1. ფინანსური ანგარიშგებისა და განმარტებითი შენიშვნების ფორმები ასახავს საანგარიშგებო პერიოდში მომხდარ ყველა ეკონომიკურ მოვლენას, რომელიც ცვლის ერთეულის აქტივებს, ვალდებულებებს, წმინდა აქტივებს/კაპიტალს, შემოსავლებსა და ხარჯებს.
2. წინამდებარე ინსტრუქციის შესაბამისად, ფინანსური ანგარიშგებისა და განმარტებითი შენიშვნების ფორმებში შესაბამისი ჩანაწერების შეტანის საფუძველს წარმოადგენს ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემები.
3. ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემები შესაბამისი პერიოდის ფინანსურ ანგარიშგებაში აისახება ფულად გამოსახულებაში.
4. ფინანსური ანგარიშგების ფორმებია:
ა) ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება;
ბ) ფინანსური შედეგების ანგარიშგება;
გ) წმინდა აქტივების/კაპიტალის ცვლილებების ანგარიშგება;
დ) ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგება;
ე) ბიუჯეტისა და ფაქტობრივი თანხების შედარების ანგარიშგება.
5. ფინანსური ანგარიშგების ზემოთ ჩამოთვლილი ფორმებიდან, ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგებას მოამზადებენ მხოლოდ ქვემოთ ჩამოთვლილი ერთეულები:
ა) სახაზინო სამსახური, რომელიც სსბასს-ების მოთხოვნების შესაბამისად, აკონტროლებს ხაზინის ერთიან ანგარიშზე არსებულ ფულად სახსრებს;
ბ) უცხო ქვეყნებში საქართველოს საელჩოები და წარმომადგენლობები;
გ) სხვა ერთეულები, რომლებიც სსბასს-ების მოთხოვნების შესაბამისად, აკონტროლებენ ფულად სახსრებს.
6. ფინანსური ანგარიშგების ფორმებში ასახული აქტივები, ვალდებულებები, კაპიტალი, შემოსავლები და ხარჯები ერთეულმა უნდა განმარტოს განმარტებითი შენიშვნების ფორმებში.
7. ფინანსური ანგარიშგებისა და განმარტებითი შენიშვნების ფორმებში აქტივები, ვალდებულებები, წმინდა აქტივები/კაპიტალი, შემოსავლები და ხარჯები, ასევე, საცნობარო ანგარიშები წარმოდგენილია ფინანსური ანგარიშგების არსებითობის და აგრეგირების პრინციპის გათვალისწინებით. არსებითი მუხლები დეტალურადაა მოცემული, ხოლო არაარსებითი - აგრეგირებულადაა წარმოდგენილი.
8. ფინანსური ანგარიშგების ფორმებში წარმოდგენილ აქტივების, ვალდებულებების, წმინდა აქტივების/კაპიტალის, შემოსავლების და ხარჯების, ასევე, საცნობარო ანგარიშების თითოეულ ჩანაწერს გააჩნია შესაბამისი კოდი (შიფრი), რომელსაც ასევე შეიძლება შეესაბამებოდეს შესაბამისი განმარტებითი შენიშვნ