საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ინოვაციური პროექტების ტექნოლოგიების გადაცემის წესის დამტკიცებისა და მომსახურების საფასურის დადგენის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №111 |
|
2021 წლის 19 მარტი ქ. თბილისი |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ინოვაციური პროექტების ტექნოლოგიების გადაცემის წესი და მომსახურების საფასური“ (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო) მიერ ინოვაციური პროექტების ტექნოლოგების გადაცემის წესსა და საფასურს.
1. ამ წესის მიზნებისათვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ტექნოლოგიების გადაცემა − ტექნოლოგიის/ინოვაციის გადაცემის მექანიზმი, როდესაც ინტელექტუალური საკუთრების განსაკუთრებული უფლების მფლობელისაგან სხვა პირზე მთლიანად ან ნაწილობრივ გადადის ტექნოლოგიის/ინოვაციის გამოყენებისა და დანერგვის უფლება, მისგან კომერციული სარგებლის მიღების მიზნით;
ბ) ტექნოლოგიების გადაცემის პროექტი − კონკრეტული ტექნოლოგია/ ინოვაცია, რომელზეც ინტელექტუალური საკუთრების უფლება ეკუთვნის გამომგონებელს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სხვა ნებისმიერ იურიდიულ პირს ერთპიროვნულად ან თანასაკუთრებით;
გ) ტექნოლოგიების გადაცემის პროექტის ავტორ(ებ)ი − განმცხადებელი/ განმცხადებლები, რომლებიც წარადგენენ ამ წესის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ აპლიკაციას, ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამაში მონაწილეობის მიღების მიზნით;
დ) კომერციალიზაციის გეგმა − კონკრეტული ტექნოლოგიის/ინოვაციის ინტელექტუალური საკუთრების, პროდუქტისა და მარკეტინგული სტრატეგიის დახვეწის გეგმა, რომლის მიზანია ტექნოლოგიის/ინოვაციის გადაცემის მზაობის დონის გაუმჯობესება, კომერციალიზაციასთან დაკავშირებული რისკების შემცირება და პოტენციური ინვესტორისთვის პროექტის მიმზიდველობის გაზრდა;
ე) კომერციალიზაცია − კომერციალიზაციის გეგმის შესრულება, რასაც შედეგად მოჰყვება კომერციალიზაციის ხელშეკრულების დადება ინვესტორთან ან ტექნოლოგიების გადაცემის პროექტის ავტორ(ებ)ის მიერ ახალი კომპანიის დაფუძნება, ტექნოლოგიების გადაცემის პროექტით გათვალისწინებული ტექნოლოგიის/ინოვაციის სამეწარმეო საქმიანობაში გამოყენების მიზნით;
ვ) კომერციალიზაციის ხელშეკრულება − ტექნოლოგიის/ინოვაციის გადაცემის სასყიდლიანი ხელშეკრულება;
ზ) როიალტი − საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 21-ე ნაწილით განსაზღვრული შემოსავალი;
თ) საფასური − ამ წესის მე-8 მუხლით განსაზღვრული საფასური, რომელსაც სააგენტო იღებს ტექნოლოგიების გადაცემის პროექტის კომერციალიზაციის შედეგად.
2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტისა, ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებული სხვა ტერმინები განიმარტება საქართველოს საპატენტო კანონის შესაბამისად.
ტექნოლოგიების გადაცემის ეტაპებია:
ა) ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამის გამოცხადება და აპლიკაციების მიღება ელექტრონულად შემდეგ ელფოტაზე: tech-transfer@gita.gov.ge;
ბ) ტექნოლოგიების გადაცემის პროექტის შეფასება ადგილობრივი ან/და უცხოელი ექსპერტების მიერ, მათ შორის, პატენტუნარიანობის შემოწმება (საპატენტო ძიება), რომელიც შესაძლოა, განახორციელოს სსიპ − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა „საქპატენტმა“;
გ) ადგილობრივი ან/და უცხოელი ექსპერტების მიერ კომერციალიზაციის გეგმის შემუშავება და კომერციალიზაციის შესაბამისი მზაობის მქონე პროექტების შერჩევა და დამტკიცება სააგენტოს მიერ;
დ) ტექნოლოგიების გადაცემის პროექტის ავტორის მიერ სააგენტოსთვის კერძო ლიცენზიის (ექსკლუზიური ან არაექსკლუზიური) ან კომერციალიზაციის განხორციელების უფლებამოსილების მინიჭება;
ე) სააგენტოს მიერ, ტექნოლოგიების გადაცემის პროექტების ავტორების მონაწილეობით, კომერციალიზაციის გეგმით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელება;
ვ) ტექნოლოგიების გადაცემის პროექტების კომერციალიზაცია.
სააგენტო, ტექნოლოგიების გადაცემის პროექტის ავტორის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ახდენს პროექტის შეფასებას ტექნოლოგიების გადაცემის ადგილობრივი ან/და უცხოელი ექსპერტების მეშვეობით.
1. ტექნოლოგიების გადაცემის ადგილობრივ ან/და უცხოელ ექსპერტთა მხრიდან დადებითი შეფასების მქონე თითოეულ პროექტზე სააგენტო უზრუნველყოფს კომერციალიზაციის გეგმის შემუშავებას, რომელიც ითვალისწინებს კომერციალიზაციისათვის აუცილებელ აქტივობებს, როგორიცაა პროექტით გათვალისწინებული პროდუქტის ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვისათვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა, ტექნოლოგიის/ინოვაციის ტექნიკური და კომერციული თვალსაზრისით დახვეწა და სხვა.
2. სააგენტო კომერციალიზაციისთვის შეარჩევს ისეთ პროექტებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ კომერციალიზაციისთვის მზაობის შესაბამის დონეს.
1. კომერციალიზაციის მიზნებისათვის ტექნოლოგიების გადაცემის პროექტზე პატენტმფლობელი ან შესაბამისი უფლებების მქონე პირი, საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს გადასცემს კერძო (ექსკლუზიურ ან არაექსკლუზიურ) ლიცენზიას ან კომერციალიზაციის განხორციელების უფლებამოსილებას.
2. იმ შემთხვევაში, თუ პროექტზე უფლებები რამდენიმე პირს ეკუთვნის, კერძო ლიცენზიის (ექსკლუზიურ ან არაექსკლუზიურ) ან კომერციალიზაციის განხორციელებაზე უფლებამოსილების მინიჭებამდე სააგენტოს უნდა წარედგინოს ინტელექტუალური საკუთრების თანამფლობელთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც გამოხატავს თანამფლობელთა თანხმობას კერძო ექსკლუზიური ან არაექსკლუზიური ლიცენზიის ან კომერციალიზაციის განხორციელებაზე უფლებამოსილების მინიჭების შესახებ და არეგულირებს თანამფლობელთა შორის ურთიერთობას.
3. კერძო ლიცენზიის ან კომერციალიზაციის განხორციელების უფლებამოსილების თაობაზე სააგენტოსა და ტექნოლოგიების გადაცემის პროექტის ავტორს/ავტორებს შორის იდება ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება კერძო ლიცენზიისა და კომერციალიზაციის განხორციელების უფლებამოსილების შეწყვეტის პირობები.
1. კომერციალიზაციის გეგმა შეიძლება, ითვალისწინებდეს ტექნოლოგიების გადაცემის პროექტის კომერციალიზაციის შემდეგ ფორმებს:
ა) კომერციალიზაციის ხელშეკრულების დადება ინვესტორთან, რაც გულისხმობს გამოგონების/სასარგებლო მოდელის პატენტზე ლიცენზიის გაცემას ან პატენტის გაყიდვას (განსაკუთრებული უფლებების გადაცემას), ინვესტორის მხრიდან შესაბამისი როიალტის ან ნასყიდობის ფასის გადახდის სანაცვლოდ; ან
ბ) ტექნოლოგიების გადაცემის პროექტის ავტორ(ებ)ის მიერ ახალი კომპანიის დაფუძნება, ტექნოლოგიების გადაცემის პროექტით გათვალისწინებული ტექნოლოგიის/ინოვაციის სამეწარმეო საქმიანობაში გამოყენების მიზნით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კომერციალიზაციის ხელშეკრულებას ინვესტორთან დებს სააგენტო, ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებით სააგენტოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფორმით კომერციალიზაციის შემთხვევაში, სააგენტოსა და ტექნოლოგიების გადაცემის პროექტის ავტორ(ებ)ს შორის იდება შესაბამისი ხელშეკრულება მომსახურების საფასურის მიღების პირობებზე.
ინოვაციური პროექტების ტექნოლოგიების გადაცემის მომსახურების საფასური განისაზღვრება კომერციალიზაციის ფორმის შესაბამისად, კერძოდ:
ა) ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფორმით კომერციალიზაციის შემთხვევაში, ტექნოლოგიების გადაცემის მომსახურების სანაცვლოდ სააგენტოს მიერ მისაღები საფასური შეადგენს როიალტის ან ნასყიდობის ფასიდან არაუმეტეს 10%-ს;
ბ) ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფორმით კომერციალიზაციის შემთხვევაში, ტექნოლოგიების გადაცემის მომსახურების სანაცვლოდ სააგენტოს მიერ მისაღები საფასური შეადგენს კომპანიის წლიური შემოსავლიდან 5%-ს, არაუმეტეს 7 წლის განმავლობაში.