1. დისციპლინურ დარღვევად მიიჩნევა ქმედება, რომელიც არღვევს დაწესებულების დებულებას, ზიანს აყენებს წესრიგსა და უსაფრთხოებას და არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ:

ა) სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა;

ბ) ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესების დარღვევა;

გ) დაწესებულების მოსამსახურისა და სხვა უფლებამოსილი პირისადმი მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას დაუმორჩილებლობა ან მათთვის სხვაგვარი წინააღმდეგობის გაწევა;

დ) განზრახი ქმედების ჩადენა, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვა პირის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, აგრეთვე, სხვა პირის ღირსებისა და ხელშეუხებლობის შელახვა;

ე) დაწესებულების ან სხვა პირის ქონების დაზიანება/განადგურება, მათ შორის, მისი ვიზუალური მხარის ცვლილებით;

ვ) დაწესებულების მიერ დადგენილი გადაადგილების შეზღუდვების/საზღვრების უნებართვოდ გადაკვეთა;

ზ) დაწესებულების ტერიტორიაზე სარგებლის მიღების მიზნით საქმიანობა დაწესებულების დირექტორის ნებართვის გარეშე;

თ) დაწესებულების ტერიტორიაზე განთავსებულ მოწყობილობათა/სისტემების ფუნქციონირებაში დაწესებულების დირექტორის ნებართვის გარეშე ჩარევა, შენობა-ნაგებობების დიზაინსა და ფუნქციებში ცვლილებების თვითნებურად შეტანა;

ი) დაწესებულების ტერიტორიაზე აკრძალული ნივთის დამზადება, ფლობა ან სარგებლობა;

კ) ხმაური ან სხვაგვარი ქმედება, რომელიც არღვევს წესრიგს და ხელს უშლის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას;

ლ) ნებისმიერი სახის ინფორმაციის უკანონო ფორმით მიწოდება საცხოვრებლიდან სხვა საცხოვრებელში ან დაწესებულების გარეთ;

მ) დაწესებულების დებულების, დაწესებულებაში დადგენილი დღის განრიგისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ნორმების დარღვევა.

2. დარღვევის აღმოჩენის დროს დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმის დაცვაზე პასუხისმგებელი შესაბამისი მოსამსახურე ადგენს ოქმს დისციპლინური დარღვევის შესახებ (დანართი №8), რომელშიც მითითებული უნდა იყოს დარღვევის დრო, ადგილი, მნიშვნელოვანი გარემოებები, დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულებები, დარღვევის მოწმე, დაზარალებული და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ოქმის შედგენისას დარღვევის მოწმედ არ შეიძლება განიხილებოდეს ოქმის შემდგენი მოსამსახურე.

3. ოქმის შედგენის დროს, აგრეთვე საქმისწარმოების შემდგომ ეტაპებზე, მკიცებულებების შეგროვების მიზნით დაწესებულებას შეუძლია, გამოიყენოს ფოტო-, ვიდეო- და აუდიომასალა/ტექნიკა.

4. თუ არსებობს ნივთიერი მტკიცებულებები, ისინი ამოიღება, შეიფუთება, დაილუქება, მიეთითება, რომელ საქმეზე როდის არის დალუქული და შეინახება ერთი თვის განმავლობაში, ხოლო დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გასაჩივრების შემთხვევაში – სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

5. თუ ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება წარმოადგენს აკრძალულ ნივთს და არ იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ის განადგურდება შენახვის ვადის გასვლიდან ერთი კვირის განმავლობაში ან გადაეცემა ბრალდებულის/მსჯავრდებულის ახლო ნათესავს, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხოლო თუ ის არ წარმოადგენს დაწესებულებაში აკრძალულ ნივთს, იგი დაუბრუნდება შესაბამის პირს.

6. დარღვევის ოქმის შედგენის შემდგომ შემდგენი პირებიდან თანამდებობით ან/და წოდებით უფროსი მოსამსახურე უზრუნველყოფს ოქმის დაწესებულების ადმინისტრაციულ განყოფილებაში რეგისტრაციას და პატაკით დაწესებულების დირექტორისთვის წარდგენა