„ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 2 თებერვლის №24-ე ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№75
სარეგისტრაციო კოდი
310150000.54.066.016221
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/04/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება  №75

2021 წლის 7 აპრილი

ქ. თბილისი

 

„ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 2 თებერვლის №24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


მუხლი 1
„ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 2 თებერვლის №24 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 09/02/2018, 310150000.54.066.016133) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. ტერმინები და შემოკლებები

1. წესში გამოყენებულ ტერმინებს, ამ წესის მიზნებისთვის, აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ადამიანური ფაქტორის ასპექტები – პრინციპები, რომლებიც გამოიყენება ავიაციაში დაპროექტების, სერტიფიცირების, კადრების მომზადების, საექსპლუატაციო საქმიანობის და ტექნიკური მომსახურების მიმართ და გამიზნულია ადამიანსა და სისტემის სხვა კომპონენტებს შორის უსაფრთხო ურთიერთქმედების უზრუნველსაყოფად, ადამიანის შესაძლებლობების  გათვალისწინებით;

ბ) აეროდრომი – მიწის ან წყლის ზედაპირის გარკვეული ფართობი (მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობებითა და მოწყობილობებით), რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ განკუთვნილია საჰაერო ხომალდების მიღების, მოძრაობისა და გაშვებისათვის;

გ) აეროდრომის კარტოგრაფიული მონაცემები – აეროდრომის კარტოგრაფირებისთვის შეგროვილი მონაცემები;

დ) აირაკი (AIRAC) – ჰაერსანაოსნო ინფორმაციის რეგულირებისა და კონტროლის სისტემა, რომელიც ეფუძნება ამოქმედების (მოქმედებაში შესვლის) საყოველთაო ვადებს და მიზნად ისახავს წინასწარ შეტყობინებას იმ გარემოებების თაობაზე, რომლებიც აუცილებელს ხდის საექსპლუატაციო პრაქტიკის მნიშვნელოვან ცვლილებებს;

ე) აშტამი (ASHTAM) – ნოტამის სპეციალური სერია, განკუთვნილი ვულკანური აქტივობის ცვლილების, ვულკანური ნაცარის ან/და ფერფლის ღრუბლის წარმოქმნის შესახებ ინფორმაციის გადმოსაცემად, რომელიც მნიშვნელოვანია საჰაერო ხომალდისთვის;

ვ) გეოიდი – ეკვიპოტენციალური ზედაპირი დედამიწის გრავიტაციულ ველში, რომელიც ემთხვევა წყნარი ზღვის საშუალო დონეს (MSL) და მის გაგრძელებას კონტინენტზე;

ზ) გრიგორიანული კალენდარი – საყოველთაოდ მიღებული კალენდარი, რომელიც შემოღებულია 1582 წელს წლის განსაზღვრისათვის და უფრო ზუსტია ტროპიკულ წელთან იულიანურ კალენდართან შედარებით (ISO 19108***);

თ) დაბრკოლება – ყველა უძრავი (დროებითი ან მუდმივი) და მოძრავი ობიექტი ან მათი ნაწილები, რომლებიც:

თ.ა) განლაგებულია საჰაერო ხომალდების მიწისზედა მოძრაობისთვის განკუთვნილ არეში;

თ.ბ) კვეთენ საჰაერო ხომალდების ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განკუთვნილ დადგენილ ზედაპირს, ან

თ.გ) მდებარეობენ ამ განსაზღვრული ზედაპირების მიღმა და შეფასებიდან გამომდინარე, წარმოადგენენ საფრთხეს ჰაერნაოსნობისათვის;

ი) ვალიდაცია – ობიექტური მტკიცებულებების წარდგენის საშუალებით დადასტურება იმისა, რომ კონკრეტული მოხმარებისათვის ან გამოყენებისათვის განკუთვნილი მოთხოვნები (ISO 9000*) შესრულებულია;

კ) ვერიფიკაცია – ობიექტური მტკიცებულებების წარდგენის საშუალებით დადასტურება იმისა, რომ დადგენილი მოთხოვნები (ISO 9000*) შესრულებული იქნა;

შენიშვნა: ტერმინი „ვერიფიცირებულია” გამოიყენება შესაბამისი სტატუსის აღსანიშნავად.

ლ) ვერტოდრომი – აეროდრომი ან დადგენილი ფართი ნაგებობის ზედაპირზე, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ განკუთვნილია შვეულმფრენების ასაფრენ-დასაფრენად და მიმოსვლისთვის;

მ) თავდაცვის ამოცნობის არე (ADIZ) – განსაზღვრული ზომის სპეციალურად დანიშნული საჰაერო სივრცე, სადაც საჰაერო ხომალდი ვალდებულია დამატებით შეასრულოს სპეციალური საიდენტიფიკაციო ან/და შეტყობინების პროცედურები;

ნ) კალენდარი – დროის დისკრეტული ათვლის სისტემა, რომელიც წარმოადგენს დროის ერთი დღიანი განსაზღვრის საფუძველს (ISO 19108*);

ო) კრებულის დამატება – კრებულში არსებული ინფორმაციის დროებითი ცვლილება, რომელიც გამოქვეყნებულია სპეციალური გვერდების სახით;

პ) კრებულის ცვლილება – კრებულში არებული ინფორმაციის გრძელვადიანი ცვლილება;

ჟ) მარშრუტის ფაზა – შუალედური დაფრენის გარეშე ფრენის მარშრუტი ან მარშრუტის ნაწილი;

რ) მეტამონაცემები – მონაცემები მონაცემთა შესახებ (ISO 19115);

ს) მიკვლევადობა – ადგილმდებარეობის, განცხადების ან ისტორიის პირველწყაროს დადგენის შესაძლებლობა (ISO 9000*);

ტ) მიმწოდებელი (ჰაერსანაოსნო მონაცემების ან ჰაერსანაოსნო ინფორმაციის) – უწყება, რომელიც ანგარიშვალდებულია ჰაერსანაოსნო მონაცემების/ინფორმაციის შექმნაზე ან/და უწყება, რომლისგანაც სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახური ღებულობს ჰაერსანაოსნო მონაცემებს/ინფორმაციას;

უ) მოთხოვნა – საჭიროება ან მოლოდინი, რომელიც არის დადგენილი, ზოგადად ნაგულისხმები ან სავალდებულო;

ფ) მომდევნო განკუთვნილი მომხმარებელი – პირი (ფიზიკური, იურიდიული), რომელიც იღებს ჰაერსანაოსნო მონაცემებს ან ინფორმაციას საწარმოსგან;

ქ) მონაცემთა გარჩევადობა – ერთეულების ან ციფრების რაოდენობა, რომელიც გამოხატავს გამოყენების გაზომილ ან გამოთვლილ მნიშვნელობას;

ღ) მონაცემთა ვადიანობა – განკუთვნილი მოხმარებისთვის განსაზღვრული მონაცემების შესაბამისობის პერიოდის უტყუარობა;

ყ) მონაცემთა მიკვლევადობა – საბოლოო მომხმარებლიდან მონაცემების მიმწოდებლამდე მიკვლევის უზრუნვეყოფა სისტემის მიერ ან მონაცემთა პროდუქტის ცვლილების ჩანაწერების შედეგად;

შ) მონაცემთა მთლიანობა – უზრუნველყოფის დონე (გარკვეული გარანტია) იმისა, რომ ჰაერსანაოსნო მონაცემები და მათი მნიშვნელობები არ დაკარგულა ან არ შეცვლილა მას შემდეგ, რაც აღნიშნული მონაცემები მომზადდა ან  შეიცვალა;

ჩ) მონაცემთა ნაკრები – გარკვეული ნიშნით იდენტიფიცირებადი მონაცემების შეკრება (ISO 19101*);

ც) მონაცემთა სიზუსტე – სავარაუდო ან გაზომილი მნიშვნელობებისა და ჭეშმარიტ მნიშვნელობას შორის შესაბამისობის ხარისხი;

ძ) მონაცემთა სისრულე – განკუთვნილი მოხმარებისთვის საჭირო ყველა მონაცემის არსებობის უტყუარობა;

წ) მონაცემთა ფორმატი – მონაცემთა ელემენტის სტრუქტურა, ჩანაწერები და ფაილები, რომლებიც შესაბამისობაშია სტანდარტთან, სპეციფიკაციებთან ან ხარისხის მოთხოვნებთან;

ჭ) მონაცემთა ხარისხი – დონე ან იმის დადასტურება, რომ მოცემული მონაცემები აკმაყოფილებენ მონაცემთა მომხმარებლის მოთხოვნებს სიზუსტის, გამოქვეყნების გარჩევადობის, მთლიანობის (ან მისი ეკვივალენტით დადასტურების დონით), მიკვლევადობით, ვადიანობით, სისრულით და ფორმატით;

ხ) მოცემული სიდიდე – ნებისმიერი სიდიდე ან სიდიდეთა ერთობლიობა, რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს სხვა სიდიდეების გამოთვლის ან ათვლის საფუძველს;

ჯ) ნოტამი (NOTAM) – ტელეკომუნიკაციის საშუალებით გავრცელებული შეტყობინება მომსახურების, წესების, საფრთხის, ასევე სანავიგაციო საშუალებების მდგომარეობის, ცვლილებებისა და მწყობრში შეყვანის შესახებ, რომლის დროული ცოდნა მნიშვნელოვანია ფრენების განხორციელებასთან დაკავშირებული პერსონალისათვის;

ჰ) პოზიცია – კოორდინატთა ნაკრები (გრძედები და განედები) გამოხატული ელიფსოიდის მათემატიკური გამოსახულებებით, რომელიც განსაზღვრავს პოზიციის წერტილს დედამიწის ზედაპირზე;

1) რელიეფი – დედამიწის ზედაპირი ისეთი ბუნებრივი ელემენტებით, როგორიცაა, მთები, ბორცვები, ქედები, ხეობები, წყლის საცავები, მყინვარები და თოვლი, გარდა დაბრკოლებებისა;

2) საავიაციო რუკა – დედამიწის ზედაპირის გარკვეული ნაწილის, მისი რელიეფის და ხელოვნური ნაგებობების პირობითი გამოსახვა, სპეციალურად განკუთვნილი სააერნაოსნო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად;

3) სააერნაოსნო ფიქსირებული მომსახურება (AFS) – კავშირგაბმულობის მომსახურება განსაზღვრულ ფიქსირებულ პუნქტებს შორის;

4) სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახური (შემდგომში – სამსახური) – სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს (შპს „საქაერონავიგაციის“) სტრუქტურული ერთეული, რომელიც შექმნილია განსაზღვრული პასუხისმგებლობის არეში ჰაერსანაოსნო მონაცემებით და ჰაერსანაოსნო ინფორმაციით უზრუნველსაყოფად ჰაერნაოსნობის უსაფრთხოების, ეფექტიანობისა და რეგულარობის მიზნით;

5) საერთაშორისო ნოტამ ოფისი – სახელმწიფოს მიერ დანიშნული ოფისი ნოტამების საერთაშორისო გაცვლისათვის;

6) სნოუტამი (SNOWTAM) – ნოტამის სპეციალური სერია, გამოცემული სტანდარტული ფორმით, რომელიც განკუთვნილია სამიმოსვლო არეში თოვლის სახიფათო მდგომარეობის, ყინულის, თოვლჭყაპის ან დამდგარი წყლის არსებობის ან გაუქმების შესახებ ინფორმაციის გადაცემისთვის;

7) ფრენისწინა ინფორმაციის ბიულეტენი (PIB) – ფრენის წინ მომზადებული ოპერატიული მნიშვნელობის მოქმედი ნოტამები;

8) შექმნა (ჰაერსანაოსნო მონაცემების ან ჰაერსანაოსნო ინფორმაციის) - ახალი მონაცემის/ინფორმაციის შექმნა ან არსებული მონაცემის/ინფორმაციის მოდიფიკაცია;

9) ხარისხი – დონე, რომლითაც საკუთარი მახასიათებლების ერთობლიობა ასრულებს/აკმაყოფილებს მოთხოვნებს (ISO 9000*);

10) ხარისხის დამოწმება – ხარისხის მართვის ნაწილი, რომელიც ასახავს ხარისხის მოთხოვნებთან შესაბამისობას (ISO 9000);

11) ხარისხის მართვა – კოორდინირებული ქმედებები ორგანიზაციის ხელმძღვანელობისა და მმართველობისათვის ხარისხთან მიმართებაში (ISO 9000);

12) ჰაერსანაოსნო ინფორმაცია – ჰაერსანაოსნო მონაცემების შეკრებისა და ანალიზის შედეგად მიღებული ინფორმაცია;

13) ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებული (AIP) (შემდგომში კრებული) – საქართველოს სახელით გამოქვეყნებული, უსაფრთხო ფრენების უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანი და გრძელვადიანი ინფორმაციის შემცველი კრებული;

14) ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მართვა – ჰაერსანაოსნო ინფორმაციის დინამიური და კომპლექსური მართვა მხარეებს შორის ხარისხით დამოწმებული ციფრული ჰაერსანაოსნო მონაცემების უზრუნველყოფის და გადაცემის მიზნით;

15) ჰაერსანაოსნო ინფორმაციის გაერთიანებული პაკეტით გათვალისეინებული პროდუქტი (შემდგომში – ჰაერსანაოსნო ინფორმაციის პროდუქტი) – ჰაერსანაოსნო მონაცემები და ჰაერსანაოსნო ინფორმაცია, რომელიც წარმოებულია მონაცემთა ციფრული ნაკრებისგან ან წარმოდგენილია ელექტრონული ან მატერიალური ფორმით და მოიცავს ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულს (მათ შორის,, მის ცვლილებებს და დროებით ცვლილებებს), ცირკულარულ ინფორმაციას, საავიაციო რუკებს, ნოტამს და მონაცემთა ციფრულ ნაკრებს“;

16) ჰაერსანაოსნო ინფორმაციის ცირკულარი (AIC) (შემდგომში – ცირკულარი) – შეტყობინება, რომელიც არ ექვემდბარება ნოტამის ან კრებულის სახით გავრცელებას, მაგრამ ეხება ფრენების უსაფრთხოებას, საჰაერო ნავიგაციას, ტექნიკურ, ადმინისტრაციულ ან სამართლებრივ საკითხებს;

17) ჰაერსანაოსნო მონაცემები – დადგენილი ფორმით გადმოცემული ჰაერსანაოსნო ფაქტები, კონცეფციები და ინსტრუქციები მათი გადაცემის (კომუნიკაცია), ინტერპრეტაციის ან დამუშავების მიზნით;

2. წესში გამოყენებულ შემოკლებებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) AIS – სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახური;

ბ) ATS – საჰაერო მოძრაობის მომსახურება;

გ) CNS – კავშირგაბმულობის, სანავიგაციო და სარადიოლოკაციო მომსახურება;

დ) NIL – ინფორმაცია არ არის ან არაფერია წარსადგენი/გადასაცემი;

ე) MET – მეტეოროლოგიური სამსახური;

ვ) SAR – საძებნ-სამაშველო სამსახური.

3. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ საქართველოს საჰაერო კოდექსით და „ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიმწოდებლების, მათი უფლება-მოვალეობების და ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიწოდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ოქტომბრის №471 დადგენილებით განსაზღვრული მნიშვნელობები.“.

2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. ზოგადი მოთხოვნები სამსახურის მიმართ

1. სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახური (შემდგომში – სამსახური) ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურებას ახორციელებს ამ წესის მოთხოვნების და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (შემდგომში: ICAO) ოფიციალური გამოცემის Doc. 10066 („ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მართვა“ და მისი დამატება „ჰაერსანაოსნო მონაცემთა კატალოგი“) Doc. 8126 (ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურების სახელმძღვანელო) და Doc. 8400 (ICAO-ს აბრევიატურები და კოდები) მოთხოვნების დაცვით.

შენიშვნა: ჰაერსანაოსნო მონაცემთა კატალოგი წარმოადგენს Excel-ის ფაილების ნაკრებს და ხელმისაწვდომია ელექტრონულად სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებგვერდზე: www.gcaa.ge.

2. სამსახური ვალდებულია, ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესრულების მიზნით, გააჩნდეს:

ა) ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მართვის რესურსები და პროცესები, რომელიც საჰაერო მოძრაობის ორგანიზებისათვის უზრუნველყოფს ხარისხიანი ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის დროულ შეგროვებას, დამუშავებას, შენახვას, ინტეგრირებას, გაცვლას და მიწოდებას;

ბ) ხარისხის მართვის სისტემა;

გ) საჭირო ადამიანური და ფინანსური რესურსები;

დ) კვალიფიციური პერსონალი;

ე) საჭირო ტექნიკური უზრუნველყოფა, როგორიცაა, ავტომატიზებული სისტემები, აღჭურვილობა და სხვა;

ვ) „სახელმძღვანელო დოკუმენტი“, რომელიც აღწერს სამსახურის მიერ მომსახურებისთვის დადგენილ პროცესებს და პროცედურებს ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესრულების მიზნით. „სახელმძღვანელო დოკუმენტი“, რომელიც შეიძლება შეიქმნას ძირითადი დოკუმენტის ან/და ცალკეული დოკუმენტების კრებულის სახით, ექვემდებარება მუდმივ განახლებას და, სულ მცირე, უნდა შეიცავდეს:

ვ.ა) სამსახურის ორგანიზაციულ სტრუქტურას, მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირების სახელის, გვარის, თანამდებობის, მოვალეობების და პასუხისმგებლობების მითითებით;

ვ.ბ) საჭირო საკადრო რესურსების გამოთვლას;

ვ.გ) ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურების პროცესის აღწერას;

ვ.დ) პერსონალის კვალიფიკაციის შენარჩუნების პროცესის აღწერას;

ვ.ე) ტექნიკური საშუალებების ჩამონათვალს, რომელიც გამოიყენება ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურებისთვის;

ვ.ვ) ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურების პროცესში არსებული თითოეული პოზიციისთვის ფუნქციების და პასუხისმგებლობების ჩამონათვალს;

ვ.ზ) ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურებისთვის საჭირო ინფორმაციის/მონაცემების მიღების პროცესის აღწერას;

ვ.თ) ჩანაწერების შენახვის პროცესის აღწერას;

ვ.ი) ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურებისთვის მესამე პირის მოწვევის პროცესის აღწერას;

ვ.კ) არსებული პროცედურების, ინსტრუქციების, სახელმძღვანელო მასალების ჩამონათვალს.

3. სამსახურმა უნდა უზრუნველყოს პერსონალის თავისუფალი წვდომა:

ა) ნორმატიულ აქტებზე;

ბ) სახელმძღვანელო დოკუმენტებზე;

გ) ინსტრუქციებზე და სხვა ნებისმიერ დოკუმენტაციაზე, რომელიც უკავშირდება სამსახურის საქმიანობის სფეროს.

4. სამსახურს უნდა გააჩნდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილ დოკუმენტებში შესწორებების შეტანის და მუდმივი განახლების პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს დოკუმენტების:

ა) მოქმედი ვერსიის ადვილად განსაზღვრას;

ბ) ცვლილებების კონტროლს.

5. სამსახური უზრუნველყოფს საერთაშორისო გავრცელებისთვის განკუთვნილი ჰაერსანაოსნო ინფორმაციის პროდუქტის ღია ტექსტით შექმნილი თითოეული ელემენტის გავრცელებას ინგლისურ ენაზე.

6. ადგილმდებარეობის სახელწოდებები უნდა იყოს მოხსენიებული გამოყენების შესაბამისად და საჭიროებისამებრ მისი ასახვა უნდა განხორციელდეს ლათინური ალფავიტის გამოყენებით.

7. ჰაერსანაოსნო ინფორმაციის და მონაცემების შექმნის, დამუშავების და გავრცელების დროს, გამოყენებული საზომი ერთეულები უნდა შეესაბამებოდეს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 6 დეკემბრის №200 ბრძანებით დამტკიცებული „სამოქალაქო ავიაციაში საზომი ერთეულების გამოყენების წესს“.

8. ჰაერსანაოსნო ინფორმაციის პროდუქტში უნდა იყოს გამოყენებული ICAO-ს აბრევიატურები, როდესაც აღნიშნული აბრევიატურები არის შესაბამისი და მათი გამოყენება გააადვილებს ჰაერსანაოსნო ინფორმაციის და მონაცემების გავრცელებას.“.

3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. სამსახურის ფუნქციები

1. სამსახურმა უნდა უზრუნველყოს ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საჰაერო მოძრაობის ორგანიზებაში ჩართული პირებისათვის, მათთვის საჭირო საექსპლუატაციო მოთხოვნების შესაბამის ფორმაში, მათ შორის,:

ა) ფრენების განხორციელებაში ჩართული პერსონალის, მათ შორის,, საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის, ფრენის დაგეგმვის და საპილოტო საწაფების საექსპლუატაციო მოთხოვნებს;

ბ) საფრენოსნო-საინფორმაციო და ფრენისწინა ინფორმაციით მომსახურებაზე პასუხისმგებელი ორგანოს საექსპლუატაციო მოთხოვნებს.

შენიშვნა: საჰაერო მოძრაობის ორგანიზებაში ჩართული პირების შესახებ ინფორმაცია მოცემულია ICAO-ს ოფიციალურ გამოცემაში Doc. 9854 (გლობალური საჰაერო მოძრაობის მართვის ოპერატიული კონცეფცია).

2. ჰაერსანაოსნო მონაცემები და ჰაერსანაოსნო ინფორმაცია უნდა იყოს წარმოდგენილი ჰაერსანაოსნო ინფორმაციის პროდუქტის სახით.

შენიშვნა: სამსახურს შეიძლება გააჩნდეს მიმწოდებლის ფუნქციები.

3. სამსახური უზრუნველყოფს 24 საათიან მომსახურებას.

4. სამსახური იღებს ჰაერსანაოსნო მონაცემებს და ჰაერსანაოსნო ინფორმაციას:

ა) სხვა ქვეყნების სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურებისგან;

ბ) სხვა ხელმისაწვდომი წყაროდან.

5. იმ შემთხვევაში, თუ სამსახური იღებს ჰაერსანაოსნო მონაცემებს და ჰაერსანაოსნო ინფორმაციას სხვა ქვეყნების სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურებისგან, მისი გავრცელების დროს ნათლად უნდა მიეთითოს აღნიშნულის თაობაზე.

6. იმ შემთხვევაში, თუ სამსახური იღებს ჰაერსანაოსნო მონაცემებს და ჰაერსანაოსნო ინფორმაციას სხვა ხელმისაწვდომი წყაროდან, ჰაერსანაოსნო ინფორმაციის გავრცელებამდე, სამსახური ახორციელებს მისშემოწმებას. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხორციელდება სხვადასხვა წყაროებიდან მოწოდებული ჰაერსანაოსნო ინფორმაციის  შემოწმება, შესაბამისი ინფორმაციის გავრცელებისას ნათლად უნდა მიეთითოს აღნიშნულის თაობაზე.

7. ფრენების უსაფრთხოების, რეგულარობის, ეფექტურობის და ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით, სამსახურმა, ხელმისაწვდომი უნდა გახადოს ჰაერსანაოსნო მონაცემები და ჰაერსანაოსნო ინფორმაცია სხვა ქვეყნების სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურებისთვის.“.

4. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. ჰაერსანაოსნო მონაცემების და ინფორმაციის გაცვლა და გავრცელება

1. სამსახური, თუ არსებობს ასეთი შესაძლებლობა, ამყარებს პირდაპირ კავშირს სხვა ქვეყნის შესაბამის სამსახურებთან ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის საერთაშორისო გაცვლის გაადვილების მიზნით.

2. სამსახურმა, სატელეკომუნიკაციო საშუალებით გავრცელებული ნოტამის გამოცემისა და მიღების მიზნით, უნდა უზრუნველყოს საექსპლუატაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება.

3. სამსახური, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა, ხელშემკვრელ სახელმწიფოებს უსასყიდლოდ გადასცემს ჰაერსანაოსნო ინფორმაციის პროდუქტის თითო ასლს.

4. სამსახური, ხელშემკვრელ სახელმწიფოებს და სხვა ორგანიზაციებს, მათთან დადებული ცალკე შეთანხმების ფარგლებში, გადასცემს თითო ასლზე მეტ ჰაერსანაოსნო ინფორმაციის პროდუქტს და სხვა სააერნაოსნო დოკუმენტებს, მათ შორის,, ნორმატიულ აქტებს.

5. იმ შემთხვევაში, თუ ჰაერსანაოსნო მონაცემები და ჰაერსანაოსნო ინფორმაცია წარმოდგენილია ციფრულ მონაცემთა ნაკრების სახით, აღნიშნულის გადაცემა სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოსთვის უნდა განხორციელდეს დადებული შეთანხმების შესაბამისად.

6. არახელშემკვრელი სახელმწიფოს ან/და სხვა ორგანიზაციების მხრიდან ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის შესყიდვა (მათ შორის, ჰაერსანაოსნო ინფორმაციის პროდუქტების ელემენტების), წარმოადგენს ცალკე შეთანხმების საგანს სამსახურსა და დაინტერსებულ სახელმწიფოს ან/და სხვა ორგანიზაციას შორის.

7. მონაცემთა ნაკრებების გაცვლისას უნდა გამოიყენებოდეს გლობალური თავსებადობის ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის გაცვლის მოდელები.

8. სამსახურის მიერ ჰაერსანაოსნო ინფორმაციის და ჰაერსანაოსნო მონაცემების საფუძველზე შექმნილი ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებული ან/და ნებისმიერი სხვა პროდუქტი ქვეყნდება საქართველოს სახელით. ამასთან, აღნიშნული ინფორმაციის და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროდუქტის მესამე მხარისთვის მიწოდების შემთხვევაში, მესამე მხარე უნდა გაფრთხილდეს აღნიშნულის შესახებ.

9. იმ შემთხვევაში, თუ ჰაერსანაოსნო მონაცემები და ჰაერსანაოსნო ინფორმაცია შედგენილია მონაცემთა ნაკრების სახით, სამსახურმა არ უნდა გადასცეს სხვა ქვეყნის მიერ შედგენილი მონაცემთა ნაკრები მესამე მხარეს ავტორი ქვეყნის თანხმობის გარეშე.

10. ჰაერსანაოსნო ინფორმაციის პროდუქტი უნდა იყოს გავრცელებული მომხმარებელთა მოთხოვნის საფუძველზე.

11. ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებული, ცვლილებები, დამატებები და ცირკულარები უნდა იყოს მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი ყველაზე მარტივი ფორმით.

12. ჰაერსანაოსნო ინფორმაციის პროდუქტის გავრცელებისთვის, შეძლებისდაგვარად, უნდა იყოს გამოყენებული გლობალური საკომუნიკაციო ქსელები, როგორიცაა ინტერნეტი.

13. ნოტამის მიწოდება კონკრეტული მომხმარებლისთვის ხორციელდება მოთხოვნის საფუძველზე.

14. ნოტამი უნდა იყოს მომზადებული ICAO-ს საკომუნიკაციო პროცედურების შესაბამისად.

15. ნოტამის გავრცელებისთვის, შეძლებისდაგვარად, უნდა იყოს გამოყენებული AFS.

16. იმ შემთხვევაში, თუ ნოტამის გავრცელება ხორციელდება არა AFS-ის, არამედ სხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით, აუცილებელია ნოტამის შექმნის თარიღისა და დროის ექვსციფრიანი ჯგუფისა და ნოტამის შეტყობინების ორიგინატორის მითითება.

17. საერთაშორისო ნოტამის გაცვლა ნოტამ ოფისებს შორის უნდა ხორციელდებოდეს მხარეთა შეთანხმების შესაბამისად.

18. სამსახურმა უნდა განსაზღვროს საერთაშორისო გავრცელებისთვის განკუთვნილი ნოტამი.

19. საერთაშორისო გავრცელებისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს შერჩევითი გავრცელების სიები.“.

5. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მართვა

1. ინფორმაციის მართვის რესურსებმა და პროცესებმა უნდა უზრუნველყონ საჰაერო მოძრაობის ორგანიზებისათვის ხარისხიანი ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის დროული შეგროვება, დამუშავება, შენახვა, ინტეგრირება, გაცვლა და მიწოდება;

2. ჰაერსანაოსნო მონაცემთა სიზუსტის დონე უნდა შეესაბამებოდეს გამოყენების მიზნებს.

3. ჰაერსანაოსნო მონაცემების გარჩევადობის და მთლიანობის დონე უნდა შეესაბამებოდეს ფაქტობრივ მონაცემთა სიზუსტეს.

4. უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჰაერსანაოსნო მონაცემთა მიკვლევადობა და შენარჩუნება მათი გამოყენების მთელ პერიოდში.

5. მონაცემთა დროულობა უნდა იყოს განსაზღვრული. ამ მიზნით, ზუსტად უნდა დადგინდეს მონაცემთა ცალკეული ელემენტების მოქმედების პერიოდი.

6. უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჰაერსანაოსნო მონაცემთა სისრულე, მისი დანიშნულებისამებრ გამოყენების მიზნით.

7. მიწოდებული მონაცემთა ფორმატმა უნდა უზრუნველყოს მონაცემთა დანიშნულების შესაბამისი გამოყენება.

8. სამსახურს უნდა გააჩნდეს ვალიდაციის და ვერიფიკაციის პროცედურები, რომელიც უზრუნველყოფს ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიღების დროს ხარისხის მოთხოვნებთან შესაბამისობის განსაზღვრას.

9. ჰაერსანაოსნო მონაცემების და მონაცემთა ნაკრებების გადაცემის ან/და შენახვის დროს უნდა იყოს გამოყენებული ციფრული მონაცემთა შეცდომების აღმოჩენის საშუალებები.

10. ციფრული მონაცემთა შეცდომების აღმოჩენის საშუალებები უნდა იყოს გამოყენებული ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მთლიანობის დონის შენარჩუნების უზრუნველყოფისთვის.

11. ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურების დროულობის, ხარისხის, ეფექტურობის და ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით გამოყენებული უნდა იყოს ავტომატიზებული სისტემები.

12. მონაცემებისა მთლიანობისთვის, რისკების გამოვლენის დროს უნდა არსებობდეს დადგენილი პროცესები და ტარდებოდეს მაკორექტირებელი ქმედებები.

13. მონაცემთა ხარისხის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, ავტომატიზებული სისტემები:

ა) უზრუნველყოფენ მონაცემთა დამუშავების მთლიან პროცესში მონაწილე მხარეებს შორის ჰაერსანაოსნო მონაცემების ციფრულ ფორმატში გაცვლას;

ბ) იყენებენ ჰაერსანაოსნო ინფორმაციის გაცვლის და მონაცემთა გაცვლის მოდელებს შექმნილი გლობალური თავსებადობის უზრუნველსაყოფად.“.

6. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. ხარისხის მართვის სისტემა

1. სამსახურს უნდა გააჩნდეს ხარისხის მართვის სისტემა, რომელიც მოიცავს ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურების ყველა ეტაპს.

2. ხარისხის მართვა უნდა იყოს შესაფერისი ჰაერსანაოსნო მონაცემის მთელი ჯაჭვისთვის, მონაცემთა შექმნიდან მის მომდევნო განკუთვნილი მომხმარებლისთვის მიწოდებამდე, მონაცემთა დანიშნულებისამებრ გამოყენების გათვალისწინებით.

3. სამსახურს უნდა გააჩნდეს ხარისხის მართვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001 მოთხოვნებთან შესაბამისობის სერტიფიკატი.

4. ხარისხის მართვის სისტემის ფარგლებში, სამსახურმა უნდა უზრუნველყოს:

ა) პერსონალის კომპეტენციის, ცოდნის და უნარების განსაზღვრა მასზე დაკისრებულ თითოეულ ფუნქციასთან დაკავშირებით;

ბ) პერსონალისთვის შესაბამისი სწავლებების ჩატარება, რომელიც სულ მცირე, მოიცავს:

ბ.ა) საწყის სწავლებას, რომელიც ასევე მოიცავს პრაქტიკულ სწავლებას (სამუშაო ადგილზე სწავლება) და ტარდება გამოცდილი პერსონალის ზედამხედველობის ქვეშ, რომელსაც გავლილი აქვს ამ პუნქტით განსაზღვრული სწავლებები და გააჩნია მინიმუმ ხუთწლიანი გამოცდილება. პრაქტიკული სწავლება მიმართულია საწყისი სწავლების დროს მიღებული ცოდნის სამუშაო გარემოში ათვისებისკენ და უზრუნველყოფს პერსონალის დამოუკიდებლად მუშაობას;

ბ.ბ) განმეორებით სწავლებას, რომელიც ტარდება მინიმუმ სამ წელიწადში ერთხელ და მიმართულია პერსონალის კვალიფიკაციის შენარჩუნებისკენ;

ბ.გ) სპეციალიზებულ სწავლებას, რომელიც მიმართულია ახალი ფუნქციების, სტანდარტების და ტექნოლოგიების ათვისებისკენ;

გ) პერსონალის კომპეტენციის შენარჩუნებას;

დ) პერსონალის კვალიფიკაციის დადასტურებას შესაბამისი ჩანაწერებით;

ე) საწყისი და პერიოდული შეფასებების შემუშავებას, რომელიც უზრუნველყოფს პერსონალის კომპეტენციის შენარჩუნების შეფასებას. სამსახურმა უნდა უზრუნველყოს აღნიშნული შეფასებების შედეგების მიხედვით შესაბამისი ქმედებების განხორციელება;

ვ) ჰაერსანაოსნო მონაცემების მიკვლევადობას გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნებისმიერი ხარვეზის ან/და უზუსტობების და ამ წესის მოთხოვნებთან ნებისმიერი შეუსაბამობის მიზეზის დადგენისთვის, კორექტირებისა და მომხმარებლის ინფორმირებისთვის;

ზ) გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნებისმიერი ხარვეზის ან/და უზუსტობის და ამ წესის მოთხოვნებთან ნებისმიერი შეუსაბამობის აღრიცხვის, მოკვლევის, კორექტირების და შეტყობინების პროცედურის დანერგვას და შენარჩუნებას, რომელიც, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს:

ზ.ა) მომხმარებლების ინფორმირებას;

ზ.ბ) ინფორმაციის დაუყოვნებელ ამოღებას მოხმარებიდან, თუ ხარვეზი ან შეუსაბამობა გავლენას ახდენს ან შეიძლება გავლენა იქონიოს საჰაერო ხომალდების ფრენის უსაფრთხოებაზე;

ზ.გ) ხარვეზის ან შეუსაბამობის შესწორებას;

თ) გამოვლენილი შეცდომის ან შეუსაბამობის წყაროს დადგენას და მისი განმეორების თავიდან აცილება, რაც მოიცავს:

თ.ა) შეცდომის ან შეუსაბამობის აღმოფხვრას;

თ.ბ) გამოსასწორებელი ღონისძიებების გატარებას, ნებისმიერი სხვა ინფორმაციის მთლიანობაზე ნეგატიური ზეგავლენის პრევენციის მიზნით.

ი) მომხმარებლებისთვის დადასტურებას იმისა, რომ გავრცელებული ჰაერსანაოსნო ინფორმაცია და ჰაერსანაოსნო მონაცემები შეესაბამება სიზუსტის, გარჩევადობისა და მთლიანობის ხარისხის მოთხოვნებს.

კ) ხარისხის დამოწმებას შიდა აუდიტების ჩატარების გზით და მოთხოვნებთან შეუსაბამობების აღმოჩენის შემთხვევაში მაკორექტირებელი ქმედებების გატარებას შეუსაბამობების მიზეზების აღმოფხვრის მიზნით. აუდიტის ნებისმიერი ქმედება უნდა იყოს შესაბამისად დოკუმენტირებული.

5. ხარისხის მართვის სისტემის არსებობის და შესაბამისობის დასადასტურებლად, უნდა იყოს გატარებული ყველა საჭირო შემოწმებითი ქმედება.“.

7. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. ადამიანური ფაქტორის ასპექტები

სამსახური, ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის შედგენის, შინაარსის განსაზღვრის, დამუშავების და გავრცელების პროცესში, სადაც მოითხოვება ადამიანების ჩართულობა და მათ შორის, ურთიერთქმედება, უზრუნველყოფს ადამიანური ფაქტორის მინიმუმამდე დაყვანას რისკების წინასწარი განსაზღვრის და მათი თავიდან აცილების შესაბამისი პროცესებისა და პროცედურების დანერგვის გზით.“.

8. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

„მუხლი 10. ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის ელემენტები

1. ჰაერსანაოსნო მონაცემები და ჰაერსანაოსნო ინფორმაცია, რომელიც უნდა იქნეს მიღებული და შედგენილი სამსახურის მიერ, სულ მცირე, უნდა შეიცავდეს ინფორმაციას:

ა) ეროვნული რეგულაციების, წესების და პროცედურების შესახებ;

ბ) აეროდრომების და ვერტოდრომების შესახებ;

გ) საჰაერო სივრცის შესახებ;

დ) საჰაერო მოძრაობის მომსახურების მარშრუტების შესახებ;

ე) სახელსაწყო ფრენის პროცედურების შესახებ;

ვ) სანავიგაციო საშუალებების შესახებ;

ზ) დაბრკოლებების შესახებ;

თ) რელიეფის შესახებ;

ი) გეოგრაფიულ ინფორმაციას.

2. მომდევნო განკუთვნილი მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში ჰაერსანაოსნო მონაცემების განსაზღვრა და გადაცემა ხორციელდება სიზუსტისა და მთლიანობის კლასიფიკაციის შესაბამისად.“.

9. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11. ჰაერსანაოსნო ინფორმაციის პროდუქტი

1. ჰაერსანაოსნო ინფორმაცია უნდა იყოს შედგენილი ჰაერსანაოსნო ინფორმაციის პროდუქტის და მასთან დაკავშირებული მომსახურებების ფორმით.

2. ჰაერსანაოსნო ინფორმაცია, შექმნილი სტანდარტიზებული ფორმით უნდა შეიცავდეს ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულს, მის ცვლილებებს, დამატებებს, ცირკულარს, ნოტამს და საავიაციო რუკებს.

3. ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებული, მისი ცვლილებები, დამატებები და ცირკულარი უნდა იყოს შედგენილი ნაბეჭდი ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით.

4. კრებული, კრებულის ცვლილებები, კრებულის დამატებები და ცირკულარი უნდა გამოქვეყნდეს ისეთი ფორმატით, რომლის ეკრანზე ჩვენება და დაბეჭდვა შესაძლებელია.“.

10. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12. ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებული

1. კრებული უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო მოთხოვნებს ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის გაცვლის თვალსაზრისით.

2. კრებული უნდა შეიცავდეს:

ა) უფლებამოსილი ორგანოს შესახებ ინფორმაციას, რომელიც პასუხისმგებელია საჰაერო ნავიგაციის აღჭურვილობაზე, მომსახურებაზე ან პროცედურებზე;

ბ) ზოგად პირობებს, რომლის ფარგლებშიც მომსახურება ან აღჭურვილობა ხელმისაწვდომია საერთაშორისო გამოყენებისთვის;

გ) მნიშვნელოვანი განსხვავებების ჩამონათვალს ICAO-ს სტანდარტებს, რეკომენდებულ პრაქტიკასა და პროცედურებს და ეროვნულ მოთხოვნებს შორის;

დ) ინფორმაციას ეროვნული მოთხოვნების შესახებ თითოეულ მნიშვნელოვან განსხვავებასთან მიმართებაში.

3. კრებულის დამატების საკონტროლო ჩამონათვალი უნდა იყოს გამოცემული რეგულარულად.

4. ჰაერსანაოსნო ინფორმაციის და მონაცემების წარდგენის შესახებ ჰაერსანაოსნო ინფორმაციის და მონაცემების მიმწოდებლებსა და სამსახურს შორის არსებულ შეთანხმებაში უნდა იყოს განსაზღვრული ჰაერსანაოსნო ინფორმაციის წარდგენის ფორმა.“.

11. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 13. ცირკულარი

1. ცირკულარი უნდა გამოიცეს იმ შემთხვევებში, როდესაც:

ა) არსებობს კანონმდებლობის, პროცედურების ან აღჭურვილობის ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილების გრძელვადიანი პროგნოზი;

ბ) აუცილებელია განმარტებითი ან/და სარეკომენდაციო ინფორმაციის გადაცემა ფრენების უსაფრთხოებისთვის;

გ) ინფორმაცია ან/და საკონსულტაციო ხასიათის შეტყობინება უკავშირდება ტექნიკურ, საკანონმდებლო ან/და ადმინისტრაციულ საკითხებს.

2. ცირკულარი არ უნდა გამოიცეს იმ შემთხვევებში, როდესაც ჰაერსანაოსნო ინფორმაცია ეხება:

ა) კრებულის ცვლილების ან დამატების სპეციფიკაციით გათვალისწინებულ ინფორმაციას;

ბ) ნოტამის სპეციფიკაციით გათვალისწინებულ ინფორმაციას.

3. მოქმედი ცირკულარების გადახედვა უნდა განხორციელდეს მინიმუმ წელიწადში ერთხელ.

4. მოქმედი ცირკულარების საკონტროლო ჩამონათვალი უნდა გამოიცეს რეგულარულად.“.

12. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 14. საავიაციო რუკები

1. საავიაციო რუკების შესახებ მოთხოვნები განსაზღვრულია სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის №03 ბრძანებით დამტკიცებული „საავიაციო რუკების შემუშავების წესში“.

2. საავიაციო რუკები უნდა იყოს შედგენილი, როგორც კრებულის ნაწილი ან/და უნდა გამოიცემოდეს ცალკე. მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს შემდეგი საავიაციო რუკები (არსებობის შემთხვევაში):

ა) აეროდრომის/ვერტოდრომის რუკა;

ბ) აეროდრომის სახმელეთო მოძრაობის რუკა;

გ) სააეროდრომო დაბრკოლებების რუკა A ტიპი;

დ) სააეროდრომო დაბრკოლებების რუკა B ტიპი;

ე) აეროდრომის რაიონის რელიეფის და დაბრკოლებების რუკა (ელექტრონული);

ვ) საჰაერო ხომალდის სადგომის/სადგომზე დაყენების რუკა;

ზ) რაიონის რუკა;

თ) სმმ-ს მინიმალური აბსოლუტური სიმაღლეების მიმოხილვითი რუკა;

ი) დასაფრენად სახელსაწყო შესვლის რუკა;

კ) რელიეფის რუკა დასაფრენად ზუსტი შესვლისთვის;

ლ) სტანდარტული სახელსაწყო მოფრენის (STAR) რუკა;

მ) სტანდარტული სახელსაწყო გაფრენის (SID) რუკა;

ნ) დასაფრენად ვიზუალური შესვლის რუკა.

3. თუ შესაძლებელია, მარშრუტის რუკა უნდა იყოს კრებულის ნაწილი, ან უნდა ხორციელდებოდეს მისი მიწოდება მომხმარებლებისთვის ცალკე.

4. ჰაერსანაოსნო ინფორმაციის პროდუქტის სახით უნდა იყოს წარმოდგენილი შემდეგი საავიაციო რუკები (არსებობის შემთხვევაში):

ა) მსოფლიო საავიაციო რუკა, მასშტაბით 1:1 000 000;

ბ) საავიაციო რუკა მასშტაბით 1:500 000;

გ) წვრილმასშტაბიანი საავიაციო რუკა;

დ) კურსის გაყვანის რუკა.

5. ელექტრონული საავიაციო რუკა უნდა იყოს შედგენილი ციფრულ მონაცემთა ბაზების და გეოგრაფიული ინფორმაციის სისტემების გამოყენებით.

6. რუკის გარჩევადობა უნდა იყოს კონკრეტული რუკის შესაბამისი.“.

13. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 15. მონაცემთა ციფრული ნაკრები

1. ციფრული მონაცემები უნდა არსებობდეს  შემდეგ მონაცემთა ნაკრების სახით:

ა) ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულის მონაცემთა ნაკრები;

ბ) რელიეფის მონაცემთა ნაკრები;

გ) დაბრკოლების მონაცემთა ნაკრები;

დ) აეროდრომის კარტოგრაფიულ მონაცემთა ნაკრები;

ე) სახელსაწყო ფრენის პროცედურების მონაცემთა ნაკრები.

2. თითოეული მონაცემთა ნაკრები მომდევნო განკუთვნილი მომხმარებლისთვის უნდა იყოს გადაცემული, სულ მცირე, მეტამონაცემებთან ერთად, რომელიც უზრუნველყოფს ამ მონაცემთა ნაკრების მიკვლევადობას.

შენიშვნა: სპეციფიკაციები მონაცემთა ციფრული ნაკრების შინაარსის მიმართ   მოცემულია ICAO-ს ოფიციალური გამოცემის Doc 10066 პირველ დამატებაში „ჰაერსანაოსნო მონაცემთა კატალოგში“.

3. მოქმედი მონაცემთა ნაკრების ჩამონათვალი უნდა განახლდეს რეგულარულად.“.

14. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 16. კრებულის მონაცემთა ნაკრები

1. კრებულის მონაცემთა ნაკრები უნდა მოიცავდეს კრებულში არსებული ინფორმაციის სრულ მოცულობას.

2. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხორციელდება  კრებულის მონაცემთა ნაკრების სრულად წარდგენა, უნდა იყოს წარდგენილი კრებულის ის ქვენაკრებები, რომლებიც ხელმისაწვდომია.

3. კრებულის მონაცემთა ნაკრები უნდა შეიცავდეს გრძელვადიანი ხასიათის ჰაერსანაოსნო ინფორმაციის (მუდმივი ინფორმაცია ან ხანგრძლივი ხასიათის დროებითი ცვლილება) ციფრულ წარმოდგენას.“.

15. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 17. რელიეფისა და დაბრკოლების მონაცემთა ნაკრები

1. რელიეფისა და დაბრკოლებების მონაცემთა ნაკრების დაფარვის ზონა განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) არე 1 – სახელმწიფოს მთელი ტერიტორია;

ბ) არე 2 – აეროდრომის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც იყოფა შემდეგნაირად:

ბ.ა) არე 2ა – მართკუთხა არე ადზ-ს ირგვლივ, რომელიც მოიცავს საფრენ ზოლს და ნებისმიერ დაბრკოლებისაგან თავისუფალ ზოლებს.

ბ.ბ) არე 2ბ – არე, რომელიც ვრცელდება არე 2ა-ს დასასრულიდან აფრენის მიმართულებით, 10 კმ მანძილზე 15%-იანი გაშლით თითოეული მხრიდან;

ბ.გ) არე 2გ – არე, რომელიც ვრცელდება არე 2ა-ს და არე 2ბ-ს გარეთ არაუმეტეს 10 კმ-ის მანძილზე არე 2ა-ს საზღვრიდან;

ბ.დ) არე 2დ – არე, რომელიც ვრცელდება არე 2ა-ს, არე 2ბ-ს და არე 2გ-ს გარეთ აეროდრომის საკონტროლო წერტილიდან არაუმეტეს 45 კმ მანძილზე ან არსებულ TMA საზღვრამდე, შესაბამისად, რომელიც უფრო ახლოა;

გ) არე 3 – არე, რომელიც ესაზღვრება აეროდრომის სამუშაო მოედანს და ვრცელდება ჰორიზონტალურად ადზ-ს კიდიდან, 90 მ-ის მანძილზე ადზ-ს ღერძიდან და 50 მ-ის მანძილზე აეროდრომის აეროდრომის სამუშაო მოედნის ყველა სხვა შემადგენელი ნაწილის კიდიდან;

დ) არე 4 – არე, რომელიც ვრცელდება 900 მ-ის მანძილზე ადზ-ის ზღურბლის წინ და 60 მ-ის მანძილზე ადზ-ს ღერძიდან ორივე მხარეს, მე-2 და მე-3 კატეგორიით დასაფრენად ზუსტი შესვლისთვის აღჭურვილი ადზ-სთვის.

2. იმ შემთხვევაში, თუ რელიეფი ადზ-ს კიდეებიდან 900 მ-ზე მეტ მანძილზე (3000 ფუტი) არის მთიანი ან აქვს მნიშვნელოვანი დატვირთვა, მე-4 არეს სიგრძე უნდა გაიზარდოს ადზ-ს ზღურბლიდან არაუმეტეს 2000 მ მანძილამდე (6500 ფუტი).“.

16. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 18. რელიეფის მონაცემთა ნაკრები

1. რელიეფის მონაცემთა ნაკრები უნდა შეიცავდეს რელიეფის ზედაპირის ციფრულ ნაკრებს, წარმოდგენილი ყველა გადაკვეთის შემაღლების უწყვეტი ხაზით და მოცემული სიდიდეებით.

2. რელიეფის მონაცემები უნდა იყოს უზრუნველყოფილი არე 1-ისთვის.

3. იმ აეროდრომებზე, რომლებიც გამოიყენება საერთაშორისო ფრენებისთვის, რელიეფის შესახებ მონაცემები უზრუნველყოფილი უნდა იყოს შემდეგი არეებისთვის:

ა) არე 2ა;

ბ) აფრენისას სიმაღლის აღების არე;

გ) აეროდრომის დაბრკოლებებისაგან შემზღუდველი ზედაპირებით შემოფარგლული არე.

4. იმ აეროდრომებზე, რომლებიც გამოიყენება საერთაშორისო ფრენებისთვის, რელიეფის შესახებ დამატებითი მონაცემები უზრუნველყოფილი უნდა იყოს არე 2-სთვის:

ა) აეროდრომის საკონტროლო წერტილიდან 10 კმ-ის რადიუსით შემოფარგლულ არეალში;

ბ) 10კმ-დან TMA საზღვრამდე ან 45 კმ-ის რადიუსამდე (იმისდა მიხედვით რომელია უფრო მცირეა) არეალში იმ რელიეფის მონაცემები, რომლებიც ყველაზე დაბალი ზღურბლის შემაღლებიდან აღემატება 120 მეტრის სიმაღლეზე მდებარე დაბრკოლებების მონაცემების მოპოვების ზედაპირს.

5. იმ აეროდრომებისთვის, რომელთა გადაფარვის არე ერთმანეთის არეში იჭრება, უნდა იყოს კოორდინაცია აეროდრომების ექსპლუატანტებს შორის რელიეფის ზუსტი მონაცემების წარდგენის მიზნით.

6. იმ აეროდრომებისთვის, რომლებიც მდებარეობენ ქვეყნის საზღვართან, მეზობელ ქვეყანასთან უნდა არსებობდეს კოორდინაცია რელიეფის მონაცემების გაცვლისთვის.

7. იმ აეროდრომებზე, რომლებიც გამოიყენება საერთაშორისო ფრენებისთვის, რელიეფის მონაცემები უნდა იყოს შედგენილი არე 3-ისთვის.

8. დასაფრენად ზუსტი შესვლისთვის მე-2 და მე-3 კატეგორიით აღჭურვილი ადზ-სთვის, რომლებიც გამოიყენება საერთაშორისო ფრენებისთვის, რელიეფის შესახებ მონაცემები უნდა იყოს უზრუნველყოფილი არე 4-ში.

9. იმ შემთხვევაში, თუ დამატებითი რელიეფის მონაცემები არის შეგროვილი ჰაერსანაოსნო მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, რელიეფის მონაცემთა ნაკრებში უნდა იყოს ასახული ეს დამატებითი მონაცემები.“.

17. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 19. დაბრკოლების მონაცემთა ნაკრები

1. დაბრკოლებების მონაცემთა ნაკრები უნდა შეიცავდეს დაბრკოლების ვერტიკალური და ჰორიზონტალური განფენილობის ციფრულ წარმოდგენას.

2. დაბრკოლების მონაცემთა ნაკრები არ უნდა იყოს გაერთიანებული რელიეფის მონაცემთა ნაკრებთან.

3. დაბრკოლების მონაცემთა ნაკრები არე 1-ისთვის უნდა შეიცავდეს ხმელეთის ზედაპირიდან 100 მ ან მეტი სიმაღლის დაბრკოლებებს.

4. იმ აეროდრომებისთვის, რომლებიც გამოიყენება საერთაშორისო ფრენებისთვის, დაბრკოლების შესახებ მონაცემები უნდა იყოს უზრუნველყოფილი არე 2-ში ყველა იმ დაბრკოლებისთვის, რომელიც შეფასებულია როგორც საფრთხე.

5. იმ აეროდრომებზე, რომლებიც გამოიყენება საერთაშორისო ფრენებისთვის, დაბრკოლებების შესახებ მონაცემები უზრუნველყოფილი უნდა იყოს:

ა) იმ დაბრკოლებებისთვის, რომლებიც კვეთენ არე 2ა-ს დაბრკოლების მონაცემთა აღრიცხვის ზედაპირს, რომელიც წარმოადგენს ადზ-ის გარშემო მართკუთხა ფორმის არეს და მოიცავს საფრენ ზოლს და დაბრკოლებისაგან თავისუფალ არეს, არსებობის შემთხვევაში. არე 2ა-ს დაბრკოლების მონაცემთა აღრიცხვის ზედაპირს უნდა გააჩნდეს 3 მეტრი სიმაღლე ადზ-ს ღერძულა ხაზის უახლოესი წერტილის შემაღლებიდან და დაბრკოლებისაგან თავისუფალი არეს არსებობის შემთხვევაში, უახლოესი ზღურბლის შემაღლებიდან;

ბ) ობიექტისთვის, რომელიც კვეთს 1.2%-იანი დახრის მქონე აფრენისას სიმაღლის აღების ზედაპირს და გააჩნია საერთო საწყისი აფრენის ზედაპირთან;

გ) ობიექტებისთვის, რომელნიც არღვევენ აეროდრომის დაბრკოლებებისგან შემზღუდველი ზედაპირების საზღვრებს.

6. იმ აეროდრომებზე, რომლებიც გამოიყენება საერთაშორისო ფრენებისთვის, დაბრკოლებების შესახებ მონაცემები უზრუნველყოფილი უნდა იყოს არე 2ბ, 2გ და 2დ არეალში იმ დაბრკოლებების მონაცემები რომლების აღმატება შესაბამის ზედაპირებს, როგორც მოცემულია ქვემოთ:

ა) არე 2ბ - რომელიც ვრცელდება არე 2ა-ს ბოლოდან აფრენის მიმართულებით 10 კმ-ის მანძილზე, ორთავე მხარეს 15-პროცენტიანი გაშლით. არე 2ბ-ს დაბრკოლებების შეგროვების ზედაპირს აქვს 1.2 პროცენტიანი დახრა, რომელიც იწყება ადზ-ის ბოლოს შემაღლებიდან;

ბ) არე 2გ – რომელიც ვრცელდება არე 2 ა-ს და არე 2 ბ-ს გარეთ არაუმეტეს 10კმ-ის მანძილზე არე 2 ა-ს საზღვრიდან. არე 2 გ-ს დაბრკოლებების მონაცემების შეგროვების ზედაპირს გააჩნია 1.2 პროცენტიანი დახრა, რომელიც ვრცელდება არე 2 ა-ს და არე 2 ბ-ს საზღვრიდან. არე 2 გ-ს საწყისი შემაღლება ტოლია არე 2 ა-ს შემაღლებისა;

გ) არე 2 დ – რომელიც ვრცელდება არე 2 ა, 2 ბ და 2 გ გარეთ 45 მკ-ის მანძილამდე, ან TMA საზღვრამდე, გამომდინარე იქიდან რომელი უფრო ახლოა. არე 2დ-ს დაბრკოლებების შეგროვების ზედაპირის შემაღლება არის 100მ სიმაღლეზე ზედაპირი დონიდან, გარდა იმ მონაცემებისა, რომლების სიმაღლე არე 2 ბ-ში არ აღმატება 3 მ-ს ზედაპირი შემაღლებიდან და არე 2 გ-ში 15 მ-ს ზედაპირი შემაღლებიდან.

7. იმ აეროდრომებისთვის, რომელთა გადაფარვის არე ერთმანეთის არეში იჭრება, უნდა იყოს კოორდინაცია აეროდრომების ექსპლუატანტებს შორის დაბრკოლების ზუსტი მონაცემების წარდგენის მიზნით.

8. იმ აეროდრომებისთვის, რომლებიც მდებარეობენ ქვეყნის საზღვართან, მეზობელ ქვეყანასთან უნდა არსებობდეს კოორდინაცია დაბრკოლების მონაცემების გაცვლისთვის.

9. იმ აეროდრომებზე, რომლებიც გამოიყენება საერთაშორისო ფრენებისთვის, მონაცემთა ნაკრები უნდა იყოს შედგენილი არე 3-თვის იმ დაბრკოლებებისთვის, რომელიც კვეთს დაბრკოლების აღრიცხვის ზედაპირს.

10. დასაფრენად ზუსტი შესვლისთვის მე-2 და მე-3 კატეგორიით აღჭურვილი ადზ-სთვის, რომლებიც გამოიყენება საერთაშორისო ფრენებისთვის, დაბრკოლების შესახებ მონაცემები უნდა იყოს უზრუნველყოფილი არე 4-ში.

11. იმ შემთხვევაში, თუ დამატებითი დაბრკოლების მონაცემები არის შეგროვილი ჰაერსანაოსნო მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, დაბრკოლების მონაცემთა ნაკრებში უნდა იყოს ასახული ეს დამატებითი მონაცემები.“.

18. წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-20-25-ე მუხლები:

„მუხლი 20. აეროდრომის კარტოგრაფიული მონაცემთა ნაკრები

1. აეროდრომის კარტოგრაფიულ მონაცემთა ნაკრები უნდა შეიცავდეს აეროდრომის ელემენტების ციფრულ წარმოდგენას.

2. აეროდრომის კარტოგრაფიულ მონაცემთა ნაკრები უნდა იყოს ხელმისაწვდომი სამოქალაქო საერთაშორისო აეროდრომებისთვის.

მუხლი 21. სახელსაწყო ფრენის პროცედურების მონაცემთა ნაკრები

1. სახელსაწყო ფრენის პროცედურების მონაცემთა ნაკრები უნდა შეიცავდეს სახელსაწყო ფრენის პროცედურების ციფრულ წარმოდგენას.

2. სახელსაწყო ფრენის პროცედურების მონაცემთა ნაკრები უნდა იყოს ხელმისაწვდომი სამოქალაქო საერთაშორისო აეროდრომებისთვის.“

მუხლი 22. ფრენისწინა და ფრენის შემდგომი ინფორმაცია

1. სამოქალაქო აეროდრომებზე/ვერტოდრომებზე უნდა ხორციელდებოდეს ფრენების ოპერირებასთან დაკავშირებული პერსონალის უზრუნველყოფა აეროდრომების/ვერტოდრომების და მარშრუტის ფაზების შესახებ ფრენისწინა ინფორმაციით.

2. ფრენისწინა ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ჰაერსანაოსნო ინფორმაციის პროდუქტის ელემენტებს.

3.. იმ შემთხვევაში, თუ საჰაერო ხომალდის პილოტი ფრენის ან მისი დასრულების შემდეგ აღმოაჩენს ნებიმიერი სახის ხარვეზს, რომელიც უკავშირდება სააერნაოსნო მომსახურებას, ამ მომსახურებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ საშუალებებს ან ფრინველების არსებობას, საჰაერო ხომალდის პილოტი ფრენის შემდგომი ინფორმაციის სახით აწვდის ამ ხარვეზის შესახებ ინფორმაციას სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს ან აეროდრომის ექსპლუატაციის განმახორციელებელ პირს.

4. სააერნაოსნო მომსახურების საწარმო ან აეროდრომის ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირი იღებს ფრენის შემდგომ ინფორმაციას და აწვდის მას სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს მის გავრცელებას.“

მუხლი 23. ჰაერსანაოსნო ინფორმაციის რეგულირება და კონტროლი

1. ჰაერსანაოსნო ინფორმაციის და ჰაერსანაოსნო მონაცემები უნდა იყოს აქტუალური.

2. სამსახურმა უნდა უზრუნველყოს AIRAC-ის სისტემის ფარგლებში  მომხმარებლისთვის შემდეგი სახის ინფორმაცის ხელმისაწვდომობა:

ა) ინფორმაცია ლიმიტების (ჰორიზონტალური და ვერტიკალური), რეგულაციების და პროცედურების შესახებ, რომელიც ეხება:

ა.ა) საფრენოსნო ინფორმაციის რაიონს;

ა.ბ) კონტროლირებად არეს;

ა.გ) კონტროლირებად ზონას;

ა.დ) საკონსულტაციო არეს;

ა.ე) საჰაერო მოძრაობის მომსახურებას (ATS);

ა.ვ) სახიფათო, აკრძალულ და შეზღუდულ არეებს, ასევე თავდაცვის ამოცნობის არეებს (ADIZ);

ა.ზ) იმ არეს ან მარშრუტს, სადაც მოსალოდნელია გზის გადაჭრა;

ბ) ინფორმაციას სანავიგაციო საშუალებების შესახებ;

გ) ინფორმაციას ფრენის პროცედურების შესახებ;

დ) ინფორმაციას გადასვლის აბსოლუტური სიმაღლის, ფრენის ეშელონის და სამეთვალყურეო არეს მინიმალური აბსოლუტური სიმაღლია შესახებ;

ე) ინფორმაციას მეტეოროლოგიური საშუალებების და პროცედურების შესახებ;

ვ) ინფორმაციას ადზ-ს და დამუხრუჭების ბოლო ზოლის შესახებ;

ზ) ინფორმაციას სამიმოსვლო ბილიკის და ბაქნის შესახებ;

თ) ინფორმაციას აეროდრომის სახმელეთო საექსპლუატაციო მოთხოვნების შესახებ (მათ შორის, შეზღუდული ხილვადობის პროცედურა)

ი) ინფორმაციას მისადგომის და ადზ-ს განათების შესახებ;

კ) ინფორმაციას აეროდრომის საექსპლუატაციო მინიმუმების შესახებ, არსებობის შემთხვევაში.

3. სამსახური უზრუნველყოფს, რომ AIRAC-ის დაცვით წარდგენილი ინფორმაცია არ იცვლება ძალაში შესვლიდან მომდევნო 28 დღის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც წარდგენილი ინფორმაცია ატარებს დროებით ხასიათს და არ წარმოადგენს განუსაზღვრელი ვადით გამოსაქვეყნებელ ინფორმაციას.

4. სამსახურმა უნდა უზრუნველყოს AIRAC-ის სისტემის ფარგლებში ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლებისთვის მისი ძალაში შესვლამდე არანაკლებ 28 დღით ადრე.

5. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია არ არის წარმოდგენილი AIRAC–ის სისტემით დადგენილ თარიღამდე, უნდა იყოს გავრცელებული NIL შეტყობინება  არაუგვიანეს ერთი ციკლით ადრე AIRAC -ის თარიღამდე.

6. არ უნდა იყოს გამოყენებული ძალაში შესვლის სხვა თარიღი გარდა AIRAC-ის თარიღისა იმ დაგეგმილი ოპერატიული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ცვლილებებისათვის, რომლებიც მოითხოვს კარტოგრაფიულ სამუშაოს და /ან სანავიგაციო მონაცემებთა ბაზის განახლებას.

7. AIRAC-ის სისტემა უნდა იყოს გამოყენებული იმ შემთხვევაშიც, როდესაც ინფორმაცია ეხება:

ა) სანავიგაციო დაბრკოლების ადგილმდებარეობას, სიმაღლეს ან განათებას;

ბ) აეროდრომის, აღჭურვილობის და მომსახურების სამუშაო საათებს;

გ) საბაჟო, საიმიგრაციო და ჯანდაცვის მომსახურებებს;

დ) დროებით სახიფათო, აკრძალული და შეზღუდულ არეებს და სანავიაციო საფრთხეებს, სამხედრო ვარჯიშებს და საჰაერო ხომალდების მასობრივ მოძრაობებს;

ე) დროებით არეს ან მარშრუტის ნაწილს, სადაც მოსალოდნელია გზის გადაჭრა.

8. იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილია მნიშვნელოვანი ცვლილებები, სამსახურმა უნდა უზრუნველყოს მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდება ცვლილებების ძალაში შესვლამდე 56 დღით ადრე, აღნიშნული შეიძლება ეხებოდეს:

ა) სფწ ფრენის ახალ აეროდრომს;

ბ) საერთაშორისო აეროდრომზე სფწ ფრენის ახალ ადზ-ს;

გ) საჰაერო სივრცის დიზაინს და სტრუქტურას;

დ) ტერმინალის პროცედურების დიზაინს და სტრუქტურას (მათ შორის, პროცედურებს, რომლებიც ეხება მაგნიტურ გადახრას);

ე) სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომელიც აღწერილია ამ მუხლის მე-2 პუნქტში.

9. კრებულში ცვლილებების შეტანა ან მისი ხელახალი გამოცემა უნდა ხდებოდეს ისეთი რეგულარული ინტერვალებით, რომ შენარჩუნდეს ინფორმაციის აქტუალობა.

10. მუდმივი ცვლილებები კრებულში უნდა გამოქვეყნდეს როგორც „კრებულის ცვლილება“.

11. დროებითი ხასიათის ცვლილებები (სამი თვე ან მეტი) და მოკლე ხანგრძლივობის ინფორმაცია, რომელიც შეიცავს ვრცელ ტექსტს და/ან გრაფიკას, უნდა გამოქვეყნდეს როგორც კრებულის დამატება.

12. AIRAC-ის პროცედურების შესაბამისად შედგენილი კრებულის ცვლილების ან დამატების შემთხვევაში უნდა იყოს გამოქვეყნებული ტრიგერ (Trigger) ნოტამი.“.

მუხლი 24. ნოტამის გამოცემა

1. ნოტამი უნდა იყოს შექმნილი და გამოცემული ყოველთვის, როდესაც:

ა) ამოქმედდება, დაიხურება ან მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება აეროდრომ(ებ)ის/ვერტოდრომ(ებ)ის ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე;

ბ) ამოქმედდება, დაიხურება ან მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება სააერნაოსნო მომსახურებაში (AIS, ATS, CNS, MET, SAR, და ა.შ.).

გ) ამოქმედდება, დაიხურება ან მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება რადიოსანავიგაციო და მიწა-ჰაერი კავშირის ოპერატიულ შესაძლებლობებში, როგორიცაა: მუშაობის შეწყვეტა და აღდგენა, სიხშირეების ცვლილება, გამოქვეყნებული სამუშაო საათების ცვლილება, იდენტიფიკაციის ცვლილება, ორიენტაციის (მიმართული საშუალებები) ცვლილება, ადგილმდებარეობის ცვლილება, სიმძლავრის 50 ან მეტ პროცენტამდე გაზრდა/შემცირება, მაუწყებლობის განრიგის ან შინაარსის ცვლილება, ან ნებისმიერი რადიოსანავიგაციო და მიწა-ჰაერი კავშირის მომსახურების არასაიმედობა ან არარეგულარობა;

დ) ამოქმედდება, დაიხურება ან მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება ვიზუალურ სანავიგაციო საშუალებებში;

ე) შეწყდება ან განახლდება აეროდრომზე შუქტექნიკური სისტემის ძირითადი კომპონენტების მუშაობა;

ვ) ამოქმედდება, გაუქმდება ან მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება სააერნაოსნო მომსახურების პროცედურებში;

ზ) წარმოიშობა ან აღმოიფხვრება მნიშვნელოვანი დეფექტები/გაუმართაობა სამანევრო არეში;

თ) შეიცვლება ან შეიზღუდება საწვავ-საპოხი მასალები და ჟანგბადის ხელმისაწვდომობა;

ი) ამოქმედდება ან გაუქმდება ის არეები, მარშრუტები ან მათი ნაწილები, სადაც შესაძლებელია საჰაერო ხომალდისთვის გზის გადაჭრა და სადაც ავარიული 121.5 MHz სიხშირის მოსმენა აუცილებელია;

კ) გამოიყოფა, გაუქმდება და შეიცვლება ადგილმდებარეობის ინდიკატორები;

ლ) განხორციელდება მნიშვნელოვანი ცვლილება აეროდრომებსა და ვერტოდრომებზე არსებულ ავარიულ, სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის დონეში;

მ) შეიქმნება, გაუქმდება ან განხორციელდება მნიშვნელოვანი ცვლილებები თოვლის, თოვლჭყაპის, ყინულის, რადიოაქტიური მასალების, ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებების, ვულკანური ფერფლის ამოფრქვევის ან სამანევრო არეზე წყლის სახით სახიფათო პირობებში;

ნ) გატარდება მოკლევადიანი საგანგებო ღონისძიებები, რომელიც გამოწვეულია საჰაერო მოძრაობის მომსახურების ან შესაბამისი დამხმარე მომსახურების შეფერხებით ან ნაწილობრივი შეფერხებით.

2. ნოტამის გამოცემის საჭიროება შეიძლება წარმოიშვას ყველა იმ შემთხვევაში, რომელსაც შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციაზე.

3. ნოტამით არ გადაიცემა შემდეგი სახის ინფორმაცია:

ა) საჰაერო ხომალდის უსაფრთხო გადაადგილებას ხელს არ უშლის რუტინული მუშაობა ბაქანსა და სამიმოსვლო ბილიკებზე;

ბ) ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მარკირებასთან დაკავშირებული სამუშაოები, თუ საჰაერო ხომალდი უსაფრთხოდ გადაადგილდება სხვა ხელმისაწვდომ ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე ან ხორციელდება აღნიშნული სამუშაოებისთვის განკუთვნილი აღჭურვილობის გატანა;

გ) აეროდრომების/ ვერტოდრომის სიახლოვეს დროებითი დაბრკოლების შესახებ, თუ იგი გავლენას არ ახდენს საჰაერო ხომალდის უსაფრთხო ოპერირებაზე;

დ) აეროდრომების/ვერტოდრომის განათების ნაწილობრივი გაუმართაობა, თუ იგი გავლენას არ ახდენს საჰაერო ხომალდის უსაფრთხო ოპერირებაზე;

ე) მიწა-ჰაერის კავშირის ნაწილობრივი, დროებითი შეფერხება, როდესაც ცნობილია, რომ სათადარიგო სიხშირეები ხელმისაწვდომი და ოპერატიულია;

ვ) ბაქანზე მარშალინგის მომსახურებებსა და სატრანსპორტო საშუალებების სამოძრაო გზებზე კონტროლის ნაკლებობა;

ზ) აეროდრომის მდებარეობის დანიშნულების ან სხვა მიმთითებელი ნიშნების გაუმართაობა აეროდრომის სამანევრო არეზე;

თ) არაკონტროლირებადი საჰაერო სივრცის ფარგლებში პარაშუტით ხტომა ვიზუალური ფრენის წესებით, ხოლო კონტროლირებადში – ამისთვის განკუთვნილ ადგილებსა ან სახიფათო/აკრძალულ არეებში;

ი) მსგავსი ხასიათის სხვა დროებითი ინფორმაცია.

4. მოქმედი ნოტამების საკონტროლო ჩამონათვალი უნდა გამოიცეს რეგულარულად.

მუხლი 25. მონაცემთა ნაკრების განახლება

1. მონაცემთა ნაკრები უნდა იყოს განახლებული ან ხელახლა გამოცემული ისეთი რეგულარული ინტერვალებით, რომელიც უზრუნველყოფს მის აქტუალობას.

2. იმ შემთხვევაში, თუ ხორციელდება მთლიანად განახლებული მონაცემთა ნაკრების შექმნა, უნდა იყოს მითითებული განსხვავებები ძველსა და ახალს შორის.

3. იმ შემთხვევაში, თუ ხორციელდება მოკლე პერიოდის დროებითი ცვლილება ციფრული მონაცემით (ციფრული ნოტამი), უნდა იყოს გამოყენებული იგივე ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მოდელი, როგორიც გამოიყენება სრულ მონაცემთა ნაკრებში.

4. ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულის და მონაცემთა ნაკრებების განახლება უნდა განხორციელდეს სინქრონირებულად.“.

19. ამოღებულ იქნეს  №1-№7 დანართები.

 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორილევან კარანაძე