აკვაკულტურის უწყებათაშორისი საბჭოს შემადგენლობის, მუშაობის ორგანიზებისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №53 |
|
2021 წლის 5 თებერვალი ქ. თბილისი |
1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
3. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
5. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
6. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
|
1. აკვაკულტურის უწყებათაშორისი საბჭოს (შემდგომში − საბჭო) მუშაობის ორგანიზებისა და საქმიანობის წესი განსაზღვრავს საბჭოს სტრუქტურას, უფლებამოსილებას, მისი საქმიანობის ორგანიზებისა და გადაწყვეტილების მიღების წესებს.
2. საბჭო შექმნილია აკვაკულტურის სფეროში საქართველოს სამინისტროებისა და სხვა დაინტერესებული დაწესებულებების მონაწილეობის, საზღვაო წყლებში აკვაკულტურის ნებართვის გაცემისა და საზღვაო წყლებში აკვაკულტურის გაცემული ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების საკითხების წინასწარ განხილვის, აგრეთვე აკვაკულტურისთვის ზონის გამოსაყოფად უწყებათაშორისი თანამშრომლობის კოორდინაციის მიზნით.
3. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
1. საბჭოს პერსონალური შემადგენლობა განისაზღვრება „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დადგენილების შესაბამისად და მას განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. კონკრეტული განსახილველი საკითხის სპეციფიკის გათვალისწინებით, საბჭოს საქმიანობაში სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება მონაწილეობა მიიღონ შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის/მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა.
3. საბჭოს შემადგენლობიდან წევრის გამოწვევა ხდება საბჭოს წევრის წარმდგენი ორგანოს წინადადებით.
1. საბჭოს უფლებამოსილებებია:
ა) აკვაკულტურის სფეროში სახელმწიფო ორგანოთა მიერ საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების კოორდინაცია;
ბ) აკვაკულტურის მდგრადი განვითარების საჭიროებების შეფასება და სახელმწიფო ორგანოებისთვის რეკომენდაციების შემუშავება;
გ) საზღვაო წყლებში აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის შესახებ წინადადებების შემუშავება და დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების გამართვის უზრუნველყოფა;
დ) საზღვაო წყლებში აკვაკულტურის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი განაცხადის განხილვა და ამ ნებართვის გაცემის შესახებ რეკომენდაციის წარდგენა;
ე) აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის მართვის გეგმისა და გარემოსდაცვითი მონიტორინგის პროგრამის დამტკიცების შესახებ ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა;
ვ) საზღვაო წყლებში აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობისთვის წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
ზ) საქართველოს შიდა წყლებში − წყალსატევებში ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვა და რეკომენდაციის გაცემა.
2. ამ მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილების განსახორციელებლად საბჭოს უფლება აქვს:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და დაწესებულებებიდან გამოითხოვოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია;
ბ) შეიმუშაოს/მოამზადოს წინადადებები და რეკომენდაციები საზღვაო წყლებსა და შიდა წყლებში − წყალსატევებში აკვაკულტურის განვითარების მიზნით;
გ) შექმნას სამუშაო ჯგუფები და მიიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტები თავის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით.
1. საბჭოს უფლება აქვს, შექმნას სამუშაო ჯგუფები. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ სახელმწიფო უწყებებისა და შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი იურიდიული პირების წარმომადგენლები, მეცნიერები და ექსპერტები.
2. სამუშაო ჯგუფი, მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით, იკრიბება საჭიროებისამებრ.
3. სამუშაო ჯგუფი თავისი შემადგენლობიდან ირჩევს სამუშაო ჯგუფის მომხსენებელს.
1. საბჭოს ხელმძღვანელობს და მის სხდომებს წარმართავს საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს თავმჯდომარე არის საბჭოში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ის წარმომადგენელი, რომელიც საბჭოს პერსონალური შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულია როგორც საბჭოს თავმჯდომარე.
2. საბჭო თავისი შემადგენლობიდან ხმათა უმრავლესობით ირჩევს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესა და საბჭოს მდივანს.
3. საბჭოს საქმიანობას წარმართავს საბჭოს თავმჯდომარე. იგი ხელს აწერს საბჭოს რეკომენდაციებს.
4. საბჭოს სხდომები მოიწვევა საჭიროებისამებრ, საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, წინასწარ განსაზღვრული დღის წესრიგით. საბჭოს სხდომა შეიძლება გაიმართოს დისტანციურად, ელექტრონული საშუალებების გამოყენებით.
5. საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ და ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტო.
6. საბჭოს სხდომის დღის წესრიგის პროექტს წარადგენს საბჭოს თავმჯდომარე და ამტკიცებს საბჭო.
7. საბჭოს სხდომის დღის წესრიგში შეტანის მიზნით საკითხის წარდგენის უფლება აქვთ საბჭოს თავმჯდომარესა და წევრებს, აგრეთვე სამუშაო ჯგუფის მომხსენებელს. სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტოს მიმართვის შემთხვევაში, საბჭო იკრიბება და გადაწყვეტილებას იღებს მიმართვიდან არაუგვიანეს 1 თვისა.
8. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.
9. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
10. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი. სხდომის ოქმი ეგზავნება საბჭოს წევრებს, სამუშაო ჯგუფის წევრებსა და, საჭიროების შემთხვევაში, დამოუკიდებელ ექსპერტებს.
ამ წესის გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.