში მცხოვრები ბენეფიციარების), რომლებსაც ანალოგიური დამხმარე საშუალება მიღებული აქვთ 2018 ან 2019 წლების (ელექტროეტლის შემთხვევაში – ასევე, 2015, 2016 და 2017 წლის) სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში;

ნ) ამ პუნქტის ქვეპუნქტებში არსებული ერთიდაიმავე პრიორიტეტული კატეგორიების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება იმავე ქვეპუნქტში ჩამოთვლილ მომდევნო ქვეპუნქტს.

დანართი 1.6.1

სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფისა და შშმ პირთა

დასაქმების ხელშეწყობის კომპონენ